თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების ფონზე, ვითარება მწავდება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. იმ შემთხვევაში თუკი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს პირდაპირი საფრთხის შემცველი იქნება საქართველოსთვის. კონფლიქტის ალბათობის საფრთხეზე საუბრობს პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი, რომლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს აჩვენოს დასავლეთს, რომ თუ ბალკანეთის ფრონტზე დასავლეთთან აგებს, კავკასიის ფრონზე მისი პოზიცია უფრო ძლიერია, ვიდრე დასავლეთის.
for.ge გიორგი მჭედლიშვილს ესაუბრა.
რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე ვითარება იძაბება მთიანი ყარაბაღის ზონაში. შესაძლებელია გაიხსნას მესამე ფრონტის ხაზი. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ესკალაცია რა საფრთხეს უქმნის საქართველოს?
გიორგი მჭედლიშვილი: ბუნებრივია, არსებობს კონფლიქტის ალბათობა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ქვეყნები არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად არ არიან ძლიერნი. ეს კონფლიქტი გაწელილია და ერთი მხრივ, ამ კონფლიქტის არსებობა აწყობს ორივე ქვეყნის ელიტას. როდესაც კრიტიკა ისმის აზერბაიჯანის მიმართ, რომ დემოკრატიული დეფიციტია ქვეყანაში, შეიძლება ეს დააბრალონ სწორედ მოუგვარებელ კონფლიქტს, რომ ამ მიმართულებით ხარჯავენ მეტ დროს. იგივე ხდება სომხეთთან მიმართებაში. ნაწილობრივ ეს სიმართლეც არის, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკური ელიტისთვის ეს სპეკულაციის თემა. ასე რომ, კონფლიქტის ალბათობა ნამდვილად არის, მაგრამ რთულია იმაზე საუბარი, რამხელაა ეს ალბათობა.
მით უმეტეს, თუ ამ დაპირისპირებაში არაპირდაპირ აისახა თურქეთ-რუსეთის კონფლიქტი, ერთი მხრივ, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა, მეორე მხრივ, თურქეთ-აზერბაიჯანის ახლო კავშირები...
- ალიანსის მომენტია და ბუნებრივია, რომ კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, ეს პოზიტიური შედეგების მომტანი ვერ იქნება საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი, იგივე სომხეთი ბევრჯერ იმუქრებოდა, რომ თუ აზერბაიჯანი დაიწყებდა თავდასხმას, მაშინ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავსადენს ააფეთქებენ, მით უმეტეს, რომ მილსადენილი ახლოს არის კონფლიქტის ზონასთან. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა, რომელსაც პარტნიორული ურთიერთობა აქვს სომხეთთან, მოინდომოს სამხედრო დახმარების გაწევა და ამისთვის მას დასჭირდება საქართველოს სახემელეთო ტერიტორიის გამოყენება. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ზრდის კონფლიქტის საფრთხეს.
რუსეთს აქვს იმის ბერკეტები, რომ თურქეთსა და სირიაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მესამე ფრონტი გახსნას კავკასიაში?
- რუსეთს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა, მაგრამ არ უნდა ეს კონფლიქტი რომელიმე მხარის გამარჯვებით დამთავრდეს. თუ კონფლიქტი არ იქნება, მაშინ რუსეთს ძალიან სერიოზული გავლენის ბერკეტი გაუქრება.
ბოლო პერიოდში არაერთხელ დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე, ისევერ როგორც 2008 წელს, ახლაც რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების სამიზნე იყო საქართველოს შსს-ს საგუშაგოები. როგორც ფიქრობთ, საქართველოზე ზეწოლის მოხდენის მიზნით რუსეთი ცდილობს კონფლიქტის ესკალაციას?
- რთული სათქმელია. მიმაჩნია, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა დაკავშირებულია საქართველოს დასავლურ მისწრაფებასთან. რადგან ახალი ეტაპი იწყება საქართველოს-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობაში, ეს იწვევს რუსეთის გაღიზიანებას. შესაბამისად, ეს პოლიტიკური სიგნალია, რომ რუსეთი არ არის კმაყოფილი.
თუ MAP-ს არ მოგვცემენ, შესაძლებელია, რომ ნატომ ისეთი ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოსთან მიმართებაში, რომ მცირედით, მაგრამ ახალ ეტაპზე აწევს საქართველო-ნატოს ურთიერთობას, ისევე, როგორც ეს იყო უელსში. ეს დასტურია, რომ ნატო-საქართველოს შორის არის მჭიდრო ურთიერთობა, მართალია ნელა, მაგრამ მიდის გაწევრიანებისკენ. ვიცით, რომ 2008 წლის ომის ერთ-ერთი მიზეზი იყო კოსოვოს აღიარება, რუსეთმა მარცხი განიცადა ამ ფრონტზე და ამიტომ უპასუხა საქართველოს. ახლა მონტენეგრო იქნა მიღებული ნატოში, ასევე იუგოსლავიის ნაწილი, ესეც არ მოსწონს რუსეთს, მაგრამ არ აქვს არავითარი ბერკეტი, რომ ამას შეეწინააღმდეგოს.
საქართველოს შემთხვევაში ეს რა შეიძლება იყოს?
- შესაძლოა, საქართველოში მოხდეს ახალი პროვოკაცია. რუსეთი აჩვენებს დასავალეთს, რომ თუ ბალკანეთის ფრონტზე მასთან აგებს, მაშინ კავკასიის ფრონტზე თავის გაგებით, არის ბატონი, მისი პოზიცია უფრო ძლიერია, ვიდრე დასავლეთის. პუტინისთვის წარმატების ერთ-ერთი ასპარეზი არის საგარეო პოლიტიკა და დასავლეთთან დაპირისპირება. პუტინი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად დასავლეთს იყენებს როგორც მტერს, პოლიტიკურ ერთეულს, რომელიც ცდილობს დაშალოს რუსეთი დაშალოს, ამ მითის რეალიზაციისთვის შესაძლებელია საქართველო გახდეს სამიზნე. ამ თვალსაზრისითაც არ არის გამორიცხული პროვოკაციები.
მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი აძლიერებს საოკუპაციო ძალებს და მთიან რეგიონში მოქმედებასა და საცეცხლე წვრთნებს ატარებს რეგიონში...
- პირდაპირი სამხედრო აგრესია მოსალოდნელი არ არის, მაგრამ გამორიცხული არ არის კონფლიქტის პროვოკაცია. მით უმეტეს, იმ ფრონტზე სადაც რუსეთს კარგად არ მისდის საქმე. საჭიროა ისეთი ფრონტი გახსნას, სადაც საქმე უკეთესად წაუვა, იგივე მოსახლეობის დასანახად, რომ რუსეთი ისევ ძლიერი ქვეყანაა. ადრე თუ გვიან, იგივე თქურქეთთან დაპირისპირებაც დროებითი არის, როდესაც გასაგები გახდება, რომ რუსეთი რეალურად ვერ ავნებს თურქეთს და იგივე ეკონომიკური ნაბიჯები რუსეთს უფრო არტყამს, ვიდრე თურქეთს, ხალხი უფრო დაიწყებს კითხვების დასმას, რა საჭირო იყო საერთოდ ამ კონფლიქტის დაწყება. აი, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, იზრდება იმის ალბათობა, რომ საქართველოში რაღაცა მოხდება. იმიტომ, რომ რუსეთს სჭირდება უფრო ადვილი სამიზნე.
ეს არ გამორიცხავს, რომ რუსეთს რაღაცა სცენარი შესაძლებელია ჰქონდეს საქართველოსთან მიმართებაში?
- მარტივად რომ ვთქვათ, ნამდვილად არ არის გამორიცხული.