ოსური მხარე პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მობილიზაციაზე საუბრობს, ქართული მხარე კი, სეპარატისტების გზავნილს პროვოკაციად აფასებს და ირწმუნება, რომ ქართველი სამართალდამცავები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ.
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სანაკოევი იუწყება, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი, რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან.
მისი ცნობით, პანკისის ხეობაში მეომრების კონცენტრაცია ხდება, რომლებიც სირიაში, აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აქტიურად იბრძოდნენ.
„ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე. მათ ასევე, შესაძლოა, მშვიდობიანი მოქალაქეები გაიტაცონ ან ცეცხლი გაუხსნან. ისინი მიზნად ისახავენ ვითარების დაძაბვას საზღვარზე“, - ამბობს სანაკოევი, რომლის ინფორმაციას პროვოკაციად აფასებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
for.ge-სთან საუბარში სესიაშვილი ამბობს, რომ სანაკოევის ეს განცხადება შესაძლოა, მიზნად ერგნეთის მოლაპარაკებები ჩაშლას ისახავდეს. კანონმდებელის შეფასებით, დე-ფაქტო ხელისუფლებებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში ისეთი მთავრობა არ მართავს, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმით არის დაკავებული.
„სანაკოევის მხრიდან პროვოკაციული განცხადება გაკეთდა, რომელიც რეალობისგან შორსაა“, - დასძენს სესიაშვილი, სანაკოევის განცხადებას აბსურდს უწოდებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი, სანაკოევს პროვოკატორად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მსგავსი რაღაცის გამოცხადება კანონით ისჯება. დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება როგორც პანკისის ხეობაში, ასევე სხვაგანაც, საკმარის ბერკეტებს ფლობს, რომ ასეთი რამ არ მოხდეს.
„ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში, მარი ლე პენმა თავმოჭრილი ჯარისკაცების ვიდეო გამოაქვეყნა და საქმე პროკურატურაში აქვს, რადგან საგამოძიებო ორგანო ამ საქმეს იძიებს. ნორმალურ ქვეყანაში, სანაკოევს ასეთი განცხადებისთვის პასუხს მოსთხოვდნენ. საქართველომ კარგად იცის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ და საფრთხეები არსეობს, ამაზე სანაკოევმა რომ არ იზრუნოს, რამენაირად, სიცოცხლე ყველას გვიყვარს. მისი გამოხტომა უაზრო-უადგილოა და არაფერს არ ეფუძნება. სამართალდამცავები მზად საახალწლოდ თუ ნებისმიერ დროს უნდა იყვნენ, მაგრამ პანკისის ხეობაში ისეთი უკონტროლო სიტუაცია არ არის, ასეთი განცხადებების საფუძველი იყოს“, - დასძენს ბერძენიშვილი.
თანაგუნდელების მსგავსად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი სანაკოევის განცხადებას ტყუილების დემონსტრაციად აფასებს.
„შემოტევა უნისონში მოდის ქართულ-ევროპული დაახლოების პროცესთან. ეს განცხადება ჰაერიდან მოტანილია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, - დასძენს ვოლსკი.
ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე კი, ქართველ სამართალდამცავებს მოუწოდებს გაჟღერებული ინფორმაციები გადაამოწონ. for.ge-სთან საუბარში ბარამიძე სანაკოევის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში არანარი საზღვარი არ არსებობს, ქვეყანაში გავლებულია ოკუპაციის ხაზი და რუსები ოკუპანტები არიან, ხოლო
სეპარატისტების განცხადება რა მიზნითაა გაკეთებული, არავინ იცის.
„ნებისმიერ მომენტში, მათგან საინფორმაციო პროვოკაციას უნდა ველოდოთ, მაგრამ მსოფლიოში არსებული ვითარებიდან და ასევე „ისლამურ სახელმწიფოში“ საქართველოს მოქალაქეების ჩართულობიდან გამომდინარე, სპეცსამსახურები ვალდებულები არიან, ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაამოწმონ. შესაძლოა, პროვოკაციას თავადაც ამზადებდნენ, ამიტომ, ძალოვანმა უწყებებმა ინფორმაციები უნდა გადაამოწმონ“, - დასძენს ბარამიძე.
რაც შეეხება ძალოვანი უწყების პოზიციას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცავები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ.
ბერაიას მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, პანკისის ხეობაში ვითარება ისეთია, რომელსაც თავისუფლად გაუმკლავდებიან ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამიტომაც ახლად შექმნილ ვითარებაში, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში რეგიონშია, სირიასა და ერაყის ირგვლივ ჩვენ მეტი სიფრთხილე გვმართებს.
„ჩვენს სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება, რომ ვითარებას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. არ მგონია საფუძველი იყოს, რომ ასეთი სცენარით განვითარდეს მოვლენები, თუმცა საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორიიდან გამომდინარე, არაფერია გამორიცხული. სწორედ აქედან გამომდინარე, ვთხოვდით ხელისუფლებას გამოეყო მეტი დაფინანსება კონტრტერორისტული სამსახურისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ექსპერტების განცხადებით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდება პირდაპირ უკავშირდება რეგიონში რუსეთის კონტრილის გაძლიერებას და რუსეთის სურვილს, საქართველოში განთავსდეს ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრი. ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ალეკო კვახაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ცენტრი იგივეა, რაც რუსული სამხედრო ბაზა. კვახაძე გამორიცხავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდების პარალელურად, რუსეთმა პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატაროს, როგორც ეს 2002 წელს მოხდა.
„ჩვენ არაერთხელ გვსმენია რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ საქართველო ტერორისტებს ამზადებს. ნაკლებად მოსალოდნელია ანტიტერორისტული ოპერაცია. თუმცა, სავარაუდოდ, გააქტიურებს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით, რაც იგივე რუსული სამხედრო ბაზაა, ოღონდ უფრო მოდერნიზებული“, -აცხადებს კვახაძე.
რაც შეეხება დავით სანაკოევის ბრალდებას, კვახაძე თვლის, რომ თვითონ ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება წარმოადგენენ ტერორისტულ რეჟიმს, რომლებიც დაკავებული არიან ქართული სოფლებიდან ადამიანების გატაცებით, ამის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს ტერორიზმში დაბრალება უბრალოდ აბსურდულია.
„ასეთი განცხადება რუსეთს აძლევს იმის ლეგიტიმაციას, რომ გააგრძელოს მავთულხლართების და სხვადასხვა სახის შემაკავებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა საოკუპაციო ხაზის ირგვლივ, იმ საბაბით, რომ იტყვიან - ჩვენ ვიცავთ ჩვენს ბაზებს „ისლამური სახელმწიფოსგან“. ამიტომაც იძულებული ვართ გავაგრძელოთ მავთულხლართების მშენებლობა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ არ არის გაბმული მავთულხლართები, რის საფუძველზეც ოს სეპარატისტებს გაეხსნებათ ხელ-ფეხი, რომ კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ იგივე მომიჯნავე ქართული სოფლებიდან ადამიანების გატაცება და გამართლება იმით, რომ ჩვენ ვებრძვით ტერორიზმს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ალეკო კვახაძემ.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, გარკვეული პროცესები, რომელიც საქართველოს ირგვლივ მიმდინარებს, იძლევა იმის საშუალებას, რომ რუსები ცდილობენ პროვოკაციაზე წამოაგონ ქართული მხარე. როგორც მაისაია აცხადებს, რუსეთმა ცხინვალის რეგიონში გააძლიერა სამხედრო კონტიგენტი, შეიყვანეს დამრტყმელი ტიპის შეიარაღება და მათ შორის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსები, რომელსაც შეუძლია ბირთვული ტაქტიკური იარაღის გადატანა.
„გარდა ამისა, ჟენევაში აფხაზური მხარის წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული საარმიო დაჯგუფება შეიძლება გამოვიყენოთ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ. ამის შემდეგ სანოაკოევის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია. მოგეხსენებათ, რომ რუსებმა ინტენსიურად დაიწყეს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, განსაკუთრებით გორის რაიონში, ამავე დროს მიმდინარეობს ქართული მოსახლეობის უკანონო დაკავება და მათი გადაყვანა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, კვლავ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. ეს ყველაფერი ერთიანად იძლევა იმის ანალიზის საშუალებას, რომ, როგორც ჩანს, რუსები რაღაცისთვის ემზადებიან“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, მიმდინარეობს, როგორც საინფორმაცი პროპაგანდისტული ოპერაციის პირველი ფაზა, ასევე, დაზვერვითი ბრძოლები, რომ ქართული მხრიდან მოახდინონ საპასუხო ზომების გამოვლენა.
„რუსებს დღეს ჰაერივით სჭირდებათ სამხედრო ტრანზიტი. იმ ინციდენტის შემდეგ, რაც ატლანტიკის ზღვაზე მოხდა, თურქეთმა მონტრეს კონვენციის მიხედვით გადაკეტა დარდალენისა და ბოსფორის სრუტეები. იმისათვის, რომ რუსეთმა სამხედრო კონტიგენტის ტრანზიტი განახორციელოს სირიაში, რჩება საქართველოს საჰაერო სივრცე. როგორც ჩანს, რუსები ან სცენარისთვის ემზადებიან. შემთვევით არ ხდება კონფლიქტის რეგიონების სიახლოვეს ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა. რუსები ცდილობენ ამ გზით გამოავლინონ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ელემენტები, რომ შემდგომში გამორიცხონ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, იმ შემთხვევაში, თუკი, დაიწყეს ჩვენი საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ტრანზიტის განხორცილება. სანაკოევის განცხადება კარგად დადგემილ სტრატეგიაში ჯდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.