აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის განცხადებით, აშშ მზადაა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლა რუსეთთან ერთად გაგრძელოს და ორი სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობა ამ მიმრათულებით უკვე საკმაოდ ეფექტიანია. ეს განცხადება კერიმ მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც გავრცელდა განცხადება, რომელის მიხედვითაც აშშ და რუსეთი იმედს გამოთქვამენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭო სირიის სამშვიდობო პროცესზე შესაბამის რეზოლუციას უკვე უახლოეს პარასკევს მიიღებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც შეშფოთებულია სირიის ოპოზიციაზე რუსეთის ავიაციის დარტყმებით.
„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის გარკვეული ავიადრატყმები მიმართულია არა „ისალამური სახელმწიფოს“, არამედ სირიის ოპოზიციისკენ. უნდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ეს მხედველობაში მიიღო“, - განაცხდა კერიმ.
კერის თქმით, აშშ-სა და რუსეთს ერთობლივი მუშაობით შეუძლიათ არსებითად შეცვალონ ვითარება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს არ შეუცვლია პოზიცია და კვლავაც შეუძლებლად მიიჩნევს ბაშარ ასადის ხელისუფლებაში დარჩენას.
შეიცვლება თუ არა მდგომარეობა სირიაში და შესაბამისად, რეგიონში, რამდენად შეეხება ეს ყველაფერი საქართველოს, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
ბატონო სოსო, ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ დროთა განმავლობაში, სირიაში სიტუაციის მოწესრიგების რეალური გეგმა დაისახება და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება როგორც კრემლის, ასე დასავლეთის მხრიდან?
- თვითონ ფაქტი, რომ მოლაპარაკება შედგა, ანუ ჯერ დიპლომატიური არხებით მომზადდა და შემდეგ შეხვედრა შედგა, ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 30%-ით მაინც იზრება იმის სასარგებლოდ, რომ ამ მოლაპარაკებას შედეგი ექნება.
თვითონ პრობლემა ძალზე რთულია და ის ერთი-ორი შეხვედრით არ გადაწყდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე რამდენი წლის შემდეგ, ეს პირველი ვიზიტია, უკვე დამაიმედებელია.
მიუხედავად იმისა, რომ განხეთქილების ვაშლად არის ქცეული თვითონ ასადის პრობლემა, ანუ რა გზას დააყენონ ასადი, ეს უკვე პრინციპის საქმეა. თუ წავა, მაშინ დგება საკითხი - პუტინმა რითი უნდა გაამართლოს თავისი ჩარევა სირიაში, საკუთარი მოსახლეობის, გარემოცვის თუ პოლიტიკური ელიტის წინაშე?!
რაც შეეხება ამერიკას, როდესაც ისინი უკვე მეხუთე წელია ამტკიცებენ, რომ მთავარი პრობლემა ასადია, ხოლო მისი წასვლის შემდეგ დემოკრატია, მშვიდობა და აღორძინება იქნება სირიაში, გამოდის, რომ მათი მხრიდან დათმობაც შეუძლებელია.
ამიტომაც ეძებენ ოქროს შუალედს - რაღაც ისეთი გადაწყვეტილება უნდა მოიძებნოს, რომ ერთმა მხარემაც სახე შეინარჩუნოს და მეორემაც, თანაც, ასადი წავიდეს. ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია - შესაძლებელია გარდამავალი მთავრობის შექმნა, ასადის პოზიციების ნელ-ნელა შესუსტება და ა.შ.
დაახლოებით ორი კვირის წინ ამერიკის პატრონაჟით შედგა სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა. 100 დელეგატი იყო, თუმცა ყველა პარტიის წარმომადგენელი მაინც არ ყოფილა ამ შეხვედრაზე. შეხვედრა რუსეთის უკითხავად შედგა, რასაც პუტინის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრეტენზია ჰქონდათ, რომ ასადის წარმომადგენელი არ ესწრებოდა შეხვერას. მერე, უცებ, რატომღაც ქურთების წარმომადგენლობითაც დაინტერესდნენ - ასადის მომხრე ქურთებს გულისხმობდნენ (იქაურ კონსტრუქციულ ოპოზიციას), - ისინი რატომ არ ესწრებოდნენ შეხვედრასო (ქურთული მოძრაობაც ორად არის გაყოფილი, ჩრდილოეთ სირიაში ასადისადმი ლოიალურად განწყობილი ქურთები ცხოვრობენ, ხოლო ერაყში მცხოვრები ქურთები თურქებს ემხრობიან).
ამ შეხვედრამ იმდენად აღაშფოთა რუსები, რომ როგორც ჩანს, კერის ვიზიტიც სიტუაციაში მეტად გარკვევისა და პოზიციების დაახლოების მიზნით შედგა. ხოლო ის ფაქტი, რომ რუსეთიც თანახმაა, ილაპარაკოს ამ თემაზე, იმედისმომცემია - ანუ როგორც ჩანს, ვაშინგტონიც და მოსკოვიც ხვდებიან, რომ დაპირისპირება უკვე ძალიან შორს მიდის.
ამას ემატება თურქეთის პრობლემა, რომელმაც უკვე სხვადასხვა ფანტაზიები დაბადა - ზოგიერთი ექსპერტი უკვე მესამე მსოფლიო და ბირთვულ ომებსაც წინასწარმეტყველებს, რომელშიც საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს ჩართული - ეს ზღაპარია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
რაც შეეხება თურქეთს, ბოლო ინფორმაციით, რუსეთი აპირებს, მის მიმართ სანქციები გაამკაცროს. ეს ნიშნავს თუ არა, რომ მათ შორის ცივი ომი ღრმავდება და არა პირიქით?
- რასაკვირველია ასეა, მაგრამ ცივი ომის სიტუაციაში საბჭოთა კავშირი ნახევარი საუკუნე ცხოვრობდა. იყო კრიზისული მომენტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარდაუვალს ხდიდა ცხელი, ანუ შეიარაღებული ომის დაწყებას.
დღეს სახელმწიფოების სათავეში კამიკაძეები არ არიან, რომ საკუთარი თავიც გაანადგურონ და მოწინააღმდეგეც - ეს მხოლოდ ისლამისტების იდეოლოგიაა. მით უმეტეს, რომ პუტინმაც და მისმა გარემოცვამაც დიდი ხანია, გემო გაუგო ევროპულ ცხოვრებას და ფანატიკოსები არ არიან, რომ დღეს ომი წამოიწყონ. ამიტომაც ერთიანდება ყველა ერთად რელიგიური ფანატიკოსების და არა ერთმანეთის წინააღმდეგ.
ანუ, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება თანდათანობით უკანა პლანზე გადაინაცვლებს?
- თანდათანობით დაივიწყებენ დღევანდელ პრობლემებს. თანაც ნატოშიც კი, რომელიც ღიად უჭერს მხარს თურქეთს, აცხადებენ, რომ თურქეთს ჰქონდა უფლება, დაეცვა თავისი საჰაერო სივრცე, მაგრამ არავინ ამბობს, რომ თურქეთს ჰქონდა უფლება, ჩამოეგდო თვითმფრინავი. ასე, ინგლისი დღეში სამჯერ იცავს თავის საჰაერო სივრცეს, ბომბდამშენებს კი არ ესვრის, არამედ ამოუდგებიან გვედში ავიაგამანადგურებლები და მიაცილებენ საჰაერო საზღვარს მიღმა.
როგორც ჩანს, ერდოღანი ელოდება რეფერენდუმის ჩატარებას, რომ მისი საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს, ვიდრე რეფერენდუმი არ ჩატარდება, ის ვერ წავა იმაზე, რომ ღიად მოიხადოს ბოდიში. რეფერენდუმის შემდეგ კი ყველაფერი მოსალოდნელია.
ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და თურქეთშიც ნატოს ბირთვული იარაღია განლაგებული. ამიტომ, კონფლიქტის წასვლა ომის მიმართულებით გამორიცხულია. იქნება განცხადებები, სანქციები, მაგრამ ომი - არა.
რაც შეეხება სანქციებს, უკვე ცნობილი გახდა, რომ ევროპა აპირებს, რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივოს. ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირების საგნად დასავლეთსა და რუსეთს შორის კვლავ რჩება უკრაინა?
- ვიდრე მინსკის პროცესი შედეგით არ დასრულდება, დაპირისპირების საგანი დარჩება. დღესაც ომია უკრაინაში და ხალხი იღუპება, სისხლი იღვრება. ვერ ვიტყვით, რომ მინსკის პროცესი ჩიხში შევიდა, მაგრამ არც წინ მიდის. ვიდრე ეს ასეა, რუსეთს სანქციებს კვლავ გაუხანგრძლივებენ და დააკვირდებიან მის მოქმედებას. რუსეთი უკრაინაში ახლა გაცილებით თავშეკავებულია, ვიდრე ერთი წლის წინ. თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყო მარიოპულის აღება, ანუ ყირიმისკენ მიმავალი დერეფნის გაჭრა, მაგრამ რუსეთი ამაზე აღარ მიდის - ეს პროცესი შეჩერდა.
არც ის იყო შემთხვევითი, რომ პუტინის შემაჯამებელ გამოსვლაში ფედერალური საბჭოს წინაშე უკრაინა ნახსენებიც კი აღარ იყო. რუსული ტელევიზიებიდანაც მომენტალურად გაქრა უკრაინის თემა. პუტინი საღად მოაზროვნე სტრატეგია, მოგვწონს ჩვენ ის თუ არა. ორი ფრონტი ერთდროულად, თურქეთსა და უკრაინასთან, ნამდვილად არ აწყობს და არც წავა ამაზე.
რუსეთის მიმართ სანქციები გახანგრძლივდება, ევროპა დააკვირდება უკრაინის ადგილობრივ არჩევნებს, პარალელურად, უკრაინის დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდენენ ამნისტიაზე, ალბათ, ნელ-ნელა ეს დაპირისპირებაც მინელდება და თანდათანობით მდგომარეობა სტაბილურიბისკენ წავა.
რაც შეეხება საქართველოს, თქვენ აღნიშნეთ, რომ ომი და ომში ჩართვა გამორიცხულია, დღევანდელი არასტაბილურობა რეგიონში ჩვენზე რა ზეგავლენას ახდენს? ომს და პოლიტიკას თავი რომ დავანებოთ, ეკონომიკურად რამდენად გვაზარალებს?
- ეკონომიკურად საქართველო მძიმე მდგომარეობაშია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული. დღეს, როდესაც ერთი კონკურენტი გავიდა ბაზრიდან და ფაქტობრივად, რუსულ ბაზარზე დახლები დაცარიელდა, არ მესმის, რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ამით?!
თუმცა, ისიც ვიცით, რომ რუსულ ბაზარზე შესვლა პოლიტიკური საკითხია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ისეთივე სანქციები მივიღოთ, როგორც 2006 წელს...
- დღეს არის მომენტი და უნდა გამოვიყენოთ, რუსეთსაც სჭირდება ხილი და ბოსტნეული, ამიტომ სანქციებს ახლა არ დაგვიწესებს. ხვალ თუ გამოგვაძევებს, სხვა ბაზრები უნდა მოვძებნოთ. სამუდამო ურთიერთობები არ არსებობს, ყველაფერი კონიუნქტურაზეა დამოკიდებული, ახლა კი ასეთი კონიუნქტურაა.
ხომ შეიძლება, რუსეთს მოუნდეს და ერთ მშვენიერ დღეს სასმელი წყლის ან შუქის გარეშე დაგვტოვოს?! ზუსტადაც კი არ ვიცით, კიდევ რა ობიექტებია მის ხელში და ქართული ეკონომიკის რომელ სეგმენტებში არიან შემოსული - ამისი ხომ არ გვეშინია? რუსულ ბაზარზე რაღაც ნიშის დაკავების რატომ უნდა შეგვეშინდეს?!
იმიტომ ვაძლევთ მთავრობას ხელფასს, რომ ამგვარი საკითხები მოაგვარონ - ორი წიგნი თუ წაუკითხავს ჩინოვნიკს და 15-20 ათასი აქვს ხელფასი თვეში, პროფესორებს კი - 200-300 ლარი, ამიტომაც, ჩინოვნიკების ვალია, იფიქრონ, როგორ მიიღოს ქვეყანამ სარგებელი და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.