„ვაფრთხილებ წულუკიანს, თუკი მურუსიძე დაინიშნება მოსამართლედ, ჩავალ სტრასბურგში, ვიშიმშილებ და სასამართლოში არ შევუშვებ“

„ვაფრთხილებ წულუკიანს, თუკი მურუსიძე დაინიშნება მოსამართლედ, ჩავალ სტრასბურგში, ვიშიმშილებ და სასამართლოში არ შევუშვებ“

„სამოქალაქო საზოგადოება, ვინც შევარდნაძის და სააკაშვილის დროს ვაპროტესტებდით ძალადობას, არ დავუშვებთ მურუსიძის სასამართლო სისტემაში დაბრუნებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, რომლის განცხადებით, მურუსიძე არის ძალადობრივი რეჟიმის ერთ-ერთი ავტორი.

რატომ განუდგა სამოქალაქო საზოგადოება ლევან მურუსიძიეს და რატომ იწყებს სტრასბურგის სასამართლოში შიმშილობას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა.

თქვენს ბრალდებებს, ბრალდებითვე პასუხობს ლევან მურუსიძე, რომელიც პარაქტიკულად ამბობს, რომ თქვენ ორივე არჩევნებში სპეცსასამხურები გიჭერდნენ მხარს. ბატონო ზაზა, რა პასუხი გაქვთ ამ ბრალდებაზე?

- პოლიციას ყვითელი ავტობუსებით დაყავდა ადვოკატები, რომ ხმა არ მიეცათ ზაზა ხატიაშვილისთვის, ეს იცის მთელმა საქართველომ და ვერავინ იტყვის, რომ მე სპეცსამსახურები მეხმარებოდნენ, მაგრამ მე ლევან მურუსიძეზე ვიტყვი, იმიტომ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიიღო უპრეცედენტოდ სკანდალური გადაწყვეტილება.

თქვენ აშუქებდით პოლიციის მიერ ნაწამები გიორგი მიქიაშვილის სასამართლოს, ნაწამები პატიმარი თქვენ თავად გყავთ ნანახი, მაშინდელი კანონით ლევან მურუსიძე ვალდებული იყო, რომ 24 საათში განეხილა ჩემი, როგორც ადვოკატის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომ წამების კვალი არ წაშლილიყო, ეს მისი პირდაპირი ვალდებულებითი ნორმა იყო. 40 დღის დაგვიანებით განიხილა ეს საქმე. ახლა ვსვამ კითხვას, კაცი, რომელიც ამას გააკეთებს, უნდა იყოს მოსამართლე?

2012 წლის სექტემბერში სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა მიქიაშვილის საქმეზე, ოქტომბერში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ნოემბრის თვეში პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიდის უზენაეს სასამართლოში და ლევან მურუსიძეზე ამბობს, ეს რა კარგი კაცი გავიცანიო. თეა წულუკიანმა კარგად იცოდა მიქიაშვილის განაჩენი, ირინა ენუქიძის სასაფლაოზე ატარებდა პრესკონფერენციას, წულუკიანი ვალდებული იყო, რომ პრემიერისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, ვინ იყო ლევან მურუსიძე.

რაც შეეხება პრეზიდენტისთვის მიმართვას, მურუსიძის განცხადებით, ამ პროცესში პრეზიდენტი ვერ ჩაერევა და ეს თქვენც კარგად იცით. ბატონო ზაზა, რატომ მიმართეთ პრეზიდენტს?

- მე მივმართე პრეზიდენტს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყონ პროცესის გამჭვირვალეობა და არ დაუშვა ეს უმსგავსობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე არ იყო ინფორმაცია, რომელ კანდიდატთან იყო გასაუბრება, როდესაც ამას მათ კანონი ავალდებულებდა. ჩემი განცხადებიდან ზუსტად 15 წუთში დადეს ეს ინფორმაცია.

იუსტიციის მინისტრს არ უნდა სცოდნოდა ეს ფაქტი? როდესაც ოპოზიციაში იყო მარტო მაშინ უნდა ეტარებინა პრესკონფერენცია სასაფლაოზე? მარტო მე უნდა მაღალვებდეს ის ფაქტი, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლე არ უნდა დაინიშნოს მოსამართლედ?! კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ დავუშვებ მურუსიძის მოსამართლეობას.

მურუსიძე ამბობს, რომ აბსოლუტურად კანონიერად მოქმედებს და როგორც მოსამართლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში. რატომ არის ასეთი მიუღებელი სასამართლო სისტემისთვის და რა საფრთხეების შემცველია მურუსიძის მოსამართლეობა?

- უკაცრავად, გირგვლიანის საქმის მოსამართლე, რომელმაც მკვლელებს სასჯელი შეუმცირა, თქვენთვის არ უნდა იყოს მიუღებელი?

მურუსიძე მის გადაწყვეტილებას ხსნის კანონმდებლობით, ამბობს, რომ მაშინ მას კანონი სხვა გადაწყვეტილების საშუალებას არ აძლევდა...

- და, მიქიაშვილის საქმეზე, რომ კანონი პირდაპირ ავალდებულებდა 24 საათში განეხილა ადვოკატის შუამდგომლობა და 40 დღის დაგვიანებით რომ განიხილა, ამას რითი ხსნის? ნორმალურ ქვეყანაში მურუსიძე საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს. 9 წლის წინ მიმართა მიქიაშვილის დამ იუსტიციის საბჭოს ლევან მურუსიძის წინააღმდეგ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია. როდესაც ამბობს, რომ კანონი არ დამირღვევიაო, აბა ეს რა არის?

რატომ წერია კანონში, რომ 24 საათში განიხილე საქმე, რომ წამების კვალი არ გაქრესო? მან 40 დღის შემდეგ განიხილა, როცა წამების კვალი გაქრა, არ დაურღვევია კანონი? რით ახსნის ამას მურუსიძე? ამაზე არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. იგივე გირგვლიანის საქმეში ევროპული სასამართლო წერს როგორ ცდილობდა ხელისუფლება და სასამართლო სისტემა, რომ დამნაშავეებისთვის სასაჯელი შეემსუბუქებინათ, არ ეხება ეს მურუსიძეს?

ეხება მურუსიძეს, მაგრამ ამას კანონმდებლობით ხსნის...

- ეს არის სამარცხვინო განცხადება. კანონში არსად წერია, რომ მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს შეუმციროს სასჯელი. მითხარით, სისხლის სამართლის კოდექსში სად წერია, რომ მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს ერთი წლით, ან თუნდაც ერთი თვით შეუმციროს სასჯელი?!

ასეთი ჩანაწერი კანონში ნამდვილად არ არსებობს და ამაზე იყო მაშინ საუბარი...

- მაშინ მითხრას ვინმემ, მურუსიძისნაირი კაცის მოსამართლედ დანიშვნა როგორ შეიძლება.

გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელზეც გავლენა აქვს მურუსიძეს. თვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი შედეგზე იქნება გათვლილი?

- ის სამოქალაქო საზოგადოება, ვინც შევარდნაძის და სააკაშვილის დროს ვაპროტესტებდით ძალადობას, არ დავუშვებთ მურუსიძის სასამართლო სისტემაში დაბრუნებას. სამოქალაქო საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ ხმა იმიტომ მისცა, რომ ისინი დაპირდნენ სამართლიან სასამართლოს და სამართლიან მართლმსაჯულებას. ყველაფერი წაგვართვეს და ახლა უნდათ სამართლიანი სასამართლოს ოცნება წაგვართვან, ამას არ დავუშვებთ.

რატომ უნდა იყოს ხელუსუფლება დაინტერესებული იმით, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად მხარი დაუჭიროს რეჟიმის შემქმნელი მოსამართლეების სისტემაში დაბრუნებას?

- ყველა ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცა ხელისუფლებამ, ეს იყო ფუჭი დაპირება. ამიტომ, მათ მოუწევთ გარკვეული ფასის გადახდა არჩევნებზე. ხელისუფლება ფიქრობს, რომ მას დასჭირდება არაკანონიერი გზით ხმების მიღება, რომელიც უნდა დააკანონოს სასამართლომ. სააპელაციო სასამართლო კი არის ბოლო ინსტანცია, ამიტომ, იქ დასჭირდებათ ის ხალხი, რომლებიც ყველა ხელისუფლების დროს, ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები და ასეთი ლევან მურუსიძეა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 7 მოსამართლე შეიყვანეს სააპელაციო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს - ევა გოცირიძეს, ვახტანგ თორდიას და სოფრომაძეს, რომლებიც პარლამანეტმა აირჩია, ხმა რომ არ მიეცათ, ისინი მოსამართლეები ვერ გახდებოდნენ. თუ ამ სამმა ადამიანმა მხარი არ დაუჭირა მურუსიძეს, ვერ გახდება მოსამართლე.

ვახტანგ თორდია ცნობილია იმით, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში იყო დაკვეთის შემსრულებელი...

- დიახ, დაკვეთა რომ არ ყოფილიყო, ამ 7 მოსამართლეს გოცირიძე, თორდია და სოფრომაძე ხმას არ მისცემდნენ. დაახლოებით 50-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამირეკა, რომ ქუჩაში დავდგებით და არ დავუშვებთ მურუსიძის დანიშვნასო. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამოქალაქო სექტორი 24 საათი ვიქნებით ქუჩაში და არ დავუშვებთ მურუსიძის დანიშვნას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან ვახტანგ მჭედლიშვილი და ნინო გვენეტაძე, ისინი არ აძლევენ ხმას მურუსიძეს, სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დგანან.

თუკი პარლამენტის დახმარებით არჩეული სამი წევრი - თორდია, გოცირიძე და სოფრომაძე არ მისცემენ ხმას მურუსიძეს, ის ვერ გახდება მოსამართლე. მურუსიძე, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის შემქმნელი და თანამონაწილე, სასამართლო სისტემიდან უნდა წავიდეს. ჩემზე მურუსიძემ რაც უნდა ის თქვას. ზაზა ხატიაშვილს ზურგს თავისი წარსული უმაგრებს, მურუსიძესაც ზურგი თავისმა წარსულმა უნდა გაუმაგროს.

ექსპერტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ფორმალურად და ოფიციალურად არის ჩართული ამ პროცესში. თქვენც ასე ფიქრობთ, რომ თეა წულუკიანი ჩართულია მოსამართლეთა არჩევის პროცესში?

- წულუკიანი აღმოჩნდა უპრინციპო ადამინი, კომკაშირელივით შემსულებელია. ნახეთ რა ხდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აყენებს ერთ-ერთი წესიერი იურისტის გასიტაშვილის კანდიდატურს და იგი აგებს მურუსიძის კანდიდატთან. ხელიუსფლებას გაყავს მურუსიძის კანდიდატი და თეა წულუკიანი ამ სიბინძურეზე გაჩუმებულია. წულუკიანი მიხვდა, რომ ხელისუფლება ლობირებს მურუსიძეს და გაჩუმდა. გაჩუმდა იმიტომ, რომ მიიღოს მწვანე შუქი და გახდეს სტრასბურის მოსამართლე. იცით, რომ ქალბატონ წოწორიას გასდის მოსამართლეობის ვადა.

ანუ, წულუკიანი ლობირებს მურუსიძეს იმიტომ, რომ სტრასბურგში დაიკავოს მოსამართლის თანამდებობაზე?

-დიახ. ვაფრთხილებ თეა წულუკიანს, თუკი მურუსიძე დაინიშნება მოსამართლედ, პირადად ჩავალ სტრასბურგში, ვიშიმშილებ და მას სასამართლოში არ შევუშვებ. ამაში ამყვება ძალიან ბევრი ადამიანი. ნუ გონია წულუკიანს, რომ ეს შერჩება. იცის რასაც აკეთებს და აკეთებს იმიტომ, რომ შეინარჩუნოს იუსტიციის მინისტრობა და სტრასბურგში გახდეს საქართველოს მოსამართლე. თეა წულუკიანს მოუწევს ძალიან დიდი ფასის გადახდა, მას არავინ აპატიებს იმას, რასაც აკეთებს. მას ვაქებდი, როგორც იურისტს და ჩემი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ წულუკიანი ყველაზე უარესიაო, არ მჯეროდა, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. თეა წულუკიანი სამოქალაქო საზოგადოების მტრად იქნება გამოცხადებული თუკი დაუშვებს იმას, რომ ლევან მურუსიძე გახდეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.