„ჩინეთისთვის დამატებითი პრეფერენციების მიცემა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უგუნურობა იქნება“

„ჩინეთისთვის დამატებითი პრეფერენციების მიცემა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უგუნურობა იქნება“

მატარებელს, რომელიც ჩინეთის გავლით შემოვიდა საქართველოში და კორეიდან წამოსული ტვირთი შემოიტანა, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. როგორც საქართველოს პრემიერი აცხადებს, „ეს კარგი დასტურია იმისა, რომ ეს პროექტი რეალიზებას იწყებს და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო პარტნიორი, ტრანზიტული ქვეყანა ამ პროექტსა და ამ ისტორიულ მისიაში“.

დღის წესრიგში დგას ასევე, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის თემა, რომლის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იანვარში გაიმართება, თუმცა იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ქართული ბაზრი ისედაც გაჯერებულია ჩინური პროდუქციით, საქართველოს კი ჩინეთში გასატანი თითქმის არაფერი გააჩნია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმაც სერიოზული პოლიტიკური მიზნები დგას.

ტრანზიტული ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენის მცდელობის პარალელურად, საქართველო კვლავ მაღალი რისკის არეალში რჩება - რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს შეფასებით, მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა, ნატო კი კვლავ განაგრძობს გაფართოების პოლიტიკას. მისვე განცხადებით, ბოლო პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და რუმინეთში ნატო-ს სამხედრო კონტინგენტს დაემატა სამხედრო თვითმფრინავები, გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაც. ასევე, აქტიურად ემზადებიან ბლოკში გასაწევრიანებლად მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო და უკრაინა.

მსოფლიოსა და რეგიონში უკიდურესი დაძაბულობის ფონზე შეძლებს თუ არა საქართველო საკუთარი თამაშის წამოწყებას და შედეგად, თუნდაც გარე საფრთხეების პრევენციას, ამ თემაზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

ბატონო გია, როგორც ცნობილია ჩინეთი მონდომებულია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ქართული მხარე თვლის, რომ ეს საწინდარია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა, ეს არის შესაძლებლობა როგორც ევროპის, ისე ჩინეთის ბაზარზე შესვლის. თვლით, რომ ეკონომიკური ეფექტი მოსალოდნელია თუ წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა?

- ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც ეკონომიკურ არგუმენტაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ხელისუფლება თავს იწონებს იმითი, რომ მესამე ქვეყანა იქნება ევროპაში, ვინც თავისუფალი ვაჭრობა შემოიღო ჩინეთთან და ამას მიღწევად თვლის, რაც ძალზე სასაცილოა და თან არაკომპეტენტური, იმ მარტივი მიზაზის გამო, რომ ყველა ქვეყანა ემალება ჩინეთს და არავის არ უნდა მასთან თავისუფალ ვაჭრობაზე ხელის მოწერა. ისედაც გადატვირთულია ყველა ქვეყანა ჩინური პროდუქციით და დამატებითი პრეფერენციების მიცემა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უგუნურობა იქნება.

ამით რომ პოლიტიკოსი თავს იწონებს, უცნაურია, არ სვამს კითხვას - ყველას რომ ეხვეწება ჩინეთი და ხელს არავინ უწერს, რატომ ხდება ასე? - ვინმემ სცადა, რომ გარკვეულიყო ამ სიტუაციაში? - ჩინეთთან ბალანსის თვალსაზრისით ისედაც ყველა ქვეყანას რთული ვითარება აქვს და კიდევ დამატებით გამარტივებულ ურთიერთობებში შესვლას არც კი ვიცი, რა დავარქვა.

გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უფროა, ვიდრე ეკონომიკური, მაგრამ რა პოლიტიკურ დივიდენდებზე შეიძლება იყოს საუბარი?

- არანაირი პოლიტიკური დივიდენდები... ეს არის ერთჯერადი მოხმარების განცხადება, ვინც ვერ ერკვევა ამ საკითხში, ჩათვლის, რომ კარგი ნაბიჯი გადაიდგა. სინამდვილეში ეს ქვეყნისთვის საზიანოა. ნუთუ კითხვას არავინ სვამს, რა საფრთხეებს უკავშირდება ეს ხელშეკრულება?!

ცნობილია, რომ დაახლოებით ერთ წელიწადს გასტანს მოლაპარაკებები და ალბათ, საფრთხეებზეც გამახვილდება ყურადღება, მაგრამ არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება - საუბარია ჩინური მატარებლის შემოსვლაზე, ანუ საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციაზე. არც ეს ნაბიჯი მოგვიტანს ეფექტს?

- ჯერჯერობით ამას აქვს სიმბოლური დატვირთვა, ანუ უცებ მთლიანი სიმძლავრით ვერ ამუშავდება ტრანზიტული დერეფანი, თუმცა განვითარების თვალსაზრისით, ამ ხაზის გაჭრა უდავოდ საინტერესოა. სწრაფ ეფექტს არ უნდა ველოდეთ, რადგან უფრო დიდი პრობლემებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კორიდორში, იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად სერიოზულ ეკონომიკურ ეფექტზე ვილაპარაკოთ.

ჩვენი ეკონომიკური მცდელობების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ნატო განაგრძობს გაფართოებას და აღნიშნა კიდეც, რომ აქტიურად ემზადებიან ბლოკში გასაწევრიანებლად მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია, ჰერცოგოვინა, საქართველო და უკრაინა. მსგავსი განცხადება შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ ანონსად, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავებაა მოსალოდნელი?

- მდგომარეობა რეგიონში საკმაოდ მყიფეა. სამწუხაროდ, იმდენი ქნეს, რომ რუსული დათვი სერიოზულად გამოაღვიძეს. ბუნებრივია, რუსეთს არა თუ არ უმცირდება ამბიციები, თავისი სტრატეგიული ინტერესების გატარების თვალსაზრისით, არამედ ეზრდება და ეს ჩანს მისი მოქმედებებით. რთული ვითარებაა და ეს პრობლემები კონცენტრირდება ამ შემთხვევაში, სირიაში - შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მსოფლიო წესრიგი დღეს იბადება სირიაში. როგორც იქ განვითარდება მოვლენები, იგივე სურათს ვიხილავთ რეგიონში და პირდაპირ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის, ევროატლანიკურ არჩევანთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ანუ იქიდან გამომდინარე, რომ გასულ კვირას რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, ეს განგაშის სიგნალად უნდა აღვიქვათ?

- საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა არ არის პირველი და ბოლო შემთხვევა და ამაზე დიდ აქცენტებს ვერ გავაკეთებ. ამ შემთხვევაში, არ მგონია, ეს დიდი პოლიტიკის ნაწილი იყოს - იმედია, თინა ხიდაშელი არ გაჰყვება ერდოღანის კვალს.

ანუ?

- არ ჩამოაგდებს თვითმფრინავს...

კარგი ხუმრობაა, მაგრამ არსებობს პროგნოზი, რომ შესაძლოა, რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობა გაამწვავოს გაზაფხულზე, ვიზალიბერალიზაციის მიღების წინ...

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს და სირიაში განვითარებული მოვლენები აისახოს საქართველოზე, მაგრამ ვიზალიბერალიზაცია არ მგონია, იყოს იმდენად სერიოზული თემა რუსეთისთვის, რომ ამის გამო ახალი ფრონტი გახსნას - ამას არ ველოდები.

სირიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველაფერი და ვიცით, რომ რუსეთისთვის მთავარია ნატოს გაფართოების თემა საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც სირიის კონფლიქტის კონტექსტში ცივი ომია რუსეთსა და თურქეთს შორის, მეშინია, რომ ამ ცივი ომის ნაწილი არ გახდეს ჩვენი ზოგიერთი რეგიონი. ეს იქნება პანკისის ხეობა, შეიძლება, აჭარაზეც აისახოს. უფრო ამ მიმართულებით ვხედავ საფრთხეებს, ვიდრე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

ისლამისტებით დასახლებული ქართული ტერიტორიები შეიძლება გახდეს ფეთქებადსაშიში?

- ორივე მხარე შეიძლება იყოს დაინტერესებული გააქტიურებით, რადგან ცივი ომის ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ქვეყნები არასდროს არ უტევენ ერთმანეთს პირდაპირ. ფრონტის ხაზი ჰიბრიდული ომის სპეციფიკიდან გამომდინარე (რაც დამახასიათებელია ცივი ომისთვის), უფრო ინტერესთა გადაკვეთის არეალებში ვითარდება.

ერთ-ერთი ასეთი არეალი არის საქართველო. ასეთი ცხელი წერტილები შეიძლება გაჩნდეს მაგალითად, პანკისის ხეობაში, როგორც პოტენციურ პლაცდარმში თურქეთის მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიის დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, აჭარაში შეიძლება, მას უფრო ღრმა ფესვები ჰქონდეს, რადგან ვიცით, რომ თურქეთს აქვს თავისი ხედვები აჭარის რეგიონთან დაკავშირებით - რბილად რომ ვთქვათ. აქაც შეიძლება გაჩნდეს რაღაც კერები რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების პლატფორმიდან გამომდინარე.

ეს საფრთხე არსებობს და ვფიქრობ, შესაძლოა გაზაფხულისთვის განხორციელდეს აქტიურობა როგორც ერთი, ასე მეორე მხრიდან. ჩვენს სპეცსამსახურებს ალბათ, ძალზე სერიოზული მუშაობა მოუწევთ ამის პრევენციისთვის.

თუ გავითვალისწინებთ რომ უზარმაზარი ქვეყნები უპირისპირდებიან ერთმანეთს, არის პრევენცია შესაძლებელი?

- ყოველთვის შესაძლებელია, თუ სახელმწიფო ხარ. ყოველ შემთხვევაში, შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გააკეთო, იგივე პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, თუ რუსეთსა და თურქეთს შორის ესკალაცია გაძლიერდა და ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიიდან გამომდინარე, თურქეთმა მოინდომა დესტაბილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში, შესაძლებელია ვიღაცამ იფიქროს, რომ პანკისის ხეობა პლაცდარმად გამოყენება.

ასეც რომ არ იყოს, შესაძლოა, რუსეთმა ჩათვალოს, რომ თურქეთი ასე ფიქრობს, რადგან მისთვის ვირტუალური საფრთხის დახატვა პოლიტიკურად მომგებიანი იქნება. შესაძლოა, მერე თვითონვე მოახდინოს ამ ვირტუალური საფრთხის დეტონაცია.

აჭარა რთული თემაა და არ არის გამორიცხული, ასეთ იდეოლოგიურ ფონზე რაღაც შეტევები განხორციელდეს წმინდა რელიგიური კუთხით, რისი სიმპტომები, სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩანს-ხოლმე. არ მინდა, რომ ამ ცივი ომის არეალად იქცეს საქართველო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ჩინეთს რომ დავუბრუნდეთ, არსებობს მოსაზრება, რომ თუკი ჩინეთს საქართველოში ექნება ეკონომიკური ინტერესები, ეს ინტერესები შესაძლებელია ანგარიშგასაწევი გახდეს რუსეთისთვის, რადგან ჩინეთი იმ ქვეყნების იმ მწირ ჩამონათვალშია, რომელსაც რუსეთი ანგარიშს უწევს. ამ კონტექსტში არ შეიძლება განიხილებოდეს, ტრანზიტული ფუნქცია იქნება ეს, თუ თავისუფალი ვაჭრობა?

- ჩინეთის პოლიტიკური ფილოსოფია არ გულისხმობს ასეთ პოლიტიკურ პროცესებში შესვლას. ის ცდილობს, რომ მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს და ამ ტიპის პასუხისმგებლობები არ აიღოს საკუთარ თავზე. თუკი ჩინეთმა დაიწყო სამხრეთ კავკასიური კორიდორის მიმართულებით მუშაობა, რუსეთისთვის მაინც და მაინც, სახარბიელო არ იქნება. ეს რუსეთის კონკურენტი მარშრუტია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება გააკეთოს ჩინეთმა საქართველოში სტაბილურიობისთვის.

ჩვენი პრობლემა რუსეთთან ეს ხომ არ არის რაღაცაზე გაბუტვა - ჩვენ გვაქვს გლობალური პრობლემა - ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და არ მგონია, ჩინეთს ამ მიმართულებით რამის გაკეთება შეეძლოს.

სტაბილურობით, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იქნება, ისევე, როგორც „ბაქო-ჯეიჰანისა“ და „შაჰ დენიზის“ პროექტებიდან გამომდინარე, მთელი სამყაროა დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობით, თუმცა ერთია დაინტერესება და მეორე - კონკრეტული შესაძლებლობები, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინო ამ ურთიერთობებზე.

სიმართლე გითხრათ, რუსეთისგან არ ველოდები სამხედრო აგრესიას, ვფიქრობ, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ რუსეთ-თურქეთის ესკალაცია გაგრძელდა, ან ნატოს კონტექსტში რაღაც კონკრეტიკა გამოიკვეთა, რაც დღესდღეობით არ ჩანს და ლაპარაკს არ სცდება - ასე მგონია, ხიდაშელს უკვე მაპ-იც დაავიწყდა.

ხიდაშელი მაპ-ის გარეშე გაწევრიანებასაც ვარაუდობს თუ ნატოს წევრი ქვეყნები ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ...

- კომუნიკეში ცალსახად ჩაიწერა, რომ მხოლოდ მაპ-ის გავლით მოხდება ეს ყველაფერი, რაზეც შესაძლოა, ხიდაშელს არ სიამოვნებს ლაპარაკი.