„რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ფორმულას დასავლეთი ნელ-ნელა, თანდათანობით ცვლის“

„რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ფორმულას დასავლეთი ნელ-ნელა, თანდათანობით ცვლის“

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას 2016 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზეთი Die Welt საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანული გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს, საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად იქნება შეფასებული.

როგორც Die Welt აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ნიშნავს, რომ ისინი შენგენის ზონაში შემავალ 26 ევროპულ სახელმწიფოში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ 6-თვიან პერიოდში, მაქსიმუმ, 3 თვის ხანგრძლივობით. აღნიშნული არ გულისხმობს ევროკავშირში უვიზოდ მუშაობასა და სწავლას. ამისთვის საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ადრინდელივით მოუწევთ სამუშაო და სასწავლო ვიზის მოპოვება.

ხდება თუ არა აღნიშნული ინფორმაციის „გაჟონვით“ რუსეთის პოზიციის მოსინჯვა ევროპის საბოლოო გადაწყვეტილებამდე და რას ნიშნავს საქართველოსთვის მოსალოდნელი „მწვანე შუქი“ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

ბატონო რამაზ, ანგარიშის მიხედვით, უკრაინას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით 2016 წლის გაზაფხულამდე მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების რეკომენდაციაც მიეცემა. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს შესახებ შენიშვნები არ იქნება - ეს რას ნიშნავს?

- ითვლება, რომ ეს პრობლემა საქართველოში არ არის მწვავე და ნამდვილად არ არის, თუ უკრაინას შევადარებთ კორუფციის თვალსაზრისით - უდავოდ სასიამოვნო ფაქტია. მთლიანობაში, ეს უფრო პოლიტიკური ფაქტია და მიუთითებს ევროპის დამოკიდებულებაზე, ანუ როდესაც სტუმარს კარს უღებ ზედმეტი დაკითხვის გარეშე, თან გასაღებსაც აძლევ, გამოდის, რომ ნდობას უცხადებ. ევროპის მხრიდან ნდობის გამოცხადება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ვიზალიბერალიზაციაში.

ეკონომიკური და თუ შეიძლება ითქვას, ყოველდღიური სოციალური თვალსაზრისით, ისეთი არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ბიზნესმენებს შედარებით გაუადვილდებათ ურთიერთობა, თუმცა ეს ის ტექნიკური დეტალია, რომელიც ისედაც არ იყო დაბრკოლება მისთვის, ვისაც სურდა ბიზნესურთიერთობების დამყარება.

ჩვეულებრივი მოქალაქეები შევძლებთ უფრო ადვილად გადავლახოთ საზღვარი, თუ სხვა პირობები, მაგალითად, ფინანსური, ხელს შეგვიწყობს. მაგრამ, ეს ყველაფერი უფრო დეტალების შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე პოლიტიკური ნაწილი, რომლითაც საქართველოსადმი ევროპის დამოკიდებულება მჟღავნდება.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ საკუთარი დამოკიდებულება ოფიციალური წერილით გამოხატა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ზოგადად, ევროპის დამოკიდებულება იცვლება რუსეთის მიმართ და არ ერიდება მისი ინტერესების იგნორირებას?

- რუსეთის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ამ პროცესების მიმართ - გაიხსენეთ, ამ დღეებში გავრცელდა კარასინის განცხადება, რომ რუსეთი ადევნებს თვალს და მგძნობიარეა ამ პროცესების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური მდგენელია აქ უმნიშვნელოვანესი, ანუ რამდენად ღრმად შედის ევროპა რუსეთის გეოპოლიტიკურ სამეზობლოში. აქ ნატოზე არ არის ლაპარაკი, არამედ დამოკიდებულებაზე. პრინციპში, იწყება მოსინჯვა, პოზიციისა, რომ თუ რუსეთს არ გაუწევ ანგარიშს, შეიძლება, რუსეთმა უფრო მეტად გაუწიოს მათ ანგარიში.

დიდი ხნის განმავლობაში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ევროპას ჰქონდა პოზიცია, რომ რუსეთს, როგორც ძლიერ და არაპროგნოზირებად ქვეყანას გავუწიოთ ანგარიში, რათა ცუდი არაფერი გააკეთოს. ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, უკვე დადასტურდა, რომ რუსეთი მაინც ცუდის მქნელია თუ ეს განიზრახა.

მგონია, რომ ევროპის მოქმედების ძირითადი ფორმულა იცვლება ნელ-ნელა და თანდათანობით, მაგალითად, ნატოში მიიპატიჟა ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. იმ ქვეყნების ვიზალიბერალიზაციაზეა ლაპარაკი, რომლის მიმართაც რუსეთს რეაქცია აქვს - ანუ, ნელ-ნელა იწყება რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ნაბიჯების გადადგმა, რუსეთზე ზეწოლა.

დაახლოებით იგივე პოლიტიკაა, რაც რუსეთს აქვს სხვა ქვეყნების მიმართ - თუ ისინი არ მოიქცევიან რუსეთის ინტერესების შესაბამისად, მაშინ რუსეთი მათ ინტერესებს უგულებელყოფს. როგორც ჩანს, ანალოგიური პროცესები იწყება რუსეთის მიმართ და ამ ნიშნებს ვხედავ მონტენეგროს მიპატიჟებაშიც და საქართველოსა და უკრაინის მიმართ უვიზო რეჟიმის შემოღებაშიც.

რამდენად ანგარიშგასაწევია, რუსეთის განცხადება, რომ ყველაფერს თვალს ადევნებს, ეს ზრდის საფრთხეების რისკს?

- რუსეთი როგორც საფრთხე საერთოდ, საინტერესო თემაა. ზოგადად, საქართველოშიც ბევრ მოქალაქეს აქვს პოზიცია, რომ ნუ გავაბრაზებთ და მოვიქცეთ როგორც მას სურს, რომ იქნებ საფრთხე ავიცილოთ. როგორც ჩანს, ეს ფორმულა არც დასავლეთთან და არც მეზობლებთან ურთიერთობაში არ მუშაობს. ეს გამოჩნდა კიდეც სომხეთის მაგალითზე - ძნელი წარმოსადგენია მეორე ქვეყანა, რომელიც ასე უწევს ანგარიშს რუსეთს. შედეგად სომხეთმა მიიღო ის, რომ რუსეთმა ვალში წაართვა მთელი საწაარმოო პოტენციალი. ამავე დროს, სულ უფრო ნაკლებად უწევს ანგარშს სომხურ ინტერესებს, იგივე ყარაბაღის საკითხში, რომელიც თვითონვე რუსეთის ინტერესებშია. ანუ რუსეთის ფორმულაა - მე გამიწიეთ ანგარიში, მაგრამ გავაკეთებ იმას, რაც მე მსურს - მას არავისთან არ სურს დათმობაზე წასვლა.

საინტერესო ინიციატივა ჰქონდა ირაკლი ალასანიას, რომ შეიქმნას საქართველო-გერმანია რუსეთის დიალოგის ფორმატი, რადგან გერმანია ის ქვეყანაა, რომელსაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დარეგულირება შეუძლია. რამდენად რეალურად განსახორციელებელია და ეფექტი თუ ექნება, რადგან უკვე ვთქვით, რომ რუსეთი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს უწევს ანგარიშს...

- რუსეთი მხოლოდ საკუთარ ინტერესებსაა მორგებული, მაგრამ გერმანია ის ქვეყანაა, რომელთან თანამშრომლობის რეჟიმიც რუსეთს აქვს და რომლის პოზიციაც რუსეთს არ აღიზიანებს, განსხვავებით ამერიკის პოზიციისგან, რომელიც რუსეთისთვის განურჩევლად გამაღიზიანებელია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანიის პოზიციას რუსეთი მეტ-ნაკლებად, ყურადღებას აქცევს, ამ მხრივ ალასანიას პოზიცია უდავოდ, პერსპექტიულია. მაგრამ, გამიჩნდა კითხვა - რითი იქნება ეს არგუმენტირებული, მაშინ, როდესაც არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც უფრო ფართო სპექტრია წარმომადგენლებისა? - შესაძლოა, მოსაძებნი იყოს კიდეც ურთიერთობების სხვა ფორმატი, რომელიც სამმხრივ ურთიერთობებს ითვალისწინებს. არ გამოვრიცხავ, გაჩნდეს სხვა სამეული და ამ მესამე ქვეყნის მრავალი ვარიანტი გამოიკვეთოს, მაგალითად - ჩინეთი. ჩინეთს არა თუ ანგარიშს უწევს, სიტყვას ვერ უბრუნებს რუსეთი. როცა მომწიფდება ქართულ-ჩინური ურთიერთობები საიმისოდ, რომ ამ ტიპის წინადადება შესთავაზოს ქართულმა მხარემ ჩინეთს, მერე ამაზეც შეიძლება ფიქრი.

ის ფორმულა, რომ მოიძებნოს ქვეყნები, რომლთანაც რუსეთს უკვე ჩამოყალიბებული პოზიტიური ურთიერთობა აქვს და ამ გზით ვცადოთ გარკვეული დადებითი მომენტის შეტანა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, არ არის გამორიცხული, საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით პერსპექტიულიც იყოს და გარკვეული როლიც შეასრულოს, თუკი შევა ქართული დიპლომატიის არსენალში.

რამდენად შეიძლება დასავლეთის ახალი ტენდენცია, რომ რუსეთის პოზიცია არ იყოს მისთვის იმდენად წონადი, როგორც უწინ, შეეხოს საქართველოს ნატოს მიმართულებითაც? მით უმეტეს, რომ ამ კუთხით ჩვენ შესრულებული გვაქვს ყველა საშინაო დავალება...

- ვიზალიბერალიზაცია უფრო მსუბუქი ვარიანტია, ნატო უფრო მძიმე თემაა როგორც რუსეთთან, ასევე, ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში. დღეს დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობა ძალიან ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის, ორი წამყვანი თემაა - სირია და უკრაინა. ორივე არსებით გავლენას ახდენს მსოფლიოზე და არავინ იცის, საბოლოოდ როგორი დამოკიდებულებები ჩამოყალიბდება.

არაერთხელ ითქვა, რუსეთმა სირიის კამპანია დაიწყო იმიტომ, რომ უკრაინის გამო საერთაშორისო ოჯახიდან გარიყული რუსეთის მიმართ უფრო ლმობიერები გამხდარიყვნენ ევროპული ქვეყნები. რამდენად გამოუვა ეს პოლიტიკური სვლა რუსეთს, რა შედეგს მიიღებენ დასავლეთის ქვეყნები და ამერიკა, ამ ყველაფერზე იქნება დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები ნატოს გაფართოებისკენ.

ნატოს გაფართოება რუსეთის ფაქტორის გამოკლებითაც სჭირდება დასავლეთს, რადგან ეს არის ფაქტობრივად, ისლამისტების გაფართოების ალტერნატივა. ასე რომ, რუსეთის ფაქტორი რომ მოიხსნას კიდეც, ნატოს გაფართოება მაინც აქტუალური ხდება.

არ არის გამორიცხული, ისე გამწვავდეს სიტუაცია, რუსეთი თავად გახდეს ნატოს გაფართოების მომხრე, რადგან ისლამური სახელმწიფო უზარმაზარი საფრთხეა თავად რუსეთისთვის - ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამისტების გავლენა ძალზე დიდია.

ან შესაძლოა, იმდენად გამწვავდეს რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა, რომ ყველაფერი პირიქით მოხდეს. ამ ეტაპზე ძნელია თქმა, რა მოხდება - ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები. შესაძლოა, საერთაშორისო პროცესები მანამდე ჩამოყალიბდეს და დაღვინდეს კიდეც. პრინციპში, ამ გლობალურ საკითხებზეა დამოკიდებული ის, რასაც საჩვენო თემად ვთვლით, ანუ შევა თუ არა საქართველო ნატოში.