შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აპირებს, პროკურატურას ე.წ. შეწყალების საქმეზე მტკიცებულებები გამოუზოგავს. ელისაშვილის განცხადებით, მისი ტელეფონის „ინბოქსში“ მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი მესიჯები არ იყო, თუმცა მისი მტკიცებით, შეტყობინებები მობილურის მყარ დისკზე ინახება.
ამ სკანდალური საქმის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება, საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ელისაშვილის განცხადებებს მყარი საფუძველი აქვს, ვინაიდან, თავის დროზე, მედიაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ პოლიტპატიმრების თემაზე რამდენიმე გავლენიანმა ადამიანმა მოითბო ხელი. საზოგადოების ნაწილი კი ეჭვით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს და ელისაშვილის გააქტიურებას „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს უკავშირებს. მეტიც, ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ელისაშვილზე ზეწოლა ხორციელდება და ამ ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს უკავშირებს. სანამ გამოძიება არ დასრულდება, რთულია გადაჭრით რაიმეს თქმა, თუმცა ინფორმაცია, რომელიც for.ge-მ მოიპოვა, საყურადღებოდ მივიჩნიეთ და მის გადასამოწმებლად ვახტანგ მაისაიას დავუკავშირდით, ვინაიდან ნაციონალური მთავრობის დროს
„ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული მაისაიას სისხლის სამართლის საქმეში, ელისაშვილი ფიგურირებს როგორც წყარო, რომელიც შსს-ს კონტრდაზვერვის მტკიცებით, მაისაიას კავკასიური იმარატის შესახებ გადასცემდა ინფორმაციას და, მაშინ გამომძიებლები მაისაიას აიძულებდნენ ხელი დაედო ელეკო ელისაშვილისთვის.
for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
ბატონო ვახტანგ, შეგიძლიათ გვითხრათ ვინ ფიგურირებდა კონტრაზვრევის მიერ შედგენილ სიაში, ვისზეც თქვენ ხელი უნდა დაგედოთ?
ვახტანგ მაისაია: შსს-ს კონტრდაზვერვის გამომძებლებმა: ზუმბაძემ, დათაშვილმა და ორჯონიკიძემ დამიდეს იმ ადამიანების სია, რომლებიც თითქოსდა ჩემი „თანამეინახეები“იყვნენ. ამ სიაში იყო ალეკო ელისაშვილიც. მეტსაც გეტყვით, სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ტომში დევს დოკუმენტი, რომ „საიდუმლო“ მასალა გადავეცი სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებს და ამ მასალის წყაროდ მითითებულია ალეკო ელისაშვილი.
რას ეხებოდა ეს ინფორმაცია?
- საუბარი იყო კავკასიური იმარატისა და საქართველოს სპეცსასმახურების თამაშრომლობაზე. ამიტომ ვითხოვ „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ჩემს საქმეზე. ჩემს სისხლის სამართლის საქმეში ალეკო ელისაშვილი ფიგურირებს როგორც წყარო, რომელმაც გადმომცა ინფორმაცია კავკასიური იმარატის შესახებ.
რეალურად იყო ელისაშვილი თქვენი წყარო?
- არა, რას ამბობთ. როგორ იქნებოდა ელისაშვილი ჩემი წყარო, როცა ეს საქმე კონტრდაზვერვის მიერ იყო შეკერილი.
2009 წელს, როდესაც დაგაკავეს და დაგიდეს კონკრეტული ადმიანების სია, მათ შორის იყო ელისაშვილიც, მაგრამ მოგთხოვეს მისთვის ხელის დადება, რადგან წყაროდ იყო თქვენს საქმეში დასახელებული?
- რა თქმა უნდა,ზუმბაძე მეუბნებოდა ელისაშვილისთვის დამედო ხელი. მერე ეს სია დააფიქსირეს ე.წ. საიდუმლო რეპორტებში, რომლის საფუძველზეც მომიყენეს 20-წლიანი პატიმრობა. ვადასტურებ, რომ კონტრდაზვერვის გამომძიებლების მიერ შედგენილ სიაში იყო ალეკო ელისაშვილი და ამის დოკუმენტალური მტკიცებულება დევს ჩემს სისხლის სამართლის საქმეში. ეს დოკუმეტი გამომზეურდა სასამართლო პროცესზე, გარდა ამისა, ეს დოკუმენტი ნახეს ჩემმა ადვოკატებმა, ისინი დაგიდასტურებენ, რომ ჩემს სისხლის სამართლის საქმეშე დაფიქსირებულია ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი.
კონტრდაზვერვამ აიღო ჩემს მიერ 1998-2009 წლებში დამუშავებული 3 ათასი ანალიტიკური სტატია, აქედან გამოიყენეს 14 მასალა, ანუ რეპორტი, რომელიც თითქოსდა იყო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი, რომელიც მე გადავეცი სლოვაკეთის დაზვერვას. ამ ე.წ. 14 რეპორტში ჩემს წყაროდ დაფიქსირებული არის ალეკო ელისაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთი წყარო არ არსებობდა, რადგან ეს საქმე კონტრდაზვერვის მიერ იყო შეკერილი.
გასაგებია, რომ პოლიტიკოსებზე გთხოვდნენ ხელის დადებას, მაგრამ რა ინტერესი ჰქონდა კონტრდაზვერვას, რომ ხელი დაგედოთ ელისაშვილზე? მაშინ ის ჟურნალისტი იყო.
- ვერ გეტყვით, რა ინტერესი ჰქონდათ როგორც ელისაშვილის, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ „შავ სიაში“ ფიგურირებდნენ. იმედია, როდესაც დაიწყება გამოძიება, გავიგებთ რა იყო მათი რეალური მოტივი.
თქვენ თუ გქონდათ ელისაშვილთან ამ თემაზე საუბარი?
- ბუნებრივია, სპეციალურად შევხვდი ალეკოს, იმედია ახლა არ დაავიწყდება ჩვენი საუბარის დეტალები. ვაჩვენე კიდევაც ხელით ამოწერილი დოკუმენტი, რადგან მე მისი გადაღების საშუალება არ მქონდა, რადგან საქმეს „საიდუმლო“ გრიფი ადევს.
რა გითხრათ?
- გაეცინა.
თქვენ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვეთ საპატიმრო, დღეს ბევრს საუბრობენ ადამიანების პოლიტპატიმართა სიაში არაკანონიერად ჩასმაზე და შეწყალებაზე. ბატონო ვახტანგ, როგორ ხსნით დღეს ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას?
- არ შემიძლია ამას რაიმე ახსნა მოვუძებნო. ალეკო ამბობს, რომ აქვს საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ რა მოტივი ჰქონდა ვერ გეტყვით, შეიძლება რაღაცა ინფორმაცია ჰქონდა. მე მიჩნდება კითხვა, შესაბამისი პროცედურებით რატომ არ მოხდა მისი განცხადების გაფორმება? როდესაც პროკურატურამ მიიღო ასეთი სახის ინფორმაცია, სულ მცირე, უნდა დაეწყო მოკვლევა.
მოგეხსენებათ, რომ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ამოქმედდა „ნაციონალური მოძრაობაც“, ბუნებრივია, რომ მათ სჭიდრებათ „სკანდალური საქმეების“ ამოგდება, რომ ჭაობიდან შეძლონ ამოსვლა. იცით, ბუნებრივია, მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ გონივრული ეჭვის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ არ გამოვრიცხავ, ეს იყოს მორიგი პოლიტ-ტექნოლოგია.