ბიძინა ივანიშვილის რჩევა და რჩევას დამორჩილებული მაჟორიტარები

ბიძინა ივანიშვილის რჩევა და რჩევას დამორჩილებული მაჟორიტარები

მმართველ გუნდში საარჩევნო ოლქების გადანაწილების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი „საარჩევნო კოდექსის“ წინააღმდეგ გამოდის და მის მხარდაჭერას არ გეგმავს, მეორე ნაწილი კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლას და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციის გათვალისწინებას აპირებს.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, 15 დეკემბერს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა საარჩევნო ოლქების გადანაწილების შესახებ საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა, თუმცა, მათ ბიძინა ივანიშვილმა ცვლილებების მხარდაჭერა ურჩია და უმრავლესობას გუნდის ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

უმრავლესობის ნაწილი „საარჩევნო კოდექსის“ მსგავსად, რამდენიმე წლის წინ, ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ მათდამი ივანიშვილის მოწოდებამ გაჭრა და პარლამენტმა ცხარე კამათისა და დაპირისპირების შემდეგ, აღნიშნული საკანონმდელო ინიციატივა დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები გაიზიარებს თუ არა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის ბედს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მისვლა და მისი პოზიციის დაფიქსირება იმის გამო გახდა საჭირო, რომ ცვლილებებისთვის მწვანე შუქის ანთებას ბევრი მაჟორიტარი დეპუტატი არ აპირებდა.

მაჟორიტარი დეპუტატების გაღიზიანების მიზეზი საარჩევნო ოლქების დაყოფა და მისი სხვა ოლქებზე მიბმაა. კერძოდ, დეპუტაცია ერთის მხრივ, ყაზბეგის-დუშეთის-თიანეთის გაერთიანებას აპროტესტებს, მეორე მხრივ, მესტია-ლენტეხი-რაჭა-ლეჩხუმის გაერთიანებას და სამტრედიის ხონთან და ვანთან შერწყმას.

for.ge-სთან საუბარში სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კახიანი არ მალავს, რომ ის მისი საარჩევნო ოლქის გადანაწილების სქემით უკმაყოფილოა. კანონმდებელი განმარტავს, რომ ვანთან ერთად სამტრედიის ერთი ნაწილი - ერთი საარჩევნო ოლქი იქნება, ხოლო თავად ქალაქ სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტი მეორე საარჩევნო ოლქი იქნება. დეპუტატი გაგებით ეკიდება იმას, რომ საარჩევნო ოლქების გადანაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას უკავშირდება, მაგრამ ის ცვლილებების მხარდაჭერას მაინც ეჭქვეშ აყენებს.

„ევროპულ სტანდარტებზე გადავდივართ და ხმათა თანასწორობა დაფიქსირდება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სამტრედიასთან დაკავშირებით სუბიექტური ვარ. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და გაირკვა, რომ საარჩევნო ოლქში 47 ათასი ამომრჩეველი იყო, კმაყოფილების განცდა მქონდა, რადგან სამტრედიის მოსახლეობა ზუსტად ამ რაოდენობისაა. პირველი რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ ეს ცვლილებები სამტრედიას არ შეეხებოდა. როდესაც ოლქების გადანაწილება მოხდა, ისე არ გამოვიდა, როგორც ვფიქრობდი და ბევრი კითხვა გამიჩნდა - სამტრედიის გაყოფა საჭირო რატომ არის?!“, - აცხადებს კანონმდებელი და დასძენს: „ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ - იმერეთის დაყოფის ფარგლებში ოლქები იმდაგვარად ყოფილიყო, რომ ეს სამტრედიას არ შეხებოდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. ყველაფრის მიუხედავად, ალბათ, სამტრედიელების სასარგებლოდ სუბიექტური ვიქნები. „საარჩევნო კოდექსი“ პირველი მოსმენის დროსაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია და სავარაუდოდ, შემდეგ მოსმენებზეც ასევე მოვიქცევი“, - აღნიშნავს კახიანი.

უკმაყოფილებას არ მალავს მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. მისი მოსაზრებით, მესტია ერთი ოლქი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლომ რეალობის წინაშე დააყენა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სვანეთს პარლამენტში წარმომადგენელი ეყოლება. როგორც ჩანს, ერთი მაჟორიტარი მაინც ეყოლება. სვანებს ეს ცვლილებები არ მოეწონებათ და მათ უნდა ავუხსნათ, რომ ეს ცვლილებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება არ არის. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელშიც უჩა ნანუაშვილმა აღმოგვაჩინა. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით სწორედ ნანუაშვილმა მიმართა“, - ამბობს ჯაფარიძე.

დეპუტატი ინტერესდება, სხვა რა გამოსავალია, რომ მან ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს.

„მათ შევთავაზე, რომ მესტიისთვის ხელი არ ეხლოთ. პირველი მოსმენით მესტია ცალკე იყო. ჩემმა გუნდმა გაიზიარა, რომ სვანეთს ცალკე მაჟორიტარი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თავდასხმები დაიწყო, ისინი საკონსტიტუციოში იჩივლებდნენ და ამას რა აზრი ექნებოდა?“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ გამონაკლისი როგორც ყაზბეგზე, ასევე სვანეთზე უნდა დაუშვას, რადგან სვანეთი განსაკუთრებული კუთხეა და იქ ძირძველი ქართველები არიან.

„პროტესტი გამოვხატე და დღესაც გამოვხატავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არაა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასრულებთ. თუ გვინდა, რომ კანონებით ვიცხოვროთ, მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ავასრულეთ, თუ არადა, მაშინ სააკაშვილის მსგავსად, კონსტიტუციიდან უნდა გახვიდე და ის აკეთო, რაც გინდა. მოსახლეობა ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ ხელის გადაგრეხვის მომხრე არ არის და ამას არც აკეთებს“, - დასძენს ჯაფარიძე.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, ცვლილებებს აკრიტიკებს დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. for.ge-სთან საუბარში ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მას საარჩევნო ოლქების გადანაწილების ეს სისტემა არ მოსწონს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ადგილობრივი მოწყობა არ გაითვალისწინა და ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც სიტუაცია დამძიმდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო სამართლიანია, მაგრამ უფრო მეტი დემოკრატები ვერ გავხდებით, ვიდრე ყველაზე დიდი დემოკრატია არსებობს. ამ ცვლილებების განხილვა ნაადრევია, რადგან ჯერ, საზოგადოებაში უნდა ყოფილიყო აღქმა, რომ საარჩევნო ოლქი ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. ჯერ, ამაზე უნდა გვემუშავა და კანონი მერე უნდა მიგვეღო. ისე გამოდის, რომ ჯერ, ცვლილებებს ვიღებთ და შემდეგ განხილვებს ვიწყებთ“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

დეპუტატი ფიქრობს, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები პარლამენტმა უნდა დაამტიცოს და არა ცესკო-მ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამარცხვინო ვითარება შეიქმნება.

„ცესკო-ს დამძიმება არ ღირს. ჩვენ იმისთვის ვარსებობთ, რომ კანონები მივიღოთ და არა ცესკო-მ. ეს უფრო სამარცხვინო იქნებოდა“, - აღნიშნა ოქრიაშვილმა.

ახალი სისტემა არ მოსწონს ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატს, მირიან წიკლაურს. წიკლაური for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ უმრავლესობა იძულებულია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედოს.

„ამ დაყოფაზე მოსახლეობის განწყობა უარყოფითია, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ცვლილებებს მხარს დავუჭერ“, - ამბობს წიკლაური.

ფრაქცია „რესპუბლიკელები“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი კი, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების „წრფელ სინდისზე“ აპელირებს. როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზე უფრო მკაცრი ჩარჩოები დააწესა, ვიდრე ვენეციის კომისიამ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციის შესაბამისად ოლქები გადანაწილდება, მაგრამ გამონაკლისის გარეშე სტანდარტში ყველა ოლქი ჩაეტევა. ბევრი თვალსაზრისით, კომპრომისებია. კმაყოფილი ვიქნებდოი, რომ რეგიონალურ-პროპორციული სისტემა ყველას მიერ გაზიარებული ყოფილიყო და საკონსტიტუციო უმრავლესობით ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. ეს „რესპუბლიკელებს“, „კონსერვატორებსა“ და „ეროვნულ ფორუმს“ გვინდა, მაგრამ ეს ვალდებულება პარტია „ქართულ ოცნებას“ არ აუღია და მის მაჟორიტარებს ასეთი ვალდებულება არ ჰქონიათ. ამიტომ, მათ წრფელი სიდნისით საკუთარი პოზიციები დაიცვეს. ჩვენ კომპრომისზე წავედით, რომ რეფორმა ორ ეტაპად გავყავით. ვფიქრობ, რომ „საარჩევნო კოდექსი“ მიღებული იქნება“, - დასძენს ბერძენიშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს მეორე მოსმენით მუხლობრივად დღეს განიხილავს, ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე კი, 18 დეკემბერს გავა.

რაც შეეხება ცვლილებებს, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება, ხოლო საქართველოს დანარჩენ რაიონებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით, გაყოფის გზით, 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.