ოპოზიცია-ხელისუფლების საარჩევნო დაპირისპირება - ბრძოლა მანდატებისთვის

ოპოზიცია-ხელისუფლების საარჩევნო დაპირისპირება - ბრძოლა მანდატებისთვის

პარლამენტში „საარჩევნო კოდექსი“ პირველი მოსმენით მიღებულია, ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო ოლქების „დაშლა-დაგლეჯაში“ ადანაშაულებს და რაიონებს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე აქცენტირებს, უმრავლესობა კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელირებს.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფა საკონსტიტუციო სასამართლოს დირექტივის შესაბამისად მოხდა და ამომრჩეველთა რაოდენობა 10-15 პროცენტიანი სხვაობით გადანაწილდა, ოპოზიცია კი, საპირისპიროს ამტკიცებს და ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ ოლქები რაც შეიძლება მეტი მანდატის მოპოვების მიზნით დაჰყო.

for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლების შიშებზე აპელირებს და ამბობს, რომ პარლამენტში წარდგენილ საარჩენო პაკეტს - „შიში ოხერია“ ჰქვია. მისი თქმით, ხელისუფლებას არჩევნების ეშინია და ცდილობს, რომ მინიმალური მხარდაჭერის ფარგლებში, რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვოს. ჩიქოვანის განმარტებით, ყველა არჩევნები, რომელიც არსებული სისტემით ჩატარდა, მანდატებში დაახლოებით 18 პროცენტიან სხვაობას იძლეოდა და ხელისუფლებასაც ამის გამოყენება უნდა.

„ამ ყველაფერში დახელოვნებული „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომლის ხელწერასაც ხელისუფლება იმეორებს. ერთ მუნიციპალიტეტს საკუთარ მაჟორიტართან არანაირი კონტაქტი არ ექნება. წარმოუდგენელია, რომ მარტვილსა და აბაშაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ისეთი მაჟორიტარი ვნახოთ, რომელსაც ორივე მუნიციპალიტეტთან ერთნაირი ბმა ექნება“, - აღნიშნავს ჩიქოვანი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ სოფლების დაჩეხვა ხდება, რაც საერთოდ აბსურდია.

„ხობის ოლქი ზუგდიდის ცენტრშია შემოჭრილი, რაც არარეალობაა. ვინ სად იყურებოდა და რას ფიქრობდა, როცა ასეთ განაწილებას აკეთებდა, არ ვიცი. ხელისუფლება ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით ორეტაპიანი გეგმა აქვს, მაგრამ მათ რეალურად, არაფერი აქვთ. მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელებულიყო. ხელისუფლებას კიდევ ერთი წარუმატებელი შედეგი ექნება“, - აცხადებს ჩიქოვანი, რომლის მსგავსად, ცვლილებებს აკრიტიკებენ ნაციონალები.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ არ შეიძლება, ოლქებს შორის განსხვავება 10 პროცენტზე მეტი იყოს, თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებია 15 პროცენტიანი სხვაობა, მაგრამ ეს სხვაობა უმცირესობებსა და მეჩხრად დასახლებულ რაიონებს ეხება.

გოგორიშვილის განმარტებით, პარლამენტში წარდგენილი „საარჩევნო კოდექსით“, ამომრჩეველთა რაოდენობა - 47, 522 ადამიანს შეადგენს და ამ ჩარჩოში, 10 პროცენტიან სხვაობაში - 19 ოლქი ჯდება, 15 პროცენტიან სხვაობაში - 23 ოლქი, ხოლო 13 ოლქი - 15 პროცენტის ზემოთ არის გასული.

„ვენეციის კომისიაში წერია, რომ განსხვავება ეთნიკური უმცირესობებსა და მეჩხრად დასახლებული ტერიტორიების შემთხვევაში უნდა იყოს, მაგრამ წარდგენილი პროექტით, გამონაკლისებშია - ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, რომელსაც გამონაკლისის კრიტერიუმებში ვერ ჩასვამთ. ერთმანდატიანი საარჩევნო სისტემა ადმინისტრაციულ, ტერიტორიულ დაყოფას ემყარება. მსოფლიოში სხვა სახის დაყოფა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულს ემთხვეოდეს. ქართული „ნოუ ჰაუა“, როცა ზესტაფონის ორი თემი პირველი და მეორე სვირი სულ სხვა ადმინისტრაციულ ერთეულზეა მიერთებული“, - აცხადებს გოგორიშვილი.

დეპუტატი ფიქრობს, რომ საარჩევნოდ ისეთი პირების მოძებნა გაჭირდება, რომელთაც კავშირი რამდენიმე რაიონთან ექნებათ.

„როცა შავშების 2000 ამომრჩეველს კასპის 40 ათასიან ამომრჩეველთან აერთიანებ, ე.ი. შენ ამ ამომრჩევლის ხმა არ გაინტერესებს. იმ სისტემით მივდივართ, რომ რაც შეიძლება, მეტი ცნობილი ადამიანი იყოს ჩართული - მსახიობები, მომღელები, სპორტსმენები, რადგან სხვანაირად არჩევნებს ვერ მოიგებენ. როგორ შეიძლება, ადამიანმა დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი მოიგოს, თუკი ის ისეთი პირი არ არის, რომელსაც სამივე რაიონში იცნობენ?“, - ინტერესდება დეპუტატი.

გოგორიშვილის შეფასებით, წარდგენილი სისტემით მაჟორიტარის სისტემა უქმდება, რომლის აღიარებაც ხელისუფლებას არ უნდა.

„რომელიღაც სოფელი სადღაც იჭრება, რაღაცა რაღაცასთან ერთიანდება. მაგალითად, სამტრედია-ხონთან. ამ პრინციპს ვერ გაიგებ. რეალურად, მაჟორიტარული სისტემა არ არსებობს. ეს იმაზეა მორგებული, რომ ბორჯომში არჩევნები გედი ფოფხაძემ მოიგოს, ხობში - გოდერძი ბუკიამ. ეს სახელებსა და გვარებზე გათვლილი სისტემაა. როგორ უფრო გაუადვილდებათ მოგება? მათ, სადაც სუსტი პოზიციები აქვთ, ყველა ეს ოლქი დაშლილ-დაგლეჯილია. რას რას მიაბამენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათ არჩევნები წაგებული აქვთ. ამ ცვლილებების მიზანია, როგორ მოვირგოთ სავარძლები და როგორ გავიმარტივოთ საარჩევნო კამპანია“, - დასძენს გოგორიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს აკაკი ბობოხიძე.

for.ge-სთან საუბარში ბობოხიძე აღნიშნავს, რომ დამოკიდებულება, რომ დეპუტატი მხოლოდ კანონპროექტებზე უნდა მუშაობდეს, ეს ამომრჩევლისთვის მისაღები არ არის, რადგან ქვეყნის რეალობაა, რომ ადამიანები დეპუტატისგან სამართლიანად თუ უსამართლოდ დახმარებას და რიგი პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ.

მისი მოსაზრებით, საარჩევნო ოლქები იმ გემოვნებითაა გადანაწილებული, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„უმრავლესობის გემოვნება „ერმაკოვის ბუტკებში“ გამოიხატა. ამ სისტემით ქვეყნის დაყოფა არ შეიძლება და ქვეყანას დაღუპავს. გედევან ფოფხაძე ტრიბუნიდან გვიკიოდა, რომ თურმე, ხელისუფლებას არ დაგვითმობს და ტყვიას გვესვრის. ამ ტიპის გადანაწილება საფრთხის შემცველია და ესენი ადამიანებს და რაიონებს ერთმანეთთან დააპირისპირებენ“, - აცხადებს კანონმდებელი.

ბობოხიძე ინტერესდება, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკუთარი ამომრჩეველის წინაშე გარკვეული გეგმით უნდა წარდგეს და როგორ შეიძლება, ორ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს გეგმა შესთავაზო, თუკი მათ მსგავსი სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური თანაცხოვრების წესი არ აქვთ.

„კანდიდატმა ბაღდათსა და ხარაგაულს, რა უნდა შესთავაზოს? აბა, დეპუტატებს რისთვის ირჩევენ, მხოლოდ კანონპროექტები რომ მიიღონ? ამომრჩეველი იმ პირის არჩევას ცდილობს, ვინც მის პრობლემებთან ახლოს მივა“, - ამბობს ბობოხიძე.

ოპოზიციის კრიტიკას უმრავლესობა არ იზიარებს და ოპონენტებს მოუწოდებს ოლქებთან დაკავშირებით თავისი ვარიანტი წარმოადგინოს.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ ისეთი მკაცრი ჩარჩოები დააწესა, რომ ცვლილებები ამ ინსტრუქციის შესაბამისად მომზადდა.

მისი მტკიცებით, ვენეციის კომისიის უმკაცრესი რეკომენდაციაა, რომ თითოეული ოლქი თანაზომადად დანაწილებულიყო.

„ერთადერთი გამონაკლისია დაშვებული, რომელიც მესტიას ეხება. ამას მხარს ვუჭერ, რადგან მისი მიბმა რომელიმე სხვა ოლქებთან სვანეთს მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე ტოვებს“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

ბერძენიშვილის ცნობით, რესპუბლიკელებს რეგიონალურ-პროპორციული სისტემა სურთ, მაგრამ პარტია „ქართულ ოცნებას“ ეს ვალებულდება არასოდეს აუღია და პოლიტიკა შეთანხმებებისა და კომპრომისების შესაძლებლობაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „მოქალაქეთა კავშირი“ აქეთკენ ნაბიჯს ოცი წლის მანძილზე არ დგამდნენ. დღეს ვითარება ისეთია, რომ ამ იდეაზე უარის თქმა არ გვინდა, მაგრამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა ორ ეტაპად წარმოვადგინეთ. 50 პროცენტიანი ბარიერის პირობებში არც ერთი სახელისუფლებო კანდიდატი პრივილეგირებულ ვითარებაში არ არის“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

კანონმდებელი ირწმუნება, რომ წინასწარ ცნობილი იქნება, რომელი საარჩევნო ოლქი რომელი სოფლებისგან შედგება და ეს ან საარჩევნო კოდექსში ჩაიწერება, ან ამას ცესკო დაადგენს.

„მრავალმანდატიან ოლქებს ვითხოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ დომინანტურ ვითარებაში აღმოჩნდა. არასაპარლამენტო პარტიებმა იმის გამო, რომ მათ ყურადღება არ მიაქციეს, ან ზოგს გამოცდილება არ ჰყოფნის, მათ მხარი ერთიან პროპორციულ სიას და ასევე პატარა მრავალმანდატიან ოლქებად დაყოფას დაუჭირეს, რითაც ოლქებში თავის ერთ მანდატს „ნაცმოძრაობა“ იღებს. 10-12 მანდატიან ოლქში კი, „ნაცმოძრაობა“ გაცილებით ნაკლებს აიღებს, ვიდრე 4 მანდატიან ოლქში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის მსგავსად, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აქცენტირებს და აცხადებს, რომ ვისაც ოლქებთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკული მოსაზრებები აქვს, თავისი ვარიანტი წარმოადგინოს. ძიძიგური ოპონენტების შეფასებებს ეხმაურება და ამბობს, რომ თითქოს, არსებული ვარიანტი უკეთესია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება იგნორირებას ვერ გაუკეთებდა.

„პარლამენტს ამის გაკეთება არ შეგვიძლია, ოპოზიციას კი, ეს ცალ ფეხზე ჰკიდია. საუბარი იმაზე, რომ ამ ოლქებს საკუთარ თავზე ვირგებთ, უსინდისობაა, რადგან თვითმმართველ ქალაქებში, სადაც 15 მანდატი ნაწილდება, 28 მანდატი გადანაწილდება და 50 პროცენტიანი ბარიერი შემოდის. თუკი ეს საკუთარ თავზე მორგებაა, ეს მათ სინდისზე იყოს“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მის ნაცვლად, პროპორციული სისტემის შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტი თებერვლიდან განიხილავს და ძიძიგური პროგნოზირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უფრო მძიმე საუბარი გაიმართება, ვიდრე საარჩევნო კოდექსზე.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისთვის 50 პროცენტიანი ბარიერი წესდება და თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება.

ამას გარდა, ცვლილებებით, საქართველოს დანარჩენ რაიონებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით, გაყოფის გზით, 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

ასევე ინიციატივით, 13 მუნიციპალიტეტის - საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების საზღვრები თანხვედრაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან იქნება.