უახლოესი ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში თუ გადაუღებელი წვიმები იქნება, შესაძლოა, ამას ღვარცოფი მოჰყვეს განსაკუთრებით, ალაზნის მარცხენა შენაკადებზე. ასეთ დროს ღვარცოფი იმ სავარგულებსა და სახელბს დააზიანებს, რომლებიც ჭალებსა და მდინარის ნაპირებზეა განთავსებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს ჰირდროპროგნოზების გამყოფილების უფროსმა ქეთევან წიკლაურმა განუცხადა, გაზაფხულზე წვიმიანი ამინდების გამო საქართველოში ყველა მდინარე ადიდებულია. მთაში თოვლის დნობის პროცესი, ჯვრის უღელტეხილისა და გუდაური-კობის მონავეთის გარდა, უკვე დასრულებულია.
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არამდგრადი, ცვალებადი ამინდები შესაძლოა, კიდევ ერთი კვირა გაგრძელდეს.
შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულმა “კბილები გამოაჩინა”. კახეთში - სეტყვაა, მცხეთა-მთინეთში კი წყალდიდობამ რამდენიმე სოფელს დაღი უკვე დაასვა.
2 დღის წინათ თელავის რაიონის სოფელ შალაურში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ვენახები, ხეხილის ბაღები და ნათესები გაანადგურა. შალაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ზაურ წიგნაძის თქმით, სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწაზე დაახლოებით 10 სანტიმეტრის სიმაღლეზე ეყარა.
“ვენახები და ხეხილის ბაღები 80-100%-ით არის განადგურებული. ნათესებიც რაც ამოსული იყო, არაფერი აღარ არის. სეტყვამ დაახლოებით 150 ჰექტარს გადაუარა. ხევიდან წყალიც გადმოვარდა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
სოფელში სეტყვა გასულ წელსაც იყო. მაშინ ძალიან დავისეტყვეთ, მაგრამ ხალხმა ვაზის გადარჩენა შეძლო. ახლა კი ძალიან მძიმე მდგომარეობაა”, - აღნიშნა სოფლის გამგებელმა.
მისი თქმით, რაიონის გამგეობის სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის. დათვლით კი დათვლის, მაგრამ ანაზღაურების საკითხი დღის წესრიგში არც დადგება. ასეთი მცირე მასშტაბის სტიქიურ ზარალს კი არა, მთავრობას მიწისძვრით დაზარალებულების კომპენსაციების გაცემა უჭირს.
სეტყვასთან ერთად, კახეთში წყალდიდობაცაა და ადიდებული მდინარეები ფუნდამეტურ კომუნიკაციებსაც ემუქრება. მაგალითად, მდინარე ალაზანმა ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი გაგლიჯა, რის გამოც ყვარლის რაიონს ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდება.
როგორც “სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის” რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ნუგზარ ბურკიაშვილმა განაცხადა, დაზიანების აღდგენა ჯერ ვერ ხერხდება. “მილი წყალშია და სანამ წყლის დონე არ დაიკლებს, რეაბილიტაციას ვერ მოვახერხებთ”, - აღნიშნა ბურკიაშვილმა.
მაგისტრალი ბუნებრივი აირის სატრანსპორტო კომპანიას ეკუთვნის. კომპანიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავარიის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დრო კი ჯერ უცნობია.
თუკი კახეთში ალაზანი ჯერ მხოლოდ გაზის მილს მოერია, დუშეთის მთის მდინარეებმა უშუალოდ მოსახლეობას გაუჩინა თავსატეხი. უკვე 10 დღეა დუშეთის რაიონის სოფელი მლეთა კვლავ საფრთხის წინაშეა. ის კი არადა გაზაფხულის გახშირებულმა წვიმებმა, შესაძლოა, რეგიონს ეკოლოგიური საფრთხე შეუქმნას. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
შარშან, 25 აპრილს ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე არაგვი ადიდდა და იქ მცხოვრებ 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლები დაუნგრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ შარშანდელი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლები ჯერ კიდევ ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, მოსალოდნელი სტიქია მათ წელს გაცილებით მეტ ზიანს მიაყენებს.