„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“

ე.წ. ჰიბრიდულ ომს ალიანსი ახალი სტრატეგიით დაუპირისპირდება. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ ნატო-მ ახალი სტრატეგია მიიღო. ალიანსი ახალი სტრატეგიის განხორციელებისას ქმედებებს ევროკავშირთან შეათანხმებს, რადგან ჰიბრიდული ომი შეიცავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ელემენტებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ახალი სტრატეგია ეფუძნება მომზადებას, შეკავებასა და თავდაცვას.

ე.წ.ჰიბრიდული ომისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ, შესაძლოა, სწრაფი რეაგირების სპეციალური ძალებიც გამოიყენონ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დაწყებამ უნდა აამოქმედოს ნატოს წესდების მე-5 სტატია, რომელიც აგრესიის შემთხვევაში კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს.

სტრატეგიის დეტალები არ ხმაურდება და შესაბამისად, უცნობია ნატოს წესდების მე-5 სტატია ამოქმედდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც დასავლეთი უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებს. როგორც ცნობილია ჰიბრიდული ომს თავისი ტაქტიკა აქვს, რომლის დროს ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებები არ გამოიყენება. ჰიბრიდული ომი შეიცავს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ელემენტებს, ასევე ეკონომიკური ზეწოლისა და სპეცდანიშნულების ძალების ფარულ გამოყენებას.

ექსპერტების შეფასებით რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის მსხვერპლი გახდა საქართველოც. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხდებს, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი 90-იან წლებში დაიწყო, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა აფხაზეთი, ამ პირობებში მოხდა 2008 წლის ომი. მისი თქმით, მთელი რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომით შემოიფარგლება.

„ომი - ომის კანონების გარეშე. პრაქტიკულად, მთელი რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომით შემოიფარგლება. გასაგებია, რომ უკრაინის შემთხვევაშიც რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, მაგრამ ჰიბრიდული ომის ელემენტები კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს საქართველოში. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა ტერორისტული ომიც, უფრო რადიკალური ფორმით. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ისლამურ აგრესიას დასავლეთი ეფექტურად ვერ პასუხობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ გაუჭირდება ჰიბრიდულ ომშიც ეფექტური პასუხის გაცემა. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ის, რასაც რუსეთი აკეთებს როგორც სახელმწიფო, ეს ტერორისტულ პრინციპებზე დამყარებული სტრატეგიაა როგორც საქართველოში, ასევე უკარაინაში“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ამ მხრივ უკრაინის პრობლემამ ის ადგილი დაიკავა, რაც მანამდეც უნდა დაეკავებინა რუსეთის მოქმედებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. მისი თქმით, სამწუხაროდ, დასავალეთის ამ ანალიზის შეფასებისას, ისე ხშირად, როგორც საჭიროა არ მოიხსენიება საქართველოს თემა.

„ამ შემთხვევაში ძნელია კრიტიკული არ იყო დასაველეთის მიმართ, რადგან დასავლეთმა ყველაზე კარაგად იცის რა მოხდა რუსეთ-საქართველოს შორის, რა ხდებოდა წლების განამავლობაში და რა ხდება დღეს. საქართველოს დამშვიდება იმით, რომ შემდგომი გაფართოების შემთხვევაში მოგაქცევთ ყურადღებას, სამართლიან გულისტკივილს აჩენს ქართულ საზოგადოებაში.

სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში დასავლეთმა თვალების დახუჭვის პოლიტიკა აირჩია, უკრაინაში კი გაახილეს ეს თვალები, მაგრამ ეფექტი არ არის. ჰიბრიდული ომის მესამე აგრესიული ფორმა დადო „ისლმაურმა სახელმწიფომაც“ და არც ამ მიმართულებით ჩანს შედეგი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ალიანსის მხრიდან დროულია ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ახალი სტრატეგიის შემუშავება, რადგან დღეს მსოფლიო ამ მხრივ ახალი ტიპის საფრთხის და გამოწვევის წინაშე დადგა.

„ჰიბრიდული ომის შედეგები ძალიან კარგად აჩვენა უკრაინის მოვლენებმა, რომელიც დღემდე გრძელდება. ჰიბრიდული ომის აგრესული ფორმაა იგივე არასახელმწიფოებრივი ფაქტორები ე.წ. ისლამური სახელმწიფო და ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც ძალიან აქტიურობენ. ძირითადი გამოწვევები მომდინარეობს რუსეთისგან და კორეისგან, მაგრამ ამის მიუხედავად, მათთან, როგორც სახელმწიფოსთან შეიძლება დაიწყო მოლაპარაკება, რაც შეუძლებელია ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან თუ ტერორისტულ დაჯგუფებებთან. ეს ფაქტორები ცვლის საერთაშორისო პოლიტიკას - მშვიდობის წესებს. აბსოლუტურად სხვა ტიპის საფრთხეებზე გვაქვს ლაპარაკი, რომელიც სახელმწიფოებს შორის არ ხდება. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი დღის წერიგი გააჩინა - ვის უნდა ებრძოლო, რა ინსტრუმენტები გაქვს მასთან საბრძოლველად, როგორ არის შენი უსაფრთხოების სამსახურები აწყობილი, როგორია კოორდინაცია საიდუმლო სამსახურებს შორის და ა.შ. ამ საკითხებზე სერიოზულად მიდის მსჯელობა ალიანსში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ალიანსთან ერთად გაეროსაც უნდა გააჩნდეს ჰიბრიდულ ომში ჩართული სუბიექტების მიმართ სწორედ ისეთი ქმედების განხორციელების საშუალება, რომელიც აღკვეთავს ჰიბრიდულ ომს.

„უპრიანი იქნებოდა ასეთი განცხადება სულ ცოტა ნახევარი წლის წინ გაჟღერებულიყო. რასკვირველია, სწრაფი რეაგირების კომპონენტი უნდა გააჩნდეს ნატოს და ვფიქრობ, რომ არც გაეროსთვის უნდა იყოს საფრთხის შემცველი. პირიქით, როდესაც მოწმენი ვართ იმისა, რომ რუსეთი მუდმივად აპელირებს გაეროს რეზოლუციებით, სწორედ გაეროს უნდა გააჩნდეს ჰიბრიდულ ომში ჩართული სუბიექტების მიმართ სწორედ ისეთი ქმედების განხორციელების საშუალება, რომელიც აღკვეთს, ან შეანელებს არა მხოლოდ ჰიბრიდულ ომს, არამედ მადასაც დაუკარგავს ყველას ასეთი ომის წარმოებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, თუ ორი წლის წინ ალიანსის წევრი ქვეყნები რუსეთს პარტნიორს ეძახდნენ, დღეს უკვე ძალიან რეალისტური მიდგომაა, რუსეთი აღქმულია როგორც გამოწვევა და საფრთხე.

„პრევენციისთვის საჭიროა შესაბამისი სტრატეგიის არსებობა და ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით ნატომ შეიმუშავა ახალი სტრატეგია. ფაქტიურად, მიმდინარეობს შესაბამისი აქტიურობების განხორციელება. სულ ახლახანს დამთავრდა ნატოს სამხედრო სწავლება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე მასშტაბური სწავლება, რომელიც ორიენტირებული იყო ასეთი საფრთხეების პრევენციისკენ და ამ საფრთხეების განხორციელების შემთხვევაში კონტრქმედებების განხორციელებაზე. ნატო მეტ ყურადღებას აქცევს ჰიბრიდული ომის და რუსეთის აგრესიული ქმედებების საკითხს. დაეხმარება არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებს, არამედ პარტნიორ ქვეყნებსაც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.