წევრობის პირობა მიღებულია - საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში დამატებითი კომპონენტები შემოდის

წევრობის პირობა მიღებულია - საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში დამატებითი კომპონენტები შემოდის

ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი ამბობს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა. თუმცა, სენატრო არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პოლიტიკა ნატო-სთან უფრო მყარი კავშირებისკენ ისევ შეიცვალოს. თავის მხრივ ალიანსი თვლის, რომ საქართველოს ყველა შესაძლო ტექნიკური ინსტრუმენტი გააჩნია იმისათვის, რომ მოემზადოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

ალიანსი მზად არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება გააგრძელოს, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.

ამასთნ საგულისხმოა ისიც, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესში ალიანსი შექმნის ახალ პრაქტიკულ გზებს არსებითი პაკეტის წარმატებით იმპლემენტაციისთვის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატების ინიცირების გზით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ნატო-ს კომუნიკეში პირველად დაფიქსირდა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაძლო ტექნიკური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ პოლიტიკას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, ისევე როგორც ევროკავშირის მიმართულებით არსებული დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები, ერთ კონტექსტში წარმოადგენს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხაზს“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

თავდაცვის მინისტრი კი დასძენს: „ვარშავის სამიტის მოლოდინთან დაკავშირებით, ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად დაბალანსებული, რადგან ყველაზე ცუდი, რაც საქართველოში მოხდა, იყო 2008 წლის მოვლენები, მაშინ კი მოლოდინი ძალიან დიდი იყო. ბუქარესტის სამიტისგან MAP-ს ველოდით, თუმცა მივიღეთ პირობა წევრობის შესახებ, რომელიც ალბათ, მნიშვნელობით MAP-ს არ ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, ორივე ერთად იდეალური იქნებოდა, თუმცა ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

„ლევან მიქელაძის ფონდის“ ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შევქმნათ საზოგადოებაში, რადგან ამის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. როდესაც 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იმდენად მაღლა აწია თამასა საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ 2008 წელს ბუქარესტში საქართველო მიიღებდა MAP-ს.

„ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული მოთმინება. ხელისუფლებამ ეს ცუდი გამოცდილება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატოს ვარშავის მომავალ სამიტთან დაკავშირებით. თუმცა, მინდა პოზიტიურად შევაფასო ბრიუსელის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება.

რადგანაც გაჩნდა ახალი ელემენტები და კერძოდ ის, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოემზადოს ნატოში გასაწევრიანებლად. ასევე, გაჩნდა ახალი დებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ვარშავის სამიტამდე უნდა გამოიძებნოს პრაქტიკული თანამშრომლობის გზები იმისთვის, რომ გაძლიერდეს არსებითი პაკეტი და პოლიტიკური დიალოგი“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

როგორც ზალკალიანი აცხადებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია. თუმცა, ამის მიუხედავად არ უნდა გაგვიჩნდეს მოლოდი იმისა, რომ მაინცდამაინც ვარშავის სამიტზე იქნება მიღებული MAP-ი. მისი თქმით, შექმნილი გეოპოლიტიკურ ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია ვარშავის სამიტამდე დამატებითი კომპონენტები იქნეს შემოტანილი საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში.

„მსოფლიოში შექმნილმა ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ, როგორიც არის პარიზის ტერორისტული აქტი, რუსეთ-თურექეთის დაპირისპირება, შესაძლოა, პოზიტიურად იმოქმედოს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი დინამიურად წავიდეს. ვიცით, რომ 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის შემდეგ ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ ამან ძალიან დააჩქარა ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრების ნატოში ინტეგრაციის პროცესი. მსგავს პარალელებს ვხედავ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზალკანიანი.

დამოუკიდებელი ექსპერტის ზაალ ანჯაფარის განცხადებით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ვარშავის სამიტისგან. მისი თქმით, ეს არის საქართველოსთვის უელსის სამიტზე მიცემული გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის ახალი შინაარსით დატვირთვა და მისი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა.

„დიდი ალბათობით მოხდება ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება და მისი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა. შესაბამისად, უფრო მრავალფეროვანი გახდება თანამშრომლობის საკითხი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საქართველოს პროგრესს ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებაში და საქართველო ეყოლებათ პოზიტიური მოლოდინის რეჟიმში.

პრინციპში, ეს პოზიტიური მოლოდინის რეჟიმი რამდენიმე წელიწადია გრძელდება და როგორც ჩანს, ეს არის ნატოს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში მოკლევადიან პერსპექტივაში მანამდე, ვიდრე არ შეიცვლება საერთაშორისო კონიუნქტურა ისე, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ექსპერტი ფიქრობს, ნატო არ დაასრულებს ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირებას, მანამდე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი არ გადაწყდება.

„საქართველო შეიძლება იყოს გაფართოების კალათაში, მაგრამ ეს გაფართოების კალათა, ალბათ, უფრო სამომავლო პრესპექტივაში არის გადატანილი, ვიდრე ინტეგრაცია, რომელსაც ასე მოელის ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილი. თქვენც ნახეთ როგორ განსხვავდება თავდაცვის მინისტრის 3-4 თვის წინ გაკეთებული განცხადებები იმ განცხადებებისგან, რომელიც ჩვენ მისგან დღეს გვესმის. ასპროცენტიანი გარანტიით არაფერის თქმა არ შეიძლება. პოლიტიკური კონიუნქტურა ძალიან დინამიურად იცვლება და ივლისამდე რა მოხდება არავინ იცის“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.