ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თემა დრო და დრო აქტიურდება, როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდი საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვას ცდილობს, არჩევნებში წარმატების მოსპოვებლად რამდენად მნიშვნელოვანი, აუცილებელი ან გარდაუვალია ივანიშვილის იმიჯი და ავტორიტეტი.
გასულ კვირას თემა თავად „ქართულმა ოცნებამ“ გაააქტიურა, კერძოდ, უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა, რასაც ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ვოლსკის მხრიდან ძიძიგურის ვერსიის უარყოფა მოჰყვა. ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კი ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა.
როგორც ჩანს, მოვლენები იმის მიხედვით განვითარდება, არჩევნების წინ რამდენად აუცილებელი გახდება ივანიშვილის ავტორიტეტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ანუ რამდენად გაუჭირდება მმართველ გუნდს.
ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინსვლისთვის უბრალოდ, აუცილებელია ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა.
ბატონო ვახტანგ, თქვენი შეფასებით, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი?
- როდესაც ივანიშვილმა პოსტი დატოვა, მაშინაც ვთვლიდი, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, განვლილმა პერიოდმა ეს დაადასტურა კიდეც. მოდით, საკითხი ასე დავსვათ -სჭირდება თუ არა, არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ზოგადად, ქვეყანას ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება? - ჩემი ღრმა რწმენით, ეს აუცილებელია.
თუ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს უფრო ჩავუღრმავდებით, იგივე, პოლიტიკურ სპექტრში არსებულ ვითარებას და თუნდაც სქემატურ პროგნოზირებას გავაკეთებთ, თუ რა შეიძლება მოხდეს, ასეთი გადაწყვეტილება ივანიშვილმა, მგონია, აუცილებლად უნდა მიიღოს.
ვფიქრობ, ეს არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს, რადგან ახლა მისი გაპრემიერება არ მგონია, საქმეს წაადგეს. ამის გარდა, ალბათ, აუცილებელი იქნება ამომრჩევლის წინაშე იდეოლოგიურად განახლებული პროგრამით წარდგომა. გარდა ამისა, მან ამომრჩეველს უნდა მისცეს პირობა, რომ შემდეგი ოთხი წელი აუცილებლად დარჩება პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ეს აუცილებელი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული როგორც არჩევნებამდე, ასე არჩევნების შემდეგ და რაც მთავარია, ქვეყანა ცოტა წინ წავიდეს, როგორც ეკონომიკურად, ასე ინსტიტუციურად. თუ ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა, ისევ იმ ჭაობში დავრჩებით, რომელშიც ვართ.
როგორც ითქვა, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ხალხიც და ხელისუფლებაც ისევ ბელადის გარშემო არ ყოფილიყო გაერთიანებული და საზოგადოებაში დემოკრატიული მმართველობის განცდა, ინსტიტუციების მიმართ ნდობა გაჩენილიყო. თუ ამოცანა ეს იყო და აღნიშნული ფაქტორი, შესაბამისად, მოიხსნა, მუდმივად რატომ საუბრობენ ფარულ მმართველობაზე?
- ცხადია, არ მოიხსნა. მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილი მართლა ურეკავს პრემიერ-მინისტრს ან სხვა მინისტრებს და მითითებებს აძლევს თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მაინც თვლის, რომ ხელმძღვანელი დღეს არის ივანიშვილი და ყველა გადაწყვეტილებას ის ღებულობს... ანუ, მოსახლეობის აზრით ის არის ფიგურა, რომელიც ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე მაღლა დგას - ეს არის პრობლემა და ლიდერის წასვლა-მოსვლით მსგავსი პრობლემა არ გვარდება. ციხეში ყოფილან ლიდერები და მაინც ლიდერად დარჩენილან. გეოგრაფიული გადაადგილება ამ განწყობას ვერ ცვლის, შესაბამისად, ივანიშვილმა ვერ შეძლო თავისი წასვლით საზოგადოებაში ასეთი განცდის დამსხვრევა. ვიდრე ასეთი განწყობა იქნება მოსახლეობაში, ბუნებრივია, პოლიტიკურ ლიდერად დარჩება ბიძინა ივანიშვილი.
ეს ხომ არ ნიშვავს, რომ პარტიებისა და პოლიტიკური პროგრამების ირგვლივ საზოგადოების გაერთიანება კვლავ ვერ ხერხდება, როგორც ეს დემოკრატიულ საზოგადოებაშია? როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყნისთვის არ დადგა პოლიტიკური სიმწიფის დრო?
- ჩვენ ვერასდროს ვერ შევძელით ისე წაგვეყვანა საქმე, რომ ხელისუფლების ცვლილება რევოლუციით ან უკიდურესი დაძაბულობის ფონზე არ მომხდარიყო. ვერ მოვახერხეთ, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არ გამხდარიყვნენ პოლიტიკური დევნის ობიექტი. ასეთ ვითარებაში თავისთავად ხდება გაერთიანება არა ლიდერის და ბელადის, არამედ გმირის მიმართ, რომელმაც ძველი ხელისუფლება, რომელიც არის გველეშაპი, უნდა დაამარცხოს და დაამხოს. როდესაც ასეთი განცდაა საზოგადოებაში, წინა პლანზე მიდის ლიდერი და არა პროგრამები.
ახლა, შესაძლოა, მოხდეს გაერთიანება პროგრამების ირგვლივ, რადგან ასე ვთქვათ, დასამარცხებელი არავინ არის - ძალაუფლებაა შესანარჩუნებელი, მაგრამ ამისთვისაც არის საჭირო ლიდერი, თუმცა, არა მამა და მარჩენალი - ლიდერს სხვა ფუნქციები აქვს, მამა-მარჩენალს - სხვა. ამიტომ, თუ ივანიშვილი დაბრუნდება, მოხდება როგორც გუნდის, ასევე სახელმწიფო მიდგომების გადახალისება სხვადასხვა მიმართულებებით, ეს უკვე იქნება პროგრამის ირგვლივ გაერთიანება, ანუ სათავეში იქნება უკვე ლიდერი და არა მამა-მარჩენალი. შესაძლოა, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ გააკეთოს ის, რაც მას ეგონა, რომ პოლიტიკიდან წასვლით გაკეთდებოდა.
არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ შესაძლოა, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას იმაზე ნაკლები ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე მას ჰგონია...
- როდესაც ვთქვი, რომ აუცილებელია მისი პოლიტიკაში დაბრუნება, თავისთავად ვიგულისხმე, რომ ეფექტი ექნება. თუმცა ეს არ იქნება ის ეფექტი, რაც მას 2012 წელს ჰქონდა. ეს კარგად უნდა გაიაზროს ქართულმა საზოგადოებამაც და პოლიტიკურმა ელიტამაც - ის აღარ იქნება ის გმირი, რომელმაც პოლიტიკური მტარვალი უნდა დაამარცხოს და ქვეყანა გადაარჩინოს. ის იქნება ლიდერი და ამიტომაც საჭიროა მისი მობრუნება. მას აღარ ექნება ძველებური მხარდაჭერა, მაგრამ დღესაც აქვს და მომავალშიც ექნება ის რეიტინგი, რომელიც საჭიროა პოლიტიკური ლიდერისათვის.
თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა არჩევნების პერიოდში, ან შემდეგ, ცხადია, მას არ მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ პრობლემებზე, რომელიც ოთხი წელია, მის მიერ მოყვანილი ხელისუფლების კრიტიკის საგანია... ვგულისხმობ ბიუჯეტში ხელის ფათურს ანუ დაუსრულებელ პრემიებს თუ სახელფასო დანამატებს, ნეპოტიზმს, გაზრდილ ბიუროკრატიას, არაპროფესიონალიზმს და ა.შ. გამოდის რომ ამაზე პასუხი ქვეყნის ოფიციალურ ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ?
- შეიძლება ბევრი იყოს, ვინც ამ საკითხებზე პასუხისმგებლობას აიღებს, მაგრამ შანსი, რომ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა აიღოს, არამედ გამოასწოროს კიდეც, აქვს ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს - ამაშია პრობლემა. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თუ არა? - რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა დღესაც აქვს რადგან მას ხალხი ხელისუფლების ხელისუფლად აღიქვამს. არ მეგულება სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სურვილის შემთხვევაშიც კი, ამ საკითხის მოგვარებას შეძლებენ. აქ მარტო ლიდერობაშიც არ არის საქმე, საჭიროა მექანიზმების შექმნა, რომ იმ ყველაფერს, რაც ხდება, წერტილი დაესვას და საზოგადოება გამოვიდეს ამ ჩაკეტილი წრიდან რომელშიც იმყოფება.
საარჩევნო დაპირებებსაც თუ გადავხედავთ, ბევრი რამ შეუსრულებელი დარჩა, მათ შორის, კოალიციის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც წართმეული ქონების დაბრუნებას ეხებოდა, გამოდის, ამაზე პასუხისმგებელიც დღევანდელი მთავრობა იქნება და არა ბიძინა ივანიშვილი?
- როდესახც ვამბობ, რომ ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, ვგულისხმობ, რომ უნდა დაბრუნდეს არჩევნების შემდეგ და არა ახლა. სხვა ყველაფერს გადაწყვეტს არჩევნები. რომელ პოლიტიკურ ძალასაც მხარს დაუჭერს მოსახლეობა, გამოდის, რომ მას ენდობა. თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს, ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მას უცხადებს ნდობას. პასუხისმგებლობას არჩევნების დროს იღებს ხალხი. თუ ჩვენი საზოგადოება თვლის, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას უარი უნდა უთხრას, ასეც მოიქცევა.
ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წასართმევი არაფერი აქვს და ამიტომ, არ მგონია, ამ დაპირების შეუსრულებლობა პრობლემად აღიქვას - თუმცა არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ ეს მე არ მაწუხებს. მაწუხებს, ბუნებრივია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა, ვინმეს ქონება დაუბრუნეს თუ არა, ამ ორიენტირით არჩევანს არ გააკეთებს. შესაბამისად, ყველა ხელისუფლება დაპირებებზე პასუხს იღებს არჩევნების დროს.
ფიქრობთ, რომ ხალხი ივანიშვილს შეიძლება კიდევ ერთხელ ენდოს?
- მარტივად გეტყვით, 2012 წელს ივანიშვილს ხალხი იმდენად ენდობოდა, რომ მის მიერ დასახელებულ ნებისმიერ ადამიანს დაუჭერდა მხარს, რადგან სააკაშვილი იყო მოსაშორებელი. დღეს საკითხი ასე აღარ დგას. კი, არის შიში, რომ არ მობრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ივანიშვილის ერთი სიტყვა აღარ იქნება საკმარისი, მას აუცილებლად დასჭირდება იდეოლოგიურად ახალი პროგრამა და განახლებული გუნდი, რომელიც ხალხის ნდობას დაიმსახურებს.
სულ გენიოსებიც რომ შეიყვანო პარლამენტში, პოლიტიკას თავისი წესები და კანონები აქვს, თუ არ იქნებიან ის სახეები, რომელსაც საზოგადოება იცნობს და მეტ-ნაკლებად, ნდობას უცხადებს, ძალიან რთულია მხარდაჭერის მოპოვება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას გაუჩნდება შანსი, რომ მიიღოს უმრავლესობა, რასაკვირველია, საკონსტიტუციო უმრავლესობაზე არ არის საუბარი, ვგულისხმობ უმრავლესობას, რომელიც მმართველ გუნდს მთავრობის ფორმირების საშუალებას მისცემს.