„...ჩერნოვეცკის პოლიტიკურ რიტორიკაშიც უნდა გამოჩნდეს ე.წ. პრორუსული რიტორიკა“

„...ჩერნოვეცკის პოლიტიკურ რიტორიკაშიც უნდა გამოჩნდეს ე.წ. პრორუსული რიტორიკა“

„სულით ხორცამდე ევროპელი ვარ. არჩეული მაქვს ევროპული კურსი“, - აცხადებს დედით რუსი და მამით ებრაელი - კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ბედნიერი საქართველოს“ სახელით ღებულობს მონაწილეობას. კიევის ყოფილი მერი ჯერჯერობით მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურობს და წერს, რომ მისი პარტია მხარს დაუჭერს საქართველოში ევროპულ ღირებულებებს და არ გაატარებს რუსულ ინტერესებს. აქვე წერს, რომ არ ებრძვის ახლანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ამბობს, რომ პარლამენტს გააკრიტიკებს. ვინ იქნება ჩერნოვეცკის „ბედნიერი საქართველოს“ წევრები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ პარტიაში უკრაინიდან არავის მოიწვევს.

რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს და ვისი კონკურეტი იქნება კიევის ყოფილი მერის პარტია? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტიკურ მიმომხილველს ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

რა პოლიტიკური ინტრიგა დევს კიევის ყოფილი მერის ინიციატივაში, შეიძლება, რომ გარკვეული ინსტუმენტი იყოს ხელისუფლების ხელში, თუნდაც იმ კუთხით, რომ დაიქსასოს პოლიტიკური სპექტრი?

ვალერიან გორგილაძე: სავსებით შესაძლებელია, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, იმყოფება ძებნაში უკრაინული სახელმწიფოს მიერ და ეს ფაქტი თავის თავად მნიშვნელოვნად უზღუდავს ჩერნოვეცკის მანევრირების შესაძლებლობას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩერნოვეცკის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ პოლიტიკური მარკეტინგის გარკვეულ სტრატეგიას უკავშირდება.

საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ მისი, როგორც ძებნილის პოლიტიკური კარიერა საქართველოში?

- როგორც დამოუკიდებული აქტორის პოლიტიკური აქტივობა, რომელიც გარკვეულ მარკეტინგულ ამოცანებს ასრულებს. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით, იგივეს თქმა შეიძლება სააკაშვილის კარიერაზე უკრაინაში. აპრიორი, ორივე პერსონის (სააკაშვილის და ჩერნოვეცკის) პოზიცია არამდგრადი, მყიფე და მოწყვლადია. ამიტომაც ორივეს უწევს სხვათა პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინება. თუმცა, სააკაშვილი ცდილობს საკუთარი თამაშის შეთავაზებას და საკუთარი ინტერესების შეთავსებას პოროშენკოს ინტერესებთან. ლეონიდ ჩერნოვეცკის წინასწარ განსაზღვრული როლი კი ქართულ პოლიტიკურ დიზაინში ბევრად უფრო მოკრძალებული იქნება, რაც გამოიხატება მისთვის დაკისრებული ლოკალური ამოცანების გადაწყვეტაში.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტია ოფიციალურად არ ჩამოუყალიბებია, პოლიტიკური სვლა უკვე გააკეთა - პენსია 500 ლარი და 150 ათასიანი ჯილდო იმას, ვინც ძებენილი მეგის ქარდავას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის პოლიციას. ეს არის გზავნილი ამომრჩევლისთვის და საინტერესოა, ამომრჩევლის რა ფრთაზე აკეთებს გათვლას?

- სწორედ ამ ორ შეტყობინებაში ჩანს სამომავლო ელექტორალური სტრატეგიის ჯერ კიდევ მკრთალი კონტურები. არსებითად, თუ კი მოვახდენთ ამ ორი შეტყობინების ინტერპრეტაციას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩერნოვეცკის ორ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა და სოციალურად ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ფენის (პენსიონერების) მხარდაჭერა და დახმარება. ჩერნოვეცკი იმავე ტაქტიკას მიმართავდა კიევის მერის არჩევნებისას და საკმაოდ წარმატებულადაც. სწორედ პენსიონერების აქტიური მხარდაჭერის გამო, ჩერნოვეცკი ორჯერ იკავებდა კიევის მერის თანამდებობას.

იქნება ეს ხაზი წარმატების მომტანი, იმ ფონზე, როდესაც უცობია მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი?

- რომელი პოლიტიკური პარტიები აქტიურად გამოდიოდნენ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით? ნინო ბურჯანაძის მოძრაობა და „პატრიოტთა ალიანსი“. ე.ი. ჩერნოვეცკის მცდელობა აქვს ამ პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ დაკავებულ ნიშას დააჯდეს. აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ თუკი ჩერნოვეცკის განზრახული აქვს ბურჯანაძის და პატრიოტების სეგმენტის სრული დაფარვა მის პოლიტიკურ რიტორიკაშიც უნდა გამოჩნდეს ე.წ. პრორუსული რიტორიკა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ვარაუდია.

როგორც უკვე აღვნიშე ჩერნოვეცკის შეუძლია გარკვეული პრობლემების შექმნა ე.წ. ეროვნულ-კონსერვატიული ფლანგისთვის და მემარცხენე პოპულისტურ ორგანიზაციებისთვის, რომელსაც, მაგალითად, წარმოადგენს ლეიბორისტული პარტია. მოკლედ, რომ ვთქვათ, ჩერნოვეცკის სოციალური დაპირებები, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის უფრო დამაჯერებლად შეიძლება ჟღერდეს, ვინაიდან ინფორმაცია მის ფინანსურ შესაძლებლობების შესახებ ცნობილია, ხოლო ჩერნოვეცკი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას თავად შეუწყობს ხელს ამ ინფორმაციის ინტენსიურ ტირაჟირებას.

შეძლებს, რომ გახდეს მესამე ძალა ქვეყანაში, რაზეც გათვლას აკეთებს პაატა ბურჭულაძე? ცნობილია, რომ ბურჭულაძე მისი ფონდის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას გეგმავს...

- დრო გვიჩვენებს, თუმცა ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბურჭულაძეც და მისი პროექტი ასევე წარმოადგენს კონკრეტული მარკეტინგული ამოცანის გადაწყვეტის ინსტრუმენტს. ოღონდ, ამ ინსტრუმენტს შეუძლია საკმაოდ ძლიერი მღელვარების წარმოქმნა ქართული პოლიტიკის უკვე სხვა, ე.წ. პროდასავლურ ფლანგზე.