იანოშ ჰერმანი: „დღეს ჩვენ, ჩემი ჩათვლით, გვაქვს საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ვიზეიმოთ“

იანოშ ჰერმანი: „დღეს ჩვენ, ჩემი ჩათვლით, გვაქვს საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ვიზეიმოთ“

საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ წარმატებით შესრულების შესახებ პოზიტიური დასკვნის გამოქვეყნების აღსანიშნავად, თბილისში და საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო შენობები, კულტური მემკვიდრეობის ძაგლები, სიმბოლურად, ევროკავშირის დროშის გამოსახულებით განათდა. ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, ზუსტად 14:00 საათზე გამოქვეყნდა. ანგარიშის გამოქყნებიდან 4 საათში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ბრიფინგი გამართა.

იანოშ ჰერმანი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საბოლოოდ შემოღების საორიენტაციო ვადად 4-5 თვეს ასახელებს. თუმცა, ელჩი აქვე ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საორიენტიაციო და არა საიმედო დასაყრდენი, რომელიც მოლდოვას გამოცდილებიდან გამომდინარეობს.

„შემიძლია, მხოლოდ დაახლოებითი დრო გითხრათ იმისა, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას. ევროკომისია წარადგენს თავის წინადადებას ევროკავშირის საბჭოში და შემდეგ უკვე დაიწყება დისკუსიები. პროგრესი ამ გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტარების ხელშია. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც გვქონდა მოლდოვას შემთხვევაში, დრო კომისიის პროგრესის ანგარიშიდან ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე იყო დაახლოებით 4-დან 5 თვემდე. ეს არის დაახლოებითი დრო, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ საორიენტაციოდ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის საიმედო დასაყრდნობი, რადგანაც შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყოს“, - განმარტა ჟურნალისტებთან საუბრისას იანოშ ჰერმანმა.

ევროპული კომისია თვლის, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მისაღწევი სტანდარტის მოთხოვნას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გეგმაშია გაწერილი. ჰერმანის შეფასებით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია, მყარი და ეფექტურია. ელჩი თვლის, რომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის მისაღწევი სტანდარტების დაკმაყოფილება დღესდღეობით საქართველოში ეროვნული პრიორიტეტი გახლავთ.

„მე ახლა ხელში მიჭირავს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, მოხსენებიდან გამომდინარე, საქართველომ მიაღწია სავალდებულო პროგრესს. ევროპული კომისია თვლის, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მისაღწევი სტანდარტის მოთხოვნას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გეგმითაა გაწერილი.

პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში იმ ყველა მიმართულებით, რომელიც მოცემულია სამოქმედო გეგმაში, გახლდათ მყარი და ეფექტური, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან უწყვეტი ძალისხმევის ნათელი გამოხატულება იყო. მე ვთვლი, რომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის მისაღწევი სტანდარტების დაკმაყოფილება დღესდღეობით საქართველოში ეროვნული პრიორიტეტი გახლავთ. ნება მომეცით განვაცხადო, რომ ეს გახლავთ უდიდესი მიღწევა, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიტანა, აღნიშნული წარმატება კი ნამდვილად სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ამასთან, ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ევროკომისია გააგრძლებს მონიტორინგს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს.

„ევროკავშირი მხარს დაუჭერს კონსოლიდაციას და ყველა იმ მონდომებას, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან. კომისია გააგრძელებს თვალყურის დევნებას საქართველოს მიერ ყველა ნორმის გატარებაზე. ნება მიბოძეთ განვაცხადო ერთი რამ - დღეს ჩვენ, ჩემი ჩათვლით, გვაქვს საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ვიზეიმოთ.

ჩვენთვის, ევროკავშირის დელეგაციისთვის დიდი პატივია, რომ ამ პროცესში ვმონაწილეობთ. ყველა ჩვენ, ერთად აღებული, გილოცავთ ყველას საქართველოში, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან წარმატებაში, რომელსაც ჩვენ მივყავართ დაპირებამდე საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების შესახებ“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.