თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ BBC იუწყება.
მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და დავუთოღლუს არც ის დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციებზეა საუბარი, თუმცა ის აცხადებს, რომ ანკარა მზადაა მოსკოვთან დიალოგისთვის, მაგრამ ვერ მოითმენს, რუსეთმა თურქეთს საკუთარი ნება მოახვიოს თავს.
უფრო ადრე დავუთოღლუს განცხადებას წინ უძღოდა მასზე ბევრად თავშეკავებული პოლიტიკოსის, თურქეთის პრეზიდენტის - ერდოღანის განცხადება, რომელმაც გასულ კვირას მოკლედ მოჭრა, რომ სირიაში რუსეთის ადგილი არ იყო. ერდოღანმა ამას საკუთარი ახსნაც მოუძებნა, რომ სირიელ ხალხსა და თურქებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებდათ, მათ შორის, ადრე სირიის ტერიტორიები ოსმალთა იმპერიაში შედიოდა და იქ ეთნიკური თურქები ცხოვრობდნენ.
იმ ფონზე, როცა რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ გარკვეული სახის სანქციები უკვე დააწესა, საინტერესოა, რა ბერკეტები აქვს თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ და, ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, პოლიტიკური შეზღუდვებიც თუ განიხცილება?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა სულაც არ ჰგავს ურთიერთობას საქართველოსა და თურქეთს შორის, სადაც მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობის ქუჩაა - „ჩვენ თურქეთში არაფერი გაგვაქს, იქიდან კი ყველაფერი შემოდის“. პოლიტოლოგი თვლის, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობაში თანაფარდობა შეიძლება მკვეთრად შეცვალოს იმ ფაქტმა, რომ პუტინს უკვე გადაეცა ჩამოგდებული ბომბდამშენის შავი ყუთი და ამას პუტინის უჩვეულო რეაგირება მოჰყვა. მან დაავალა სამხედროებსა და დიპლომატებს შავი ყუთის გახსნა, საიდანაც გაირკვევა, მართლა აძლევდნენ თუ არა რუს მფრინავს თურქი მფრინავები გაფრთხილებას, გასულიყვნენ მათი ზონიდან? პუტინი აპირებს, ეს ჩანაწერი მოასმენინოს საერთაშორისო წრეების წარმომადგენლებს. ცხადია, რუსეთის სასარგებლო რომ არ იყოს ეს ჩანაწერი, პუტინი ასეთ უპრეცედენტო ნაბიჯს არ გადადგამდა.
„ამაზე ნაღდი მტკიცებულება არ არსებობს. ამან შეიძლება საერთოდ შეცვალოს კონფლიქტის მთელი კონფიგურაცია. რასაკვირველია, თურქეთსაც და რუსეთსაც შეუძლიათ ერთმანეთის ეკონომიკას პრობლემები შეუქმნან. თურქეთი იმის იმედზეა, რომ სანქციების წნეხის ქვეშ მყოფი რუსეთი თურქეთის მხრიდან კიდევ ახალ ემბარგოს ვერ შეეგუება. თუმცა ეკონომიკური ცივი ომის ინიციატორი რუსეთი იყო, ემოციურ ფონზე გადაწყვეტილებას პუტინი არ ღებულობს, მას ცივი გონებით მოქმედების სკოლა აქვს გავლილი. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს გათვლილი ჰქონდა თურქეთთან ეკონომიკურ კონფრონტაციაზე წასვლის ყველა რისკი.
პუტინის მთავარი დასაყრდენია მისი მაღალი რეიტინგი რუსეთში. ესეც უჩვეულოა, რადგან მსოფლიო დიქტატორთა რეიტინგი ყოველთვის ხელოვნური იყო. ამ მხრივ რუსეთი გამონაკლისია, თორემ თავის დროზე ერაყის, ლიბიის დიქტატორთა, ფრანკოს, ჰიტლერის, მუსოლინის რეიტინგები მეტწილად ხელოვნური იყო, პუტინს კი მართლაც უჭერს მხარს თავისი ხალხი. ამიტომ, პუტინისთვის მთავარია საკუთარი ხალხის მხარდაჭერის შენარჩუნება, ეკონომიკურ სირთულეებს კი რუსი ხალხი მოითმენს. მას უარესიც გადაუტანია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება თურქეთის მუქარას, რომ სირიაში რუსეთის ადგილი არ არის, პოლიტოლოგი ფიქრობს, საეჭვოა, თურქეთს პოლიტიკური ბერკეტებიც ჰქონდეს რუსეთზე და სირიიდან გააგდოს რუსეთი. მართალია, თურქეთის ზურსგსუკან ნატო დგას, მაგრამ ნატო თურქეთისთვის ორლესული მახვილია და სწორედ ნატოა მთავარი შემაკავებელი ფაქტორი თურქეთისთვის.
„სხვათა შორის, პრემიერი დავუთოღლუ გაცილებით აგრესიულია და უფრო ოსმალური იმპერიალიზმის აპოლოგეტია, ვიდრე ერდოღანი. საქართველოსთან მიმართებითაც ერდოღანს არასოდეს გაუკეთებია ისეთი ანტიქართული განცხადებები, რასაც დავუთოღლუ აკეთებდა. სწორედ დავუთოღლუ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა 2013 წელს სკანდალური პრესკონფერენცია ჩაატარა და პირდაპირ თქვა, ბათუმი, ყარსი ჩვენია და მალე მოვა დრო, ჩვენ ამას დავიბრუნებთო. რაც შეეხება სირიას, აქ უკვე რუსეთს სერიოზული სამხედრო ძალა გააჩნია, კიდევ უფრო აძლიერებს ამ ძალას, რამდენიმე დღის წინ ახალი საზენიტო დივიზიები შეიყვანა დამასკოში და არავითარ შემთხვევაში, ნატო იმის უფლებას არ მისცემს თურქეთს, ცხელ ომამდე მიიყვანოს ცივი ომი. საინტერესოა, რომ იმ სადაო ტერიტორიის თავზე, სადაც კონფლიქტი მოხდა და ჩამოაგდეს თვითმფრინავი, არც რუსები და არც თურქები აღარ ფრინავენ. ორივე მხარე ერიდება შემდგომ ესკალაციას. რუსეთსა და თურქეთს არ უნდათ ომი, თურქეთს რომც უნდოდეს ომი, ერთი-ერთზე რუსეთთან ვერაფერს გახდება“.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ სავიზო რეჟიმი 1-ლი იანვრიდან შემოიტანა. შესაბამისად, შესაძლოა, ამაზე სარკისებურად უპასუხოს თურქეთმა და სავიზო რეჟიმი მანაც დააწესოს რუსეთის მიმართ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი ძირითადად აწარმოებს რუსეთში მომსახურებისა და სასაქონლო ექსპორტს და იმპორტი ამ ქვეყანასთან ნაკლებადაა, ერთადერთი დეტალი რჩება, რომ თურქეთმა რუსეთისგან გაზი არ იყიდოს, მაგრამ აწყობს ეს თურქეთს?
„მაშინ თვითონ ჩავარდება ძალზე ცუდ მდგომარეობაში. ეს სანქციები ორივე მხარისთვის დამაზარალებელია. რას მოიგონებენ, რას გააკეთებენ, ძნელი სათქმელია. დღევანდელ სამყაროში ბაზარი იმდენად კონკურენტუნარიანია, რომ ვაკუუმი დიდხანს არ დარჩება, ალტერნატიული შეთავაზებები ბევრია და ეს ყველაფერი დროებითია. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი სანქცია ორივე მხარეს გარკვეული პერიოდით დააზარალებს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.