„მონტენეგროს ჩვენზე მეტი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ რუკას თუ დავხედავთ, მივხდებით ეს ყველაფერი რატომ ხდება“

„მონტენეგროს ჩვენზე მეტი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ რუკას თუ დავხედავთ, მივხდებით ეს ყველაფერი რატომ ხდება“

მონტენეგრო ნატო-ს წევრი ხდება, საქართველოსთვის კი, MAP-ის მიცემა პოლიტიკური გადაწყვეტილების კომპონენტად რჩება. 1-2 დეკემბერს, ბრიუსელში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, ნატომ საქართველოსთან დაკავშირებით კომუნიკე მიიღო, სადაც ქვეყნის პროგრესი აღნიშნულია და ხაზგასმულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღწეული შეთანხმებისამებრ, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და MAP-ს მიიღებს, როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს.

დოკუმენტის მიხედვით, ვარშავის სამიტისთვის, ნატო საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ გზებს შეისწავლის.

„საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საბოლოო წევრობის მოსამზადებლად საჭიროა. ვარშავის სამიტისთვის მზადების ფარგლებში, ახალ და პრაქტიკულ გზებს შევისწავლით, რათა უფრო ინტენსიური გავხადოთ ძალისხმევა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და მზარდი კოოპერაციის გზის ჩათვლით. მათ შორის, თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკეში საუბარია მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე.

„საქართველოს მოვუწოდებთ, რეფორმების ძალისხმევაში ის ტემპი შეინარჩუნოს, რომელსაც მხარს კვლავ ვუჭერთ. ნატო საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში და ოპერაციებში მაღალ შეფასებას აძლევს და აღიარებს იმ მსხვერპლს და წვლილს, რომელიც ქართველმა ხალხმა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში შეიტანა“, - ნათქვამია კომუნიკეში, რომელსაც შეფასებები ქართულ პოლიტიკურ წრეებში მოჰყვა.

საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა ინსტრუმენტი გააჩნია და MAP პოლიტიკური გადაწყვეტილების კომპონენტად რჩება, მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ მიღებული კომუნიკე წინ გადადგმული ნაბიჯია, ხოლო ოპოზიცია ხელისუფლებას ნატოში მყარი და ერთიანი მესიჯების გაგზავნას ურჩევს.

როგორც for.ge-ს ახალია პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, ნატოს გაფართოება გრძელდება და მონტენეგროს მაგალითიც ამის დადასტურებაა.

მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში ცნობილია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არსებობს, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს.

„სხვა გზა არ გვაქვს, რომ ამ დროს არ დაველოდოთ და რეფორმები უნდა გავაგრძელოთ. კომუნიკეს ტექსტი იგივე შინაარსია, რაც უელსის სამიტზე იყო. დასტურდება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ყველა ის ინსტურმენტი გვაქვს, რითაც შეიძლება ნატოს წევრები გავხდეთ, მაგრამ მთავრობა არათანმიმდევრულ და ორაზროვან გზავნილებს უშვებს. მინისტრები სხვადასხვა მესიჯებს აგზავნიდნენ. ზოგი ამბობდა, MAP გვჭირდებაო, ხოლო ზოგი ამბობდა, წევრობისთვის MAP არ გვინდაო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ერთიანი, მყარი გზავნილები მიდიოდეს. ამაში ჩავარდნა გვაქვს, სხვა მხრივ, ყველაფერი ნორმაშია“, - აცხადებს ჯაფარიძე, რომლის პათოსს იზიარებს ნაციონალი სერგო რატიანი.

for.ge-სთან საუბარში რატიანი ამბობს, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების კუთხით მუშაობა უნდა გააგრძელოს, რადგან ეს საქართველოს ნაციონალური ინტერესია და ქვეყნის უსაფრთხოება ნატოში ინტეგრაციას უკავშირდება.

„ყველას ვალდებულებაა, რომ მეტი გავაკეთოთ. მეტი მუშაობაა საჭირო პარტნიორებთან და იმ რეფორმების გაგრძელება უნდა მოხდეს, რაც დაწყებული იყო. ვინმეს იმის საბაბი არ უნდა მივცეთ, რომ ეს მსვლელობა შეჩერდეს“, - დასძენს რატიანი.

ოპოზიციის მსგავსად, მიღებულ კომუნიკეს მნიშვნელოვან დოკუმენტად მიიჩნევს უმრავლესობის ლიდერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე.

კვაჭანტირაძე for.ge-სთან განმარტავს, რომ მონტენეგროს ალიანსში მიწვევა მოკავშირეების ერთგულებას ადასტურებს - „ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას და მის დემოკრატიის განვითარებას. დეპუტატის შეფასებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ალიანსის წევრებმა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ თავიანთი ერთგულება კვლავ დაადასტურეს, რომლის თანახმად, საქართველო ნატოს წევრი გახდება. მინისტერიალის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ის იყო, რომ მოკავშირეების მიერ პირველად, საჯაროდ იმის დადასტურება მოხდა, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია“, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.

კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ MAP-ს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და იგი ფაქტობრივად, ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი ხდება.

„აღინიშნა, რომ ეს ინსტრუმენტები, რაც გვაქვს - არსებითი პაკეტი, წლიური პროგრამა და ნატო-საქართველოს კომისია საკმარისია პრაქტიკული თვალსაზრისით, რომ მოვემზადოთ წევრობისთვის, სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მინისტერიალზე განვითარებულ პროცესებს დადებითად აფასებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე. როგორც for.ge-ს მიროტაძემ განუცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეჩქარება, მაგრამ კარგად იცის, რომ ნატოსკენ გასავლელი გზა მარტივი არ არის და ქვეყანას ბევრი რაღაც შესასრულებელი აქვს.

„ვფიქრობ, რომ ეს კარგი კომუნიკეა. მიზანთან ძალიან ახლოს მივედით. კომუნიკეში ხაზგასმულია, რაც გავაკეთეთ. მითითებულია ხარვეზებიც, რაც გასაკეთებელია. იმედი მაქვს, რომ MAP გვექნება და ჩვენს მიზანს მივაღწევთ. ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ წინ გადადგმული ნაბიჯი და დაახლოებაა ნატოსთან. მონტენეგროს საკითხი სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან მიმართებაში, ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მონტენეგროს ჩვენზე მეტი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ რუკას თუ დავხედავთ, მივხდებით ეს ყველაფერი რატომ ხდება“, - დასძენს მიროტაძე.

ნატოში განვითარებულ პროცესებს იმედის თვალით უყურებს ფრაქცია - „რესპუბლიკელებიც“. for.ge-სთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თამარ კორძაიას განცხადებით, ამ კომუნიკემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს. კანონმდებლის მოსაზრებით ყველაზე მნიშვნელოვანია ნატოს განაცხადი - „საქართველო ყველა ღონეს ხმარობს, რათა საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს და მსოფლიო მშვიდობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს“.

„ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო საკუთარ მიზანს მიაღწევს. ნატოს წევრ ქვეყნებს შორის განსახვავებული პოზიციაა და არაერთხელ გვითხრეს, რომ ჩვენ MAP-ით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულებული გვაქვს. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. რა თუ არა MAP, ეს დისკუსია არსებობს და როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება. საქართველო ამ მიმართულებით წარმატებულია. ქართულ მხარეს ინტეგრაცია სწრაფი ტემპებით გვინდა, მაგრამ ეს საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისი არ არის“, - აცხადებს კორძაია.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ვარშავის სამიტის დღის წესრიგში შეტანა, სადაც მიღებული იქნება ურთიერთქმედების გაღრმავების დამატებითი და ახალი კომპონენტები.

„გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - MAP-ი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად რჩება“, - დასძენს მინისტრი.