„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას, ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც იციან, რატომ“

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას, ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც იციან, რატომ“

„საქართველო ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობები ღრმა ჩიხიდან გამოიყვანოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.  მისი განმარტებით, სანამ მოშლილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მანამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი დღის წესრიგში არ დადგება.

როდის გააუქმებს რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს და სხვა საკითხებზე for.ge ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, მოვისმინეთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსული მხარე აპირებს, გააუქმოს ან მნიშვნელოვნად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. ელოდებით, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება?

ზურაბ აბაშიძე: 19 ნოემბერს პრაღაში მქონდა შეხვედრა ჩემს რუს კოლეგასთან და მისგანაც მოვისმინე ეს. თქვენც მოგიყევით, რომ რუსეთის მხრიდან მოვისმინეთ ნათელი განცხადება იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ამას ველოდით და ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება მზადდებოდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნამდვილად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დაინტერესებული რუსეთთან უპრობლემო მიმოსვლის არსებობით, როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე, ბიზნესმენები, რომლებიც საქმიანობენ რუსეთში და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში.

ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატული ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს გადაადგილების მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდეთ ნებისმიერი მიმართულებით - დასაველეთით, აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. ამ პროცესში პირადად პოზიტივს ვხედავ და ჩვენი მოქალაქეებიც ასე აღიქვამენ. მოვისმინე ოპონენტების კომენტარებიც და უმრავლესობა ამ აზრზე არის, თუ არ გავითვალისწინებთ მაქსიმალისტურად განწყობილი პოლიტიკოსების საკმაოდ მცირე ნაწილს.

როგორ წარმოგიდგენიათ სავიზო რეჟიმის გაუქმება იმ ფონზე, როდესაც რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილი აქვს საელჩო?

- ფაქტობრივად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაშლა მოხდა 2008 წელს. სამწუხაროდ, ჩვენი უგუნური პოლიტიკით შევუწყვეთ ხელი ამ პროცესს, ახლა ამის გამოსწორება ძალიან რთულია. ამ კუთხით უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდა, ძალიან ღრმა ჩიხშია შეყავნილი ქართულ-რუსული ურთიერთობა და ახლა ნელ-ნელა ვცდილობთ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან.

ყველაფერს ერთიანად ვერ მიღწავეთ, მაგრამ რისი გაკეთება შეიძლებოდა და სადაც შეიძლებოდა, რომ შედეგი მიგვეღო, ამ მიმართულებით შედეგი მივიღეთ - როგორც ექსპორტის აღდგენის თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი სატრანპორტო კომპანიების სატვირთო გადაადგილებებში ჩართვის კუთხით. გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა, გარდა ამისა, ჩვენ დავაბრუნეთ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჩვენი მოქალქეები.

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რამდენი ქართველი რჩება დღეს რუსეთის საპატიმროში?

- რამდენიმე დარჩა. ამ წუთის მდგომარეობით შევძელით ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული სამი ქართველის დაბრუნება და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში მოხდება დანარჩენების გადმოცემა. სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არ გვაქვს გარღვევა, რაც მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია საერთაშორისო პროცესებზე, რუსეთზე და, რა თქმა უნდა, იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ და რასაც შედეგები მოაქვს. ვცდილობთ, რომ ღრმა ჩიხიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები და ამის რაღაც პატარა ნიშნები ნამდვილად არის. ასე რომ, სოლიდურად, მშვიდად, ამავე დროს, პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ საგარეო კურსი. იმედი მაქვს, მომავალ წელს, კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები გვექნება.

სავიზო რეჟიმის გაუქმება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ავტომატურად დაიწყება დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და საერთოდ, დგას ეს საკითხი დღის წესრიგში?

- არა. სანამ მოშლილია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, სანამ ამ თვალსაზრისით სერიოზული წინსვლა არ იქნება. რუსეთთან ჩვენ ვაწარმოებთ პირდაპირ დიალოგს, განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს. დიპლომატიური ურთიერთობების აღდღება დღის წესრიგში არ დგას, ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც იციან, თუ რატომ - ეს დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საკითხთან. სანამ არ მოხდება სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, მაგრამ თუ იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები ამ თვალსაზრისით, რაღაც ეტაპზე, ალბათ, ამ საკითხის განხილვაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ არა ახლა.