„იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებსაც თვითონ აკლიათ პერსონალური დამოუკიდებლობა. ძალიან კარგად ჩანს, რომ ცდილობენ ძველი სისტემის სოცოცხლის გახანგრძლივებას და მის რეინკარნაციას, და არამც და არაც სასამართლოს გაჯანსაღებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ლია მუხაშავრია, რომლის განცხადებით, ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემის გაჯანასაღებაზე მზრუნველი ადამიანებით დაკომპლექტდეს.
რატომ გაურბის პასუხისმგებლობას მურუსიძე და არის თუ არა მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩართული იუსტიციის მინისტრი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
მურუსიძის განცხადებით, აბსოლუტურად კანონიერად მოქმედებს და როგორც მოსამართლეს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების პრეტენზიებს, თვლის, რომ გარკვეულ პირებს აქვთ ცუდი ზრახვები, რომ სასამართლო იყოს ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ, რაშიც თურმე, მათ ხელს უშლის. ქალბატონო ლია, დღეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი მურუსიძეა?
- დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და სასამართლოს დამოუკიდებელი ადამიანები ქმნიან, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ითვალისწინებენ ზემდგომის მითითებას. ადამიანები, რომლებსაც საკმაო გამოცდილება აქვთ იმისა, რომ პოლიტიკური ზეწოლით თუ სხვათა მითითებით მიიღონ გადაწყვეტილება, ვერასოდეს იქნებიან დამოუკიდებელი მოსამართლეები.
რაც ნიშნავს, რომ ასეთი მოსამართლეებისგან შემდგარი სასამართლო ვერასოდეს ვერ გახდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა...
- რა თქმა უნდა. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ძველი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი ის ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ორგანულად იყო გადაჯაჭვული სააკაშვილის ხელისუფლების დაკვეთების შესრულებასთან. დღეს ხომ ვერავინ უარყოფს, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში თითქმის ყველა მოსამართლე იყო დაკვეთის შემსრულებელი.
ასეთი ადამიანებს რომც უნდოდეთ დამოუკიდებლობა, ვერ გახდებიან დამოუკიდებელი. ასეთი ადამიანების მოსამართლედ დანიშვნა იქნება თავის მოტყუება. არ აქვს მნიშვნელობა მურუსიძეა თუ სხვა მოსამართლე, ეს კრიტერიუმი ყველას მიმართ უნდა იყოს გათვალისწინებული.
ნამდვილად, მხოლოდ მურუსიძით არ შემოიფარგლება სასამართლო სისტემა. ძალიან ბევრი „მურუსიძე“ ჰყავდა ხელისუფლებას 9 წლის განმავლობაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაკომპლექტებულია იმ მოსამართლეებით, რომლებმაც მურუსიძესთან ერთად შექმნეს რეჟიმი ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, იქნებიან ისინი ობიექტურები გადაწყვეტილების მიღებაში?
- ხელისუფლებამ უნდა აღიაროს და მოინანიოს ის, რომ ჩააფლავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და იქ კონკრეტული პირების გამწესების პროცესი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებსაც თვითონ აკლიათ პერსონალური დამოუკიდებლობა. ძალიან კარგად ჩანს, რომ ცდილობენ ძველი სისტემის სოცოცხლის გახანგრძლივებას და მის რეინკარნაციას, და არამც და არაც სასამართლოს გაჯანსაღებას.
ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემის გაჯანსაღებაზე მზრუნველი ადამიანებით დაკომპლექტდეს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს არანორმალური სიტუაცია შეიცვალოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტულია ჰყავდეს დამოკიდებული მოსამართლეები.
რატომ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის კომფორტული, ჰყავდეს ასეთი დისკრედიტირებული მოსამართლეები, რომელთა უკანონო განაჩენის გამო ამ ქვეყანას 220 პოლიტპატიმარი ჰყავდა...
- ჩვენს პოლიტიკოსებს შორის ძალიან ბევრია საბჭოთა მენტალობის ადამიანები, რომელთაც არ ესმით სასამართლოს მნიშვნელობა. თუკი დასავლეთის ქვეყნის მოქალაქე ფიქრობს, რომ სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი ხელისუფლება, სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეებისთვის, არამედ ხელისუფლების პირველი პირებისთვის, ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა ძალიან დიდ უმრავლესობას ასე არ ესმის სასამართლოს მნიშვნელობა და სასამართლოს როლი.
ხელისუფლებაში მოსვლის წინ თვალთმაქცობენ და გვპირდებიან, რომ თითქოს, ესმით საკითხების მნიშვნელობა და ამ პრობლემების ამოძირკვის სურვილი აქვთ, მაგრამ მერე ამას ივიწყებენ. პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ჩვენ არ გვაქვს მექანიზმები პასუხი მოვთხოვოთ და გამოვიწვიოთ იმ თანამდებობებიდან, სადაც ავირჩიეთ ცრუ და მატყუარა პოლიტიკოსები. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის იურისტი დეპუტატებიდანაც ძალიან ცოტას სურს დამოუკიდებელი სასამართლო.
რატომ?
- იმიტომ, რომ კომფორტულია. დაურეკავს მოსამართლეს, შეათანხმებს გადაწყვეტილებას და თავის გავლენას თუ პერსონალურ ჭიას გაახარებს. სწორედ, ასეთი ჭიებით ხრავენ ამ ქვეყანას და სახელმწიფოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პროცესში არაფორმალურად ჩართულია იუსტიციის მინისტრი. მისი განცხადებაა, რომ „ლევან მურუსიძის ხელმოწერა არის გირგვლიანის განაჩენში, მაგრამ ამის მიუხედავად, მას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში“. მოსამართლეთა არჩევის პროცესში იკვეთება თეა წულუკიანის ჩართულობა?
- წულუკიანი ფორმალურად და ოფიციალურად არის ჩართული პროცესში, როდესაც ასეთ კომენტარს აკეთებს. მე რომ მკითხოთ, წულუკიანი არაფრით განსხვავდება ნაცების იუსტიციის მინისტრისგან, რომელიც ასევე მხარს უჭერდა დამოკიდებულ და უხერხემლო სასამართლოს, ამაგრებდა იმ უბედურ სასამართლოს, რომელიც მათი უკანონო პოლიტიკური ნების გამტარებელი იყო.
წულუკიანს ამნეზია არ დამართნია, მაგრამ როდესაც მედიამ შეუტია, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ძალიან კარგად ახსოვდა გირგვლიანის გადაწყვეტილებიდან მურუსიძის „დამსახურება“ მართლმსაჯულებისა და ქვეყნის წინაშე. რაც ყველაზე საინტერესოა, თურმე წულუკიანს არ სცოდნია, რომ მურუსიძეს აქვს ისეთი ნაკლი, რომლის გამო, მისი არათუ გამწესება არ შეიძლება მოსამართლედ, არამედ მას უფლებაც არ აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში.
გარდა იმისა, რომ მურუსიძე არის კანდიდატი, ის ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელიც ვალდებულია დაესწროს კანდიდატების შერჩევის პროცესს, თუმცა მურუსიძე არ გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ხოლო იუსტიციის მინისტრის მხრიდან ამაზე არ ყოფილა რეაქცია...
- როდესაც ისეთი მაღალი თანამდებობის პირი, იურისტი და ისეთი კვალიფიკაციის მქონე პირი, როგორიც თეა წულუკიანია, ამაზე თვალს ხუჭავს, ეს ჩართულობა არ არის, ეს არის თანამონაწილეობა დანაშაულებრივ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში, იმიტომ, რომ ამაზე დიდ დანაშაულს წულუკიანი ვერ ჩაიდენს. ის ვერავის ვერ დააყაჩაღებს, მაგრამ მოახერხებს იმას, რომ ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოს იმიჯს, რომ ხელი შეუწყოს მურუსიძეს და მისნაირებს გამწესდნენ სასამართლო სისტემაში. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული.
ყველა ის პირი, ვინც ხელს უწყობს, დამნაშავეები, რომლებიც სასამართლოს მიერ ოფიციალურად არ არიან ცნობილი დამნაშავეებად, მაგრამ დამნაშავეები არიან, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებით ამაგრებდნენ სისხლიან რეჟიმს, წამების ორგანიზატორებს და წამების მასობრივად ჩამდენ რეჟიმს, ვინც ამ მოსამართლეებს ეხმარება, რომ კვლავ დარჩნენ სასამართლოში, დიახ ისინი უთხრიან ყველაზე მეტად ძირს ჩვენს სახელმწიფოს. ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე ტერორისტული აქტი. ეს არის ხანგრძლივი მოქმედების ბომბია, რომელიც ყოველდღიურად აფეთქდება და დაანგრევს ქვეყანას. არ მინდა ასეთი სახელმწიფოს მოქალაქე ვიყო. არ მინდა ასეთი ტერორისტები უბრალოდ თავისუფლებაში კი არა, არამედ მინისტრის თანამდებობაზე ისხდნენ.
დანაშაულის სისასტიკიდან გამომდინარე, სანდრო გირგვლიანის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე მურუსიძის ბიოგრაფიაში, თუმცა ამბობს, რომ მას კანონმდებლობა არ აძლევდა საშუალებას სხვა გადაწყვეტილება მიეღო, ან წინასწარ გამოძიებაში დაებრუნებინა საქმე. მურუსიძის მხრიდან კანონმდებლობის ხარვეზზე საუბარი ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას იხსნის, თუ ეს მართლაც სერიოზული არგუმენტია?
- მიუხედავად იმისა, რომ თავის დასაცავად აკეთებს ამ განმარტებას მურუსიძე, ნაწილობრივ უნდა დავეთანხმო მას. ნამდვილად, საპროცესო კანონმდებლობა ძალიან სერიოზულ ლიმიტებს უწესებდა მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ გარდა იმისა, რომ არის კანონის განაწესი, არსებობს მოსამართლის შინაგანი რწმენა, რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მოსამართლეს უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი იურიდიული განათლება და ძალიან მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია, რომ საკუთარი შინაგანი რწმენით მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებაში ასახოს და დაამტკიცოს, რომ მისი შინაგანი რწმენა კანონზე უფრო მნიშვნელოვანია.
თუკი ასეთი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში და კანონის მძევალი იყო მურუსიძე, ჩნდება კითხვა, რატომ დუმდა მაშინ მურუსიძე?
- დიახ, ჩვენ არ გვახსოვს მურუსიძის არანაირი უკმაყოფილება იმის გამო, რომ თურმე კანონი ხელ-ფეხს უბორკავდა მოსამართლეებს. იმ პერიოდში, არც ერთი მოსამართლის მხრიდან არ ყოფილა ასეთი განცხადება. მით უმეტეს, რომ მაშინ ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია წუხდა იმაზე, რომ ჩვენი კანონმდებლობა იყო უვარგისი, რომელიც ძალიან სერიოზულად აზიანებდა მართლმსაჯულების ინტერესებს, მაგრამ ეს მოსამართლეები მაშინ ხმას არ იღებდნენ. პირიქით, ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი ამტკიცებდა, რომ ჩვენ ევროპულ კანონმდებლობაზე უკეთესი კანონმდებლობა გვაქვსო. დღეს, როცა ეს ადამიანები კანონმდებლობის კრიტიკით გამოდიან, რომელიც სწორედ მათი მოსამართლეობის პერიოდში შეიცვალა, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ამ პრეტენზიას საზოგადოება არ მიიღებს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მანკიერი კანონმდებლობის გაჯანსაღებისთვის.
კანონმდებლობა, რომელიც მურუსიძეს ხელს უშლიდა ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში, დღესაც ძალაშია და თუ ასეთი ცუდია კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას, რატომ უნდა უნდოდეს მაშინ მურუსიძეს მოსამართლეობა?
- სწორედ იმიტომ, რომ მისთვის ხელსაყრელია მომავალში თუ კიდევ ვინმე მოკითხავს პასუხს დღეს და ხვალ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, იტყვის, რომ კანონმდებლობა არ აძლევდა შესაძლებლობას, თორემ ის ძალიან კარგი მოსამართლეა და ძალიან კარგი იურისტი. ამიტომაც არის ხელისუფლება ჩუმად, არ ცვლის კანონმდებლობას და ეს მოსამართლეები დღესაც მორჩილად დუმან.
გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მურუსიძის კოლეგებით, რომლებზეც მას აქვს საკმაოდ დიდი გავლენა. ამის მიუხედავად ფიქრობთ, რომ საზოგადოების პროტესტმა შეიძლება გავლენა იქონიოს?
- მე მოვუწოდებდი ხელისუფლებას, თუ მართლა უნდა, რომ 2016 წელს დარჩეს ხელისუფლებაში, კეთილი ინებოს და გარეკოს ეს უმაღლესი საბჭო, ჩაატაროს ახალი არჩევნები. შექმნილი მდგომარეობა არის საშიში. საშიში არა მარტო ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის. ასეთი ცუდი მოსამართლეები მზად არიან უდანაშაულოდ მომისაჯონ მეც და თქვენც. ვიდრე ეს არ მომხდარა, ჯობია ახლავე ვიზრუნოთ ამაზე.
ჩვენ გვახსოვს, რომ სააკაშვილი ჯერ მილიონერებს იჭერდა და საზოგადოებას მოსწონდა, როდესაც მილიონერები გამოელია, ჩვეულებრივ ადამიანებს ჩამოუარა და გააყიდინა სახლ-კარი, მერე დადგა ფეხზე საზოგადოება. ნუ დაველოდებით ამ მომენტს. ჩვენ ვიცით არ არის ცუდი სასამართლო. დღეს მივიღოთ ზომები იმისათვის, რომ ქვეყანას არ ყავდეს დამოკიდებული მოსამართლეები.