პრეზიდენტ მარგველაშვილის ბრძანებულებით, დროის უსწრაფეს მონაკვეთში მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტამ ნაციონალების მომხრეებს ეჭვები გაუჩინა, რომ, საბოლოო ჯამში, მარგველაშვილი ივანიშვილის პირველსავე დაძახებაზე გაიქცევა და აუცილებლად მის თამაშს ითამაშებს.
„როდესაც მართლა სჭირდება, ივანიშვილს პრეზიდენტი გვერდში უდგას. მარგველაშვილმა სააკაშვილს ძალიან მარტივად მოუხსნა მოქალაქეობა. მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის არის მტრული დამოკიდებულება იმიტომ, რომ ბატონ ბიძინას ასე სჭირდება...დარწმუნებული ვარ, თამაშობენ“, - ასეთნაირად ფიქრობს მოძრაობა „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე და არ მალავს დაეჭვებას იმის გამო, რეალურად უღალატა კი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს?!
მამუკა გამყრელიძის ეჭვებს ნაციონალები მთელი სიზუსტით არ იზიარებენ, მაგრამ აშკარაა, რომ მათ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წინამორბედისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა კი არ მოხვდათ გულზე (რაც მარგველაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართვიდან სულ რაღაც ერთ დღეში დააკმაყოფილა), არამედ - მარგველაშვილის შეფასებები, რომ „სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს, როცა მის მოქალაქეობაზე უარი თქვა“.
გვახსოვს პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ ამხელდა გიორგი მარგველაშვილს იმაში, რომ ის ოპოზიციაში იმყოფებოდა საკუთარ გუნდთან, რომელმაც იგი ხელისუფლებაში მოიყვანა. ყოფილი პრემიერი მოქმედი პრეზიდენტის „შავბნელ“ მხარეებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელ ელჩ თემურ იაკობაშვილთან პირად მეგობრობასაც გამოყოფდა.
დღეს კი ხომ არ გადადის მარგველაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობები ახალ ეტაპზე და შესუსტდება თუ არა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკა მას შემდეგ, რაც მან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისას აღარ ისურვა პროცედურების დროში გაჭიანურება?! განსხვავებით, იმ პერიოდისგან, როცა მარგველაშვილმა არ ისურვა გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული?!
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კონსპირაციის თეორიას თუ გავყვებით, შეიძლება, მარგველაშვილ-ივანიშვილის ქმედებებიც გარკვეულ თამაშად შეფასდეს. პოლიტიკა ამგვარ თამაშებს არ გამორიცხავს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ინტერესებია მთავარი და არა მხოლოდ პირადი სიმპათია-ანტიპათია. მით უმეტეს, გარკვეული ინტერესების საფუძველზე დაჯგუფდნენ ივანიშვილის ირგვლივ ადამიანები.
„რა იქნება მომავალში მარგველაშვილ-ივანიშვილს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით, რთული სათქმელია, მაგრამ დღეს რაც ჩანს, ეს მართლაც დაპირისპირებაა. უფრო მეტიც, დღეს აშკარაა საპრეზიდენტო ინსტიტუტთან დაპირისპირება და ამას მარტო ივანიშვილი კი არ აკეთებს, არამედ მთავრობის წევრებიც და მთავრობის ხელმძღვანელიც. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით როგორ დაჯგუფდება ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რამდენად ექნება მარგველაშვილს დამოუკიდებელი, ან შედარებით უსაფრთხო გარემო, ბევრი რამ ამაზე იქნება დამოკიდებული. პრეზიდენტის დღევანდელი უფლებამოსილება მას აძლევს საშუალებას, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს. ზოგჯერ ეს გადაწყვეტილებები მართებულია. მაგალითად, სააკაშვილთან დაკავშირებით მას შეეძლო, კანონით მოეხსნა მისთვის მოქალაქეობა, შეიძლება, მან ლეგალურადაც გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ამის კომენტირება და ზედმეტი დანართები, რომ თურმე „სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს, როცა მის მოქალაქეობაზე უარი თქვა“, სწორად არ მიმაჩნია. თუ სააკაშვილს რაიმე პრობლემა აქვს და უკრაინაში წასვლა მოუწია, ეს ამ ხელისუფლებიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, მარგველაშვილს ისიც შეეძლო, გვიან მოეწერა ხელი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, მას შეეძლო, დამატებით ისიც ეთქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს უფლება, ისევ მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ დროს კი მარგველაშვილისგან სააკაშვილის მისამართით პრეტენზიული კომენტარები მოვისმინეთ, რამაც გამოიწვია მოსაზრებები, რომ შესაძლებელია, მარგველაშვილი ისევ ივანიშვილის ორბიტაზე დაბრუნდეს“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა.
For.ge-სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ, თუ კარგად დავაკვირდებით, ივანიშვილ-მარგველაშვილს შორის პრინციპული წინააღმდეგობა დაკავშირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის სასახლიდან არგამოსვლასთან დაკავშირებით. თუმცა იყო პოლიტიკური საკითხებიც, მაგალითად, მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებული წინააღმდეგობა „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის.
„არ შემიძლია, შევაფასო, მომავალში რომელ მხარეს დაიჭერს მარგველაშვილი, მაგრამ ის არის უპრინციპო ადამიანი და ჯეროვნად არ შეუძლია პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება. შესაძლოა, მარგველაშვილს სხვა საშუალება არ ჰქონდა, ხელი არ მოეწერა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებაზე, თუმცა მას შეეძლო, გარკვეული ვადით მაინც დაფიქრებულიყო იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას აწერდა ხელს, რაც არ გააკეთა. კიდევ უფრო ცუდად მეტყველებს მისი უმსგავსო კომენტარები, რომ თითქოს სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს, როცა მის მოქალაქეობაზე უარი თქვა. არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური დევნა იყო დაწყებული სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება იქამდე დაეცა, რომ სააკაშვილის ბებიის 16 წლის წინანდელი მანქანა დააყადაღა და პიჯაკებზე დაიწყო საქმის აღძვრა. ასეთ პირობებში მოუხდა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში წასვლა“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერებას პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან ყველაზე „მნიშვნელოვან“ გადაწყვეტილებას უწოდებს, რაც კი მარგველაშვილს გაუკეთებია თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში. სხვა საკითხებში მარგველაშვილის აქტიურობას ნუგზარ წიკლაური ვერ ხედავს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არც ერთი ინდიკაციით არ დასტურდება, რომ პრეზიდენტსა და „მოქალაქეს“ შორის თამაში მიმდინარეობს, თუმცა კი, შეთქმულების არაერთი თეორია არსებობს. ის, რომ მარგველაშვილმა მოქალაქეობა მოუხსნა სააკაშვილს, ეს იყო კანონის იმპერატიული მოთხოვნა და მარგველაშვილს არ ჰქონდა სხვა დიაპაზონი.
„მაშინ რა უნდა გაეკეთებინა მარგველაშვილს, სამი დღე გაეწელა ეს პროცესი და სამი დღის შემდეგ მოეხსნა მოქალაქეობა? იქნებოდა ეს სხვა განრიგი? თუ მამუკა გამყრელიძე შეთქმულების თეორიას ავითარებს, მაშინ ალტერნატივაც შესთავაზოს მკითხველს, როგორ უნდა მოქცეულიყო პრეზიდენტი? ისედაც უტევენ და ეჭვქვეშ აყენებენ პრეზიდენტის ქმედებების სამართლიანობას. რაც შეეხება მარგველაშვილის ადრინდელ ქმედებას, როცა მან გრიფი არ მოუხსნა სააკაშვილთან დაკავშირებულ კონკრეტულ საქმეს, იქ იყო გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი, რამდენად საჭირო იყო იმ დოკუმენტების გასაჯაროება? თანაც, მისი გასაჯაროებით პროკურატურასა და სამართალდამცავებს არანაირად ხელი არ ეშლებოდათ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა განეხორციელებინათ. უბრალოდ, გასაჯაროების მოთხოვნა უკავშირდებოდა პოლიტიკური სპექტაკლის დადგმას. მარგველაშვილს არ უნდოდა ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღება, სადაც კოსტიუმებსა და ქაშმირის პალტოებზე იყო საუბარი, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ღირსებას არ მატებდა, მიუხედავად ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა სააკაშვილის მიმართ, რადგან მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.
გვიანდელი ინტერპრეტაცია, რომ თურმე მარგველაშვილი ამ ქმედებით სააკაშვილს იცავდა, ძალზე სამწუხარო იყო. დღესაც არანაირად არ ვფიქრობ, რომ ახალ ეტაპზე გადადის მარგველაშვილ - „ოცნების“ ურთიერთობა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ის, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლება მუდმივად ადანაშაულებს მარგველაშვილს და, მეორე მხრივ, ოპოზიციაც შეთქმულების თეორიებს ავითარებს მის მიმართ, გია ხუხაშვილს აფიქრებინებს, რომ მარგველაშვილი სწორ პოზიციაზეა და ის იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, რაც მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ის არ უნდა გახდეს მხარე ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოსი. ის დისტანცირებულია ორივე მხარისგან და ზუსტად ამიტომ არის ორივე მხარე მისით უკმაყოფილო.