რუსეთის მდგომარეობა საქართველოსთვის სახიფათო ხდება

რუსეთის მდგომარეობა საქართველოსთვის სახიფათო ხდება

თურქეთის და ბალტიისპირეთის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. ანალიტიკოსების განცხადებით, კრემლის ქმედება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე, 15 დეკემბერს ევროკომისიის ანგარიშის გამოაქვეყნებას უკავშირდება, რადგან საქართველო უვიზო რეჟმის ამოქმედების თაობაზე, დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პარალელურად, რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეში აქტიურდება. რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატმა საქართველოს საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. ორივე შემთხვევაში რუსების ინტერესის სფერო შსს-ს საგუშაგო იყო. 9 დეკემბერს 18:48 საათზე რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შსს-ს საგუშაგოებს გადაუფრინა.

10 დეკემბერს, დაახლოებით 12:48 საათზე საქართველოს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში უკანონოდ შემოვიდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული რუსული - „Ми-8“ ტიპის ვერტმფრენი, რომელმაც მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას გადაუფრინა.

რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევას, პროვოკაციას უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გიორგი კვირიკაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ეს პროვოკაციული აქტი, წარმოადგენს მორიგ დადასტურებას, რომ რუსეთის ფედერაცია არაფრად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას. საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

როგორც წესი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე. გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ესაზღვრება, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს არავითარი ფრენები არ განუხორციელებიათ.

„მთელი დღის განმავლობაში საქართველოს სამხედრო უწყებას დაახლოებითაც კი არ მიუთითებია საქართველოს ის ადგილები, სადაც საჰაერო სივრცე დაირღვა. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის აჩრდილი თითქოსდა შეამჩნიეს მერეთი-ზარდიაანთკარის რაიონში, აღმოჩნდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შეიტყო, რომლებმაც თავისი ხედვები რომელიღაც პოლიციელს გაუზიარეს. ქართველ კოლეგებს ვურჩევ, ვიდრე სხვა დროს ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ, ობიექტურ კონტროლს დაეყრდნონ, კერძოდ - რადიოლოკაციურ საშუალებებს“, - აცხადებს იგორ კონაშენკოვი.

პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი რუსეთის გააქტიურებას საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოახლოებული გადაწყვეტილების მიღებას და მოახლოებულ ვარშავის სამიტს უკავშირებს. მისი თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული ვარშავის სამიტზე, ეს იქნება საქართველო-ნატოს ურთიერთობის დასტური, რასაც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის საპასუხო რეაქცია.

„საქართველოს დაშინება ხდება. არის რამდენიმე მტკივნეული წერტილი, რომელზეც უნდა ვიზრუნვოთ. თუკი რუსეთი მოინდომებს ახალ აგრესიას, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. გარდა ძალის დემონსტრირებისა, რუსეთს დღეს სხვა პოლიტიკა არ გაჩნია. რადგან, რუსეთს რთული ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, იმისათვის, რომ საკუთარი ლეგიტიმაცია მოახდინოს, დარჩა მხოლოდ საგარეო პოლიტიკა.

საგარეო პოლიტიკა და ტემპერეტურის მუდმივი აწევა არის რუსეთის რეჟიმის გადამრჩენი. შესაბამისად, რუსეთის ასეთი მდგომარება სახიფათო ხდება მეზობლებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას სავარაუდოდ მაისში მიიღებს, სამწუხაროდ, ამ პერიოდში უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან კიდევ ერთ გართულებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მჭედლიშვილი.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი პროვოკაციული ინციდენტები შეიძლება გახშირდეს და არ არის გამორიცხული, რომ უფრო გამომწვევი სახეც მიიღოს. მისი თქმით, როგორც წესი, ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ ამგვარი ინციდენტები ხდება მაშინ, როდესაც საქართველო მორიგ მოკრძალებულ ნაბიჯს გადადგამს დასავლეთთან ურთიერთობის მიმართულებით.

„რაც შეეხება ვერტფრენის პრეცენდენტს, ფორმალურად თუ მივუდგებით, 2008 წლის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცე მუდმივად ირღვევა. ვერტმფრებები და თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საჰაერო სივრცეში ფრენენ, საქართველო კუთვნილი საჰაერო სივრცეა. ამიტომ, საერთოდ მათი აქ ყოფნა არის ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა. ამის ფონზე, პრინციპული მნიშვნელობის არ უნდა იყოს რამდენიმე წამით რუსეთის სამხედრო ვერტფრენის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა“, - აცხადებს მენაღარიშვილი.

ყოფილ მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთი გააგრძელებს საჰაერო სივრცის დარღვევას. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს პროვოკაციული ქმედება უფრო ხშირი და გამომწვევიც გახდეს.

„რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირისს და ნატოს, მით უფრო გახშირდება პროვოკაცია რუსეთის მხრიდან. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი გააგრძელებს საჰაერო სივრცის დარღვევას. არ არის გამორიცხული ეს პროვოკაციული ქმედება უფრო ხშირი და გამომწვევიც გახდეს. ამიტომ, ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, შევხედოთ ცივი გონებით, მტკიცე ნერვებით, პოლიტიკური და დიპლომატიური სფეროდან კარგად გათვლლი საპასუხო რეაციით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, რუსეთი არასტაბილურობის შექმნით, ცდილობს გავლენა მოახდინოს სამხრეთ კავკასიაზე და მათ შორის საქართველოზე.

„ცდილობს, ხელისუფლებას ისეთი პოლიტიკა გაატარებინოს, რომელიც მოსკოვის ინტერესებში ჯდება. ამის საშუალება არის დესტაბილიზაციის შექმნა, წვრთნების ჩატარება, აგრესიული ქმედებების განხორცილება. ამის გამოვლინებაა ის კონკრეტული აგრესიული ქმედებები, რომელიც ხორციელდება საქართველოში, მათ შორის საოკუპაციო ზოლთან, კერძოდ, ჩვენი მოსახლეობის გატაცება და შევიწროება.

ჩვენი მთავარი ფსონია, რაც შეიძლება მჭიდრო და მუდმივი ჩართულობა ჩვენი უცხოელი პარტნიორების. ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებში ჩვენი უსაფრთხოების საკითხების მუდმივად დღის წესრიგში დაყენება, რომ რუსეთს არ მიეცეს საშუალება განახორციელოს აგრესიული ქმედებები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.