2012 წლის დეკემბერში, პარლამენტმა ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოაცხადა და პოლიტპატიმრების სია შეადგინა. სამი წლის თავზე, შეწყალებული პატიმრების თუ პოლიტპატიმრების თაობაზე პოლიტიკური ბრალდებები ისმის და ინფორმაცია ვრცელდება, რომ მაღალი თანამდებობის პირები შეწყალების კომისიებში პატიმრების შეყვანას ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ ცდილობდნენ.
თუ რა ხდება პატიმრების შეწყალების გარშემო, ამის თაობაზე for.ge პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ესაუბრა:
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მაღალი თანამდებობის პირებს მასზე განხორცილებულ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პატიმართა შეწყალებით ფულის კეთების მცდელობა იყო. რას უპასუხებთ, ოპონენტს?
- ელისაშვილის მიმართ ისეთი განწყობა არ მაქვს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებების მიმართ. თუმცა, ორივე მხარე ოპოზიციას წარმოადგენს. არ გამიკვირდება, რომ თარგამაძემ და ნადირაშვილმა ამ კონტექსტში ისაუბრონ. მათ განცხადებებს ყური მივაჩვიე და მათზე რეაგირიებას აღარ ვახდენ, რადგან მათ პასუხის ღირსად არ ვთვლი. რაც შეეხება ელისაშვილს, მისი განცხადება მოულოდნელი და ემოციური იყო. მასზე გაცილებით უკეთესი წარმოდგენა მქონდა, ვიდრე მან თავი წარმოაჩინა. კითხვები მიჩნდება, თუკი ასეთი უკანონობა ხდებოდა, ეს ინფორმაცია ახლა რატომ გაასაჯაროვა? - ელისაშვილი ის ადამიანი არ არის, რომელიც მსგავსი ტიპის ფაქტს დუმილით შეინახავდა. როგორც ჩანს, მას ძალიან მწვავე და ხმაურიანი განცხადების გაკეთება ახასიათებს. წელიწადნახევრის მანძილზე მის დუმილს, ვერ ვხსნი. ასევე, მან ის ადამიანები დაასახელა, რომელთაც ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, არც ერთი ეს ადამიანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. მათ შორის, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც თინა ხიდაშელი და არც მთავარი პროკურორი. ძალიან მტკივნეულად ვიღებ, როცა ადამიანები სხვას შეურაცხყოფას უაპელაციოდ და მოუთოკავად აყენებენ.
როცა ნაციონალებს ბრალდებებს ვუყენებ, ამას ვასაბუთებ კიდეც. ჩემთვის პოლიტიკა ის სფერო არ არის, სადაც მიზანი საშუალებას ამართლებს და ყველაფერი შეიძლება იკადრო. ასეთი ეკლიანი და რთული გზით იმიტომ დავდივარ და არა მოკლე-მოკლე გზებით. პოლიტიკაში მორალისა და ზნეობის ხარჯზე არ მივლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დარტყმებს არ მივიღებდი, რაც მივიღე და მეც ბევრ რაღაცას ავიცილებდი, როგორც ეს სხვებმა აისხლიტეს. ვიღაცისგან თითის ქნევას და ასეთ განცხადებებს ამიტომ არ მივიღებ. შეიძლება, ბევრი რაღაც არ გამიკვირდეს, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებაში რთული პროცესი გავიარე.
თქვენ ინტერესდებით, ელისაშვილმა ეს ინფორმაცია ახლა რატომ გაასაჯაროვა, მაგრამ მისი განცხადება პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების კონტექსტში ძალიან კარგად ჩაჯდა...
- შეიძლება, ამ ინფორმაციას მაპროვოცირებელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ელისაშვილის განცხადება გამაოგნებელია. ის „კავკასიის“ ყოფილი ჟურნალისტია და პოლიტპატიმართა სიაში ამ ტელევიზიის ეთერში შეჭრისთვის დაკავეული პირებიც მოხვდნენ და შესაძლოა, მას ეს წყენა აქვს, მაგრამ ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია. მან უნდა დაასახლოს, ფულს ვინ აკეთებდა და ვის საქმეზე?! „ნაციონალური მოძრაობისგან“ ეს ბრალდებები სამი წელია მესმის და ერთი იმ ადამიანის გვარი ვერ იპოვეს, რომელიც სიაში ანგარებით მოხვდა. ყველა რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილება იყო და ასეთი თემები არ იკარგება. თუკი ასეთ რამეს ადგილი ჰქონდა და ვინმე ანგარებით ხელებს აფათურება, ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს. ამ პროცესს მივეხმარები, რომ ბოლომდე მივიდეს.
როცა პოლიტიკოსი ასეთ ღირებულ თემაზე ხელაღებით საუბრობ, ეს ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს. ე.ი. ღირებულებათა სისტემა მწყობრში არ არის. ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა ხდება, ვინც ციხეში იჯდა და წამება გაიარა. შეურაცხყოფა იმ კომისიასაც მიაყენეს, რომლის წევრები იყვნენ - ბუტა რობაქიძის დედა, ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა და უჩა ნანუაშვილი. ამ ადამიანებს რას ვეუბნებით, ისინი ანგარებით მოქმედებდნენ? - ამ სიებმა ფილტრი გაიარა, ამ პროცესში ძალოვანი უწყებებიც იყვნენ ჩართულნი და პროცესის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს, ის ერთმა ადამიანმა შექმნა, არასწორია. ნეტა, შემძლებოდა, რომ ეს ღირებული პროცესი მარტო შემექმნა, მაგრამ ამას ვერ დავიბრალებ. მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ ეს პროცესი კოლეგებთან ერთად ბოლომდე მივიყვანე. 24 საათიანი ღია სხდომები იყო და ღამეებს ვათენებდით, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიგვეყვანა. ალეკოს განცხადებაზე გულიც ამიტომ მეტკინა.
თუმცა, ელისაშვილის მსგავსად, პრობლემებზე შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძეც საუბრობს და მან თქვა, რომ ადგილი არაჯანსაღ აქტივობას აქვს. თქვენ კითხვები ქორიძის მიმართაც გაქვთ?
- ქორიძე სხვა კონტექსტში საუბრობს და მან უნდა თქვას, არაჯანსაღი აქტივობა რომელ საქმეზე იყო?! ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განსაკუთრებულია, სადაც კონკრეტულ ისტორიებსა და პრობლემებზე ვსაუბრობთ. ჩვენთან თხოვნებით ბევრი დეპუტატი მოდის, მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ, შეწყალების კომისიას მიმართონ. ელისაშვილთან კონკრეტულ საქმეებზე საუბარი არ მქონია.
მათ შორის, მასთან არც სატელეფონო ზარი განგიხორციელებიათ?
- ფოთელი არასრულწლოვანი გოგო, ელენე ჯავახია, რომელსაც კომისიამ თანხმობა მისცა, სააკაშვილმა სამჯერ არ შეიწყალა. ჩემთან ამ გოგოს მშობლები დადიოდნენ და ელისაშვილს ერთხელ შევეხმიანე და ამ საკითხზე ვკითხე, სხდომა ჩანიშნული ხომ არ ჰქონდათ. მასთან საქმეებზე საუბარი არ მქონია. ეს კომისია ჩაკეტილი იყო, სადაც 2500-მდე მიმართვა გვაქვს გაგზავნილი, პასუხი კი არ მიგვიღია - საქმეებს როგორ იხილავდნენ და რა ხდებოდა. რაც შეეხება ზვიადს, გამოვრიცხავ, რომ მან ელისაშვილის მსგავსი რაღაც თქვას. ქორიძე კომიტეტში ოფიციალურად მოვიწვიეთ, რომელსაც ეკა გიგაურიც დაესწრო და კომისია-კომიტეტს შორის თანამშრომლობის ფორმატი განვიხილეთ. შეწყალების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პატიმრები შიმშილობდნენ, რომლებსაც შევხვდი და ამის შემდეგ ზვიადთან საუბარი მომიწია. ზვიადთან ორი-სამი შეხვედრა მქონდა, რომელიც კონკრეტულ საქმეებს არ ეხებოდა და ზოგადი პრობლემები განვიხილეთ. ისინი რაზე საუბრობენ, არ ვიცი და ალბათ, ამ ყველაფერს პროკურატურა დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილს პროკურატურისთვის არ მიუმართავს, საგამოძიებო ორგანომ ფაქტების გადამოწმება დაიწყო და ეს ჯანსაღ პროცესზე მიუთითებს.
თუმცა, ელისაშვილი აცხადებს, რომ მან საქმის კურსში პროკურატურა წელიწადნახევრის წინ ჩააყენა. თუკი შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია მიაწოდა, მათ რეაგირება რატომ არ მოახდინეს?
- შეხვედრა მათაც გაიხსენეს, მაგრამ თქვეს, რომ ელისაშვილი პროკურატურაში კონკრეტულ საქმეზე მივიდა. მისი განცხადება არც უსუფაშვილმა დაადასტურა და ელისაშვილის მიმართ კითხვის ნიშანი ჩანს. თუკი ელისაშვილმა პროკურატურას ინფორმაცია მისცა, ის ამას არ დამალავდა. როგორ დაემთხვა, რომ მის ინფორმაციას არც პროკურორი არ ადასტურებს, არც ხიდაშელი და არც პროკურატურა? - თუკი ადამიანი ასეთ რაღაცას გიყვება, ეს არ გავიწყდება. ალეკოს შეეძლო, რომ პროკურატურისთვის განცხადებით მიემართა. ეს რატომ არ მოხდა, ან მან ინფორმაცია მოგვიანებით რატომ არ გამოითხოვა?
ელისაშვილი ამბობს, რომ თუკი პროკურატურა საქმეს არ გამოიძიებს, ის მაღალი თანამდებობის პირების გვარებს დაასახელებს. როგორ გგონიათ, თუკი ელისაშვილს გარკვეული მტკიცებულებები არ ჰქონდა, ამ თამაშს რატომ წამოიწყებდა? ეს მას რას მოუტანს?
- ეს პოლიტიკოსის რისკია, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გათვალოს. თუკი ის ფაქტებს ვერ წარადგენს, ბუნებრივია, გამოვა, რომ ის ტყუის. ცრუ ჩვენებისთვის და დასმენისთვის პასუხისმგებლობა არსებობს. პირადად დაინტერესებული ვარ, რომ ეს საქმე თაროზე კი არ შემოიდოს, დეტალებში გაირკვეს. საპასუხისმგებლო პოზიციები იმიტომ გვანდეს, რომ პროცესები ფაქტებით შევაფასოთ და არა ჩვენი განწყობებით და წარმოსახვებით, ადამიანი ქვენა გრძნობით იქცევა თუ კანონიერად. მთავარ პროკურორს მოვუწოდე, რომ ყველა ფაქტი გამოარკვიოს.
თქვენ ფიქრობთ, რომ მთავარ პროკურატურას ძალა და უნარი შესწევს, რომ თუკი მაღალი თანამდებობის პირების დანაშაული იკვეთება, ეს გამოააშკარავოს?
- რა თქმა უნდა - აქვს. როცა ასეთი ბრალდება ისმის, ჩვენს ინტერესშია, რომ ასეთი ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს. პროკურატურას ხელი გახსნილი აქვს, რომ ყველაფერს სახელი დაერქვას. პროკურატურას სრული მხარდაჭერა აქვს, რომ რეალურად დავინახოთ, საქმე რასთან გვაქვს. მერიაში ადამიანთა უკმაყოფილო ჯგუფი მივიდა, შემდეგ ელისაშვილმა ჩვენთან განცხადება შემოიტანა და კომიტეტის აპარატში საქმე მოიკითხა. ჩავთვალოთ, რომ მას რაიმე ინტერესი ჰქონდა და ამიტომ დარეკა? - ამას არასოდეს ვიფიქრებ. თუკი სიკეთის გაკეთება შემიძლია, ადამიანებს დაკითხვას არ ვუწყობ. ჩემი ცხოვრების წესია, რომ რაც შეიძლება, მეტი სიკეთე მოვასწრო და იმის რევიზიას არ ვიწყებ, ვინ რა განზრახვით მოქმედებს. საჯარო მოხელე ვალდებულია, თუკი დახმარება შეუძლია, ადამიანს დაეხმაროს. ჩვენს კომიტეტს სხვა ვალდებულებები აქვს და თუკი გულგრილები ვიქნებით, ჩვენ პასუხს ამომრჩეველი ამისთვის მოგვთხოვს და არა იმისთვის, ვის რამდენჯერ დავურეკეთ. თუმცა, ალეკოსთვის არავის დაურეკავს.
დღის განმავლობაში პროკურატურას რამდენჯერ ვაწუხებ, არ ვიცი. პროკურატურას ხან ვის საქმეზე ვაწუხებ, ხან ვის საქმეზე და უამრავ ადამიანს ვეხმარები. ფოთში, ბიუროში, ჩემთან თამარა ბებო დადის, რომელიც თავის შვილს ყოველ დღე ელოდება. იმ ადამიანის დანახვით გული მიკვდება და ვისაც რა უნდა, ის იფიქროს. ამ ადამიანის საქმეზე უდო-ს კომისიას ყოველ მეორე დღეს ვეხმიანები და ვეკითხები, თამარა ბებოს საქმეზე რა გადაწყვეტილება მიიღეს. ვიღაცამ უნდა იფიქროს, ნეტავ რატომ მირეკავს, რაიმე ინტერესი ხომ არ აქვსო? - ის ადამიანი არ ვარ, რომელსაც ამის შეეშინდება და კომპლექსები მექნება. შინაგანი სითამამე იმიტომ მაქვს, რომ არასოდეს ისეთი რაღაც არ ჩამიდენია, ვიღაცამ მითხრას, ეს რატომ იკადრეო. მირჩევნია, ადამიანს დავეხმარო და საქმეზე 11-12-ჯერ დავრეკავ, თუნდაც ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს. პოლიტიკოსები არიან, რომლებიც არავის არ შეეხმიანებიან, ოღონდ არაფერი შეეხოთ. მათიც მესმის, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია. როცა ვიღაცას ვეხმარები, უდიდესს სიხარულს ვიღებ.
თქვენ თქვით, რომ ნადირაშვილ-თარგამაძეს პასუხს არ სცემთ, თუმცა, ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც პარლამენტი პოსტზე მთავარი პროკურორის დამტკიცების საკითხზე მსჯელობდა, ნადირაშვილმა შოთაძეს მიმართა -„თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნა გარანტიაა ბესელიასთვის, რომ არ გამოიძიებთ იმას, როგორ მოხვდნენ ყაჩაღები - რუსეთის ჯაშუშები პოლიტპატიმართა სიაში და რა თანხები აქვს აღებული ამაში ქალბატონ ბესელიას“. ამ ბრალდებებს, რატომ არ პასუხობთ?
- როცა ასეთ ბრალდებებს გიყენებენ, იმაზეა გათვლილი, რომ ვიღაცამ ეს დაიჯეროს და ეჭვები გაუჩნდეს. ასეთ თემაზე თავის მართლებას არ დავიწყებ, რადგან ეს ჩემს ღირსებას ძალიან შეურაცხყოფს. ნადირაშვილი ნადირაშვილი იმიტომ არის, რომ მას შეუძლია, ასე ილაპარაკოს და მე ჩემი სახელით და გვარით ვიარე. ალბათ, ჩვენს შორის რაღაც განსხვავებები არის. ის ამ წესით ცხოვრობდა და ის უანგაროდ არავის არ დაეხმარებოდა.
ნადირაშვილმა თქვენ ტრიბუნიდან მოგმართათ, რომ თქვენ ძვირადღირებული ქურქიც გაჩუქეს. ეს მართალია?
- ასეთ დონეზე დავეცე? - მას ვუთხარი, რომ ქურქს საჩუქრად გავუგზავნიდი და ეტყობა, რომ არ გავუგზავნე, გაღიზიანებულია და ამას მეორე მწარე განცხადება მოაყოლა. მათ მოვუწოდებ, ფაქტებით მესაუბრონ. ისღა მაკლია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავი ვიმართლო.
ელისაშვილის განცხადებას რომ დავუბრუნდეთ, გამორიცხავთ, რომ მაღალ პოსტებზე დაინტერესებული ადამიანები იყვნენ, რომლებიც პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ, ფულის კეთებას ცდილობენ?
- ამას არ გამოვრიცხავ. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და კომიტეტზე ვიღებ. ვისზეა საუბარი, არ ვიცი. რომ ვიცოდე, ვისზე საუბრობენ, შესაძლოა, პასუხისმგებლობა მასზეც ავიღო. გავარკვიოთ, ვინ არის და მას პასუხი მოვთხოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხი ელისაშვილმა უნდა აგოს. მსმენია, რომ ჩემი სახელით ვიღაცეები სარგებლობდნენ და ერთი-ორი ფაქტის თაობაზე ინფორმაცია სამართალდამცავებსაც მივაწოდე. სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ჩემი ყოფილი კოლეგა ჩემი სახელით სარგებლობდა და ამას ანგარებითი მოტივი ედო. რა მოხდა, არ მომიკითხავს. როცა პოლიტიკაში ხარ, ამგვარ რისკებს ვერ დააზღვევ. ჩემთან ადვოკატი ან კოლეგა რომ მოდის, რაღაცას მთხოვს და შეიძლება, მას რაღაც ინტერესი აქვს, მაგრამ ამას არ ვკითხულობ. იმის შიშით არ ვცხოვრობ, რაიმე არ იფიქრონ. როგორც ჩანს, ისეთი ძლიერი მორწმუნე არ ვარ, რომ ცილისწამება დავითმინო და ამაზე რეაქცია მაქვს. დიდი ადამიანების ცხოვრებას ხშირად ვკითხულობ და მათ თავს არ ვადარებ, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილმა სიწმინდეები ჩამოიტანა და შემდეგ უნივერსიტეტიდან გააგდეს, მიხეილ ჯავახიშვილს და ნიკო ნიკოლაძეს როგორ მოექცნენ? პატრიარქს როგორ ექცევიან? როცა ლეგენდარული ადამიანების ისტორიებს კითხულობ, ხვდები, შენ ვინ ხარ - ისიც არ გინდა, რაიმე დაგაბრალონ? თუკი რაღაცას აკეთებ, დარტყმებისთვის მზად უნდა იყო. ჩემი ძმისა და ჩემი შვილის საქმის შემდეგ რაღა ტესტი უნდა ჩავაბარო? - ორი წლის მანძილზე, საზოგადოება ჩემს ნებისყოფას და პრინციპულობას უყურებდა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა შეიძლება, დედას უკან დაახევინო და ნაბიჯები უკან არ გადაადგმევინო, ბრძოლა არ შემიწყვეტია და მარცხნივ-მარჯვნივ, საბრალდებო სკამზე ძმა და შვილი მეჯდა. ამას გავუძელი და შეიძლება, ასეთმა რაღაცეებმა შემაშინონ? – 15 ივნისი მახსოვს, როცა პოლიციის სამართველოსთან სისხლის გუბეები იდგა და 300 სპეცრაზმელი ჩემსკენ რომ დაიძრა, მეგონა, ერთ წამში ჩამყლაპავდნენ, მაგრამ გაქცევა არ მიკადრებია. 6 მაისის აქციაზე, როცა სპეცრაზმელები ტყვიებს ისროდნენ, მთელი ტანი ნატყვიარები მქონდა და თავზე დაფარება არ ვიკადრე. იმას ვუყურებდი, ჩემს თავზე ტყვიების ზუზუნი როგორ ისმოდა. ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს და რეაქცია მაშინ მაქვს, როცა საქმე ღირსებას ეხება. იმდენი კი გავიარე, რომ ვიღაცამ თითი არ მიქნიოს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შეუცდომელი ვარ. შეიძლება, პირად ურთიერთობებში რაღაც შემეშალოს, მაგრამ პროფესიულ საქმეში პრეტენზია მაქვს, რომ იქ კომპრომისებზე არ წავსულვარ. მორალური უფლება მაქვს, რომ ელისაშვილი იქნება თუ სხვა, მის მიმართ კითხვაც დავსვა და პასუხიც მოვთხოვო.