პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მომავალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატებად „107 ჩერჩილის“ შესვლის პირობას ვერ დებს და პარტნიორებთან კონსულტაციების გამართვამდე, არც კოალიციური შეთანხმების პირობებს ასაჯაროვებს, მაგრამ კოალიციაში რესპუბლიკელების დომინანტობაზე მიანიშნებს და 2016 წლის არჩევნებისთვის მმართველ გუნდს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური პროცესების შეფასების მიზნით, დღეს, დაახლოებით საათნახევრიანი პრესკონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოს პარლამენტისთვის მექსიკაში გადაცემული პრიზის წარდგენით დაიწყო და სპიკერის მხრიდან მორიგი პირობის დადებით დასრულდა.
თუკი დაახლოებით სამი თვის წინ, უსუფაშვილი for.ge-ს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან დარეკვას დაჰპირდა, ჩვენს შემდეგ, სპიკერს პირობის მიცემა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მოუწია, რომლის კითხვაც პატრიარქისთვის პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭებას და ამასთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხებოდა.
კერძოდ, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს, მან მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და დავით უსუფაშვილს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ რიგი პოლიტიკოსები პატიმართა შეწყალებით „დიდ ფულს“ აკეთებენ.
უსუფაშვილი მედიის დარწმუნებას შეეცადა, რომ მას ელისაშვილისგან მსგავსი ინფორმაცია არ მიუღია.
„ახლა თქვენ გპირდებით, როგორც კი პრესკონფერენცია დასრულდება, ტელეფონს ავიღებ და ალეკოს დავურეკავ, შემდეგ შეხვედრაზე კი, ანგარიშს ჩაგაბარებთ. არ მახსენდება, რომ ალეკოს ეთქვა, ეს ადამიანი ჩართულია კორუცფიულ გარიგებაშიო, მაგრამ არც ალეკოა ისეთი ადამიანი, რომელიც დაუსაბუთებელ განცხადებებს გააკეთებს. დავრეკავ და გავარკვევ“, - მიმართა ტელეკომპანიის ჟურნალისტს უსუფაშვილმა, რომელმაც for.ge-ს ამცნო, რომ ჩვენს წინაშე დადებული პირობა შეასრულა, ქადაგიძეს დაურეკა და მას გასული წლის ანგარიშის პარლამენტში წარსადგენად მისვლა ნებისმიერ დროს შესთავაზა.
სანამ, უსუფაშვილი for.ge-ს მეორე კითხვას პასუხს გასცემდა, მანამდე მან პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ცალსახად დახურულია. სპიკერის მოსაზრებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების პოზიციები უფრო მყისიერი და ემოციური იყო, ვიდრე კარგად გააზრებული.
„პატრიარქის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ პატრიარქმა ვინმე შეიწყალოს და სხვა ციხეში დატოვოს, რელიგიური გადმოსახედიდანაც არასწორი მოქმედებაა. იმის დემონსტრირება ვიხილეთ, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის, შესაძლოა, სიყვარულიც. საზოგადოებაში პატრიარქისადმი მოწიწება და სიყვარული ძალიან დიდია და ეს მხოლოდ კარგია. როგორც ჩანს, სიყვარულის იმდენად დეფიციტია, რომ ვისაც დიდ პატივს ვცემთ, მერე მის ნათქვამზე, ემოციები გვეუფლება“, - განაცხადა სპიკერმა, რომელმაც დავით ნარმანიას საქმიანობასთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსის“ კითხვას თავი იმ მოტივით აარიდა, რომ კორესპოდენტს ორი კითხვა უკვე დასმული ჰქონდა.
კოლეგის მხარდაჭერის მიზნით, for.ge-მ უსუფაშვილს თბილისის მერის საქმიანობის შეფასება მოსთხოვა და ნარმანიას მიერ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციაც გააცნო, რომ დედაქალაქში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ხე დაირგო და ერთ მილიონ კვადრატულ მეტრამდე ახალი გზა დაიგო.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დარგული ხეების რაოდენობის ვერ შეამოწმებს, მაგრამ ის ნარმანიას აფასებს როგორც ცოდნით, პატიოსნებითა და უანგარობით გამორჩეულ ადამიანს.
პარლამენტის თავმჯდომარემ „დავითების პრობლემაზეც“ ისაუბრა და ნარმანიას მოუწოდა, მერიის მიერ გაწეული სამუშაოების მეტი წარმოჩენა უზრუნველყოს.
„ნარმანიას დაახლოებით 20 წელია ვიცნობ. თბილისს ბევრი თემა აქვს, რომლის მოგვარებას ძალიან ბევრი ადამიანის ერთობლივი შრომა სჭირდება, ამ შრომას გამოკვეთა და წარმოჩენა სჭირდება. მეც იგივეს მეუბნებიან, რომ ნაკლებად წარმოვაჩენ იმას, რასაც ვაკეთებ. როგორც ჩანს, ეს დავითების პრობლემაა. ქალაქში ყოველი ამოუვსებელი ორმო, ან დაურგავი ხეები შეფასების კრიტერიუმი ნუ იქნება“, - დასძინა უსუფაშვილმა, რომელმაც საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებაზე ისაუბრა.
სპიკერის მოსაზრებით, მსოფლიოში არსებული პრობლემები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე არა თუ უარყოფით გავლენას მოახდენს, არამედ პირიქით - შეიძლება, რაღაც საკითხში პროცესი დააჩქაროს კიდეც.
„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნას ველოდებით. წინასწარი მონაცემებით, ეს დასკვნა საქართველოსთვის ხელსაყრელი და სასიკეთოა, თუმცა, ტექსტს მაინც დაველოდოთ. გვჯერა, რომ მიგრაციულ პროცესებსა და ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებული პრობლემები ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებაზე გავლენას არ მოახდენს და პირიქით, შესაძლოა, რაღაც საკითხებში დაჩქარებული იყოს“, - დასძენს სპიკერი.
მედიასთან შეხვედრის განმავლობაში, პოლიტიკური პროცესების გარდა, უსუფაშვილმა მის სპორტულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა, თუმცა, როგორ მან, ასევე მედიამ განსაკუთრებული აქცენტი საარჩევნო თემატიკასა და ამასთან მიმართებაში კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთეს.
უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ 1996 წლის აგვისტოში, მისი სპორტული კარიერა უდროოდ ჩაესვენა და ის ხელის სათხოვნელად მეუღლის ოჯახს ყავარჯნებით მიადგა.
„ასეთ დროს, ყველაზე ახლობლები და შინაურები გიმუხთლებენ-ხოლმე. საკუთარმა ძმამ მაღალი ბურთი ჩამოაწოდა, რომლის თავის დასარტყმელად ზეცაში ავიჭერი, ამასობაში უახლოესი მეგობარი შემეჯახა, მიწაზე დავეშვი და ფეხი მოვიტეხე. ძალიან მძიმე მოტეხილობა მქონდა. ჩემი სპორტული კარიერა ასე ჩაესვენა. სამართლიან კონკურენციაში დამარცხება ტრაგედია და ცხოვრების ბოლომდე უბედურებების განმაპირობებელი ამბავი არ არის. ჩვენ ყველაზე მეტად სამართლიანი კონკურენციის უნარ-ჩვევები გვაკლია. ამიტომ, მოკლეზე მივდივართ ხოლმე. შემოვუვლით რაღაცეებს, იმიტომ, რომ ბარიერები რთული გასავლელია და ამით მერე ძალიან ბევრ რამეს ვანგრევთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა ნეგატიურად კიდევ ერთხელ შეაფასა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ივანიშვილმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკაში მისი დარჩენა გაცილებით უფრო პოზიტიური იქნებოდა.
„სამწუხაროდ, ივანიშვილმა ჩემი რჩევა არ გაიზიარა. ის ამბობს, ხანდახან, უსუფაშვილი არ მიჯერებსო, მაგრამ დიახ, ხანდახან, პარტნიორებს არც ივანიშვილი უჯერებს. მან პრემიერის პოსტი იმაზე ადრე დატოვა, ვიდრე უნდა დაეტოვებინა. ამ საკითხის თაობაზე საკმაოდ მძაფრი საუბრები და დისკუსიები გვქონდა. ჩვენ ყველას ერთად მეტი დრო გვჭირდებოდა, რომ ინსტიტუციურად ჩამოვყალიბებულიყავით და სწორი ურთიერთობები აგვეწყო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ამ ჭრილში ხაზი მისი, ასევე პრემიერისა და პრეზიდენტის მაღალ თანამდებობებზე პირველად დანიშვნას გაუსვა.
სპიკერი პოლიტიკაში ივანიშვილის შესაძლო დაბრუნებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილს ამის გეგმა და სურვილი არ აქვს.
„ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქედ რჩება და თუ დაინახავს, რომ საქმე რთულადაა და ქუდზე კაცია საჭირო, აქტიურ პოლიტიკურ თუ სახელმწიფო ცხოვრებაში ჩაერთვება. ეს იმას ნიშნავს, რომ კოალიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი თავისი სათქმელის თქმას მოახერხებს და მისი რჩევების გათვალისიწინება, პირველ რიგში, მის მიერ შექმნილი პარტიის მხრიდან მოხდება“, - დასძინა სპიკერმა, რომელმაც მომავალი მოწვევის პარლამენტში 150 თუ არა, 107 ჩერჩილის შესვლის პირობა ვერ დადო, მაგრამ ვარაუდი გამოთქვა, რომ „უკეთესი ნაკრების თავმოყრა“ შეიძლება.
ამ ჭრილში უსუფაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი რესპუბლიკელების პარტიულ დემოკრატიაზე გააკეთა, ყურადღება შიდა პარტიულ არჩევნებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუკი პარტიებში შიდა კონკურენცია მაღალი იქნება, უკეთესი შედეგი დაიდება.
„გუშინდელის შემდეგ, ჩემი პარლამენტი კიდევ უფრო მომწონს. რაღაც უკვე გვაქვს, მაგრამ უკეთესი გვინდა. ეს ვართ, რაც ვართ. 25 წლის მასშტაბითაც და მომავალ ოთხ წელიწადშიც ეს ვიქნებით. ვერ შეგპირდებით, რომ მომავალი პარლამენტში იქნება 150 თუ არა, 107 ჩერჩილი. წინ მივდივართ იმით, რომ პარლამენტარიზმის ფუნდამეტალური საკითხები გაცნობირებულია და ეს პროცესი გაგრძელდება. უკეთესი ნაკრების თავმოყრა შესაძლებელია და ეს ჯანსაღმა კონკურენციამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ პარტიებს შიგნით. ისეთი ადამიანი უნდა შევარჩიოთ, რომელთაც დამსახურება ექნებათ არა მხოლოდ საკუთარ ვიწრო სფეროში, არამედ მათ პოლიტიკური უნარ-ჩვევებიც ექნებათ“, - დასძინა უსუფაშვილმა, რომელსაც For.ge-მ შეახსენა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დაახლოებით 40 წლისაა და ამ გუნდში სიტუაციის დალაგება უფრო მარტივი ამიტომ არის.
სპიკერმა ჩვენი რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „წინა კაცი უკანას ხიდია“. შესაბამისად, სწავლა შესაძლებელია.
კოალიციაში შემავალმა პარტიებმა რესპუბლიკელებისგან თუ რა ისწავლეს, ამის შესახებ უსუფაშვილისთვის კითხვა არავის დაუსვამს, მაგრამ მას პასუხის გაცემა იმაზე მოუწია, კოალიციის წევრებს რესპუბლიკელებს სხვა პარტია ურჩევნიათ თუ არა.
უსუფაშვილის მოსაზრებით, კოალიცია არ იქნებოდა, ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, მაგრამ ყოფილმა პრემიერმა ნომერ პირველ პარტნიორად „რესპუბლიკური პარტია“ ისურვა. შესაბამისად, კოალიციაში რესპუბლიკელების არსებობა ამ ფაქტით დასტურდება და არა მისი მოსაზრებით.
„თუკი როდესმე კოალიციაში „რესუბლიკური პარტია“ არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ კოალიცია ვეღარ შედგება, მაგრამ ეს კოალიცია ნაკლული იქნება. ეს ასე გააზრებული თავად ივანიშვილს ჰქონდა. ეს არ იქნება მხოლოდ რესპუბლიკელებისთვის დანაკლისი და ეს იქნება სხვა მხარისთვისაც. უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად ეფექტურები ვართ და ვიქნებით. მომავალი არჩევნები სრულიად სხვა ტიპის იქნება და ამ არჩევნებზე უნდა გავიდეთ და ვთქვათ, თუ რა გავაკეთეთ. ამაზე დამაჯერებელი პასუხები უნდა გვქონდეს და ცხრა წლის ხსენება არ გამოგვადგება, რადგან თუკი სხვა პარტია ამომრჩეველს პენსიის სამჯერ გაზრდას დაჰპირდება და ჩვენ მათ პენსიის ხუთჯერ გაზრდას შევპირდებით, მოსახლეობა გვეტყვის, ეს მანამდე რატომ არ გააკეთეთო?!“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა კოალიციაში „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო გაწევრიანებასა და დავით ბერძენიშვილის განცხადებაზეც დაუსვეს, რომელმაც For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილის ძალა „ქართული ოცნების“ ქურქში იყო გახვეული.
„შეუძლებელია, კოალიციაში ადამიანები არ იყვნენ, რომელთაც „რესპუბლიკურ პარტიას“ შესაძლოა, სხვა პარტია ერჩივნოთ. ყველა ერთ ჭკუაზე არ არის. გამოკითხვა „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ რომ ჩაატაროთ, ერთნაირად ზუსტ შედეგებს ვერ მიიღებთ იმის თაობაზე, რამდენი რესპუბლიკელია ბედნიერი კოალიციის ყველა პარტნიორით ან პარტნიორების ნახევრით, ან იმ პარტნიორების ამ თუ იმ წევრით. პარტიები და კოალიციები იქმნება არა მხოლოდ იდეების და ხედვების ერთიანობის ნიადაგზე, არამედ ურთიერთატანის ნიადაგზეც. ამიტომ თუ ერთმანეთის ატანა ვერ შევძელით, მაშინ ვერაფერს ვერ შევძლებთ. ამიტომ, მე კოალიციაში რაიმე განსაკუთრებულ ამბებს ვერ ვხედავ. ვერც ერთ ალიანსს ვერ ვიხსენებ, სადაც ურთიერთობები იმაზე მეტად ჯანსაღი იყო, ვიდრე კოალიციაშია“, - დასძინა უსუფაშვილმა, რომელმაც კოალიციური შეთანხმების პირობებზე საუბარი არ ისურვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მორიგი პრესკონფერენციის გამართვა დეკემბრის ბოლომდე დაანონსა და თუკი ის პირობას შეასრულებს, ეს კარგი იქნება, ვინაიდან, ამ ფორმატში, მედიის წარმომადგენელებს დავით უსუფაშვილისთვის იმ ინფორმაციების მიწოდება შეუძლიათ, რომელსაც თავად სპიკერი ან თავს არიდებს, ან მის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს. მას შემდეგ, რაც წინა პრესკონფერენციაზე, For.ge-მ ქუთაისში მდებარე გამჭვირვალე შენობაში შექმნილ პირობებსა და შენობაში წყლის ჩასვლაზე ისაუბრა, მომდევნო სასესიო კვირას, ორი წლის შემდეგ, შენობის სახურავზე მთასვლელები ისევ გამოჩდნენ, რომლებიც სახურავს შესაბამისი მასალით ამუშავებდნენ.