ნატო-ს ახალი სტრატეგია

ნატო-ს ახალი სტრატეგია

ნატო-მ ე.წ. ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ ახალი სტრატეგია მიიღო. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

სააგენტო „დოიჩე ველეს“ ცნობით, ალიანსი ახალი სტრატეგიის განხორციელებისას საკუთარ ქმედებებს ევროკავშირთან შეათანხმებს, რადგან ჰიბრიდული ომი შეიცავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ელემენტებს.

ახალი სტრატეგიის დეტალები უცნობია, რადგან სტოლტენბერგი მცირე განმარტებით შემოიფარგლება. ვიცით მხოლოდ ის, რომ ნატო-ს ახალი სტრატეგია ეფუძნება „მომზადებას, შეკავებასა და თავდაცვას“.

თუმცა ერთი რამ შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ ე.წ.ჰიბრიდული ომისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ, შესაძლოა, ნატომ სწრაფი რეაგირების სპეციალური ძალებიც გამოიყენოს. როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, ალიანსის ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დაწყებამ უნდა აამოქმედოს ნატო-ს წესდების მეხუთე სტატია, რომელიც აგრესიის შემთხვევაში, კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ტერმინ „ჰიბრიდულ ომს“, „ცივი ომის“ შემდეგ ახალ პოლიტიკურ ლექსიკონში ამ სიტყვამ თანდათანობით დაიმკვიდრა ადგილი. სხვათა შორის, ჰიბრიდული ომი ეფექტური საშუალებაა, რომ ამა თუ იმ ხელისუფალმა საკუთარი ქვეყნის შიგნით შექმნილი ურთულესი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა გაამართლოს.

ზოგადად, ნატო-ში ჰიბრიდულ ომს უწოდებენ ტაქტიკას, რომლის დროსაც ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებები არ გამოიყენება. ჰიბრიდული ომი შეიცავს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ელემენტებს, ასევე, ეკონომიკური ზეწოლისა და სპეცდანიშნულების ძალების ფარულ გამოყენებას. ჰიბრიდული ომი არის ომი მართვადი ქაოსის მეშვეობით, როცა აგრესორი ახერხებს და სასურველი ქვეყნის სათავეში მისთვის სანდო ხელისუფალს მოიყვანს, ან კიდევ, ისეთ დეგრადაციამდე მიიყვანს ამა თუ იმ სახელმწიფოს, რომ მისი მართვა საკუთარ დასაყრდენთა მეშვეობით უადვილდება.

საწყის სტადიაში ჰიბრიდული ომი შესაძლოა, ისე უმტკივნეულოდაც განხორციელდეს, რომ საკუთარ უსუსურობას ესა თუ ის სახელმწიფო მოგვიანებით მიხვდეს. უფრო მეტიც, გლობალიზაციის პირობებში გარკვეული სახელმწიფოები თუ არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნები შეეცდებიან, თავიანთი ნება მოახვიონ სხვებს, მიითვისონ ენერგო ან სასმელი წყლის რესურსები და დანარჩენი მსოფლიო დეგრადირებული ეკონომიკის თუ სირთულეების ფონზე პოლიტიკურად დამოკიდებული გახადონ.

რაც შეეხება საქართველოს, გასულ წელს ნატოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ქართული მედია იუწყებოდა, რომ რუსეთს შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი დაეწყო, რაც იმავე ტაქტიკით განხორციელდებოდა, როგორც -უკრაინაში. უფრო ზუსტად, ნატოს წარმომადგენელის აზრით, უკრაინული სცენარი საქართველოსთან მიმართებით ასეთი იყო - ოკუპირებულ აფხაზეთს ან ცხინვალის რეგიონს შესაძლოა, საქართველოზე თავდასხმა დაეწო, რუსეთი კი მათ არაპირდაპირ ისევე დაეხმარებოდა, როგორც - პრორუს სეპარატისტებს უკრაინაში. თუმცა ქართველი ექსპერტები ჰიბრიდული ომის საფრთხეს და მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას იმთავითვე ეჭვის თვალით უყურებდნენ.

ეს იმ ფონზე, როცა დასავლეთმა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებაში არაერთხელ დაადანაშაულა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მარტო უკრაინის ომი არ იგულისხმება ჰიბრიდულ ომში, არამედ ამ ომის ტიპს მიეკუთვნება სირიაში არსებული საბრძოლო ოპერაციები ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ.

„ნატოს ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა ჰიბრიდული ომის სტრატეგია. ჯერ კიდევ ჰიბრიდული ომის რაობა და ფაქტობრიობა დაფიქსირებული გახლდათ უელსის სამიტის დეკლარაციაში. უბრალოდ, ახლანდელ სამიტზე ამ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო და ნატოს ადრესატად უპირველესად რუსეთი იგულისხმება. ალბათ, საუბარია კიდევ ასადის რეჟიმზე და სხვებზეც, რომლებიც ჰიბრიდულ ომს მიმართავენ. მაგალითად, ქართველებისთვის მტკივნეულია თურქული ექსპანსიის მცდელობა, განსაკუთრებით, აჭარის რეგიონში. ბუნებრივია, არა მარტო თურქეთი, არამედ ყველა ქვეყანა გამოიყენებს ჰიბრიდული ომის ელემენტებს სათავისო მიზნის მისაღწევად. თუმცა ამ შემთხვევაში, ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში ნატო თურქეთს არ იგულისხმებდა, რადგან თურქეთი მისი წევრია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 21-ე საუკუნეში ცალკეული ქვეყნები ცდილობენ, პირდაპირ საომარ მოქმედებებში არ იყვნენ ჩათრეულები, რადგან დღევანდელი შესაძლებლობები ძალიან დიდია მძიმე და რთული ტიპის იარაღის თვალსაზრისით. ამიტომ ნატო მაქსიმალურად ცდილობს, რუსეთთან მშვიდობიანი და ფრთხილი პოლიტიკა აწარმოოს. რუსეთი კი, როგორც მავნებელი, ამ თვითნებობით სარგებლობს, რადგან მთელი მსოფლიო სიშვიდის შენარჩუნებას ცდილობს.

„რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს აქტიურ დესტრუქციულ რეჟიმში ყოფნას, რათა მსოფლიო ჩაითრიოს. ის პროვოკაციულიცაა, თავნებაც და მავნებელიც. რუსეთი ჩვენს თანამედროვედ აღიარებულ საზღვრებშია შემოჭრილი, სწორედ ამაზეა საუბარი და არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის პრინციპზე. თორემ ჩვენი სამეზობლო კუთხით შეიძლება, ვერც კი მოვიძიოთ ისეთი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ჩვენს ოკუპირებას არ ახდენდა. აქ ლაპარაკია იმ საზღვრებზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიომ აღიარა. მართალია, აგვისტოს ომის შემდეგ, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველომ საინფორმაციო ომში რუსეთს მოუგო, რადგან რუსეთი ოკუპანტად იყო მოხსენიებული. წინა ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს სწორედ მათი საინფორმაციო ომის დადებითი შედეგი იყო. როდესაც ლაპარაკია ერთიან სტრატეგიულ ხედვაზე და მის განხორციელებაზე, ეს გულისხმობს იმას, რომ რუსეთთან მიმართებით დანარჩენი მსოფლიო მარტო არ იყოს. ამიტომ ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ ახალი სტრატეგიის შემუშავება მცირე დაცულობა მაინც იქნება რუსეთის პირისპირ“, - აცხადებს არჩილ გამზარდია და შეკითხვის საპასუხოდ, რუსეთს გარდა, კიდევ ვინ იყენებს ჰიბრიდული ომის სტრატეგიას, განმარტავს: „მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანა, მწვავე რეგიონები, განსაკუთრებით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები იყენებენ ამ სტრატეგიას, თორემ ევროპულ ქვეყნებს ნაკლებად აქვთ ამის საჭიროება. მე რომ მკითხოთ, თავის დროზე ჯორჯ ბუში იმდენად პირდაპირი იყო, რომ ამბობდა -„საქართველო სტრატეგიული პარტნიორი“, „საქართველო ნატოში უნდა მოხვდეს“. ასეთი აქტიური მხარდაჭერა ახლა შეიძლება ნაკლებად იყოს. ამიტომ ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლა ერთ-ერთი მეთოდია, იქნებ, რუსეთზე გარეგანი ეფექტების გამო გავლენა მოახდინონ“.