„ჩვენი თვითმიზანი არის არა MAP-ი, არამედ უსაფრთხოება“

„ჩვენი თვითმიზანი არის არა MAP-ი, არამედ უსაფრთხოება“

ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული კომუნიკეში, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ვარშავის სამიტისთვის ნატო საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ გზებს შეისწავლის. ნატო ძალაში ტოვებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მიიღებს MAP-ს, როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს.

კომუნიკეში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების თვალსაზრისით და ალიანსი აგრძელებს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის შემზადებაში ეხმარება.

კომუნიკეში არსებული ამ ჩანაწერის მიუხედავად, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, დეიმონ ვილსონი აცხადებს, რომ საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.

რაც შეეხება ინტეგრაციას, ვილსონი აცხადებს, ევროპის კავშირთან ურთიერთობების მშენებლობის პარალელურად ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება. პირველ რიგში, ეს ქართველებისთვის მათი დემოკრატიული ინსტიტუტების რწმენის ჩამოყალიბებაა, იგივე ეხება საერთაშორისო საზოგადოებას. ეს თემები გამოცდებს გადის, საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა.

„ბევრ დარგში საქართველო თავის ყველა მეზობელს და რეგიონის ყველა ქვეყანას წინ უსწრებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებსაც ყურადღებით დავაკვირდებით და შევისწავლით. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, თუ გინდა ტრანსატლანტიკური საზოგადოების ნაწილი იყო, მაშინ შენ მეტად დაგაკვირდებიან, ვიდრე მას, ვისაც იგივე მისწრაფებები არ აქვს. მჯერა საქართველოს მისწრაფებების, მისი ამჟამინდელი და წარსული მთავრობების დასავლური ორიენტაციის. ქვეყნის ორიენტაცია, განსაკუთრებით ატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოში განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფებს აერთიანებს“, - განაცხადა დეიმონ ვილსონმა.

რაც შეეხება ვარშავის სამიტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს, დეიმონ ვილსონი აცხადებს, რომ ყოველი სამიტი ურთიერთობების შეჯამების და დაახლოების შანსია.

„არ მგონია ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ზოგადად, ბევრი რამ გაურკვეველია. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიღებთ, ვარშავამდე შეიძლება ძალაში არც იყოს. ნახეთ, როგორ შეცვალა უკრაინის ამბებმა ვითარება უელსის სამიტის წინ, ნახეთ, როგორ ცვლის პოლიტიკას სირია და „ისლამური სახელმწიფო“. ასე რომ, ჯერ ნაადრევია ვარშავის სამიტის კონკრეტულ შედეგებზე საუბარი. დიდ ცვლილებებს არ ველოდები. ნატო-საქართველოს უფრო მყარი და ახლო ურთიერთობები სამომავლოდ ალიანსის საზღვრების გაფართოებაზე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მოგვამზადებს“, - აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.

განსხვავებულია ამერიკელი კონგრესმენის, ტედ პომსის პოზიცია, რომლის განცხდებით, შეერთებულმა შტატებმა ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს სრული მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. ტედ პოს აზრით, ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს მომდევნო სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანება პრიორიტეტული უნდა იყოს.

„უმთავრესი მიზეზი, რის გამოც საქართველოსთან კავშირები უნდა განმტკიცდეს, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებებია. შეკავების საუკეთესო საშუალება, რაც ჩვენ შეგვიძლია საქართველოს შევთავაზოთ, არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც წარსულში ევროპის ქვეყნების დასაცავად გამოვიყენეთ რუსეთის მხრიდან დაშინების წინააღმდეგ - ეს ნატო-ში გაწევრიანებაა“, - აცხადებს ტედ პომსი.

ანალიტიკოსების განცხადებით, მიუხედავად რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. საქართველომ ყველაზე დიდი წვლილი გაიღო ავღანეთის მისიისთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ნატოს არაწევრმა ქვეყანამ.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს განცხადებით, საქართველო ტექნიკურად უფრო მეტად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის, ვიდრე მონტენეგრო და ალბანეთი, მაგრამ ამას სჭიდრება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში აგვიანებს, რადგან ჩვენ რთულ რეგიონში ვიმყოფებით. როგორც შარაშენიძე აცხდებს, ალიანსი თვლის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს დაცვის შესაძლებობა არ გააჩნია.

„ვარშავის სამიტზე საქართველო ვერ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას - MAP-ს. არ უნდა ჩავეციკლოთ MAP-ს, სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ ამერიკასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღმავებაზე, რომელიც არის ჩვენი უსაფთხოების გარანტია. ჩვენი თვითმიზანი არის არა MAP-ი, არამედ უსაფრთხოების მიღწევა. ვხედავთ, რომ რამდენიმე სახელმიფო და მათ შორის გერმანია არ გვაძლევს MAP-ს, ამიტომ გადავიდეთ სხვა მიმართულებაზე, გავხსნათ ნატოს საწვრთნელი ბაზა, გავაფართოვოთ ამერიკასთან თანამშრომლობა და ასე დავიცვათ თავი“, - აცხდებს თორნიკე შარაშენიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო მზად არ არის, საქართველოს უსაფრთხოებაზე აიღოს პასუხისმგებლობა. მისი თქმით, აუცილებელია მუშაობა ბერლინში და არა ბრიუსელში.

„სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა არასწორად მუშაობს, ტვინს უბურღავენ ნატოს გენერალურ მდივანს, ვერ გაიგეს, რომ გენმდივანი არ იძლევა MAP-ს. ჩავიდნენ გერმანიაში და დასვან კითხვა რაშია საქმე. დღემდე არც იციან რატომ არ იძლევა გერმანია MAP-ს. გერმანაია ფიქრობს, რომ საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო და მის გამო რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ ღირს. გერმანიაში გაცილებით უკეთესად მუშაობს რუსეთის საელჩო, ვიდრე საქართველოს საელჩო.

თუკი მთავრობა აქტიურად არ იმუშავებს ბერლინსა და პარიზში, ვარშავის სამიტზე MAP-ს არ მოგვცემენ.მერწმუნეთ, რომ მხოლოდ ბრიუსელში ვიზით არ გვარდება ეს პრობლემა. სააკაშვილსაც ეგონა თავის დროზე, რომ ამერიკა მოაგვარებდა გერმანიასთან ამ პრობლემას, რადგან ბუში დაპირდა, მაგრამ ვერც ბუშმა შეძლო მერკელის დათანხმება. ხელისუფლება თუ ფიქრობს, რომ ჩვენს მაგივრად გენმდივანი ჩავა ბერლინში და მერკელს დაუწყებს ხვეწნას, რომ საქართველოს მისცენ MAP-ი, ეს არ მოხდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხდებით, ალიანსის მხრიდან მსგავისი შინაარსის განცხადებს კეთდება საკუთარი მოსახლეობისთვის, რადგან დასავლეთის მოქალაქის ინტერესშია მშვიდობიანი არსებობა. მისი თქმით, თუკი საქართველო გახდება ნატოს წევრი, რომელსაც კონფლიქტები აქვს ისეთ სერიოზულ და აგრესიულ სახელმწიფოსთან, როგორც რუსეთია, ეს ევროპის მოქალაქეებში გააჩენს შიშს, რომ მე-5 მუხლის საფუძველზე საქართველოს საბაბით შეიძლება კონფლიქტი დაიწყოს ნატოს ქვეყნებასა და რუსეთს შორის.

„ანუ, ევროპის მოქალაქეები შეიძლება ომში აღმოჩნდნენ ჩაბმული, რაც მომგებიანი არ იქნება იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც ევროპის მოქალაქეთა ფულით არსებობს. ჩვენ ყოველთვის გვაფრთილებდნენ ევროპელები, რომ რაც შეიძლება ნაკლები გქონდეთ ოპტიმიზმი, ოპტიზმი არა პრინციპულად გაწევრიანების საკითხში, არამედ იმაზე, რომ უახლოეს ხანებში გაწევრიანდებითო. თითქმის არც ერთხელ არ თქმულა, რომ უახლოეს ხანებში საქართველო გახდება ნატოს წევრი.

საქართველოს ყველა ხელისუფლება კი ცდილობს, მოსახლეობას თავი მოაწონოს იმით, რომ გადამწყვეტ ეტაპზეა გადასული ნატოში გაწევრიანების საკითხი, რაც შეცდომაა. კარგი საქმის დაპირება კარგია, მაგრამ მერე ვერ გაკეთება, ისეთ მინუსად ჩაეთვლება ხელისუფლებას, რომ ყველაფერს დადებითს გადაფარავას. ამიტომ, ასეთი ხმაურიანი და შეუსრულებელი დაპირების გაკეთება წამგებიიანია ყველა მთავრობისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.