უკრაინის პროკურატურის მიერ ძებნილი, კიევის ყოფილი მერი საქართველოში პოლიტიკურ კარიერას იწყებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ლეონიდ ჩერნოვეცკის გადაწყვეტილება ერთგვარი სილის გაწნაა უკრაინის ხელისუფლებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინაში მაღალ თანამდებობებაზე ინიშნებიან.
ქობულეთში დასახლებულმა კიევის ყოფილმა მერმა პირველი პოლიტიკური სვლაც გააკეთა - 150 ათასლარიან ჯილდო იმას, ვინც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, მეგის ქარდავას პოლიციაში მიიყვანს. ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ქვრივიშვილის განმარტებით, კიევის ყოფილი მერის განცხადება მეგის ქარდავას წარსულ საქმიანობას უკავშირდება.
კიევის ყოფილი მერი, რომელიც ამჟამად ქობულეთის მაცხოვრებელია, არის როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის მოქალაქე. თუმცა, ამ დრომდე უცნობია აქვს თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ზღვისპირა ქალაქში დასახლებული ბიზნესმენი, საქართველოს პარლამენტის წევრობას აპირებს.
ჩერნოვეცკი, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა იყო, საქართველოში პოლიტიკურ პარტიას - „ბედნიერი საქართველო“-ს აყალიბებს. ახალი პარტია მონაწილეობას მიიღებს 2016 საპარლამენტო არჩევნებში. კიევის ყოფილმა მერმა, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობის ფონდი“-ს დამაარსებელია, აცხადებს, რომ ქვეყანაში პენსიონერს 400-500 ლარამდე უნდა ჰქონდეს პენსია.
ანალიტიკოსების განცხადებით, რთული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის. ექსპერტი გია ხუხაშვილის აზრით, გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური მოთამაშის გამოჩენის მოთხოვნაა, კიევის ყოფილმა მერმა გადაწყვიტა, რომ უპასუხოს ამ მოთხოვნილებას პოლიტიკურ ბაზარზე, მეორე მხრივ, ამ სახით დაიკმაყოფილოს თავისი ბუნებრივი მოთხოვნები.
„ყველაფერი ნახა ქართულმა საზოგადოებამ, დაწყებული ნაციონალური იდეებით, ოცნებებით, როგორც ჩანს ახლა კოსმონავტები დაგვჭირდა და აგერ, ქართულ პოლიტიკაში პირველმა კოსმონავტმაც შემოაბიჯა, რაც პრინციპში ცუდი არ არის. ძნელად წარმომიდიგენია ვინმე მის გუნდში. ამას სხვა კონტექსტი აქვს. შეიძლება ეს არის გარკვეული კომპენსაცია იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში საქართველოსთან მიმართებაში.
საქართველოში სააკაშვილია ძებნილი, უკრაინაში კი ჩერნოვეცკი, როკირება გაკეთდა. ჩავთვალოთ, რომ დიპლომატიური სილის გაწნაა უკრაინისთვის. ამ ადამიანისთვის ეს არის გარკვეული თამაში და გართობა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ჩერნოვეცკი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი იქნება, რითაც გარკვეულწილად გააცოცხლებს პოლიტიკურ სიტუაციას.
„ქართულ პოლიტიკაში ძნელად წარმომიდგენია ამ მხრიდან პოლიტიკური შედეგის მიღება. არც მგონია, რომ პოლიტიკური ამბიცია ან პერსპექტივა ჰქონდეს. თუმცა ეს თამაშიც საინტერესო იქნება. პირველი პოლიტიკური სვლაც გააკეთა. ვნახეთ, რომ 150 ათასლარიანი ჯილდო დააწესა მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანის სანაცვლოდ. ამით დაამსხვრია ის განწყობები, რომ შეიძლება სააკაშვილთან იყოს შეკრული და მეორე მხრივ სამართლიანობის აღდგენის მომხრე ადამიანებში შექმნა გარკვეული ინტრიგა.
დღეს ყველა ცდილობს, რომ ამომრჩეველი ნახოს იმ სეგმენტზე, რომელსაც არ მოსწონს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. ამ სეგმენტისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. ჩემი აზრით, პოლიტიკური მარკეტინგის თვალსაზრისით, ასეთი ტიპის სვლა გარკვეული ლოგიკის შემცველი არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ქობულეთელი ახლად მოვლენილი რაინდის ამომრჩეველი შესაძლებელია „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველი გახდეს, რადგან ეს ელექტორატი საზოგადოებაში აღიქმება, როგორც ნაკლებად შეძლებული ნაწილი. შესაბამისად, თანხა შეიძლება აღმოჩნდეს უფრო ღირებული, ვიდრე პირადი პოლიტიკური სიმპათიები.
„საინტერესო საარჩევნო პროცესი გველოდება. ნათქვამია, ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო და ამ მუგაზალის არიას გვიმღერებს კიევის ყოფილი მერი. ადამიანი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და არის ბიზნესმენი, ცხადია ბიზნესის იარაღით აპირებს ხმების მოძიებას. დასანანია, რომ ჩვენი დაბეჩავებული მოსახლეობის სერიოზული ნაწილი შეიძლება წამოეგოს ამ ანკესს. გვახსოვს არა ერთი არჩევნები, როდესაც თითო ტომარა ფქვილით ხდებოდა ამომრჩეველთა ხმების მოპოვება. ეს ადამიანები კვლავ არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი.
მართალი გითხრათ, მისი პირადი ბიოგრაფია დახუნძნულია საკმაოდ ეჭვისმომგვრელი ფაქტებთ. თუმცა, ჯერ კიდევ წინ არის მისი უკრაინელი ოპონეტების აქტიურობა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო მკაფიო და აშკარა იქნება იმ ადამიანთა გზავნილები საქართველოს ამომრჩევლისთვის, რომელთაც კარგად შეისწავლეს ქობულეთის ახალი ვარსკვლავი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტიკური კონსულტანტი ვაკა გორგილაძე თვლის, რომ ჩერნოვეცკის გამოჩენა შეიძლება გარკვეული პოლიტიკურ-მარკეტინგული ამოცანის გადაწყვეტის ინსტრუმენტად იქცეს. გორგილაძე დარწმუნებულია, რომ ჩერნოვეცკის პოლიტიკური პროგრამა გაჯერებული იქნება სხვადაასხვა პოპულისტური ლოზუნგებით და დაპირებებით.
„ალბათ აქცენტირებას მოახდენს პენსიონრების და სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამების შეთავაზებით, რასაც იგი აკეთებდა მაშინაც, როდესაც იკავებდა კიევის მერის თანამდებობას. შეგვიძლია ვივარუდოთ, რომ სწორედ ამ თემებს დაეყრდნობა ჩერნოვეცკი, მით უფრო იმის გათვალსიწინებით, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია.
ამ თვალსაზრით ის ხმებს წაართმევს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სოციალურ დაპირებებს იძლევიან, სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მას აქვს ფულადი რესურსი. ამ თვალსაზრისით, კიევის ყოფილი მერის დაპირება გამაგრებული იქნება მისივე კაპიტალით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაკა გორგილაძემ.