„ისეთივე სტაბილიზაციაა ეკონომიკაში, როგორც სასაფლაოზე“

„ისეთივე სტაბილიზაციაა ეკონომიკაში, როგორც სასაფლაოზე“

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძლიერი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკაში სტაბილიზაციის ნიშნებს ხედავს. ფონდის მისიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა კვლავაც რთული საგარეო ვითარების პირობებში ფუნქციონირებს.

„საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებამ და მათი ვალუტების გაუფასურებამ საქართველოს ექსპორტისა და უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების კლება განაპირობა. ყოველივე ამის შედეგად, ასევე, გლობალურად აშშ დოლარის გამყარების ფონზე, შემცირდა უცხოეთიდან შემოსავლების შემოდინება, რამაც გამოიწვია წლის განმავლობაში ლარის 35 პროცენტზე მეტით გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ. ვალუტის გაუფასურება ეკონომიკას ეხმარება გარე შოკებთან გამკლავებაში, თუმცა ვალის ტვირთს უზრდის მსესხებლებს... თუმცა ძლიერი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა სტაბილიზაციის ნიშნებს იჩენს. ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს მცირედით აღემატება ადრინდელ პროგნოზს და მოსალოდნელია, რომ 2.5 პროცენტი იქნება, ხოლო 2016 წელს 3 პროცენტამდე გაძლიერდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

სსფ-ს შეფასების თანახმად, ამ პროგნოზს ახლავს გაუარესების რისკები, რაც ძირითადად ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესებიდან მომდინარეობს. თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობა უმჯობესდება. რამდენად გვაძლევს რეალური ეკონომიკური სურათი ოპტიმიზმის საუძველს, ამ თემაზე, ექსპერტი, დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.

ბატონო დემურ, სავალუტო ფონდის გარდა სტაბილურობის ნიშნებზე საუბრობდა რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. ეს ნიშნავს, რომ დადებითი ტენდენცია რეალურად შეინიშნება, თუ პოლიტიკური განცხადებებია ანუ პოზიტიური განწყობის შექმნაა საჭირო იმისათვის, რომ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი მოიძებნოს?

- იმდენად რთული სიტუაციაა და იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკა, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილიზირებულია. ამდენად, ახალი ამ შეფასებაში არაფერია. გარე შოკების გავლენა არ მოხსნილა და დადებით მიმართულებას არ უნდა ველოდეთ, პირიქით, გარე დაძაბულობა იზრდება. ამდენად, შიდა პოლიტიკა იქნება განმსაზღვრელი იმისათვის, რომ ეკონომიკა მეტ-ნაკლებად, გაძლიერდეს.

არ მჯერა ამ შეფასებებისა, რადგან ისინი, როგორც წესი, პოლიტიკური დატვირთვის მატარებლები არიან. ეკონომიკა კი 25 წელია, წინ არ მიდის და ეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მონაცემებსაც ეტყობა, რომლის მიხედვითაც მდგომარეობა ფაქტობრივად, არ გაუმჯობესებულა. ამდენად, მისიების შეფასებები მხოლოდ ილუზორულია, რადგან მთავარი მთავრობის შიდა პოლიტიკაა, რომელიც ძალზე სუსტია.

თქვენ ამბობთ, რომ 25 წელია ეკონომიკა ფაქტობრივად, ერთ მდგომარეობაშია გაყინული, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შესაბამისი პოტენციალი არ გააჩნია თუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის სუბიექტური მიზეზები იყო ხელშემშლელი?

- პირველ რიგში, სუბიექტური მიზეზები არსებობს, რადგან როდესაც დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე შენ გაქვს 16 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ეკონომიკა, გამოდის, რომ ეს უკვე ფინიშია, აქედან კი სტანდარტული მეთოდებით გამოსვლა არ ხდება.

მთავარი პრობლემა, რასაც წლებია ვუყურებთ, არის დილეტანტიზმი და გაუაზრებელი პოლიტიკა, რომელმაც შედეგი ვერასდროს მოიტანა. ის დადებითი ეპიზოდები, რომელიც მთელ ამ პერიოდში შეინიშნებოდა, უფრო გარემოებებით იყო გამოწვეული, ვიდრე პოლიტიკის გამო.

ბოლო წლებში თითქმის ყოველთვის კეთდებოდა პროგნოზები, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება იყო მოსალოდნელი. თუმცა, დღევანდელი პროგნოზებით სტაბილიზაცია ანონსდება... ეს ცვლის რამეს?

- ყველზე სტაბილური სიტუაცია არის სასაფლაოზე, გინდ ქარიშხალმა გადაუაროს, გინდ არა, ყველაფერი შესანიშნავადაა, რადგან გადაივლის და მზე ამოვა, ასეა ქართული ეკონომიკაც, რომელიც მიცვალებულის მდგომარეობაშია და აქ სტაბილიზაციაზე საუბარი უხერხულია. ეს არის უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა. უბრალოდ, არსებობს ილუზიები, რომელიც ამ მდგომარეობას კვებავს.

წინა ხელისუფლების პირობებშიც და ამ ხელისუფლების დროსაც გვაიმედებდნენ, რომ გარე ინვესტიციების ზრდით შესაძლებელი იყო ეკონომიკური წინსვლის მიღწევა. სტატისტიკის მიხედვით წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. თქვენი აზრით რა არის მიზეზი, გარდა იმისა, რომ ზოგადად, რეგიონში რთული სიტუაციაა?

- საქმე ისაა, რომ ქვეყანას თუ საკუთარი რესურსები, ადამიანური, ფინანსური, მატერიალური, მობილიზებული აქვს ეკონომიკის განვითარებაზე, გარე ინვესტიციები ავსებს შიდა ინვესტიციებს. დაახლოებით 4,5-5 მილიარდის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციაა საჭირო იმისათვის, რომ ეკონომიკას დაეტყოს. ის სტატისტიკა, რაც გვაქვს, ანუ დაახლოებით 200 მილიონზეა საუბარი, რომელიც იხარჯება წარმოების შექმნასა და მომსახურებაზე, უმნიშვნელოა და ამიტომ ვერ ახდენს ინვესტიციები გავლენას ეკონომიკაზე.

თუმცა მთავარი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების პრიმიტიული დამოკიდებულებაა საგარეო ინვესტიციების მიმართ. როდესაც შიდა გარემო არ გივარგა, როდესაც მეწარმე არ არის მობილიზებული, როდესაც შენი რესურსები არ არის მიმართული ეკონომიკის ზრდისკენ, გარე ინვეტიციები ეფექტური ვერ იქნება. ამას მხოლოდ მაშინ აქვს ეფექტი, როდესაც ქვეყნის შიგნით აღმავლობის გზას ადგას ხალხი. გარე ინვესტიციებით ეკონომიკის აღორძინება, როგორც წესი, არ ხდება და არც მომავალში მოხდება.

საგადასახადო კანონდებლობაა დასახვეწი?

- მთავარია სოციალური ინფრასტრუქტურა, ანუ ინსტიტუციები და ის მენტალობა, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალი და კანონიერი მეწარმეობის განვითარებას. ხელისუფლებით დაწყებული, ბიზნესით დამთავრებული, სიმდიდრის გადანაწილებაზეა ორიენტირებული. არ გვაქვს პოლიტიკა რომელიც ხელს შეუწყობს სიმდიდრის შექმნას და არა სიმდიდრის გადანაწილებას. რა არის საქართველოში საუკეთესო ბიზნესი? - ცხადია ხელისუფლებაში ყოფნა. რატომ განაგებს ხელისუფლება მთლიანობაში ეკონომიკას? - იმიტომ, რომ რენტას ანაწილებს - ეს არის მთავარი უბედურება.

ეს იყო ძირითადი ბრალდება წინა ხელისუფლების მიმართ, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ასეთი ბრალდებები შედარებით ნაკლები სიმწვავით ისმის...

- მე მოგახსენებთ არა რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებაზე, არამედ იმაზე, თუ რა ხდება მთელი 25 წელია - ვსაუბრობ იმ მენტალობასა და ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება რეგიონში დაძაბულ სიტუაციას, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, გარე შოკები მეტ-ნაკლებად განეიტრალდეს?

- გარე შოკების გამკლავება შესაძლებელი იქნება, თუ აქტიურ საშინაო პოლიტიკას გავატარებთ. ცხადია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის დაძაბულობა ჩვენი ეკონომიკისათვის მომგებიანი არ არის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ჩვენ თვითონ არ ვართ მობილიზებული - ტოტალური უმუშევრობაა, მეწარმეოება სერიოზულ ბიუროკრატიას აწყდება, ფინანსური რესურსები მიუწვდომელია, მახინჯი საბანკო სისტემაა და ა.შ.

ანუ, რა შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს დადებითი ტენდენციის იმედი?

- დადებითი ტენდენცია შეიძლება იყოს მხოლოდ მიზანმიმართული, სწორი პოლიტიკის ფარგლებში. თავისთავად არაფერი არ კეთდება.

თუმცა ამ ხელისუფლებას უამრავი პროგრამა ჰქონდა და დღესაც ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, რომელმაც წესით, უნდა შეცვალოს ეკონომიკური ფონი. თვლით რომ არასწორად დაიგეგმა თუ უბრალოდ, არასაკმარისი აღმოჩნდა?

- ეს არის კონკრეტული ღონისძიებები და არა სისტემურად გათვლილი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მოდერნიზაციას მოახდენს. ცალკეული, ეპიზოდური, თუნდაც დადებითი გადაწყვეტილებები ვერ ცვლის სიტუაციას. ან კომპლექსურად უნდა გაიაზრო, რა ტრაექტორიით შეიძლება მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა, ან მიმართავ პროპაგანდას და შედეგი არ გაქვს.

საშინაო პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე, ქვეყნის მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსის გამოყენებაზე - კანონის ფარგლებში და არა ნეპოტიზმის და პარტიული ერთგულების ნიშნით.