რუსეთის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თურქულმა კომპანიებმა შესაძლოა რუსეთში პროექტები და ბაზრები დაკარგონ. ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი და ექსპერტი თურქეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასაც პროგნოზირებს - რუსეთის პარლამენტში უკვე ისმის საუბრები, რომ თურქეთისთვის საჭიროა გაზის მიწოდების შეწყვეტა.
კითხვის ქვეშ დადგა „თურქული ნაკადის“ სახელით ცნობილი მილსადენის პროექტის განხორციელებაც. თუმცა, ამ პროექტის გაუქმება სერიოზული დარტყმა იქნება „გაზპრომისთვის“ რომელმაც უკვე რამდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯა პირველ სამუშაოებზე. თურქი ეკონომისტები თვლიან, რომ მოვლენათა მსგავსი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.
მათი შეფასებით, რუსეთის ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ თურქეთისგან ყოველ წელს დაახლოებით 27 მილიარდ დოლარს იღებს, რაც ადვილად უგულებელსაყოფი თანხა არ არის. თუმცა, თუ მოსკოვმა თურქეთისთვის გაზის მიწოდება შეაფერხა, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ეკონომიკურ ფაქტორებზე მაღლა გრძელვადიან სტრატეგიულ გათვლებს აყენებს.
სწორედ ამიტომ, თურქი ეკონომისტი ინან დემირი თვლის რომ, თურქეთს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს: „თურქეთს, რა თქმა უნდა, სათადარგო გეგმები აქვს. მაგრამ ძალიან რთულია ენერგორესურსის დაკარგვიდან მოკლე ვადაში მისი ჩანაცვლება. გაზის მიწოდების შეფერხებას უარყოფითი გავლენა აუცილებლად ექნება“.
ზოგადად კი, თურქული მხარე თვლის, რომ „შეიძლება, ბუნებრივი აირის მილსადენზე მოულოდნელად ავარია მოხდეს, ან სარემონტო საქმიანობა გახდეს საჭირო, რომელიც 20 დღე გაგრძელდება. თურქეთისთვის კარგი ისაა, რომ რუსებს დღეს ფული ისე სჭირდებათ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე მსგავსი მოხდეს“.
„ამერიკის ხმის“ სტატიის თანახმად, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ეკონომიკური ზომები ასევე მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, მსგავსად იმ ვითარებისა, როცა დასავლეთის სანქციების საპასუხოდ მოსკოვმა აკრძალა ევროპიდან პროდუქტების შემოტანა, რამაც თავის მხრივ, ინფლაციის მომატება გამოიწვია. თურქეთმა მაშინ გარკვეული სარგებელი ნახა, რადგან მისმა პროდუქტებმა ჩაანაცვლა ევროპული იმპორტი.
თუმცა, ანალიტიკოსები ეჭვს გამოთქვამენ, რომ რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტოს თურქეთს, რომელიც „გაზპრომისთვის“ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია გერმანიის შემდეგ. როგორც ცნობილია, თურქეთში გაზის საჭიროების ნახევარზე მეტს რუსეთი აკმაყოფილებს. შარშან, თურქეთმა 27 მილიარდ 300 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო რუსეთიდან - ნათქვამია გაზეთ „ფაინენშიალ თაიმსის“ სტატიაში.
დაიწყებს თუ არა თურქეთი გაზის ალტერნატიული წყაროების ძებნას და რამდენად წაადგება მსგავსი სიტუაცია საქართველოში მორიგი გლობალური პროექტის განხორციელებას, ამ თემაზე ექსპერტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე გვესაუბრება.
ალექსანდრე თვალჭრელიძე: მგონია, რომ მდგომარეობა თანდათან დასტაბილურდება, თუმცა სირიაში თანამშრომლობაზე ლაპარაკი, ალბათ, ზედმეტი იქნება, რადგან ნატოსა და რუსეთს სხვადასხვა მიზნები აქვთ. ალბათ, გსმენიათ ირანის ბრალდება, რომელიც შემდგომ სხვებმაც აიტაცეს, თითქოს ერდოღანი ყიდულობდა იაფ ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსგან“, რაზეც ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ეს დადასტურდება, ის მზად არის, გადადგეს - ეს ერთი მომენტია.
მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ თურქეთმა რუსეთს ბოსფორის სრუტე ჩაუკეტა. თუმცა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. რუსეთს არ შეუძლია შეუწყვიტოს თურქეთს გაზის მიწოდება რამდენიმე მიზეზის გამო: თუკი „ცისფერ ნაკადს“ გააჩერებს, ეს მილსადენი მწყობრიდან გამოვა და ვეღარასოდეს ვეღარ აღდგება. ძალიან დიდ ზარალს მიიღებს რუსეთიც - 16 მლრდ. კუბურ მერტ გაზს აწვდის ამ მილსადენით და ეს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.
მაგრამ ამაშიც არ არის საქმე, რუსეთი როგორც კი დაიწყებს თავისი მუქარის შესრულებას, მაშინვე დადგება საკითხი რუსული გაზის ჩანაცვლებისა ევროპაში. ეს არის გრძელვადიანი ხელშეკრულებები, რომელზეც ასეთი მოკლევადიანი რყევები გავლენას ვერ ახდენს. ჩათვლიან, რუსეთს არასტაბილურ მიმწოდებლად და დაიწყება შეუქცევადი პროცესი - მისი ჩანაცვლება ირანის გაზით.
მესამე ფაქტორი გახლავთ ის, რომ თურქეთი მარტო არ არის, ის ნატოს წევრი ქვეყანაა და თურქეთთან დაპირისპირება ნატოსთან დაპირისპირებას ნიშნავს, რასაც რუსეთი ვერ გაუძლებს - ნატოს საბჭოთა კავშირის ეშინოდა, რუსეთის არ ეშინია. ამიტომ, უკვე, ყველა ქვეყანა გამოხატავს თურქეთის მხარდაჭერას, მათ შორის, ბარაკ ობამამაც განაცხადა, რომ ამერიკა თურქეთის გვერდითაა.
რუსეთის რეაქცია იყო სასაცილო, ზუსტად ისეთივე, როგორც თავის დროზე საქართველოს მიმართ, თურქეთიდან ტვირთები შეაჩერა თითქოს უხარისხო პროდუქციის გამო და სანაცვლოდ მიიღო ის, რომ ბოსფორი დაუკეტეს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება და ყველაფერი მწყობრში ჩადგება.
სხვა გზა რუსეთს არ აქვს, თუ სურს, რომ სირიაში თავისი პოლიტიკა კვლავ გაატაროს, მან აუცილებლად უნდა დაასტაბილუროს მდგომარეობა. მით უმეტეს, რომ თურქეთი ამ სიტუაციაში აბსოლუტურად მართალი იყო.
საქართველოში საუბრობენ იმაზეც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა თავის კვალს დააჩნევს ქართულ ეკონომიკასაც, რადგან ისინი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედიან. უნდა ველოდეთ თუ არა თანამდევ პროცესებს? საუბარია ტურიზმზე, სოფლის მეურნეობასა და ფულად გზავნილებზე...
- არ მესმის, როგორ შეიძლება აისახოს ქართულ ეკონომიკაზე. საქართველოში იმდენი ტურისტი შემოდის რამდენის მიღებაც ამ ქვეყანას შეუძლია. როგორც წესი, ზამთრის თუ ზაფხულის საკურორტო სეზონებზე სასტუმროები გაჭედილია.
სოფლის მეურნეობას რაც შეეხება, თურქეთს ქართული ბაზარი დიდი ხანია დაპყრობილი აქვს. „კარფური“, თუნდაც „გუდვილი“ თურქული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით არის გაჯერებული და მეტის მიღება საქართველოს არ შეუძლია.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, არ მესმის ეს როგორ შეიძლება შეეხოს თურქეთსა და რუსეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს. თუკი შემცირდა ფულადი გზავნილები, ის შემცირდა სხვა მიზეზების გამო და ამაში თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არაფერ შუაშია.
კიდევ ერთი თემა წამოტივტივდა - ეს არის „შაჰ დენიზი 2“, გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ პროექტის განხორციელება დაჩქარდეს, რადგან თურქეთს, ალბათ, ალტერნატიული გაზი დასჭირდება...
- ცოტა შეიძლება დაჩქარდეს პროცესი, მაგრამ უკვე დიდი ხანია, დროა, რომ „შაჰ დენიზი 2“-ზე საუბარი პოლიტიკურიდან წმინდა პროფესიულ ჭრილში გადავიდეს, სპეციალისტები დასხდნენ და ტექნიკურ პარამეტრებზე დაიწყონ ლაპარაკი. თუმცა ამ პროცესის დაწყებას ჯერ პირი არ უჩანს. ეს ის პროექტია, რომელიც საქართველოსაც აწყობს, ირანსაც, თურქეთსაც, ევროპასაც და ამერიკასაც - ყველას - რუსეთის გარდა, მაგრამ რატომღაც ინტენსიური მუშაობა არ მიმდინარეობს.
რატომ? გაქვთ ახსნა? ამ თემაზე საუბარი ერთი წლის წინაც იყო...
- შარშანაც იყო, შარშანწინაც და იმის წინაც... რატომღაც მეჩვენება, რომ ჩვენს მთავრობაში რამდენიმე ადამიანის გარდა ძნელია სათანადო დონის პროფესიონალის პოვნა.
გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ამ პროექტის მნიშვნელობას?
- აცნობიერებს, მაგრამ პროექტის დამუშავება ნამდვილად არ მიმდინარეობს.
ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს საქართველო? როგორც ვნახეთ, უკვე განხორციელებულმა პროექტებმა ჩვენს ეკონომიკაზე ზეგავლენა მაინც და მაინც, ვერ მოახდინა...
- წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან არ ვიცით, რა დონის მოლაპარაკებებს ჩაატარებს ჩვენი მთავრობა. თუ ისეთივე მოლაპარაკებები შედგა, როგორც შევარდნაძის დროს, დიდი სარგებელი, გარდა პოლიტიკურისა, არ იქნება. მაგრამ თუ ჭკვიანურად მოიქცა და რუსული გაზის ირანული გაზით ჩანაცვლება მოახერხა, თუ აშენდება სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი, ქიმიური ქარხანა და ა.შ. ათეულობით მილიარდებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
ინიციატორად ვინ უნდა გამოვიდეს, რომ პროექტის დეტალური განხილვა დაიწყოს? ცნობილია, „ბაქო-ჯეიჰანის“ და „შაჰ დენიზის“ პროექტის ლობირებას „გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“ ახდენდა, რომელსაც გია ჭანტურია ხელმძღვანელობდა. დღეს ვისგან უნდა წამოვიდეს ინიციატივა? საქართველოსგან? თურქეთისგან?
- „შაჰ დენიზი“ და მსგავსი პროექტები ეს არის მდგრადი პროექტები, რომელზეც მოკლევადიანი გართულებები თუ კონფლიქტები გავლენას ვერ ახდენს. შესაძლოა, ასეთმა რყევებმა ვიღაცის აზრი დააჩქაროს, მაგრამ მსგავსი პროექტი უნდა განვითარდეს შესაბამისი მექანიზმების ამუშავებით. რთული პროექტია, ბევრი ქვეყანა უნდა იყოს ჩართული, უნდა შეიქმნას პროექტის ლობირების საერთაშორისო ჯგუფი, როგორც გაკეთდა „ბაქო-ჯეიჰანის“ შემთხვევაში. ასეთი სტრუქტურა უნდა შეიქმნას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ პერსპექტივას.
მაშინ ამითი ედუარდ შევარდნაძე იყო დაინტერესებული, დღესაც კი არსებობს „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, მაგრამ ის წონა აღარ აქვს. ვერც მთავრობაში ვხედავ ამ საკითხის სტრატეგიულ ხედვას. როგორც ჩანს, შევარდნაძე სხვა განზომილებაში აღიქვამდა პოლიტიკურ პროცესებს...