ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ დირექტორის, ზვიად ტომარაძის (რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან დაახლოებული პირია) იდეების გამხმოვანებლად იქცა.
სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის წევრი 2012 წლის ოქტომბრიდან არის, თუმცა დეპუტატი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების თვალსაზრისით, ბოლო სამი თვის განმავლობაში გააქტიურდა. კანონმდებელის მიერ წარდგენილი სამი პროექტიდან ორი კანონპროექტი რელიგიურ საკითხებს ეხება, მათ შორის - ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან „გენდერული იდენტობისა“ და „სექსუალური ორიენტაციის“ ამოღებას და რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებას გულისხმობს.
მართალია, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონების ინიციატორი სოსო ჯაჭვლიანია, მაგრამ ცვლილებების ავტორი ზვიად ტომარაძეა.
ჯაჭვლიანი ფიქრობს, რომ არ შეიძლება ყველამ ის თქვას, რაც ენაზე მოადგება.
„ადამიანის შეურაცხყოფა, მისი რელიგიის შეურაცხყოფა არ შეიძლება და თუ არ გწამს ღმერთის, მაშინ უნდა იწამო კანონის. როდესაც ადამიანი პირჯვარს იწერს, როდესაც ადამიანი მეჩეთში შედის და ლოცულობს, არ უნდა შეურაცხყო. არ შეიძლება ღორის თავის მედრესეზე მიჭედება, ჯვარზე ღორის გაკვრა არ შეიძლება. ყველა რელიგიას აქვს თავის დოგმატიკა და აქედან გამომდინარე, იმის განსაზღვრა, თუ რა არის შეურაცხყოფა, ძალიან ადვილია. შეურაცხყოფაა, როცა ლოცულობ და დაგცინიან“, - დასძენს ჯაჭვლიანი.
for.ge დაინტერესდა, დეპუტატი უწყებაში ტომარაძის იდეების გამხმოვანებლად რატომ იქცა, ეს ატარებს თუ არა პოლიტიკურ დატვირთვას და რა მიზნებს ემსახურება?
უმრავლესობის წევრთა დიდმა ნაწილმა ჯაჭვლიანის გააქტიურებაზე შეფასებების გაკეთება არ ისურვა, თუმცა, გამონაკლისი რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა. for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მომზადება არათუ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც არ არის მიზანშეწონილი, რადგან ის აშკარად, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს.
კორძაია ფიქრობს, რომ ცვლილებების პათოსი ჯაჭვლიანის მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულებაა ამ საკითხების მიმართ.
„ის მონაპოვარი, რაც საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით აქვს, შენარჩუნებული უნდა იყოს. ჯარიმების დაწესება და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და ვფიქრობ, რომ ამას პარლამენტი არც ერთ შემთხვევაში არ გაიზიარებს. რაც შეეხება სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას, ეს დიდი ხნის დისკუსიის თემაა და ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არ არის. თუკი სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას მხოლოდ რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში ვახდენთ, ეს დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. ამ კანონს დასაბუთება სერიოზულად აკლია და ის გაზიარებული არ უნდა იქნეს“, - დასძენს კორძაია.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი, ჯაჭვლიანის პოლიტიკური მოტივების შეფასებას თავს არიდებს. for.ge-სთან სესიაშვილი ყურადღებას ცვლილებების არსობრივ მხარეზე აკეთებს და ამბობს, რომ თუკი დეპუტატის ინიციატივა კეთილ მიზანს ემსახურება, ის პოლიტიკურად მოტივირებულია თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს - პოლიტიკოსს საკუთარი მიზნები ყოველთვის გააჩნია, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ინიცირებული პროექტი შესაძლოა, რაღაც საკითხის დარეგულირებსაც ემსახურებოდეს და ამასთანავე, გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესსაც ატარებდეს. ამაში ცუდი არაფერია, რადგან სხვა შემთხვევაში პოლიტიკოსი საკუთარ შესაძლებლობებს ვერ გამოავლენს. ამ ინიციატივაში ცნებები შესაძლოა დასახვეწი იყოს, ხოლო პრინციპი მისაღებია, რომ რელიგიის თავისუფლება დაცული იყოს და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა პრევენციულად დაცული იქნეს“, - აცხადებს სესიაშვილი, რომელიც პროექტის მხარდაჭერას არ გამორიცხავს.
უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კი ირწმუნება, რომ საკითხი არ შეუსწავლია, პოლიტიკურ მხარეზე კი, მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.
თანაგუნდელების მსგავსად, ცლილებების განხილვას ელოდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე, რომელიც for.ge-სთან ამბობს, რომ მას ამ თემებზე საუბარი როგორც ჯაჭვლიანთან, ასევე ტომარაძესთან ჰქონდა. ფოფხაძის მოსაზრებით, ცვლილებების მიღება პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ასეთი საზოგადებრივი საჭიროება არსებობს.
„სასულიერო პირებს შეურაცხყოფა რომ არ უნდა მივაყენოთ, ისედაც ვიცით. არ მგონია, ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაში იყოს და რაღაც მიზნებს ემსახურებოდეს. ზვიადისთან და სოსოსთან საუბარი მქონდა და რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში ინტერესია, რომ ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაკეთდეს. არ შეიძლება, განსხვავებული რელიგიური შეხედლებების გამო ვიღაცა ვიღაცას თავს დაესხას“, - დასძენს ფოფხაძე.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი ფიქრობს, ცვლილებების უკან პოლიტიკური წიაღსვლები არ უნდა მოიძებნოს. უსუფაშვილი ჯაჭვლიანის გააქტიურებას მიესალმება და ამბობს, რომ რელიგიური გრძნობების არშეურაცხყოფა და რელიგიურ ნიადგაზე სიძულვილის არგაღვივება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს რა ტიპის ამოცანებით მიიღწევა, ეს განსახილველია.
„ვისურვებდი, რომ კანონპროექტის დეტალებში ჩავიდეთ და თვალი იმან არ მოგვჭრას, რომ ეს რელიგიურ საკითხებს ეხება. გამოხატვის თავისუფლება ძალიან ფუნდამეტური უფლებაა, მაგრამ ეს აბსოლიტური უფლება არ არის. ქვეყნებია, სადაც რაღაც საკითხზე განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმა, მაგალითად, გენოციდზე სისხლის სამართლის დანაშაულია. არ მგონია, რომ ეს კანონპროექტი ერთ კვირაში კანონად იქცეს“, - დასძინა უსუფაშვილმა.
პარლამენტის პროცედურების შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებების განხილვა საგაზაფხულო სესიიდან დაიწყება და ჯაჭვლიან-ტომარაძეს საკუთარი ინიციატივების დასაცავად მყარი არგუმენტების წარდგენა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პროექტებისთვის მწვანის ანთება გაუჭირდებათ.
რაც შეეხება ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მის წინააღმდეგ გუნდში ჯაჭვლიანი გამოდიოდა, მაგრამ კენჭისყრის დროს, მან უსუფაშვილს უთხრა, მისი ხმა მიღებული ხმებისთვის „მიეთვალა“. სპიკერმა შედეგებს მიათვალა თუ არა ჯაჭვლიანის ხმა უცნობია, მაგრამ ჯაჭვლიანმა ეს საკითხი განსახილველად ერთი წლის შემდეგ წამოწია.