ევროკომისია დასკვნა გადაიდო, თუმცა ქართული მხარე პოზიტიურ ანგარიშს ელოდება

ევროკომისია დასკვნა გადაიდო, თუმცა ქართული მხარე პოზიტიურ ანგარიშს ელოდება

რამდენად წარმატებულად შეასრულა საქართველომ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის აუცილებელი პირობები, ამის შესახებ ევროკომისია დასკვნა ხვალ, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ანგარიშის გამოქვეყნება, როგორც  საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ამბობს, რამდენიმე დღით გადაიდო.

„შემატყობინეს ოფიციალურად, რომ რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა და, ესეც ოფიციალურად მითხრეს, რომ ეს გადადება საქართველოსთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი ანგარიში, როგორც ვიცი, იქნება საბოლოოდ პოზიტიური“, - განაცხადა საბანაძემ.

გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის ხვალინდელი პრესკონფერენცია გადაიდო, რომელიც საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას უნდა მიძღვნოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული მხარე ევროკომისიისგან პოზიტიურ ანგარიშს ელოდება. ევროკომისიის ანგარიში გახდება წინაპირობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, დათანხმდნენ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოღებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. დადებითი შეფასებების შემთხვევაში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, 2016 წლის ზაფხულში ამოქმედდება.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვის დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიიღეს, ნათქვამია, რომ მომდევნო წლებში სამეზობლოს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური სტაბილურობა ევროკავშირის მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი იქნება. საბჭო ადასტურებს, რომ 2016 წელს პარტნიორებთან ურთიერთქმედების ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს, რომელიც პარტნიორობის ახალ პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

საბჭო პარტნიორებს მოუწოდებს სათანადო მართვის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ეფექტურ უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. საბჭო ასევე ხაზს უსვამს მდგრადი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნავს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ქმედებების აქტივიზირების საჭიროებას. რაც შეეხება არსებული კონფლიქტების მოგვარებას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფას, საბჭო მხარს უჭერს პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაზე მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები პოზიტიური იქნება.

„საქართველოსა და უკრაინაზე მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები პოზიტიური იქნება და წარვუდგენთ წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციებთან ერთად. ამის შემდეგ გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მისაღებია. სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ პოზიტიურ გზაზე ვართ“, - აცხადებს იოჰანეს ჰანი.

მთავარი, რასაც ხვალ ევროპულ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე ელოდება, ეს არის აღიარება იმ საქმიანობისა, რომელიც ყველა უწყების მიერ ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად იქნა განსაზღვრული. ბაქრაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ძალიან ეფექტურად წარიმართა, მათ შორის წარმატებით განხორციელდა უშუალოდ მეორე ფაზა, რომელზეც საქართველო გასული წლის ნოემბერში გადავიდა.

„ვიზალიბერალიზაციის მიზნით საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა, მათ შორის ცვლილებები შევიდა 70-ზე მეტ კანონში და ქვეყანა შეუერთდა არაერთ შესაბამის კონვენციას. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, იმ შემთხვევაში, თუ ხვალ პოზიტიური ანგარიში გამოქვეყნდება, კომისია შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივით უკვე ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს მიმართავს.

შემდგომ, უკვე, პროცესი წარიმართება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით დადასტურდეს ის, რაც ტექნიკური შეფასების თვალსაზრისით ევროკომისიამ უნდა გამოაცხადოს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას შეძლებს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ ბიომეტრული პასპორტების მეშვეობით ივლიან. დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილი, მნიშვნელოვანი სარგებელი, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ.

„საქართველოს ევროპული არჩევანი სწორედ ასეთ პოზიტიურ შედეგებს მოუტანს მათ, ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში. უვიზო რეჟიმი განხორციელდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელთაც გააჩნია ბიომეტრული პასპორტი, ანუ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბიომეტრული პასპორტების არმქონეთათვის, უვიზო მიმოსვლა არ იმოქმედებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.