პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას კიევის ყოფილ მერ ლეონიდ ჩერნოვეცკთან ერთად აპირებს და პარტიაში - „ბედნიერი საქართველოსთვის“ წევრიანდება, თუმცა, დეპუტატი ირწმუნება, რომ ის ძალიან „ანჩხილი კაცია“ და მისთვის ავტორიტეტი არ არსებობს.
ჩერნოვეცკის პარტიაში რა პოლიტიკური ინტერესების გამო წევრიანდება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მურმან დუმბაძესთან ჩავწერეთ:
აღნიშნულ პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რატომ მიიღეთ?
- ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარტიის შექმნის თაობაზე განცხადება 6 დეკემბერს გააკეთა, რამდენიმე დღეში, თანაშემწე გიორგი ქვრივიშვილის მეშვეობით დამიკავშირდა და ამ საქმეში თანამშრომლობა შემომთავაზა. ამის შემდეგ ჩვენს შორის შეხვედრა შედგა, ერთმანეთთან რაღაც საკითხები გავიარეთ და დავრწმუნდი, რომ მისი მიზანია, საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს და კონკურენციაში არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან შევიდეს, არამედ სახელისუფლებო გუნდთან. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლების ოპოზიციაში ვარ. ამ ადამიანს პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ის უკრაინის რადაში დეპუტატი ოთხჯერ იყო, ხოლო კიევის მერად ორჯერ აირჩიეს. ჩერნოვეცკი დაპირისპირებული იანუკოვიჩთან იყო და ის ქვეყანაში არსებული პრობლემების თაობაზე უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას თანაუგრძნობს. მისი პოლიტიკური ორიენტირი ევრობისკენ კიდევ უფრო ღრმა ორიენტაციაა. მისი ძირითადი მესიჯი სიღარიბის დაძლევაა. ის პირად საუბრებში ამბობს, რომ საქართველოში უკიდურესად დიდი სიღარიბეა მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის ყულაბა ივსება. ის სპეციალურ ფონდებზეც ფიქრობს.
რატომ - თქვენ? მისი რჩეული რატომ გახდით?
- ეს კითხვა ჩნდება, მაგრამ მე რატომ ამირჩია, ეს მისთვის არ მიკითხავს. ამჟამად, საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ და მეოთხედი საუკუნის პოლიტიკური ცხოვრება მაქვს განვლილი. ჩემი კარიერის მანძილზე, არც ერთ ხელისუფლებასთან არ მითანამშრომლია, „მარტო პოლიტიკოსი“ ვარ და „სატელიტი“ არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი საკანონმდებლო საქმიანობის თაობაზე ჩერნოვეცკის ინფორმაციები ჰქონდა და ჩვენი პოლიტიკური ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ის, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტს მხარი არ დავუჭირე, ეს მას გახარებია. ის მეთანხმება, რომ თვითმართველობები უნდა განვითარდეს და ბიუჯეტი ადგილზე უნდა გადანაწილდეს. გრძელვადიანი პოლიტიკის თვალსაზრისით, მასთან სერიოზული თანხვედრა მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პოლიტიკოსია და ახალბედა არ არის. დასამალი არ არის, რომ პარტიის ორგანიზაციულ საკითხებს ფინანსები დასჭირდება და მას ამის უზრუნველყოფა შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.
თქვენ თქვით, რომ ჩერნოვეცკის კეთილ მიზნებში დარწმუნდით და მის პარტიაში ამიტომ გაწევრიანდით. კიევის ყოფილმა მერმა პარტიის შექმნის თაობაზე განცხადება 6 დეკემბერს გააკეთა და შემდეგ თქვენ შეგხვდათ. დღეს, 15 დეკემბერია და მის კეთილ ზრახვებში ასე მოკლე ხანში დარწმუნდით?
- მას პიროვნულად არ ვიცნობდი, მაგრამ საქართველოში მისი საქმიანობის სფეროს თვალყურს ვადევნებ. ორი წლის წინ, მთავრობაში განცხადება გაკეთდა, რომ ჩერნოვეცკი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ის ქობულეთში მზრუნველობამოკლებულ 50 ბავშვს უვლის. მისი საქველმოქმედო საქმიანობა ჩემთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. ისეთი ადამიანები იშვიათია, რომლებიც უცხო ქვეყნიდან მოდიან, საქართველოს მოქალაქეობას ღებულობენ და მეცენატობას ეწევიან. ამ ფონზე, მას ქვეყანა რომ დევნიდეს, ეს სწორი არ იქნება.
საქართველოში ქველმოქმედების გარდა, რას აკეთებს?
- საქართველოში ქველმოქმედების გარდა, ის პრაქტიკულად, არაფრით არ არის დაკავებული. მან ბოლო პერიოდში გაამჟღავნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს.
ალბათ, იცით, რომ ეს ადამიანი ძებნილია?
- ეს ყვითელი პრესის ფურცლებიდან ვიცი, მაგრამ ის ძებნილი არ არის. ოფიციალურად დასტურდება, რომ ის ორი წლის წინ უკრაინაში იყო. მისი ცოლ-შვილი დღესაც უკრაინაშია. სტატუსი - ძებნილი ყვითელი პრესის მიერ გავრცელებულია. მას უკრაინის არსებულ ხელისუფლებასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ბატონო მურმან, ერთ მილიარდერთან თუ ოლიგარქთან უკვე იყავით, ახლა ისევ მილიარდერს თუ ოლიგარქს დაუკავშირდით. მილიარდერები გიზიდავენ?
- ივანიშვილთან ნამდვილად ვიყავი, მაგრამ მე მისთვის არასოდეს მიკითხავს რამდენი ფული ჰქონდა.
ამის კითხვა არ დაგჭირდებოდათ, რადგან ეს „ფორბსის“ მონაცემებით ისედაც ცნობილია...
- ცნობილი კი არის, მაგრამ ეს გაზეთის ფურცლებიდან ვიცი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმისათვის, რომ პარტიებთან კონკურენციაში შეხვიდე. ამის გარეშე თავს მოვიტყუებთ. ადამიანი რაც არ უნდა ავტორიტეტი იყოს, თუკი ის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებისთვის რაღაცის უზრუნველყოფას არ მოახდენს, პარტიის შექმნა ძნელია. პარტიის პროგრამა რომ შექმნა და მოქალაქეს ბუკლეტი მიუტანო, ესეც დაკავშირებულია ორგანიზაციულ ხარჯებთან. პოლიტიკურ პარტიას ეს ნაწილიც მოგვარებული უნდა ჰქონდეს, რომელსაც დიდი პოლიტიკური გეგმები აქვს. თუკი მე ოლიგარქებთან ყოფნა მიზიდავს, ივანიშვილი ისევ ოლიგარქია. ინფორმაცია არ მაქვს, რომ ივანიშვილმა თანხა დაკარგა. პირიქით, ის რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ფინანსები კიდევ უფრო მოემატა და მასთან დავრჩებოდი. ერთი ოლიგარქიდან წამოვედი და იმ ადგილზე ვარ, სადაც საქართველოს წესიერი და პატიოსანი ადამიანები დგანან.
ხომ არ ჩქარობთ, შეფასებების გაკეთებას - „წესიერი“, „პატიოსანი“? რა გარანტია გაქვთ, რომ ჩერნოვეცკს მხოლოდ საქართველოს მომავალი ადარდებს?
- როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, მას ის პარტიები ნეგატიურად შეხვდნენ, რომლებიც დღეს კოალიციაში არიან. ზოგმა მას ოლიგარქი უწოდა, ზოგმა - რუსეთის აგენტი. თავიდანვე ვთქვი, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში შემოსვლით არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამარცხებდა, არამედ იმ პოლიტიკურ პარტიებს გაშიფრავდა, რომლებიც „სატელიტები“ იყვნენ. მათ შორის, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“. გიორგი თარგამაძის ძალა ოპოზიციიდან მართლაც გაქრა. ჩვენი პარტია მესამე ძალა და საშუალებაა, რომ ჩვენ ძლიერი კონკურენცია მივიღოთ. საქართველოს მოსახლეობამ განაცხადი იმის მიხედვით არ უნდა გააკეთოს - „ნაციონალური მოძრაობა“ სჯობს, თუ „ქართული ოცნება“.
ანუ, თქვენ თქვენს თავს „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ალტერნატივად განიხილავთ?
- რა თქმა უნდა. ჩვენს პარტიას ძალიან დიდი რაოდენობის მხარდამჭერები ეყოლება და პარლამენტშიც წარმოდგენილი ვიქნებით. რაც ამ პარტიაში გაწევრიანების თაობაზე განცხადება გაკეთდა, ჩემი ტელეფონი გადახურდა.
თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინული წარმოშობის ადამიანს ქართველი ხალხი გაჰყვება?
- უკრაინული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეს სრული კონსტიტუციური უფლება აქვს, რომ პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადოს. საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს ბიოლოგიური სისხლით, ის რა წარმოშობის ადამიანია. ჩერნოვეცკი საქართველოსთან დიდი ხანია დაკავშირებულია, მისი პირველი მეუღლე ქართველი იყო და მისი შვილები ქართული წესით გაიზარდნენ. მან უკრაინაში რუსთაველის ძეგლი დადგა, უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის ტერიტორია იყიდა და გიორგი ღონღაძის სახელობის მემორიალი დადგა, რომელიც უკრაინაში კორუფციას ებრძოდა.
მაშინ, როდესაც უკრაინას როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით უჭრის, ჩერნოვეცკი საკუთარ რესურს საქართველოს რატომ ახმარს და არა უკრაინას?
- უკრაინაში მისი საქველმოქმედი საქმიანობა დღესაც გრძელდება.
ერთია - ქველმოქმედება, მეორეა - პოლიტიკოსობა. თქვენ თქვით, რომ ის დიდი პოლიტიკოსია და საკუთარ ქვეყანას რატომ არ ეხმარება?
- ის არჩევით ორგანოებში იყო.
იყო და პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას, ისევ უკრაინაში რატომ არ ცდილობს?
- მან უკრაინული ცხოვრება დაასრულა, საქართველოში ჩამოვიდა და აპირებს, რომ საქართველოში მუდმივად დარჩეს. ის ამბობს, რომ ეს ქვეყანა მისი სამშობლოა.
თქვენ ისეთი ადამიანის გჯერათ, რომელიც სხვა ქვეყნის დახმარებას ცდილობს, მაშინ, როცა მის ქვეყანაში ომია? მას სურს, მისით ბედნიერი საქართველო იყოს და არა უკრაინა?
- არ ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანი უცხოეთში წავა, ამით ქვეყანას ცვლის. ამის ნათელი დასტური არიან - ზალდასტანიშვილი და შოთა რუსთაველი. ნებისმიერ ადამიანს მხარს დავუჭერ, ვინც მეტყვის, რომ საქართველოს ბედნიერებისთვის იბრძოლებს და თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრებას ბედნიერს გახდის.
ბედის ირონია ხომ არ არის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ძებნილია, ოდესის გუბერნატორია, ხოლო ჩერნოვეცკის, რომელიც ასევე ძებნილია, საქართველოს პარლამენტის წევრობა სურს?
- მათ შორის სრულიად განსხვავებული მიდგომებია. სააკაშვილი უკრაინაში ახალმა ხელისუფლებამ მიიყვანა, ხოლო ჩერნოვეცკი ხელისუფლებას არ დაუპატიჟებია და ის მმართველობის მოპოვებას ხელისუფლებასთან კოალიციაში არ ფიქრობს. მას ჩემთვის რომ ეთქვა, ის ივანიშვილის სამომავლო პარტნიორი იქნებოდა, ჩვენი კონტრაქტი არ გაფორმდებოდა.
თქვენ მასთან კონტრაქტი გააფორმეთ?
- არა, ჩვენს შორის ზეპირი შეთანხმება იქნა მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ, არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ქველმოქმედებას პირადი ინტერესების საფუძველზე ცდილობდა.
ამჟამად, ჩერნოვეცკზე შემართებით საუბრობთ, მაგრამ იმედები ხომ არ გაგიცრუვდებათ?
- ძალიან ანჩხილი კაცი ვარ და ჩემთვის ავტორიტეტი არ არსებობს. ხშირად მეუბნებიან - თქვენ ივანიშვილისგან წამოხვედით! ჩემთვის ივანიშვილი ღმერთი იმის გამო ვერ გახდა, რომ სააკაშვილი ჩამოაგდო, ისევე როგორც ღმერთი სააკაშვილი ვერ გახდა აბაშიძის ჩამოგდებისთვის. ღმერთი არც ჩერნოვეცკი გახდება, როცა ის ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. ჩემი ღმერთი საქართველო და ხალხია.
და ბოლოს. თქვენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხს თავი იმ მოწოდებით დაამახსოვრეთ, რომ თუკი 5-იანს შემოხაზავდნენ, მარჯვენა ხელი გაუხმებოდათ. ახლა, რა ლოზუნგს ამზადებთ?
- ეს ფრაზა ხალხის თვალებიდან დაიბადა. ამომრჩეველი ახალ ფრაზას მიკარნახებს. ჩვენ ის მარჯვენა და მარცხენა ხელი უნდა დავწყევლოთ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შემოხაზავს.