„ტიტანების ჭიდილში საქართველოსთანა ქვეყანას შეიძლება, ისე წამოარტყან, არც ჰკითხონ, მას რა უნდა“

„ტიტანების ჭიდილში საქართველოსთანა ქვეყანას შეიძლება, ისე წამოარტყან, არც ჰკითხონ, მას რა უნდა“

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება გადაიდო - ითქვა, რომ შეფერხება მოხდა ტექნიკური მიზეზების გამო.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს.

ხომ არ უკავშირდება ეს პაუზა რეგიონში მიმდინარე პროცესებს და რა პერსპექტივები გველის უახლოეს პერიოდში, ამ თემაზე ექსპოერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ვაჟა ბერიძე: ეს არის საზოგადოებისთვის გაკეთებული განმარტება, რომ ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა. უბრალოდ, ჯერ ყველაფერი არ არის დაზუსტებული უკრაინასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, უფრო ამის გამო შეფერხდა პროცესი.

საქართველოსთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად, ევროპელების დამოკიდებულება ცნობილია - დასავლეთის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის აუცილებელია ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, იმ თვალსაზრისით, რამდენადაც ეს ყვეყანა მომავალში სერიოზული პლატფორმა შეიძლება იყოს დასავლეთის ინტერესებისთვის რეგიონში.

გარდა ამისა, რთული სამეზობლოს გამო საქართველოში ვერ ხერხდება სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა და ჩვენი ეკონომიკის განვითარება, რაც სოციალურ დაძაბულობას უწყობს ხელს, რაც ბუნებრივია, ქვეყნის მოსახლეობის პროდასავლურ განწყობას სერიოზულად აზარალებს.

ვნახეთ, რომ ყველა გამოკითხვით, სანდო იქნება ეს თუ ნაკლებად სანდო, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი გაიზარდა. უფრო აქტიურად ისმის კითხვები, რას მოგვცემს ევროკავშირი, რა სიკეთე მოგვიტანა დასავლეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ და ა.შ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველო, თუნდაც ევროპასთან აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ნამდვილად იმსახურებს უვიზო რეჟიმს. მით უმეტეს, ამას თან არ ახლავს სამუშაო ვიზების მიღების პერსპექტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში, სერიოზული წინსვლაა ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთვის - ანუ, საქართველოს შემთხვევაში ეს ყველაფერი გარკვეულია.

უკრაინასთან დაკავშირებით კი, შეიძლება ასე ცალსახად საკითხი არ იდგეს, რამდენადაც, უკრაინის მოსახლეობის განწყობა უფრო რთულია, სპექტრი მრავალფეროვანია. დიდი ქვეყანაა, როგორც ტერიტორიით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით. 45-მილიონიანი ქვეყნისთვის თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დაწესება არც ტექნიკურად არის მარტივი და არც პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, უკრაინის საკითხს ევროპაში ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები.

ვფიქრობ, სადღეისო თვალსაზრისით, უკრაინის დაწყვილებამ საქართველოსთან უარყოფითი როლი ითამაშა - ჩვენი ნაციონალი იდეოლოგები მოგვიწოდებენ, რომ ყოველთვის და ყველაფერში ვიყოთ უკრაინასთან ერთად ყველა საერთაშორისო აქტივობის დღის წესრიგში, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში უკრაინასთან დაწყვილებამ ჩვენ შეგვაფერხა ჯერ მხოლოდ ერთი კვირით, სამომავლოდ, ვნახოთ, რას მოგვიტანს.

საინტერესოა, შეხვედრა, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს - მოგეხსენებათ, აშშ- სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იქნება, სირია, თვითმფრინავის ჩამოგდება, ასევე უკრაინის თემა, ცხადია, საუბარი შეეხება რუსეთისა და აშშ- შემდგომ ურთიერთობებსაც. თვლით, რომ ეს ვიზიტი შედეგიანი იქნება და რაიმე სიცხადეს შეიტანს დღეს არსებულ სიტუაციაში?

- ის პრობლემები, რომელიც არსებობს შტატებსა და რუსეთს შორის არ შეიძლება გადაწყდეს საგარეო უწყების ხელმძღვანელების ერთი შეხვედრით - იმდენად რთული და სიღრმისეული პრობლემებია. შეაჯერებენ კიდევ ერთხელ თვალსაზრისებს, რომ დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.

ამ ეტაპზე მგონია, რომ მთავარი სალაპარაკო თემა მაინც იქნება სირია და იქ მიმდინარე პროცესები. სირიასა და ერაყშია გასახსნელი კვანძი ყველა თვალსაზრისით, თან ისე, რომ დასაავლეთმა არ ჩათვალოს თავი დამარცხებულად, ასევე - თურქეთის შეჭრა ერაყში, რომელმაც გარკვეული წრეები გაანაწყენა რეგიონში. ვფიქრობ, ეს თემები იქნება უფრო დღის წესრიგში, ვიდრე უკრაინის ან ყირიმის საკითხი, რომელმაც, სამწუხაროდ, უკვე უკანა პლანზე გადაიწია.

რუსული მედია უკვე წერს, რომ პრეზიდენტის ბედი სირიაში წყდება. თუ გავითვალისწინებთ, რაც ხდება ბოლო დღეებში - მაგალითად, პუტინმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, რუსეთს უფლება ექნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს. პარალელურად, რუსეთის მიმართ სადამსჯელო სანქციები გრძელდება და ბარელი ნავთობის ფასი 36 აშშ-დოლარამდე ჩამოდის. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცივი ომის რეჟიმი უფრო ღრმავდება ვიდრე მისი განმუხტვა ხდება?

- სანავთობო შეტევა რუსეთზე ბუნებრივია, ადრე თუ გვიან, თავის შედეგს გამოიღებს, ეს არ არის სასარგებლო რუსეთისათვის, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური წრეების გასაკვირად, რუსეთი ჯერჯერობით, ამ სანქციებს უძლებს. ჩემი აზრით, პუტინმა მისი რეჟიმის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორი მანევრი გააკეთა, როდესაც სირიის კონფლიქტში ჩაერთო და დასავლეთი, რომელიც მასთან ერთად მაგიდასთან დაჯდომასაც არ კადრულობდა, აიძულა, თანამშრომლობის რეჟიმში ჩაეყენებინა ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რა თქმა უნდა, პუტინის რეჟიმი ავტორიტარულია, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო სირაქლემას პოზაში არ უნდა ჩადგეს და უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთის ინტერესებსაც უნდა გაუწიოს ანგარიში, რადგან უკვე ვნახეთ, სხვა შემთხვევაში ეს დაპირისპირება სააკმაოდ სახიფათო სახეს იღებს და შესაძლოა, ათწლეულებით უკან დაწიოს ისეთი რეგიონების განვითარების პერსპექტივა, როგორიცაა ცენტრალური აზია თუ კავკასია და ა.შ. ამიტომ, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ფაქტორი ძალზე საფრთხილოა.

საინერესო მოსაზრება გამოთქვა ევრობანკის ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ისარგებლოს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებით და რუსულ ბაზარზე უფრო მყარად მოიკიდოს ფეხი. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ მსგავსი მოსაზრების დამკვიდრება არაეთიკურია, რადგან თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. რამდენად ართულებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ეს დაპირისპირება?

- დაპირისპირების ამ კონტექსტში შეიძლება არსებობდეს საქართველოსთვის დადებითი და უარყოფითი მომენტებიც. ბუნებრივია, გარკვეული სიკეთეები შეიძლება მიიღოს საქართველომ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა მეზობლებთან ურთიერთობისას ყოველთვის უნდა იყოს ეთიკური.

ჩვენ არ შეიძლება, გვიხაროდეს რუსეთის და თურქეთის დაპირისპირება. ეს დაპირისპირება თუ ომში გადაიზრდება, შეიძლება, რეგიონში ბევრი ქვეყნის ინტერესი დაზარალდეს და ტიტანების ჭიდილში საქართველოსთანა პატარა ქვეყანას შეიძლება, ისე წამოარტყან თავში, რომ არც ჰკითხონ, მას რა უნდა, როგორც ეს ხდებოდა გასულ საუკუნეებში, როდესაც რუსეთმა თურქეთს წაართვა ტერიტორიები და საქართველოს შემოუერთა, შემდეგ კი თითქმის უფრო მეტი ტერიტორია დაგვაკარგინა.

ეკონომიკა მხოლოდ მშვიდობიან და სტაბილურ პერიოდში მუშაობს და არა კატაკლიზმების პერიოდში. არ მგონია, გონივრული იყოს მიდგომა, რომ საქართველომ სარგებელი შეიძლება მიიღოს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებიდან.

თუ შესაძლებელია და გაგვაჩნია პროდუქცია, რომლითაც თურქულ საქონელს ჩავანაცვლებთ რუსულ ბაზარზე, ეს უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ის, რომ ამაზე ავაგოთ ჩვენი ეკონომიკა და ოცნების კოშკები, არარეალურია.