რუსეთ-თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობის ფონზე, საინტერესოა, რა ბედი ელის ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ თურქულ ინვესტიციებს. დიდ კავკასიურ თამაშებში, რუსეთს გარდა, თურქეთი რომ მონაწილეობს, ეს ყველასთვის ნათელია.
თურქეთი, რუსეთის შემდეგ, სოხუმის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ოფიციალური მონაცემებით, ტვირთბრუნვა ანკარასა და სოხუმს შორის 300 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების ცნობით, აღურიცხავი ტვირთბრუნვის ჩათვლით, ეს ციფრი ორჯერ მეტი, ანუ 600 მილიონ დოლარამდეა.
თუ თვალს გადავავლებთ ოკუპირებულ რეგიონში მოქმედ თურქულ კომპანიებს, მათი რიცხვი აფხაზეთში მართლაც შთამბეჭდავია. მაგალითად, ტყვარჩელში მუშაობს თურქულ-აფხაზური კომპანია „ტყვარჩელნახშირი“, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 250 ათასს ტონა ქვანახშირს მოიპოვებს და შემდეგ, საზღვაო გზით, მთლიანად თურქეთში გააქვს.
გარდა ამისა, არ შეუჩერებია მუშაობა თურქულ-აფხაზურ კომპანია „ხოჯალის ქვებს“, რომელიც კოდორის ქედზე მოპოვებულ ბაზალტს თურქეთში აგზავნის. სხვათა შორის, ეს ორივე მსხვილი კომპანია, აფხაზეთის პარლამენტის წევრის, თურქეთიდან რეპატრიანტი ბიზნესმენის ტაიფუნ არძინბას საკუთრებაა.
აფხაზეთში უკვე დაიწყო ქაფშიას სეზონი და ყველაზე მეტი თევზმჭერი გემი ოჩამჩირე-სოხუმის აკვატორიაში სწორედ კომპანია „ხამსას“ ჰყავს, რომელიც მთლიანად თურქული კომპანიის Koptur Balikcilik-ის ინვესტიციებით არის დაფუძნებული. მოპოვებული ქაფშიას გადამუშავება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში ხდება და შემდეგ თევზის ფქვილისა და ქონის სახით, ასევე, თურქეთში იგზავნება.
აფხაზეთ-თურქეთს შორის მჭიდრო კავშირების შესახებ ინფორმაცია ახალი არ არის. თურქული დელეგაცია, პარლამენტარები თუ ბიზნესმენები, პერიოდულად სტუმრობენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას. მიმდინარე წლის სექტემბერშიც აფხაზეთის მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის პროვინციის (სადაც აფხაზური მედიის ცნობით, 30 000 აფხაზი ცხოვრობს) გუბერნატორი იბრაჰიმ კარაოსმანოღლუ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა და სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივა გააცნო. ამ შეხვედრის შემდეგ თურქები თავს იმართლებდნენ, რომ ეს ვიზიტი თურქეთის მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
აფხაზეთ-თურქეთს შორის ურთიერთობაზე როცა ვსაუბრობთ, ამ კონტექსტში შეუძლებელია დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის საეჭვო დაღუპვის ფაქტი არ გავიხსენოთ. მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ გარდაცვალებამდე თვენახევრით ადრე ბაღაფში თურქეთში ჩავიდა და მუჰაჯირებს აფხაზეთში დაბრუნებისკენ მოუწოდა, რაც კრელმა აფხაზეთზე რუსეთის გავლენის შემცირების საფრთხედ აღიქვა.
დღესდღეობით რუსეთ-თურქეთს შორის მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და შესაძლოა, რუსეთ-თურქეთის ინტერესებს შორის მოქცეული აფხაზეთის ლავირებამ დიდხანს არ გასტანოს. გამორიცხული არაა, რუსული სანქციების ფონზე, კრემლმა აფხაზებს დირექტივა მისცეს, რომ თურქული ინვესტიციების პერიოდი აფხაზეთში დასრულდეს.
მართალია, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა, მაგრამ სულ ახლახანს თურქეთში პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებაც შევიდა. ასე რომ, რა ბედი ელით თურქულ ინვესტიციებს აფხაზეთში?!
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს ბრძოლა შეხებოდა არა მარტო მსხვილ ბიზნესებს, არამედ უბრალო მაღაზიებს თუ სასადილოებს.
„აფხაზეთში თურქული ბიზნესის და, ზოგადად, თურქეთის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო, რადგან იქ ცხოვრობს ჩერქეზულ-აფხაზურ დიასპორა და თურქეთს ყოველთვის თვალი ეჭირა აფხაზეთზე. თურქებს აფხაზეთიდან გაჰქონდათ ნახშირი, თევზი და სხვა პროდუქცია, მაგრამ თურქული ბიზნესის გაფართოება აფხაზეთში 2008 წლის ომისა და ე.წ. აღიარების მერე შეჩერდა. ბიზნესის წესი კონკურენტის მოშორებაა. ასე რომ, რუსულ-თურქული კონკურენციის შემდეგ რუსეთი ყველანაირად შეეცდება, ხმაურის გარეშე შეზღუდოს თურქეთის ინვესტიციები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს შედეგი გარდაუვალია“, - აცხადებს გია გვაზავა.
აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართულ-თურქული ახლო ურთიერთობის ფონზეც აფხაზეთში იფურჩქნებოდა თურქული ბიზნესი. ეს ყველას კარგად ახსოვს და, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული პრეტენზიის მიუხედავად, თურქული მხარე ყოველთვის თავს იმართლებდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ თურქული კერძო სტრუქტურები, რომლებსაც ისინი ხელს ვერ უშლიდნენ.
„აქ საუბარი არ არის მარტო ტყვარჩელის ნახშირსა და საწარმოებზე, არამედ საუბარია თურქულ ბიზნესზე, რომლებსაც შეჰქონდათ და გაჰქონდათ პროდუქცია აფხაზეთში. თურქეთი აფხაზეთთან ურთიერთობაზე უარს არ იტყვის. სხვათა შორის, აფხაზები ჩასულნი იყვნენ თურქეთში, პუტინმა იქ ჩაიყვანა ხაჯიმბა, როგორც ვიცი, სავაჭრო თემებზე ჰქონდათ მოლაპარაკებები. ჯერჯერობით რუსულ-თურქული ურთიერთობის დაძაბვა არანაირად არ აისახება აფხაზურ-თურქულ ბიზნესზე. თუ რუსეთი მოსთხოვს აფხაზებს, შესაძლოა, აფხაზეთში თურქული ბიზნესის ხანა დასრულდეს. თუმცა ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა ტრიალებს ზემოთ, რამდენად სერიოზულია რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები. არც რუსეთსა და არც თურქეთს არ აწყობთ ყველა გზის ჩახერგვა. შესაძლოა, აფხაზეთში არ იყოს იმ რაოდენობის ტვირთბრუნვა, რომ თურქეთის ეკონომიკაზე იმოქმედოს. რუსეთიც ამის გამო არ ძაბავს სიტუაციას აფხაზეთთან. რაც შეეხება 300-მილიონიან ტვირთბრუნვას, არა მგონია, ეს ციფრი რეალური იყოს. ელემენტარულად, ამდენ პროდუქციას აფხაზეთში ვერ გაასაღებენ, რადგან აფხაზეთში ამდენი ხალხი არ ცხოვრობს. ერთადერთი, საზაფხულო სეზონზე შეიძლება შევიდეს კიტრი და პომიდორი, თორემ დანარჩენი, ციტრუსები სოხუმს არ აკლია“, - აცხადებს ლევან კიკნაძე.