პარლამენტში პოლიტპატიმრების მოთხოვნას ლოგიკურად და სამართლიანად აფასებენ

პარლამენტში პოლიტპატიმრების მოთხოვნას ლოგიკურად და სამართლიანად აფასებენ

პარლამენტმა შესაძლოა, ახალი სამართლებრივი მექანიზმების შექმნაზე დაიწყოს მსჯელობა, რომლის საშუალებითაც, 2012 წლის დეკემბერში, საკანონმდებლო ორგანოს მიერ პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრებად გამოცხადებულ პირებს სასამართლოში საკუთარი საქმეების გადასინჯვის საშუალება ექნებათ.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები საკუთარი საქმეების გადახედვის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართავენ, მათ საპასუხოდ კი უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს ადამიანები რეაბილიტირებულები უნდა იყვნენ.

„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ. მისი განცხადებით, პარლამენტმა კანონში ცვლილება უნდა შეიტანოს და თქვას, რომ პოლიტპატიმრობა ახლადაღმოჩენილი გარემოებაა, რომლის საფუძველზეც საქმეების გადახედვა უნდა მოხდეს.

„ეს უამრავი პოლიტპატიმრის ოცნებაა. ისინი პირველივე დღიდან ამბობდნენ, რომ მათ მიზანს არა თავისუფლება, არამედ საქმეების გადახედვა წარმოადგენს. პარლამენტმა კოაბიტაციური რეჟიმის შედეგად, ამ ადამიანების საქმეებს არ გადახედა. თუკი პარლამენტი განხილვას არ დაიწყებს, სხვა ფორმებით მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე აიღოს, რაც მიმდინარეობს. ძალიან კარგია, რომ ბესელიამ, კობახიძემ თავის თავზე იწვნიეს და უსუფაშვილსაც მოხვდა. სანამ მათ რაღაც არ შეეხოთ, არ გაინძრნენ“, - აცხადებს კაკაბაძე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე ეხმაურება.

როგორც for.ge-ს ფოფხაძემ განუცხადა, პარლამენტმა პოლიტპატიმართა საკითხზე დადგენილება მიიღო, რომელიც წესით, საკმარისი სამართლებრივი საფუძველი უნდა ყოფილიყო, რომ სასამართლოებს ამ ადამიანების საქმეები გადაესინჯათ. ფოფხაძე ვერ ხვდება, რა მნიშვნელოვანი გარემოება უნდა ჩაითვალოს ახალ გარემოებად, თუ არა პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება.

„ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ ის პატიმრობიდან არა მხოლოდ გათავისუფლებული ყოფილიყო, არამედ რეაბილიტირებულიც, მას ამისი შესაძლებლობაც უნდა ჰქონოდა. ამის საშუალება აქვს სასამართლოს და არა პარლამენტს, რადგან ისეთ შესაძლებლობას მოკლებული ვართ, რომ ადამიანები უდანაშაულობა ვცნოთ“, - აცხადებს ფოფხაძე.

კანონმდებელი ფიქრობს, რომ თუკი დღის წესრიგში ისეთი ახალი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა დადგება, რომ ეს ადამიანები არა მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, არამედ რეაბილიტირებულებიც, მაშინ პარლამენტმა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები უნდა შექმნას.

„ფორმაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ რა ფორმით უნდა გაკეთდეს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა საშუალება არ არსებობს და პარალელურ მართლმსაჯულებას ვერ შევქმნით. არ მგონია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში დიდი წინააღმდეგობა იყოს, რადგან როცა პოლიტპატიმართა სიას ვაყალიბებდით, რაღაცეებზე შეთანხმებული ვიყავით. ამ ადამიანებმა საკუთარი სიმართლის დამტკიცება ვერ შეძლეს და ჩვენ სამართლებრივი მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ მათ საკუთარი სიმართლისთვის იბრძოლონ“, - დასძენს ფოფხაძე.

საქმეების გადასინჯვის მექანიზმებზე აპელირებს ზაქარია ქუცნაშვილიც. for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების მოთხოვნა ლოგიკური და სამართლიანია.

„საინტერესოა, სასამართლო პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას მიიჩნევს თუ არა ახალ გარემოებად, რომელიც საქმეების გადასინჯვის უფლებას წარმოშობს. პრაქტიკა ისეთია, რომ სისხლის სამართლის სასამართლოები პარლამენტის დადგენილებას ახალ გარემოებად არ მიიჩნევენ და ახალი სამართლებრივი მექანიზმი უნდა იქნეს მოძებნილი“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, „თავისუფალი დემოკრატები“ პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებენ და ამბობენ, რომ გახმაურებული საქმეების მწარმოებელი პროკურორების უმეტესობა დღესაც საგამოძიებო ორგანოში მუშაობს, ნაციონალები კი იმის გარკვევას ითხოვენ, პოლიტპატიმართა სიაში ვინ რისთვის მოხვდა.

როგორც for.ge-ს ნაციონალმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, პოლიტპატიმრების საქმეების გადასინჯვა თუნდაც იმის წარმოსაჩენად უნდა მოხდეს, ამ სიაში ვინ რატომ და როგორ მოხვდა.

„ამ საქმეების გადასინჯვის პროცესში არასამთავრობო ორგანზაციებიც უნდა იყვნენ ჩართულნი, რადგან პროკურატურა მხარედ იქცა. არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურამ ბრალდებელის როლის ნაცვლად, ადვოკატის როლი იკისროს. ამ სიის შედგენაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება, რომლის პოლიტიკურ დანამატადაც პროკურატურა იქცა“, - ამბობს ბობოხიძე.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი პოლიტპატიმრებს სოლიდარობას უცხადებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ პროკურატურაში ისევ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც იმ პირებს იჭერდნენ, აწამებდნენ, ციხეებში ალპობდნენ და მათ უფლებებს ლახავდნენ, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა.

„სიცრუეა, როცა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პროკურატურიდან ყოფილი თანამშრომლების 60 პროცენტი წასულია. პროკურატურაში ისევ ის პროკურორები მუშაობენ, რომლებიც ადამიანის უფლებებს მუდმივად ლახავდნენ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამიტომაა შეჩერებული. არაფერი არ კეთდება, ეს ადამიანები ყველამ „გადააგდო“ და მათი სამართლიანი აღშფოთების მესმის“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

კანონმდებელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, პროკურატურა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, პარლამენტმა პოსტიდან მთავარი პროკურორის გადაყენებაზე უნდა იზრუნოს.

„პარლამენტმა შოთაძე როგორც აირჩია, ისე გადაირჩევს, მაგრამ უმრავლესობა რისი გადამრჩევია, ეტყობათ. ამ ადამიანებისთვის ქართულ სახელმწიფოს ბოდიშიც არ მოუხდია“, - დასძენს ცაგარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის დეკემბერში, პარლამენტმა 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 25 ადამიანს - პოლიტდევნილის.