„2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში“

„2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში“

საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში, საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის დასკვნის შესაბამისად, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას. შესაბამისად, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შევიდეს შენგენის რეგულაციებში ცვლილება და ქვეყნებს, რომლებიც შენგენის ზონას წარმოადგენენ, საქართველო დაემატოს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით შევიდეს და იქ მაქსიმუმ, 90 დღის განმავლობაში დარჩეს. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ აძლევს.

„ყველა ზომა, რომელიც მესამე მოხსენებაში იყო ჩამოთვლილი, მიღებულია. საკანონმდებლო და პოლიტიკური ბაზა, ინსტიტუციური და საორგანიზაციო პრინციპები, ასევე ოთხივე ბლოკის განხორციელების პროცედურების იმპელემტანცია შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

კომისია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ფარგლებში ყველა მოთხოვნის შესრულების აქტიურ მონიტორინგს, არსებული სტრუქტურებისა და დიალოგების საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საკონტროლო მექანიზმებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე, ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა. მეორე ფაზა ევროპულ კანონმდებლობასთან უკვე დაახლოებული ქართული კანონების აღსრულებას და მის მონიტორინგს გულისხმობდა. ევროკავშირი აკვირდებოდა, შესრულდებოდა თუ არა ის კანონები, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში იყო მიღებული და საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიცემის საკითხსაც ამის შემდეგ გადაწყვეტდა.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო დიალოგი 2012 წელს დაიწყო. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2013 წლის დასაწყისში იყო წარმოდგენილი. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

ევროკომიის პოზიტიურ ანგარიშს საგანგებო განცხადებით გამოეხურა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეიდან ჩვენ წინ გველის საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის.

„ჩვენი არჩევანი ევროპული არჩევანია, ევროპა ჩვენი კეთილდღეობა და პროგრესია, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში! მე, როგორც პრეზიდენტი, კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ამ სტრატეგიული მიზნის რეალიზებას უკავშირდება“, - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

„ევროკავშირის დასკვნა პოზიტიურია, ასე რომ, ყველას გილოცავთ“, - ასე მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს და მთავრობის წევრებს ევროკომიის პოზიტიურ ანგარიშის გამოქვეყნებდამდე რამდენიმე საათით ადრე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური დასკვნა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გუშინ საღამოს ევროკავშირში მქონდა საუბარი. მინდა პირველად საზოგადოებას და თქვენ მოგილოცოთ. დღეს გამოქვეყნდება ევროკავშირის საბოლოო ანგარიში, სადაც საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური დასკვნაა. ასე რომ, ყველას გილოცავთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო.

„ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებაში. ასე რომ, მე გუშინ საღამოს მომილოცეს და გილოცავთ ყველას. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, დაფასება. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ხალხის ნდობის დადასტურება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დასკვნის გამოქვეყნებას პოლიტიკური შეფასებები საქართველოს პარლამენტშიც მოჰყვა - ოპოზიცია და უმრავლესობა  ქვეყნის წარმატებაზე ერთხმად მიანიშნებენ და  აცხადებენ, რომ „დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით“.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, იმ მიმართულებით ყველამ უნდა იმუშაოს, რომ სახელმწიფო დანიშნულების ადგილამდე მივიდეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური განსხვავებები არაფერ შუაშია.

„საქართველოს მიმართ გამადიდებელი შუშაა მომართული და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე შიდა პროცესებიც იმოქმედებს. იმედია, ხელისუფლება ისეთ რადიკალურ შეცდომებს არ დაუშვებს, რომ ეს პროცესი შეუსრულებელი გახადოს“.

ევროკომისიის დასკვნას მიესალმება ნაციონალი დავით დარჩიაშვილი.  for.ge-სთან საუბარში დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ეს პროცესი 2009 წელს დაიწყო და როგორც ჩანს, ბრიუსელში იმის პოლიტიკური ნება არსებობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მომისვლა ჰქონდეთ.

„თუკი საქართველოს ხელისუფლება იმ ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, რომელიც მედია პლურალიზმს ეხება, ეს პროცესი შეყოვნდება. თუ ეს ყველაფერი არ მოხდა, მგონია, რომ გაზაფხულამდე გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ეს ერთადერთი გადაწყვეტილება არ არის, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას სჭირდება. ეს ის გადაწყვეტილება არ არის, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, თუკი პროცესები არასწორად წავა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა, რომლის საპასუხოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ გაზაფხულზე, პოლიტიკური გადაწყვეტილების დადებითად გადაწყვეტის ყველა წინაპირობა არსებობს.

ვოლსკი  for.ge-სთან საუბარში ყურადღებას საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ განვლილი პერიოდის დამახასიათებელი ვიზალიბერალიზაციის საკითხებით სპეკულირება იყო და ეს პროცესი პიკზე დეკემბერის დასაწყისში ავიდა, როცა მისი თქმით, ვითომ პროევროპულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ღონე იხმარა, რომ ამ ხელისუფლებას ასეთი პოზიტიური ძვრების განხორციელების საშუალება არ ჰქონოდა.

„როგორც ჩანს, ევროპამ მხოლოდ პროპაგანდა და ხმამაღალი განცხადებები არ იკმარა და საქართველოში  გატარებული რეფორმები დეტალურად შეისწავლა. საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის ეს მიმართულება საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომელიც ეხება როგორც ეკონომიკას, ასევე უსაფრთხოების თემას. ევროპული სტრუქტურები კრიტიკულად განწყობილნი არ არიან იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც საგარეო კუთხით, საქართველო აწარმოებს. თუნდაც, რუსეთთან მიმართებაში. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში რომ განვიხილოთ, საქართველოს შანსი ეძლევა, მსოფლიოში სტაბილურობა შეინარჩუნოს და ევროკომისიის დასკვნა კიდევ ერთი დამატებითი ნიშანია. იმის იმედი არ მაქვს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ძალები კიდევ არ შეეცდებიან, მთავრობის მიმართ რაღაც შავი პიარი არ განახორციელონ. სიმართლე ისე დაგვირგვინდება, როგორც ქვეყანას სჭირდება“, - აცხადებს ვოლსკი.

ოპონენტების პოლიტიკურ ზრახვებზე აპელირებს უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძეც for.ge-სთან საუბარში:

„ოპონენტები ვერაფერს ვეღარ იზამენ. ისინი საკუთარ განცხადებებში ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებენ და თითქოს, მათ ეს წარმატება ძალიან უხარიათ და ამას ისე აფერადებენ, რომ ეს ქართველმა ხალხმა დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა და დადებითი გადაწყვეტილება მიღებული სწორედ ამის გამო იქნა. ყველაფერს რომ გავივლით, ვალდებულები გავხდებით, საქართველოს მოსახლეობას კონკრეტული ფაქტები ვამცნოთ, რომელიც ყველას კარგად დაანახებს, თუ ვინ, სად, რა დროს უშლიდა ამ გადაწყვეტილებების მიღებას ხელს“, - დასძინა კვაჭანტირაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის სანუკვარი ოცნების ახდენაა. როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს ევროკომისიის მიერ პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

„ეს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. ეს არის საქართველოს დიდი აღიარება და ჩვენი სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა. დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს. სულ რამდენიმე თვე დარჩა იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, როდესაც ჩვენ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს.

ამ მიღწევას სათანადო გამოყენება სჭირდება იმიტომ, რომ ევროპასათან და საქართველოს შორის საზღვრების გაუქმება არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაც. ამის შემდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მეტად უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ევროპას აკისრია. ჩვენ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოება. ასე რომ, დღევანდელი დღე არის ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი. 2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში.

ვისაც პასპორტში ვიზები გაქვთ,  ეს გვერდები არ ამოხიოთ, რადგან ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება. თუმცა, 2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბოლო პერიდში ბევრი კითხვის ნიშანი დაგროვდა. მისი თქმით, ევროკომიის მიერ მიღებული დადებითი დასკვნა კონკრეტული ხელისუფლების დამსახურება არ არის, არამედ ის ქართველი ხალხის და ასევე ყველა ხელისუფლების დამსახურებაა.

„ეს არის ქართველი ხალხის 25 წლიანი გზის დაფასება. დასავლეთისკენ გზის დაფასება, რომელსაც ჩვენ ბევრი სისხლი და გაცილებით მეტი ოფლი შევწირეთ. ეს არის საქართველოს მოსახლეობის დამსახურება, ასევე ყველა ხელისუფლების დამსახურება, რომელიც ქვეყანას ჰყავდა დღემდე. ევროკავშირის დამსახურებაა ისიც, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გუშინ საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას გააჟღერა, კერძოდ, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

ევროკავშირს მადლობა ეკუთვნის არამარტო იმისთვის, რომ უვიზო მიმისვლის პერსპექტივას გვიხსნის ევროკავშირთან, არამედ იმისთვის, რაც განაცხადა პუტინმა. ეს არ არის პუტინის დამსახურება და არავის ეგონოს, რომ ეს პუტინის ან რუსეთის კეთილი ნებაა, ეს არის რუსეთის იძულებითი რეაქცია ევროკავშირის იმ ნაბიჯზე, რასაც ვიზალიბერალიცია ქვია შენგენის ზონასთან და ევროკავშირთან. რუსეთი იძულებული გახდა საპასუხო ნაბიჯი გადაედგა“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი საერგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კახა გოგოლაშვილი თვლის, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მკაფიოდ აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისევე, როგორც იმ ქვეყნების, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. გარდა ამისა, როგორც გოგოლაშვილი აცხადებს, რიგის სამიტზე საქართველოს უნდა ჰქონდეს მყარი პოზიცია რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.

„ერთი, ეს არის ის, რომ რაიმე სახით მოხდეს იმ ქვეყნების გამოყოფა აღმოსავლეთპარტნიორობის საერთო ქვეყნებიდან, რომლებმაც დადეს ასოცირების შესახებ შეთანხმება. აუცილებელია, რომ ამ ფორმატში ცალკე ქვეფორმატი იყოს გამოყოფილი მათთან ურთიერთობისთვის, რომ არ შეფერხდეს მათი შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირთან. ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისევე, როგორც იმ ქვეყნების, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.