„პასუხის მიღება დანაშაულია? თუკი ეს დანაშაულია, ამას ყოველდღე ჩავდივარ“

„პასუხის მიღება დანაშაულია? თუკი ეს დანაშაულია, ამას ყოველდღე ჩავდივარ“

„შესაძლოა ალეკოსთანაც და ზვიად ქორიძესთანაც გავაგზავნე შეტყობინება, რომ გამოგზავნილია წერილი შეწყალების შესახებ, თაროზე არ შემოდოთ განცხადება, ეს ხალხი პასუხს ელოდება და შეატყობინეთ პასუხი-თქო, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პატიმრების საქმე განეხილათ და პატიმრებისთვის ეცნობინებინათ, რადგან არ ჰყოლოდათ დაუსრულებელი მოლოდინის რეჟიმში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, რომლის განცხადებით საკრებულს წევრის, ალეკო ელისაშვილის ბრალდები უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებული.

რა ინტერესები აქვს ალეკო ელისაშვილს და გამორიცხავს თუ არა კორუფციული სქემის არსებობას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მანანა კობახიძეს ესაუბრა.

„ზოგ-ზოგიერთებს ბე ჰქონდათ უნამუსობაში აღებული“, - ასეთ ბრალდებას უყენებს პარლამენტის წევრებს, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნებისზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით იყვნენ დაინტერესებულნი, რის გამოც ელისაშვილზე ახორციელებდნენ ზეწოლას. რა პასუხი გაქვთ ამ სკანდალურ ბრალდებაზე?

მანანა კობახიძე: ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, სამარცხვინოც, რომ რაღაცა კორუფციული თემა დაუკავშირო პატრიარქის ძალიან ჰუმანურ მოსაზრებას, რომელიც ეხება პატიმრების უფლებებს და მათ ოჯახებს. ძალიან სამარცხვინოა იმის თქმა, რომ თურმე ეს ადამიანები კორუფციაში არიან გახვეულები და ამიტომ სჭირდებათ პატრიარქის ზურგს უკან ამოფარება. ეს არის უღირსი პოზიციის დაფიქსირება, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ეტყობა, რომ ეს ბატონი ელისაშვილის ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ეს მისი საქმეა, დანარჩენი გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ რა აიღო. დიახ, მე დეპუტატი მანანა კობახიძე დაინტერესებული ვარ, რომ გამოძიებამ ბოლომდე გაარკვიოს ვისზე საუბრობს ბატონი ელისაშვილი, რომელსაც ასევე იმეორებს ელისო კილაძეც. ერთი და იგივე ტონალობაში საუბრობს ეს ორი ადამიანი.

დაინტერესებული ვარ დროულად და ეფექტურად წარიმართოს საგამოძიებო საქმე, კანონის ფარგლებში მზად ვარ, ყველანაირად დავეხმარო, თუ საჭირო გახდა ვუპასუხო ყველა კითხვას, რადგან დადგინდეს სიმართლე. მსურს, ვიცოდე მე და იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ ამ სკანდალური განცხადებების მიღმა რა იმალება.

მანამდე ამ ბრალდებას უმრავლესობასნაციონალური მოძარაობაგიყენებდათ...

- უნდა გაირკვეს ყველაფერი. არ შეიძლება ტალახი ესროლო ხელიუფლებას, პოლიტპატიმრებს და მთელ იმ პროცესს, რომელიც წინ უძღოდა ადამიანების პოლიტპატიმრებად აღიარებას. პირადად 100-ზე მეტი განცხდება მაქვს გადაგზავნილი შეწყალების კომისიაში, დაინტერესების შემთხვევაში მზად ვარ ნებისმიერ განცხადებაზე ვუპასუხო ნებისმიერ ჟურნალისტს თუ ოფიციალურ პირს, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადებები გარკვეულწილად შეიცავს პირად მონაცემებს და კონფიდენციალურია. საქმის გადახედვის მოთხოვნით ძალიან ბევრჯერ უწევთ ჩემთვის მომართვა როგორც პატიმრებს, ასევე ადვოკატებს და ოჯახის წევრებს.

თქვენ პირადად მიმართეთ შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით?

- დიახ, ოფიციალური წერილით მიმიმართავს. მთელს პოლიტიკურ გუნდს ესროლეს ტალახი. ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირ გამიზნული ქმედება, ამ ადამიანს პოლიტიკური მიზანი აქვს. ის არის პოლიტიკოსი და არა ჟურნალისტი. მისი გამოხატვის თავისუფლება პოლიტიკოსის ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. როცა განცხადებას აკეთებს, როგორც პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, სხვა პასუხისმგებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური სცენარის ნაწილი, რაც გულისხმობს ქულების დაწერას.

ქულების დაწერა საპარლამენტო არჩევნებისთვის?

- დიახ, არჩევნებისთვის. ის როგორც პოლიტიკოსი ცდილობს ქულების დაწერას. თურმე, ადამიანს წელიწადნახევარია ინფორმაცია აქვს კორუფციისა და ქრთამის აღების შესახებ, ამას ოფიციალურად არ აცხადებდა და, ვიღაცას ყურში უჩურჩულებდა?!

ანუ, იმის თქმა გსურთ, რომ ელისაშვილის მხრიდან ადგილი აქვს დანაშაულის დაფარვას?

- როდესაც ინფორმაცია გაქვს მძიმე დანაშაულის შესახებ, როგორიც არის კორუფცია და ჯგუფური დანაშაული, ამას მალავ, რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაულის დაფარვა. თან ამბობს, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა, ამას ჩურჩულით ეუბნებოდა პრეზიდენტს და ერთი საჯარო განცხადება არ გააკეთა. ბრიფინგის გამართვა იყო პრობლემა? მოეწვია კომისიის წევრები, დაეყენებინა გვერდით და საჯაროდ ემხილებინა ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ამას აკეთებდა.

მოდით ვთქვათ - „მესიჯის“ გაგზავნა არ არის დანაშაული. დიახ, როდესაც განცხადებას ვაგზავნი პროკურატურაში, მერიაში თუ შეწყალების კომისიაში და როცა არანაირი რეაგირება არ არის და სრული სიჩუმეა, ბუნებრივია, ვალდებული ვარ არა მარტო „მესიჯი“ გავაგზავნო, არამედ ტელეფონით დავრეკო და გავარკვიო რა ხდება. აქ საუბარია პასუხის გაცემაზე, რომ ადამიანებს აღირსონ პასუხი. 100 განცხადებიდან 2 პატიმარი მაინც არ იყო პასუხის ღირსი? აგერ ელისო კილაძემ თქვა, რომ ელისაშვილი რასაც ამბობს მართალია და ბესელიასთან ერთად კობახიძეც იყო ამ საქმეშიო.

ერთია რას ამბობს კილაძე, თუმცა ელისაშვილს არ უხსენებია თქვენი სახელი. პირადად თქვენ სატელეფონო საუბარი გქონდათ ელისაშვილთან კონკრეტულ პატიმართან დაკავშირებით?

– შესაძლოა, ალეკოსთანაც და ზვიად ქორიძესთანაც გავაგზავნე შეტყობინება, რომ გამოგზავნილია წერილი შეწყალების შესახებ, თაროზე არ შემოდოთ განცხადება, ეს ხალხი პასუხს ელოდება და შეატყობინეთ პასუხი-თქო, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პატიმრების საქმე განეხილათ და პატიმრებისთვის ეცნობინებინათ, რადგან არ ჰყოლოდათ დაუსრულებელი მოლოდინის რეჟიმში. პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, უარის შესახებაც მიიღონ ინფორმაცია, ისინი პასუხს ელოდებიან ზოგჯერ თვეობით. არავითარი მუქარის, იძულების, კატეგორიული ტონის შემცველი „მესიჯები“ არ გამიგზავნია და ამაზე პასუხს ვაგებ. თან შეტყობინების გაგზავნა პირდაპირ დააკავშირო ქრთამის აღებასთან, ეს არის ბინძური ცილისწამება და მე ჩემს სიმართლეს ყოველთვის ყველგან დავამტკიცებ. პასუხის მიღება დანაშაულია? თუკი ეს დანაშაულია, ამას ყოველდღე „ჩავდივარ“.

როდესაც შესაბამის უფლებამოსილ პირებს მივმართავ შუამდგომლობით, ვითხოვ ინფორმაციას და რეაგირებას. სწორედ ამისთვის ამირჩია ამომრჩეველმა, როდესაც ყრუ კედელია და პასუხს არ სცემენ, როგორც დეპუტატმა ვუპასუხო მათ. როგორც ელისაშვილი აცხადებს, თავად მიჰყვა პროკურატურაში 2 ადამიანს საქმის გასარკვევად, მაინტერესებს - მაშინ ქრთამი აიღო და ანგარებას ჰქონდა ადგილი?! თუ როგორც დეპუტატი მოქმედებდა, მე არც არავის მივყოლივარ პროკურატურაში და არც შეწყალების კომისიაში, უბრალოდ, მისგან საქმის განხილვის მიმდინარეობა მოვიკითხე. ვინაიდან ჩემს ამომრჩევლებთან მეც ასევე ვალდებული ვარ, როგორც დეპუტატი.

შეწყალების კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიალურად, ბატონ ელისაშვილს ერთი ხმა აქვს, ამ კომისიაში ბევრი უფრო ახლობელი ადამიანია შესული, იგივე ბატონი უჩა ან ქალბატონი ლია. მიუხადევად იმისა, რომ წლების განმავლობაში ერთად ვსაქმიანობდით, ერთად გვაქვს გავლილი არაერთი საქმე, არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, მარტო ელისაშვილი რას იზამდა?! შემეძლო მათთანაც დარეკვა. უფრო მეტიც, თვით პრეზიდენტთანაც არაერთხელ მქონია კომუნიკაცია, თუნდაც ვიზიტების დროს, ან ოფიციალურ შეხვედრებზე, რომ მდომოდა, როგორმე მოვახერხებდი მისთვის მეთხოვა, მაგრამ ეს არ გამიკეთებია.

შესაძლოა, ეს დუმილიც იმის ბრალი იყოს, რომ ვიღაცეების ინტერესში არ შედის საქმეთა გამოძიება?

- არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. ეს ადამიანები ითხოვენ გამართლებას, საქმის ხელახლა გამოძიებას და როცა არ არის პასუხი, ბოლოს მათ ერთადერთი რჩებათ - შეწყალება და ასეთი არის არაერთი. მარტო მე მაქვს 100 განცხადება. ვფიქრობ, რომ ესეც ცოტაა.

რაც შეეხება ელისაშვილის ბრალდებას, გამოძიება დაწყებულია 339- მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. დაიკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ასევე ადამიანი, რომელიც შუამავალი იყო პრეზიდენტსა და სპეცსამსახურებს შორის. რა მოლოდინი გაქვთ გამოძიებისგან?

- საერთოდ არ ვიცი რა თანამდებობაა პრეზიდენტსა და სპეცსამსახურებს შორის შუამავალი. როგორც ჩანს, ალეკომ ახალი თანამდებობა მოიფიქრა. ბატონ ალეკოს უნდა მიემართა შსს-სთვის.

ის ამბობს, რომ მიმართა მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს, რომლებსაც მიაწოდა ამ პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა...

- რა ფორმით მიმართა, როდის მივიდა რა პასუხი გასცა გოგაძემ? ჟურნალისტია და უნდა იცოდეს, რომ აუცილებელი იყო განცხდების დაწერა. თუკი წელიწადნახევარი მის განცხადებაზე რეაგირება არ იყო, რატომ ერთი ბრიფინგი არ მოაწყო? მით უმეტეს, რომ მასზეც იყო ზეწოლა. ზეწოლა ერთი დანაშაულია, ქრთამის აღება - მეორე. გამაგებინეთ, რამდენ დანაშაულს მალავდა ელისაშვილი?

მას ეჭვი აქვს, რომ თამაზაშვილებმა ჩაიდინეს დანაშაული, რომ პროკურატურა უთვალთვალებს, დეპუტატები ბე-ს იღებენ, მას უამრავი ეჭვი ექვს, და ამ ეჭვებით ვერ დაკავდება პროკურატურა. უნდა დაეწერა განცხადება და წარედგინა მტკიცებულებები, როგორც ამას პაუხისმგებლობის მქონე საჯარო პირი გააკეთებდა და არა ისე, რომ შემთხვევით, რაღაცა თქვეს პატრიარქზე, უცბად გაუნათდა გონება და გადაწყვიტა, რომ ესაუბრა ამ საქმეზე და სკანდალები გამოეწვია წინასაარჩევნოდ.

თქვენ გამორიცხავთ კორუფციული სქემის არსებობას?

- ბუნებრივია, არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ელისაშვილის ქმედებაში ვერ ვხედავ ლოგიკას. კაცი, რომელიც წელიწადნახევარი არ ამხელს დამნაშავე პირებს, მით უმეტეს მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებს და დეპუტატებს, ამაზე საუბრობს მხოლოდ პატრიარქის განცხადების შემდეგ, სერიოზული პოლიტიკოსი ასე არ იქცევა. ელისაშვილი დღეს არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეა და არც ჟურნალისტი, ის პოლიტიკოსია და ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მიზანი აქვს.

ნაციონალური მოძრაობასთანერთად აქვს პოლიტიკური ინტერესები?

- არ შეიძლება დამოუკიდებლად ჰქონდეს? მის ფრაზეოლოგიას ერთი-ერთზე იმეორეს ირმა ნადირაშვილი, ბესელია-კაკაბაძის სია, ქრთამის აღება პოლიტმატიმრებიდან და ა.შ. ძალიან არასერიოზულია. წელიწადნახევრის წინ რომ ემხილებინა ეს ხალხი, ამას სხვა ფასი ექნებოდა. დღეს უკვე სხვა ფასი აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოძიება უნდა წარიმართოს და თუ ვინმეს ხელი წაუცდა, მან მანდატიც უნდა დატოვოს და პასუხიც უნდა აგოს.

მაგრამ თუ ელისაშვილი თავისი წარმოსახვებშია, მაშინ კეთილი ინებოს და მან აგოს პასუხი. ასევე ელისაშვილმა გუშინ ისიც თქვა, რომ მის ახლობლებს, მამასაც კი სთავაზობდნენ ქრთამს. თუ მას სურს, რომ მართალი იყოს მაშინ ყველა ის ადამიანი უნდა დაასახელოს, ვინც ამ საქმეშია გარეული. უნდა დაასახელოს და გამოძიება ყველა ფაქტზე უნდა აღიძრას და არა მხოლოდ იმაზე რაზეც მხოლოდ ელისაშვილს სურს ან უბრალოდ დაუკვეთეს.