რუსეთის მხრიდან საფრთხე სულ უფრო იზრდება და ეს საგანგაშო ხდება

რუსეთის მხრიდან საფრთხე სულ უფრო იზრდება და ეს საგანგაშო ხდება

რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო ძალებს აძლიერებს. მთიან რეგიონში მოქმედებასა და საცეცხლე წვრთნებს ატარებენ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ძალები. პარალელურად, სამხედრო აქტიურობა შეინიშნება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც, სადაც ასევე, მთიან რეგიონებში რუსული საოკუპაციო ძალების 600-ზე მეტი სამხედრო ახალ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკის ათვისებას სწავლობს.

რაც უფრო აქტუალური გახდა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი, მით უფრო აქტიურად დაიწყო რუსეთმა კონლიქტის ზონაში ძალის მობილიზება. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი იმავე პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი წლებია საქართველოსთან მიმართებაში აწარმოებს.

„ამ პროვოკაციულ ქმედებებს ხან განცხადების სახე ექნება, ხან წვრთნის თუ სამხედრო მანევრირების. ამ ყველაფერზე საჭიროა რეაგირება, მაგრამ ჩვენ გვამრთებს აუღელვებლად და მშვიდი გონებით მოქმედება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად მიმდინარე წვრთებს შორის კავშირს ვერ ხედავს სამხედრო მიმომხილველი, ირაკლი ალადაშვილი, რომლის განცხადებით, რუსეთს ოკუპირებული აქვს ეს რეგიონი, სადაც გადიან გეგმიურ სწავლელებს.

„ეს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სადაც განლაგებულია მისი საოკუპაციო ძალები. ამიტომ, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ატარებენ სწავლებებს, ემზადებიან და ძლიერდებიან. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს ბუნებრივია.

ამის მიბმა ჩვენს პოლიტიკასთან, რომელსაც საქართველო აწარმოებს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ცოტა რთულია იმ გაგებით, რომ რუსეთს უკვე აქვს პლაცდარმი აღებული ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამით უკვე, ყველაფერია ნათქვამი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ინტენსიურად დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახდა პროცესი, რომელსაც ქვეყნის უმრავლესობა მხარს უჭერს, ნებისმიერ მნიშვნელოვანი მოვლენას ამ გზაზე, დროში ემთხვევა რუსული პროვოკაცია.

„რუსეთის მხრიდან იზრდება დამატებით საფრთხე, რაც საგანგაშო ხდება. ეს მათი პოლიტიკის ნაწილია. ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს და მისი აგრესიული რევანშის შემადგენელი ნაწილი გახდა, მოიცავს სამხედრო პოლიტიკური და პროპაგანდიტული საინფორმაციო მეთოდების ერთობლიობას. ამის მთავარი მიზანია, რომ ასეთი დაშინებისა და ტერორიზირების მეთოდით მიაღწიოს თავის პოლიტიკურ ამოცანებს. საქართველოსთან მიმართებაში მისი პოლიტიკური ამოცანა ნათელია - ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - აცხადებს ბათუ ქუთელია.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ შეუფერხებლად გააგრძელოს სვლა იმ გზაზე, რა არჩევანიც გააკეთა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს კარგად ჩამოყალიბებული საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა.

„ამის კომპონენტებია ქვეყნის შიგნით შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების კომპონენტების გაძლიერება, იმისათვის, რომ უსაფრთხოების სისტემა მზად იყოს ნებისმიერი რუსული აგრესიული ქმედებების მიმართ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო არენაზე ჩვენი პოზიციების გამყარება და ჩვენი პრობლემატიკის კიდევ უფრო წამოწევა.

იმდენად, რამდენადაც, დღეს რუსეთისთვის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი არის საერთაშორისო ზეწოლა. ის ფაქტი, რომ რუსეთი ცდილობს პროვოცირებას, ეს კარგად უნდა იქნას აღქმული და მიწოდებული ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბათუ ქუთელიამ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ყურადღების სფეროს სირიის და თურქეთის საკითხები წარმოადგენს, პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცავს, რომ პარალელურად, რუსეთს რაიმე სცენარი ჰქონდეს საქართველოს მიმართულებით.

„არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ერთდროულად სცადოს ორი კურდღლის დაჭერა. ნამდვილად, ყველას გვაქვს შიში იმისა, რომ ევროპისკენ მსვლელობის პროცესში რუსეთმა არ გადაწყვიტოს სადამსჯელო სცენარის გათამაშება საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც პროვოცირებული არის კონფლიქტებზე და ვინც ამ პროვოკაციას აყვება, ის ხელს შეუწყობს რუსულ სცენარს. არავინ იცის რუსეთის გეგმები თურქეთთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ მას სჭირდებოდეს უფრო ძლიერი სამხედრო შენაერთით დადგომა იმ ხაზზე, რასაც თურქეთის მოსაზღვრე ხაზი ეწოდება.

ვიცით, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა დაიწყო საზღვაო საზღვრის გაძლიერება და არ არის გამორცხული, რომ უფრო მეტად დასჭირდეს მას სამხედრო შენაერთების ჩასმა, რაც პოლიტიკური საკვების გარეშე არ იქნება. ამ მიმართულებით შეიძლება მუშაობდეს რუსეთი. ამიტომ, უნდა ვიყოთ ყურადღებით, არ გავხდეთ პროვოკაციის მსხვერპლი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.