„რუსეთთან უვიზო მიმოსვლას ევროპის ვიზალიბერალიზაცია დაასწრებს“

„რუსეთთან უვიზო მიმოსვლას ევროპის ვიზალიბერალიზაცია დაასწრებს“

ევროკომისია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს ხვალ, გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. უკვე ცნობილია, რომ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური იქნება.

ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებიდან ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის გააუქმოს სავიზო რეჟიმი.

„მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან „სიგნალებს ხედავს“ და მზად არის, ეს სიგნალები მიიღოს. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ უფრო გავახანგრძლივეთ საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი, რადგან დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტები.

გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს.

„უახლოეს დღეებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური საშუალება. ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე დასავლელი პარტნიორები“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

რუსეთი პირველი პირის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობის წევრი, დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უნდა მიიღოს. ბერძენიშვილის განცხადებით, ეს რუსეთის გასაკეთებელია და თუ გააკეთებს, თავად უნდა გადაწყვიტოს.

„საქართველოს არ აქვს სავიზო რეჟიმი და რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოდიან. თუ მზად არიან, გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს რუსეთს ეხება და არა საქართველოს“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ რუსეთთან უვიზო მიმოსვლას ევროპის ვიზალიბერალიზაცია დაასწრებს.

„იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ევროპის ვიზა-ლიბერალიზაცია დაასწრებს. სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმებულია და საქართველოსთვის ამან დადებითი შედეგი მოიტანა, რადგან ქვეყანაში ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის. ზაქარეიშვილისგან განსხვავებით ვთვლი, რომ პუტინი საქართველოს მტერია და არ ვთვლი, რომ ის ამას საქართველოს მიმართ მოჭარბებული სიყვარულით აკეთებს. საქართველოს მოსახლეობამ ევროპისკენ უნდა გაიხედოს და არა ჩრდილოეთისკენ, რადგან დიდი ხანია, ჩრდილოეთიდან მზე აღარ ამოდის“, - აცხადებს მიხელ მაჭავარიანი.

რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერისთვის. ნინო ბურჯანაძის განცხადებით დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის ხელისუფლება სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მისთვის მოცემულ სიტყვას არ გატეხდა.

„ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ეს არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება. დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთის ხელისუფლება სიტყვას არ გატეხდა, რომელიც ჩემთან ითქვა, შეასრულებდა ამ სიტყვას და ნამდვილად ძალიან პოზიტიურად მიმაჩნია ის, რომ ახლა უმაღლეს დონეზე გაკეთდა ეს განცხადება და ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა თავისი ქვეყნის მზაობა, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით“,- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.