მიხეილ სააკაშვილი შესაძლებელია უკარინიდან გააძევონ, რაც, როგორც ზოგიერთი ექსპერტი შენიშნავს, სააკაშვილისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შემდეგ, ოდესის გუბერნატორი უკრაინის შს მინისტრს დაუპირისპირდა და მას კორუფციაში დასდო ბრალი. თავად არსენი ავაკოვი აცხადებს, რომ აპირებს აიტანოს თავხედი სააკაშვილი, რომელიც „უკრაინის მოსახლეობას ლამაზი პოზით ატყუებს“.
უკრაინის პირველი პოლიციელი ადასტურებს მასსა და სააკაშვილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას და ამბობს, რომ თავი შეიკავა მისთვის არ დაერტყა და სახეში წყალი შეასხა. შს მინისტრმა სააკაშვილთან დაპირისპირების დეტალები „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაასაჯაროვა.
„ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ჩემს კითხვაზე - რატომ ჰქონდა ურთიერთობა ურალხიმის რუს ოლიგარქთან ოდესის საპორტო ქარხანაზე და როგორ არის ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციასთან, მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. ოდესის გუბერნატორი ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო - „არავის აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს ასე ელაპარაკოს... შე კორუმპირებულო მინისტრო... მე პატიოსანი ადამიანი ვარ... პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი. არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის პრეზიდენტსაც“, - წერს შს მინისტრი.
მისივე თქმით, სააკაშვილი არის ყბედი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს და უხერხული კითხვების დასმის შემთხვევაში ისტერიკა ემართება.
„საკმარისია. არ ვაპირებ ავიტანო აგრესიული არამზადა, რომელიც ხმამაღალ საბაბს ეძებს თანამდებობის დატოვებისთვის, რომელმაც ჩააგდო სამუშაო თავის უშუალო სამუშაო ადგილზე. არ ვაპირებ ავიტანო თავხედი, რომელიც ჩემ ქვეყანას ატყუებს ლამაზი პოზით. ყველა ნეხვია და ის კი სუფთა. კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო, კი არ უნდა ილაპარაკო მათზე თვეობით და არ წარმოადგინო ფაქტები.
თუ დავით საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? მაშინ რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები ურალხიმთან? ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ ეს ჩინოვნიკები, რომლებიც ხმამაღალ ფრაზებს არიან ამოფარებულები. უბრალოდ, საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა, მან კი აიწყვიტა, უწყინარმა კითხვამ ისტერიკაში ჩაადგო... ქურდს ქუდი აეწვა“, - წერს არსენი ავაკოვი.
შს მინისტრის ბრალდებას ასევე „ფეისბუქით“ უპასუხა ოდესის გუბერნატორმა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დადგა დრო, სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე.
„კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის პრესსამსახურისგან გამოაქვეყნოს პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული ქმედებების სრული ვიდეოჩანაწერი რადას რეფორმებზე. ვიდეოჩაწერა სამი კამერით ხდებოდა და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ იქ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე. დადგა დრო, სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ძებნილ ოდესის გუბერნატორს და ასევე ძებნილ, შსს-ს ოდესის ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელს გია ლორთქიფანიძეს კორუფციაში ადანაშაულებს უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი დიმიტრი გოლუბოვი. დეპუტატი აცხადებს, რომ მეომართა რეაბილიტაციის ფონდში ჩარიცხული თანხები მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის გართობას ემსახურება.
სააკაშვილის და მისი გუნდის მოქმედებაზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი. თუმცა უკრაინული მედია აქტიურად განიხილავს სააკაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესაძლებლობას. პოლიტოლოგო სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, სააკაშვილი რაც უფრო დროზე დატოვებს უკრაინას, მით უფრო მეტი შანსი ექნება საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.
„სისტემატურად ვუსამძიმრებ უკრაინის საზოგადოებას, მათი პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომ საქართველოდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირი გახდა. მიუხედავად მისი ნიჭიერებისა, სააკაშვილი ნამდვილად არ არის კაბინეტის მუშაკი. ძნელად წარმომიდგენია იგი საწერ მაგისდასთან მჯომი, რომელიც იხილავს რაიმე პრობლემას. რასაკვირველია ბევრი სირთულეები ელოდება, რადგან კომუნიკაცია უწევს სწორედ კაბინეტურ საქმიანობას მიჩვეულ ოფიციალურ პირებთან.
ჩემი ყველა ინტერვიუ ამ თემასთან დაკავშირებით იწყება თხოვნით, რომ სააკაშვილმა მონაწილეობა არ მიიღოს ოდესის პორტის „გაკეთილშობილებაში“, რადგან ეს ის შავი ხვრელია, რომელსაც უკრაინის ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ მოერია. ამ პორტს იმდენად მტკიცე კორუფციული და განქსტერული შემადგენელი გააჩნია, რომ რაც უფრო შორს იქნება მისგან, მით უფრო მშვიდად იქნება თვითონაც და მისი ოჯახიც“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
რაც შეეხება სააკაშვილის გუნდის წევრებს და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ძებნილებს - გია ლორთქიფანიძეს, ზურაბ ადაეიშვილს, დავით საყვარელიძეს და გიგი კალანდაძეს, უკრაინის რადას დეპუტატები მათ კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქართველი ჩინოვნიკები რეკეტით არიან დაკავებულნი. სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ეს ჯგუფი კრახით დაასრულებს საკუთარ მოღვაწეობას უკარინაში.
„სააკაშვილის ეს გუნდი არის სახე იმ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიც წლების განმავლობაში სადისტურ პოლიტიკას ატარებდა ქვეყანაში. სამწუხაროდ, საქართველოს დისკრედიტაცია ხდება, რადგან ადამიანები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, საერთოდ არ ჯდებიან ქართული ცნობიერების სტანდარტში. ეს სრულიად გაუგებარი წარმოშობის ადამიანები ნამდვილად არცხვენენ საქართველოს. დიდი ალბათობით კრახით დაასრულებენ მოღვაწეობას. მათ არ ექნებათ უკრაინაში დარჩენის შესაძლებლობა და არც სამშობლოში დაბრუნების რაიმე უმტკივნეულო პრესპექტივა აქვთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, სააკაშვილი ამერიკელების ძალიან სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრძოლა მოიგოს.
„სააკაშვილი აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა საქართველოში 2002 წელს. გახსოვთ ცნობილი ფოტოების ტრიალი, რა ტალღაზეც შემდგომში ვნახეთ რევოლუცია. ასე რომ, დღევანდელი უკრაინაც შეიძლება შევადაროთ ამ პერიოდს. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ აქვს გარკვეული უპირატესობა ავაკოვთან და იაცენუკთან ბრძოლაში. როგორ მოახდენს ამის რეალიზაციას, ეს რთული სათქმელია, რადგან ძალიან სერიოზულ ძალებს უპირისპირდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ყველაფერს ამერიკელების ძალიან სერიოზული მხარდაჭერით აკეთებს, მაღალი შანსია, ეს ბრძოლა მოიგოს, მაგრამ არა გარანტირებული, იმიტომ, რომ მეორე მხარეს ძალიან სერიოზული ძალაა. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი რაიმე ტიპის რადიკალურ ღონისძიებებზე წავიდნენ, მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რისი პირველი შედეგი ვნახეთ. დღეის მდგომარეობით სააკაშვილის მოშორება შესაძლებელია ფიზიკურად. სხვა შესაძლებლობას იაცენუკის და ავაკოვის მხიდან ვერ ვხედავ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.