„ერთადერთი გამოსავალი ღია და გამჭვირვალე გამოძიებაა“

„ერთადერთი გამოსავალი ღია და გამჭვირვალე გამოძიებაა“

ელიტარული კორუფცია და მისთვის ნოყიერი ნიადაგის შესაქმნელად ხელსაყრელი ავტორიტარიზმი განუკითხაობის ანტურაჟით - ეს ის არის, რასაც უარი უთხრა ქართველმა ხალხმა 2012 წლის არჩევნებზე. პარადოქსია, მაგრამ დღეს კვლავ გვესმის კორუფციულ სქემებსა და მექრთამეობაზე ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიმართ ბრალდებები. ბუნებრივია, პატიმრების შეწყალების თუ „კოკაინის საქმეს“ მეტი სიცხადე და მტკიცებულებები სჭირდება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი „ნაღმები“ ფეთქდება საარჩევნო წლის დასაწყისში, რამდენად შეძლებს ხელისუფლება ხალხის ნდობისა და რეიტინგის შენარჩუნებას - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე : ჩვენი საზოგადოებისთვის კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული, უცხო ხილი არ არის კორუფცია. უფრო მეტიც, რაღაცნაირად მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლებაში კორუფცია აუცილებლად უნდა იყოს, როგორც იყო ეს შევარდნაძის, ან სააკაშვილის დროს, ელიტარულს რომ ეძახდნენ. ამას ისე მიეჩვია ხალხი, საზოგადოებისათვის ბევრად მოულოდნელი იქნებოდა, ლაპარაკი რომ იყოს, ხელისუფლებაში კორუფცია არ არსებობსო. ამით იმისი თქმა კი არ მინდა, რომ შეწყალების კომისიაში აუცილებლად კორუფციული გარიგებები იყო, არამედ იმისი, რომ საზოგადოება მსგავს ამბავს ყოველთვის იღებს როგორც რეალობას, ყოველთვის სჯერა ასეთი საუბრების.

გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელი ახლოვდება, ეს ყველაფერი სერიოზულად აზარალებს ხელისუფლებას. ერთადერთი გამოსავალი, ალბათ, ის იქნება, რომ გამოძიება ჩატარდეს და თეთრზე თეთრი ითქვას, შავზე კი - შავი. დღემდე არც ერთი ხელისუფალი არ აღიარებდა, რომ მის გუნდში იყო კორუფცია. თუ გახსოვთ, შევარდნაძემ რომ თქვა, „თურმე ყოფილა კორუფცია და არ ვიცოდი“, სააკაშვილი და მისი გუნდი ამბობს, რომ თურმე „რაღაც დარღვევები იყო“. რეალური სიტუაცია როგორია, არ ვიცით, რადგან იმ პერიოდში, არც ერთ შეთხვევაში გამოძიება არ ჩატარებულა. თუ იყო გამოძიება, მხოლოდ იმიჯისთვის და არა რეალობის დასადგენად.

შესაბამისად, საზოგადოებას იმ პეროდში ასეთი გამოძიებების არ სწამდა - რას გააკეთებს დღეს „ქართული ოცნება“, გამოჩნდება. რაც მთავარია, ირწმუნებს თუ არა საზოგადოება გამოძიების შედეგებს - ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ რეიტინგი. საზოგადოება ან დაიჯერებს, რომ ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ თავისსავე რიგებში ებრძვის კორუფციას, ან ირწმუნებს, რომ კორუფცია ყოველთვის იყო და იქნება, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ხელს ნამდვილად არ აძლევს.

ბუნებრივია, ყველაფერს დამტკიცება სჭირდება, მაგრამ როდესაც მმართველი გუნდის საკმაოდ მაღალჩინოსანი მოხელეების გვარები გაისმა, თვლით რომ შესაძლებელია იმ ლაქის ჩამორეცხვა, რაც მმართველ ძალას შეიძლება გაუჩნდეს საზოგადოების თვალში? ნდობის შენარჩუნებას ვგულისხმობ...

- თანდაყოლილივით აქვს საზოგადოებას განწყობა, რომ მას ფაქტების გარეშეც სჯერა ხელისუფლებაში კორუფციის არსებობის, რადგან წასვლის შემდეგ ყველა ხელისუფლება აღიარებდა, რომ ასეთი რამ მართლაც ხდებოდა. ამიტომ, ამ ხელისუფლებამ ისეთი გამოძიება უნდა ჩაატაროს, რომ ხალხმა ირწმუნოს.

სერიოზულ პერსონებზეა ლაპარაკი, სერიოზულმა გვარებმა გაიჟღერა და ამიტომ, ვფიქრობ, თემა უნდა იყოს მაქსიმალურად გახსნილი, სხვანაირად არაფერი გამოვა - დარჩება შავი ლაქა, რომელსაც ვერაფრით ვეღარ შეცვლის „ქართული ოცნება“.

ძალზე მნიშვნელოვანი გზაგასაყარი შეიძლება აღმოჩნდეს ეს თემა „ქართული ოცნებისთვის“, ამიტომ ძიება უნდა ჩატარდეს ღიად. როდესაც საზოგადოებისთვის ცნობადი ორი სახე ერთსა და იმავეს ლაპარაკობს, ვგულისხმობ ელისაშვილსა და ქორიძეს, უკვე რთულია, რომ საზოგადოებამ ეს არ ირწმუნოს.

არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ასე ხდებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, გამოძიების პროცესში იძულებული გახდებიან, გვარები დაასაახელონ, თუ ვისგან ხდებოდა ზეწოლა. ან გამოძიებამ უნდა დადოს, ვინ როგორ და რა დოზით იყო ჩართული. ყველა წვრილმანი დეტალიც კი უნდა გაიხსნას, სხვანაირად, საზოგადოება არ დაიჯერებს, რომ ხელისუფლება არ არის კორუფციაში ჩართული.

გახმაურდა ასეთი ვერსიაც, რომ შესაძლოა, ვისი გვარებიც გაისმა, სულაც არ იყვნენ კორუფციაში ჩართული და მათ პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა მოუწყეს პროვოკაცია - ანუ მათი სახელით ვიღაც ქრთამს ითხოვდა. შესაძლებლად თვლით, რომ ეს იყოს ვიღაცის პოლიტიკური მანევრი მმართველი გუნდის დისკრედიტაციისთვის?

- საზოგადოებისთვის სარწმუნო მაშინ გახდება ეს ვერსია, თუ პროვოკაციის მომწყობებიც დასახელდებიან და შუამავლებიც. ანუ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. რამდენად არგუმენტირებული გამოძიებაც დაიდება, ამის შესაბამისად საზოგადოება მიიღებს ამას, ან არ მიიღებს. თუ ისე ჩაიფარცხა ეს საქმეც, როგორც არაერთხელ მომხდარა, რა ვერსიებზეც არ უნდა ისაუბრონ, არავინ დაიჯერებს.

ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ხალხი ქუჩაში გამოვა, მაგრამ მომავალი წლის არჩევნებისთვის მმართველ პარტიას სერიოზული პრობლემები შექმნება, რადგან ამ ყველაფერს ოპოზიცია გამოიყენებს თავის სასარგებლოდ და სწორიც იქნება - მისი საარჩევნო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. სიმართლე გითხრათ - შედეგსაც მიიღებს.

არაერთხელ გვითქვამს, რომ დაპირებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაზე მეტი შანსი არჩევნების მოგებისა აქვს მაინცქართულ ოცნებას“. თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ სკანდალიდანსუფთად გამოსვლა“, ეს ნიშნავს თუ არა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ძალთა ბალანსი აღარ იქნება ისეთი, როგორიც მოსალოდნელი იყო?

- თუ სიტუაცია ძალიან გამწვავდა, არ მგონია, „ქართული ოცნება“ შეეგუოს იმას, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ სკანდალში ჩართული, ვინმეს ხელი დააფაროს და ისე მივიდეს არჩევნებამდე. ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა და იმდენი გვარი დასახელდა, რომ იძულებული იქნება, რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს.

როდესაც ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ვგულისხმობ სტაბილურ სიტუაციას. თუ ასეთი „აფეთქებები“ მოხდა, ასე მარტივად საქმე აღარ იქნება და „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ გაუჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება. გაჩნდება ძალზე სერიოზული პრობლემა და ამიტომ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ისე დიდი არჩევანი აქვს - კორუფციასთან დაკავშირებით უნდა გაიხსნას ყველა ის დახურული თემა, რომელიც ტრიალებს.

აქ ქრთამზე არ არის ლაპარაკი, ეს ყველაფერი უფრო მეტია, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება მმართველი კოალიციის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უკვე კოალიციაც აღარ იყოს ერთიანი - ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, საკმაოდ არაპროგნოზირებადი ვითარება შეიქმნას 2016 წლისთვის.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ გამოძიებას სწორი მიმართულებით წაიყვანს. სიტუაცია უკვე იმდენად არის დაძაბული, რომ არც ერთი მხარე, უფრო სწორად, ელისაშვილს ვგულისხმობ, უკან არ დაიხევს და ალბათ, არც საზოგადოება მისცემს იმის საშუალებას, რომ ვინმემ უკან დაიხიოს.

ყველა შემთხვევაში კვანძის გახსნა უნდა მოხდეს, და თუ ეს ისე არ მოხდება, რომ საზოგადოებამ ამისი ჭეშმარიტება ირწმუნოს, მნიშვნელოვანი დარტყმას მიიღებს „ქართული ოცნება“.

ამიტომ, „ვიღაცას პროვიკაცია მოუწყეს“ და „ვიღაც შეცდომაში შეიყვანეს“ არ მგონია, ის არგუმენტები იყოს, რომელსაც საზოგადოება დაიჯერებს - ხელისუფლებას მოუწევს უფრო წონადი არგუმენტების მოძიება.

ასეთ შემთხვევაშიც კი, შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მაინც ვერ მოვიდეს, მაგრამ „ოცნებასაც“ გაუჭირდება უმრავლესობის შენარჩუნება. თუ მსგავსი ფაქტები კიდევ გახმოვანდა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური სპექტრი თანაბარი სიძლიერით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ეს არც თუ ისე კარგია პროცესების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. არჩევნების შემდეგ რისკები გაიზრდება, - რისკებში კი დესტაბილიზაციას ვგულისხმობ.

თუ ხელისუფლების რეიტინგი მსგავსი ფაქტების გამო დაცემას განაგრძობს, ისიც ვიცით, რომ საზოგადოებასნაციონალური მოძრაობისდაბრუნებაც არ სურს ხელისუფლებაში. ასეთი ფონი რამდენად გაზრდის შანსებს არჩევნებზე დღევანდელი არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის?

- შანსი 5%-იანი ბარიერის გადალახვისა იზრდება, მაგრამ ის, რომ მათგან ვინმე უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ მოახერხებს და შექმნის კოალიციას, სადაც თავს მოიყრის ყველა ოპოზიციური ძალა, შესაძლოა, რაღაც უპირატესობა მოიპოვონ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით, მაგრამ როგორც წესი, ასეთი დიდი კოალიციების შექმნა ვერ ხერხდება-ხოლმე. მით უმეტეს, რომ დღეს არ არის ისეთი კრიტიკული სიტუაცია, როგორიც იყო 2012 წელს. მაშინაც კოალიციის შექმნა რეალური მას შემდეგ გახდა, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ფიგურა გამოჩნდა.

დღეს ასეთი ახალი, ძლიერი ფიგურა მე ქართულ პოლიტიკაში არ მეგულება, ორი ახალი სახე გამოჩნდა, ერთია კიევის ყოფილი მერი - ვერ გეტყვით რა შანსები აქვს, რადგან აბსურდის თეატრს უფრო მაგონებს ეს ამბავი, ვიდრე პოლიტიკას. მეორეა - პაატა ბურჭულაძე - ის სერიოზული ფიგურაა საზოგადოებისთვის, მაგრამ პოლიტიკოსად რამდენად აღიქვამს, ესაა საკითხავი.

მთელი ეს პოლიტიკური კასკადი უნდა იყოს გათვალისწინებული, ასეთ ვითარებაში ვბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ - ბევრი შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას, მათ ამისი შანსი მიეცემათ თუ მმართველი ძალა განაგრძობს რეიტინგის ვარდნას და ვიცით, რომ ნაციონალებიც მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის. იყო ასეთი შემთხვევაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 1995 წელს, როდესაც პარლამენტში გავიდა ორი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებმაც ჯამში მიიღეს დააახლოებით 40% ხმებისა. სხვა პარტიები ბარიერს მიღმა დარჩნენ.

ეს ვითარება შეიძლება განმეორდეს იმ განსხვავებით, რომ ორის მაგიერ ბევრმა სუბიექტმა გადალახოს საარჩევნო ზღვარი, მაგრამ პარლამენტში არ იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას. ასეთი პრობლემა თავისთავად ნიშნავს, რომ პარლაამენტი არასტაბილურია. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალზე სახიფათოა, დემოკრატიული ქვეყნები კიდევ ახერხებენ რიგგარეშე არჩევნებით ამ არასტაბილურობის აღმოფხვრას.

ანუ საინტერესო საარჩევნო წელი შეიძლება გველოდებოდეს?

- არ ვისურვებდი და არ მინდა ასეთი საინტერესო წელი, უმჯობესია სტაბილურობა და განვითარებისკენ სვლა - თუ ამ სცენარით წავიდა ყველაფერი, ეს სახიფათო უფრო იქნება, ვიდრე საინტერესო.