საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას ზაფხულში მიიღებს - „ეს იქნება მიმოსვლა და არა მონობა უცხოეთში“

საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას ზაფხულში მიიღებს - „ეს იქნება მიმოსვლა და არა მონობა უცხოეთში“

საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლოა, მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყონ. მსგავს პროგნოზსს გერმანული გამოცემა - „DieWelt“ აკეთებს, რომლის პათოსს ქართული პოლიტიკური სპექტრი იზიარებს და ევროპას მიმართვას უგზავნის.

ერთის მხრივ, არასაპარლამენტო პარტიებმა და მეორეს მხრივ, პარლამენტმა ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის მისამართით განცხადება 76 მომხრე ხმით მიიღო, სადაც საქართველოში გატარებული რეფორმები ხაზგასმულია და ევროპის მიმართ მოწოდება გაკეთებულია, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია მიანიჭონ.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებული განცხადების ავტორია, განმარტავს, რომ 15 დეკემბერს, ევროკომისია საქართველოს თაობაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და მათთვის ქართველი პოლიტიკოსების მიერ მიღებული მიმართვა ნათელი სიგნალი იქნება. for.ge-სთან საუბარში დოლიძე ამბობს, რომ ის ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლას ადრეულ გაზაფხულზე, ან გვიან ზაფხულზე ელოდება.

„მოქალაქეებს ბევრი სიკეთე ელოდებათ და ისინი ევროპაში რიგებში დგომისა და ლოდინის გარეშე იმოგზაურებენ. პოლიტიკური ძალები ყაბულს არიან, რომ ეს სიგნალი საკუთარ თანამოქალაქეებს მისცენ. ევროკომისიის მიერ პოზიტიური დასკვნა იქნება წარდგენილი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესი დაეფუძნება. უვიზო მიმოსვლა ზაფხულიდან დაიწყება, მთავარია, მთავრობამ შეცდომები არ დაუშვას, სწორად იაროს და დემოკრატია განავითაროს“, - აცხადებს დოლიძე.

ქვეყნისთვის უვიზო მომისვლის მიცემას პროგნოზირებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი. როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, ამჟამად, ადამიანებს ევროპა წარმოუდგენელი რაღაც ჰგონიათ, მაგრამ მათ მალე, ევროპა ჯიბეში ექნებათ და როცა მოუნდებათ, ევროპაში წავლენ-წამოვლენ. ბერძენიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც უვიზო მიმოსვლა დაიწყება, თავს სხვა პრობლემები იჩენს და საზოგადოება იტყვის, ფული არ გვაქვსო.

„პრობლემებს ნაწილ-ნაწილ ვწყვეტთ. პროცესებს წინ ვუსწრებთ და ჩვენს მიერ მიღებული განცხადებით ვამბობთ, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი უვიზო მიმოსვლის მომხრეა. ევროპელებს ინფორმაცია მიუვიდათ, რომ არიქა, საქართველო სტალინის მოყვარული ქვეყანაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთისკენ მიილტვისო, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ საშინაო დავალება კარგად შეასრულა და ლომისწილი სამინისტროებზე იყო“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

კანონმდებელი ამბობს, რომ ის, რაც გერმანულამ პრესამ იწინასწარმეტყველა, რეალობას ძალიან ჰგავს.

ბერძენიშვილი სკეპტიკოსების მოსაზრებებსაც ეხმაურება, რომ უვიზო მიმოსვლის შედეგად ქვეყანა დაიცლება და ამბობს, რომ ეს იქნება მიმოსვლა და არა პირიქით - მონობა უცხოეთში.

„სამი-ხუთი თვე დასჭირდება, რომ დეკემბრის შემდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილების რეალიზაცია მოხდეს. ბიომეტრიული პასპორტის გაცემა ლატვიასა და ლიტვას დავასწარით, მოქალაქეები კი, შენგენის ზონაში 90 დღის ან 180 დღის განმავლობაში შევლენ. საქართველოს საბერძნეთში 300 ათასი ადამიანი ჰყავს და გადინებები კი არ მოხდება, პირიქით, რეადმისია იქნება და ბევრი ადამიანი ქვეყანაში დაბრუნდება. ბევრი იმის შიშით ვერ ბრუნდება, რომ უკან ვეღარ მოხვდება. ეს არის წერტილი, საიდანაც უკან მოსაბრუნებელი არ არის. ეს ის ნაბიჯია, საიდანაც ევრაზიისკენ გახვევა შეუძლებელია“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

დეპუტატი ნაციონალების გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რომლებმაც დოკუმენტს მხარი იმ მოტივით არ დაუჭირეს, რომ მასში მათი მოთხოვნის შესაბამისად, მედიის თავისუფლების საკითხებზე დამატება არ შევიდა.

ბერძენიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი არ არის, რომ ნაციონალებმა რომელიღაც დოკუმენტს მხარი დაუჭირეს, ან არა.

„მათ უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას ხელი მოაწერეს და ეს მათთვის იოლი გასაკეთებელი არ იყო, რადგან ყველა ნაციონალი ასე არ ფიქრობს და ზოგიერთი მათგანი ევროპის პარლამენტში რას და როგორ აკეთებდა, ძალიან კარგად ვიცით. ისინი ამბობენ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთო, რაც მართალი არ არის. ეს პროგრამა 2013 წელს დაწყებულია და ხელისუფლებამ დიდი სამუშაო გასწია, თუმცა, მათ ევროინტეგრაციის კუთხით ნაბიჯები გადადგმული აქვთ, ისევე როგორც შევარდნაძეს აქვს ნატოს მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული. არავის არაფერს დავუვიწყებთ და უმადურები არ ვიქნებით“, - ამბობს ბერძენიშვილი.

ნაციონალების გადაწყვეტილებაზე აპელირებს უმრავლესობის ლიდერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე. for.ge-სთან კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლემიკის სურვილი გაუჩნდა, რომ ეს პროცესი კინკლაობაში გადაეყვანა.

„ბოლო დროს, ნაციონალებს არაორგანიზებულობა ეტყობათ. თუკი მათ ალტერნატიული წინადადება ჰქონდათ, დაეყენებინათ. მათ არასაპარლამენტო ძალების განცხადებიდან მთელი აბზაცი მოიპარეს და როგორც საკუთარი ისე შემოგვთავაზეს. ეს პრობლემა არ იქნებოდა, რომ ზოგიერთ აგრესიულ ნაციონალს, ხელისუფლების წინააღმდეგ ტექსტი აგრესიული პათოსით არ წარმოედგინა. მათ თავის წარმოჩენა სცადეს, როგორც თითქოს, უვიზო მიმოსვლის მხარდამჭერები არიან, მაგრამ გვახსოვს, კონკრეტული ლიდერები როგორ აქტიურობდნენ, რომ ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში უვიზო მიმოსვლა არ მიეღო. ყოველ მეორე წინადადებაში ამტკიცებდნენ, რომ რომის პაპზე მეტი კათოლოკეები არიან. სად დგანან და რას ემსახურებიან, ამაზე ხალხი პასუხს მომავალ არჩევნებზე გასცემს“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მმართველი გუნდის ბრალდებების საპირისპიროდ, for.ge-სთან ნაციონალი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალებს თავი დოკუმენტის რატიფიკაციაზე რომ შეეკავებინათ, ეს გაუგებარი იქნებოდა. კანონმდებელის ცნობით, უმცირესობამ განცხადებაში მთავრობისადმი მოწოდების ჩამატება მოითხოვა, რომ მან მედიის თავისუფლება გაითვალისწინოს.

„ესეც არ უნდათ და დემაგოგიურ გამონათებას ეწევიან. თუკი კოლექტიურ მტრებად მივაჩნივართ და ამავე დროს ხელმოწერას გვთხოვენ, კარგად იყვნენ. ჩვენ ჩვენს განცხადებებს ვაგზავნით და გაიხსენონ, რომ ზოგჯერ, თანამშრომლობაა საჭირო, როგორ ექცევიან ოპოზიციას“, - ამბობს დარჩიაშვილი.

დეპუტატი ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია და აცხადებს, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლის დიდი შანსი აქვს, თუკი მთავრობამ რაიმე დიდი სისულელე არ ჩაიდინა, რადგან ევროკავშირი ძალიან მოწადინებულია.

„ეს როგორც ადამიანის უფლებების საკითხი, ასევე გეოპოლიტიკური თემაცაა, რომ რუსული გავლენა შეკავებული იქნეს. ეს გადაწყვეტილი საკითხია, მაგრამ საჭიროა ტექნიკური მხარე. თუკი „რუსთავი 2“-ზე შეტევა ისევ დაიწყო, მაშინ ბრიუსელს სხვა გამოსავალი არ დარჩება თუ არა - პროცესები შეაჩეროს. თუკი ამ პროცესს რაიმე დააბრკოლებს, ეს მათი ქმედებები იქნება“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

რაც შეეხება დოკუმენტს, მასში აღნიშნულია, რომ ევროპისკენ სწრაფვა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და ისტორიული არჩევანია.

 „პარლამენტი მოუთმენლად ელის, რომ დეკემბერში საქართველოს ხელისუფლების მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში. ასევე, პარლამენტი მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა, რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა“, - ნათქვმია დოკუმენტში.

განცხადებაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მცხოვრები ხალხის რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას, მეტიც ყველასათვის გამოავლენს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებსა და ევროპული არჩევანის უტყუარ სარგებელს.