„რუსული ჯინი თუ დაიბადება, მას ბოთლში ვერანაირად ვერ გააჩერებ“

„რუსული ჯინი თუ დაიბადება, მას ბოთლში ვერანაირად ვერ გააჩერებ“

პერიოდულად, საქართველოში რუსული საინფორმაციო არხების აკრძალვის თემა აქტიურდება. ამჯერად საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელი ნიკა რურუა გამოდის ამ მოწოდებით.

ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში საზოგადოება „ივერიამ“ საქართველოს პროკურატურაში რუსული არხების აკრძალვის მოთხოვნით განცხადება შეიტანა, სადაც განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო ომი რეალური ომია, რომელიც ომისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს და მოსკოვი საინფორმაციო ომში აქტიურად იყენებს თითქმის ყველა ფედერალურ არხს.

ნაციონალები სიამაყით აღნიშნავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების ტრანსლირება შეწყდა. რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი განმარტავდა, რომ „რუსული მედია მკვლელობის ალტერნატიული იარაღი იყო“. თუმცა, ამის მიუხედავად, აღნიშნული გადაწყვეტილება ნაციონალებს ოფიციალური საკანონმდებლო ნორმით არ გაუმყარებიათ.

მოგვიანებით, 2012 წლის ნოემბრიდან ქართულ სივრცეში რუსული ტელეარხები კვლავ აქტიურად გამოჩნდნენ. ამას უმალვე მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა-„საქართველოში რუსული არხები ჩართეს“...

თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული მედია საქართველოში ერთხელ უკვე აიკრძალა, საინტერესოა, იყო თუ არა ეს აკრძალვა კონტრპროდუქტიული მაშინ და რა შედეგს გამოიღებს ახლა რუსული მაუწყებლობის შეჩერება?! ხომ არ ჩნდება იმის ალბათობა, რომ სხვა ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, ამერიკული წარმოშობის არხებიც საფრთხის შემცველად და პროპაგანდისტულად გამოცხადდება?!

მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი ნიკა რურუას პოზიციას იზიარებს, რომ გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს იმ პროპაგანდისტულ არხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს სივრცეში რუსეთიდან მაუწყებლობენ.

For.ge-სთან საუბარში ირაკლი ტაბლიაშვილი განმარტავს, რომ რუსული არხები არის პროპაგანდისტული და არა- საინფორმაციო ან ანალიტიკური არხები და ეს ჩვენთვის ეგზისტენციალური გამოწვევაა, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში.

„ამ პროპაგანდის საშუალებით რუსეთს ჩვენს საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება ეძლევა. შესაძლოა, რუსული არხების აკრძალვა რთული იყოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ე.წ. თეფშებით, თუმცა საკაბელო საშუალებები- „სილქნეტი“, „კავკასუსი“ და სხვები საკუთარ პაკეტში თუ არ ჩასვამენ რუსულ არხებს, კარგი იქნება. არის თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევა? - ხაზგასმით ვამბობ, რომ არ არის, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ პროპაგანდისტულ არხებზე. არ ვკამათობ, ინტერნეტის ტექნოლოგიების ეპოქაში ნებისმიერი რეგულაციის დაწესება შეიძლება არც იყოს პროდუქტიული, მაგრამ რატომ უნდა ვუყუროთ „რასია 24“-ს, რომელიც ღიად ტირაჟირებს სიძულვილს და ანტიქართული და თავისუფლების საწინააღმდეგო მესიჯებითაა გამორჩეული?! გარდა ამისა, ეს არხი ავრცელებს ტყუილებს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონებში მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე და მათი ერთადერთი საინფორმაციო წყარო სწორედ ეს პროპაგანდისტული მანქანაა. არ შეიძლება, ამას დავუპირისპირდეთ კონტრპროპაგანდით, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში პროპაგანდა არ უნდა იყოს. ამიტომ ერთგვარ პრევენციულ ნაბიჯად რჩება გარკვეული რეგულაციების დაწესება რუსულ არხებზე“, - აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.

ამასთან, განმარტავს, რომ „რასია 24“-ის გარდა, ტენდენციურობით გამოირჩევა „რტრ“ და ამ არხთან მიბმული, ანუ მის ჰოლდინგში შემავალი ბევრი არხი, ასევე, „ნტვ“, „სპუტნიკთან“ მიბმული არხები, „რაშა თუდეი“ და სხვა. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი ტელეკომპანია „დოჟდია“, რომელიც მაღალკვალიფიციურობით გამოირჩევა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას აკვირვებს ნიკა რურუას, როგორც თანამედროვე ან თანამედროვე რეალობებზე ორიენტირებული ადამიანის პოზიცია. ექსპერტის თქმით, თუკი გარკვეულ ინფორმაციაზე მოთხოვნა არსებობს, ამ ინფორმაციის მიწოდებას ვერანაირი ადმინისტრაციული მეთოდებით ვერ შეზღუდავ. უფრო მეტიც, გია ხუხაშვილი თვლის, რომ ძალიან ცუდია, თუკი ჩვენს საზოგადოებას არ ვენდობით და გვგონია, რომ რუსული არხებით ტვინი აერევათ.

„ასეთი ხელოვნური შეზღუდვით ვერაფერს შევაჩერებთ. რუსული ჯინი თუ დაიბადება, მას ბოთლში ვერანაირად ვერ გააჩერებ. ამიტომ სჯობს, პროდასავლელებმა იმ არგუმენტებზე იფიქრონ, რუსულ პროპაგანდას რა დაუპირისპირონ. თორემ ტელეარხების ტრანსლიაციის აკრძალვის მეთოდი, დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, 21-ე საუკუნეში ძალიან სასაცილოა. თუ სტატისტიკითა და კვლევებით ვიხელმძღვანელებთ, 2008 წლის შემდეგ რუსული არხების აკრძალვამ უარყოფითი შედეგი უფრო მოიტანა, ვიდრე დადებითი. რატომღაც პროდასავლელებმა ნატოსა და ევროკავშირის თემა აქციეს რწმენის თემად და ეზარებათ არგუმენტირებული საუბრები. არადა, არხების აკრძალვა საკუთარი უსუსურობის აღიარებაა. როდესაც შენი მოწინააღმდეგის ხელოვნურად აკრძალვას ითხოვ, ამით აღიარებ, რომ შენ აგებ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.