„დასაველეთის და ნატოს მხარდაჭერაზე დგას ჩვენი თავდაცვის სისტემა“

„დასაველეთის და ნატოს მხარდაჭერაზე დგას ჩვენი თავდაცვის სისტემა“

„ალიანსში ვერ გაიმარჯვა იმ ფრთამ, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში შეიძლება პრობლემის მოგვარება. ამ ქვეყენებს შორის არის აშშ, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, შორენა ლორთქიფანიძე, რომლის განცხადებით, გაიმარჯვა მეორე ფრთამ, რომელიც თვლის, რომ საქართველოს გაწევრიანებით ალიანსი გაიმრავლებს პრობლემებს.

for.ge შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

ალიანსის წევრი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევრატლანტიკურ მისწრაფებას, მაგრამ ერთია განცხადება და მეორეა ქმედითი ნაბიჯები. რატომ იკავებს ნატო თავს, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში?

შორენა ლორთქიფანიძე: მოსალოდნელიც იყო, რომ დეკემბრის სამიტზე ჩვენთან მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. აქ რამდენიმე საკითხია - საგარეო და საერთაშორისო ურთიერთობები, ასევე - რუსეთის ფაქტორი. როგორც ჩანს, ნატოს კარგად არ აქვს გააზრებული ამ რეგიონში გაფართოება. როგორც ჩანს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩვენი რეგიონი ახალი გამოწვევაა ალიანსისთვის. 1994 წლიდან მიმდინაროებს აქტიური მუშაობა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე თქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ეს ძალიან ბევრ რეფლექსიასთან, ანალიზთთან და ერთგვარ პროგნოზირებასთან არის დაკავშირებული.

რეალურად, რას მისცემდა ალიანსს დღეს საქართველოს გაწევრიანება?

- ეს მისი დაგეგმვის და სტრატეგიული ხედვის ნაწილია, მოიაზრებს თუ არა ნატო საქართველოს, როგორც პერსპექტიულ წევრს და უკვე პარტნიორს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილს ამ რეიონში. როგორც ჩანს, რთული პროცესია ასეთი ცვლილება მოახდინოს მან თავის სტრატეგიულ ანალიზში.

მეორე საკითხია, რა ხდება შიდა პოლიტიკის და რეფორმების მხრივ, რამდენად გამჭვირვალეა უსაფრთხოების სექტორი და როგორ მიდის დემოკრატიის პროცესი საქართველოში. ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება, მაგრამ პრინციპში, იგივე გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა. დემოკრატიის და თავისუფლების ინდექსებს რომ გადავხედავთ, ვნახავათ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს დიდი ცვლილებებისთვის არ მიუღწევია. რაც არ უნდა კარგი არჩევნები ჩავატაროთ, მაინც ძალიან ძნელად გამოვდივართ ამ პოსტსაბჭოთა სივრციდან, როგორც კონტექსტურად, ასევე ფიზიკურად. ეს საკითხები არის გასათვალისწინებელი.

ალიანსის წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მაგრამ რა არის მიზეზი იმისა, რომ წინ ვერ მივდივართ?

- გეთანხმებით, რომ ყველა ინსტუმენტი წარმატებით გავიარეთ, მაგრამ როგორც ჩანს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს ნატომ. ნატო ყველაფერს აკეთებს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს, როგორც დაფინანსების, ასევე სხვადსხვა მიმართულებით. მათ შორის გახლავთ უელსის სამიტის ჩანაწერები, სადაც საქართველოს მოხსენიება როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. დამერწმუნეთ, რომ არა ეს ყველაფერი და ნატოს მტკიცე მხარდაჭერა, არ ვიცი დღეს რა ვითარებაში ვიქნებოდით. დასაველეთის და ნატოს მხარდაჭერაზე დგას ჩვენი თავდაცვის სისტემა. გასაგებია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამას აქვს თავისი საფუძველი, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.

და რა არის ეს უფრო მეტი, რაც აკლია ამ პროცესს?

- ეს არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობა, სტრატეგიულ ხედვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, უკეთესი კორდინაცია ქვეყნის შიგნით საზოგადოებასთან, მეტი პროფესიონალიზმი, მათ შორის გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივ დონეზე, ეს არის მათთვის ანა-ბანა. ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები რა და როგორ ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით დასაველეთის მხარდაჭერით და რეგიონში მისაბაძი ქვეყანა ვართ, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი. პირველ რიგში, - თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულება და ძველი სისტემის საბოლოოდ წარსულისთვის ჩაბარება და დასავლური მართვის სისტემებზე გადასვლა. ეს უნდა მოხდეს და როცა ასეთი ვიქნებით, ჩვენ შევიტანთ კონსტრიბუციას ალიანსში.

არსებული საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელიც იყო საქართველოს მიწვევა ალიანსში? გასაგებია, რომ წინ გვაქვს ვარშავის სამიტი, მაგრამ უკვე რთულია საუბარი იმაზე რა მოხდება ვარშავაში...

- გეთანხმებით, ნადვილად რთულია წინასწარ იმაზე საუბარი რა იქნება ვარშავაში, მაგრამ დრო არის და კიდევ შეიძლება მუშაობა. მონტენეგროს შემთხვევაში მოსალოდნელიც იყო, რომ მიიღებოდა ასეთი გადაწყვეტილება. ნატოში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით.

როგორც აღმოჩნა ალიანსში ვერ გაიმარჯვა იმ ფრთამ, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში შეიძლება პრობლემის მოგვარება, ამ ქვეყენებს შორის არის აშშ, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. გაიმარჯვა მეორე ფრთამ, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანებით გავიმრავლებთ პრობლემებს. საკითხისადმი ასეთი მიდგომის ქვეყანა ცოტა არის, მაგრამ შესაძლებელია მათი დარწმუნება.

და ასეთი არის გერმანია? ცნობილია, რომ გერმანია, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს არ უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას...

- გერმანია მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ ამ პოზიციაზე შეიძლება იყოს თუნდაც ჰოლანდია, ან ნატოს რომელიმე პატარა წევრი ქვეყანა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ალიანსში გადაწყვეტილება კონსესნსუსის საფუძველზე მიიღება. ერთი ქვეყანაც, რომ იყოს წინააღმდეგი, ალიანსი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ნატო გამოხატავს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ ნებას.

აქედან გამომდინარე, ალბათ, საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს გაწევრიანებით პრობლემები შეექმებათ და პირველ რიგში - გერმანიასთან...

- იმედი მაქვს, რომ ეს მუშაობა მიდის. აუცილებლად უნდა გააქტიურდეს ხელისუფლება ამ მიმართულებით. იგივე გერმანიაში უნდა შევძლოთ ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებიც თვითონ მოახდენენ გავლენას ამ პროცესზე და მხარს დაგვიჭერენ. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მეტი მხარდაჭერა და გავხდეთ ნატოს წევრი, რადგან უსაფრთხოების სხვა გარანტია და პერსპექტივა უბრალოდ, არ არსებობს.

ძალიან რთულია წინასწარ გააკეთო დასკვნა რომელი ქვეყანა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ პროგრესი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში დაფიქსირდა, საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგეს ვარშავის სამიტზე?

- პროგრესი არ არის საკმარისი. უნდა შევცვალოთ პოლიტიკა. თუმცა, არ ველოდები, რომ რაღაცა ცვლილებები იქნება. ვარშავის სამიტამდე დიდი დროა. ამიტომ, აუცილებელია შესაბამისმა უწყებებმა იმუშაონ ძალიან აქტურად, მაქსიმალურად ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოს საკითხის დადებითად გადაწყდეს.

ვარშავის სამიტი ძალაინ ცუდ დროს ემთხვევა. მოგეხსენებათ, რომ 2016 წელი საქართველოში საარჩევნო წელია. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღების ცენტრში იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესები, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას ექნება უფრო მეტი შესძლებლობა, რომ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, რა ძალაა, რა პრინციპები აქვს, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ვარშავის სამიტი პრესპექტიული იქნება საქართველოსთვის.