ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, პარტიის ლიდერის შემცვლელზე მომავალი კვირის ორშაბათ-სამშაბათს იმსჯელებს. სანამ, ნაციონალები პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავენ და იმაზე ისაუბრებენ, პარტიის თავმჯდომარის მანტია ვის მოასხან, მანამდე უმცირესობის წევრები გოკა და ლადო გაბაშვილების ფარული ჩანაწერების შეფასებებას თავს არიდებენ.
for.ge-სთან საუბარში ნაციონალების ერთმა ნაწილმა საუბრის ავთენტურობა ეჭქვეშ დააყენა, მეორე ნაწილმა პარტიაში განხეთქილება გამორიცხა და ჩანაწერის შინაარსი პარტიულ დემოკრატიას დაუკავშირა, ხოლო თავად საუბრის ადრესატები კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, for.ge-მ გაბაშვილის ჩაწერა ვერ მოახერხა, ხოლო უკრაინაში მყოფი გიორგი ვაშაძე ჩვენს დარწმუნებას შეეცადა, რომ ჩანაწერის შინაარსი არ მოუსმენია.
დიდი ალბათობით ვაშაძეს ჩანაწერი მოსმენილი აქვს, მაგრამ ლოგიკურია, რომ მას შეფასების გაკეთება არ სურს, რადგან ძმასთან საუბარში გაბაშვილი მას მოიხსენიებს როგორც - „ჭიათურელ, ნაგლ, კომკავშირელ, კარიერისტ ტიპს“.
ვაშაძის მსგავსად, გაბაშვილი შეურაცხმყოფელ ეპითეტებს სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით საყვარელიძის, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩო ახალაიას მიმართ არ ზოგავს და თუკი ის ყოფილ პრეზიდენტს „გიჟს“ უწოდებს, დანარჩენ პირებს „პრო ...ებად“ მოიხსენიებს.
გარდა იმისა, რომ გაბაშვილის საუბრიდან აღნიშნული პირების მიმართ მისი დამოკიდებულება ირკვევა, ფარული ჩანაწერის შინაარსიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირებაც დასტურდება. ანუ, ის კონკრეტდება, რის თაობაზეც პარტიიდან კუბლაშვილ-ხაჩიძე-მელაძე-ჯაფარიძის წამოსვლის დროს, for.ge წერდა. კერძოდ, პარტიიდან აღნიშნული პირების წამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად ბოკერია-სააკაშვილის მხარდაჭერებს შორის არსებული დაპირისპირება სახელდებოდა. გაბაშვილის საუბრიდან ირკვევა, რომ პარტია ბოკერია-სააკაშვილის ბანაკებად არის დაყოფილი.
„ამ ყველაფრის ინიციატორი მიშაა, მაგრამ ვითომ არ ჩანს. ადეიშვილი, ვარშალომიძე, ზოდელავა, საყვარელიძე და ვინც უკრაინაშია, მაქაური პრ....ჭები არიან. ყველა ერთად, ბოკერიას, მე, გიგის - ჩვენ სასტავს გვებრძვიან და ჩვენი ჩაჩოჩება უნდათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ შედეგი თუ გინდათ არჩევნებზე, აგერ ვართ და თუ არა და შეიტენეთ ტრ...ში და ვნახავთ, რასაც იზამთ, თქვენი დედაც მოვ....თო... იმის მაგივრად, რომ ბიძინაზე ფიქრობდეს, ტიპი ჩვენზე ფიქრობს. წესით, ჯერ ოდესაზე უნდა ფიქრობდეს, მერე ბიძინაზე და ბოლოს - ჩვენზე. ეჭვიანობს, რომ ისე დავლაგდებით, ეგ აღარ დაგვჭირდება. ნუ, გიჟია“, - ამბობს გაბაშვილი ფარულ ჩანაწერებში.
გაბაშვილი საუბრისას ახალაიასა და ადეიშვილს „პაზორნ ძალოვნებად“ მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილს მონები მოსწონს.
„რატომ უნდა უნდოდეს ბაჩოს და ადეიშვილის დალაგებული პარტია? ხალხი აღფრთოვანებით შეეგებება ქართულ პოლიტიკაში ამ ორი დიდი მოღვაწის გაბლატავებას? - იმის მაგივრად, რომ მალავდეს და თავის ყოფილ პაზორნი ძალოვნებს აჩოჩებდეს, ისევ იმათ ეყრდნობა და ისევ იმათი იმედი აქვს. იყოს, ჩვენ რა ვუყოთ. გიჟია რა, ხელისუფლების გიჟია. არ უნდა ჯანმრთელი ადამიანები, მონები უნდა. ჩვენ მონები ვერ გავხდებით. ვინც ჰყავს მონები, იმათ ეყრდნობა. სამ კვადრატულ მეტრში მჯდომ გიგის ებრძვის და იმდენი ნამუსიც არ აქვს, რომ გიგისთან ბრძოლა არ იკადროს. რეკავს ხალხთან და ეუბნება, რომ უგულავას ხალხია და უგულავას ხალხია“, - ამბობს გაბაშვილი, რომლის საუბარში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე.
როგორც for.ge-ს ბარამიძემ განუცხადა, მსგავსი ჩანაწერების პოლიტიკად გადაქცევა არასერიოზულია და ეჭვი ეპარება, რომ ჩანაწერები ავთენტურია, შესაბამისად, შინაარსთან დაკავშირებით, ვერაფერს ამბობს. ბარამიძე ჩანაწერების წარმოებას რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივ მუშაობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მიზანია, თავიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოიშოროს.
„გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ პარტიაში ბანაკებია. ყველა ოჯახშია საკუთარი აზრი. ისე წარმოგვაჩენდნენ, თითქოს, რასაც ერთი იტყოდა, ყველა იმას ეთანხმებოდა, მაგრამ როცა ხელისუფლებაში ვიყავით, კამათი მუდმივად იყო და აზრების დაპირისპირება ხდებოდა. ჩვენი პარტიის პლუსია, რომ გუნდური პრინციპით ვმოქმედებთ. ყოველთვის იყო ის, რომ ძმაკაცურად ერთმანეთზე რაც გვინდოდა, ის გვეთქვა. ამის პოლიტიკად გადაქცევა არასერიოზულია. ახალი არაფერი ხდება და ასე იყო ცხრა წლის მანძილზე. ვისაც უნდა, შეუძლია იხალისოს და გაერთოს, მაგრამ ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ“, - აცხადებს ბარამიძე.
შინაარსზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას თავი აარიდა აკაკი მინაშვილმა, რომელიც ბაჩო ახალაის ბანაკის წევრად მოიაზრება. for.ge-სთან საუბარში მინაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება ქართველი და რუსი სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობით ხდება. მისი თქმით, ივანიშვილს 2016 წლის არჩევნებში დამარცხების ეშინია და მსგავს ჩანაწერებს ამის გამო აქვეყნებს.
„ჩვენ ხელისულებას ერთიანად დავამარცხებთ“, - დასძენს მინაშვილი, რომლის მსგავსად, ნუგზარ წიკლაურს სჯერა, რომ 2016 წელს, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება.
წიკლაური for.ge-სთან საუბარში სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პროცესებზე სააკაშვილის ჩამოშორების მცდელობას უკავშირებს. წიკლაურის მოსაზრებით, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება ხდება.
„ქვეყანაში სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარდაქმნებია და მთავრობას 2016 წელის მოსვლა და არჩევნების ჩატარება აშინებს. ხელისუფლების მიზანია, პოლიტიკურ პროცესებს სააკაშვილი ჩამოაშოროს. ის პოლიტიკურ ლიდერად რჩება მიუხედავად იმისა, რა სამართლებრივ პრობლემებს შეუქმნიან“, - აცხადებს წიკლაური, რომელიც თვლის, რომ პარტიის ლიდერის შეცვლა საჭირო არ არის, ხოლო თანაგუნდელების მსგავსად, ჩანაწერების ავთენტურობას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ფარული ჩანაწერებით პარტიის დეზორიენტაციის მცდელობაა.
„გუნდში დაპირისპირება არათუ არ არის, არამედ გაცილებით მეტი ერთობა იქნება, რაც არჩევნები მოახლოვდება. ნაციონალებში ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი პრობლება ივანიშვილია და მისი სახლში გაშვებას ერთიანობა სჭირდება“, - დასძენს წიკლაური.
ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, მას ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დაკავების უფლება ჩამოერთმევა და ამ საკითხზე მსჯელობა ნაციონალებს მოუწევთ, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები რამდენიმე თვის წინ უკრაინაშიც გაიმართა. წყაროს ცნობით, სააკაშვილთან ლიდერის პოსტიდან შეხვედრაზე გადაყენების საკითხი განიხილეს, მაგრამ შეთანხდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, პარტიის ლიდერად სხვა პირის არჩევა არ მოხდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიცვლიან თუ არა ამ პოზიციებს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, დღეს, გიგი უგულავასთან ციხეში გოკა გაბაშვილი შევიდა და არ არის გამორიცხული, რომ ბოკერია-უგულავას ბანაკმა სხვა გეგმა აამოქმედოს.