ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვადა 2016 წლის აპრილში გასდის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ახლა სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნაზე ოცნებობს და არ არის გამორიცხული, ოცნება რეალობად იქცეს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, არ დაუშვას ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა, რადგან, კოტე კუბლაშვილის მარჯვენა ხელის, ლევან მურუსიძის უკლებლივ ყველა გადაწყვეტილება, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნეგატიურად შეფასდა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ მოსამართლის უვადოდ გამწესება კანონით გათვალისწინებული განაწესია, რომელიც რიგ ქვეყანაში მუშაობს, რიგ ქვეყნებში არ მუშაობს.
„იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულება ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტოა, კანონისთვის და დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდეს კანონით განსაზღვულ კრიტერიუმებს. სხვა საკითხია რა გადაწყვეტილებას მიიღებს გადაწვეტილების მიმღები“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი, რომლის განცხადებით სასამართლო ხელისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები - ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თოდრია მხარს არ დაუჭერენ ლევან მურუსიძეს, რომელმაც უკვე გააკეთა განცხადება სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის თაობაზე, მას ვერ დაამტკიცებენ.
ხატიაშვილი სამოქალაქო სექტორს მიმართავს, რომ გამოიყენონ პროტესტის ყველანაირი ფორმა, რათა არ დაუშვან ლევან მურუსიძის ხელახლა დანიშვნა. ხატიაშვილი მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ გამჭვირვალე გახადოს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა.
„ხელისუფლება აპირებს სააკაშვილის რეჟიმის საყრდენის, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას უვადოდ, რაც დაასამარებს ქართული ხალხის ოცნებას სამართლიან სასამართლოზე და სამართლიანობის აღდგენაზე. პარლამენტის მიერ არჩეული „ქართული ოცნების“ წევრები აპირებენ ხმა მისცენ ლევან მურუსიძეს, სამოქალაქო საზოგადოების მტერს. წარმოგიდგენიათ, როგორ გათავხედდა ხელისუფლება?
მურუსიძეს ვადა ეწურება, მისი სახლში გაშვებით დაისვენებს სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლო ხელისუფლება კი გათავისუფლდება სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებისგან. სამარცხვინოა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დუმილი ამ უმსგავსობაზე“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ მურუსიძის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო სამოქალაქო საზოგადოება, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, სურს თუ არა ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მუდმივი მოსამართლეობა.
„ჩემთვის ლევან მურუსიძის კანდიდატურის შესახებ და ის, რომ მას სურს გახდეს მუდმივი მოსამართლე, ცნობილი არ არის. თუკი ეს ასეა, ამ თემაზე კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა, ხოლო საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის გადაწყვეტილებებში ვერავინ ჩაერევა. ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ შესაძლო დანიშვნას, დეპუტატი თამარ კორძაია კანონში ჩაწერილი კრიტერიუმების თემით ხსნის და ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთან დაკავშირებით კანონში მათ შორის პიროვნულ რეპუტაციასა და წარსულ გამოცდილებაზეც არის საუბარი.
„ვიღაცას შეიძლება კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს პარლამენტი მსგავსი განცხადებებით მოტივირებული ვერ იქნება. მთავარია კანონში გაწერილი რთული კრიტერიუმები, სადაც სხვათა შორის, პიროვნულ რეპუტაციაზე და წარსულ გამოცდილებაზეც არის საუბარი.
როცა ამ მიმართულებით ვმსჯელობდით, დიახ, ეს კრიტერიუმები იყო გათვალისწინებული. მე არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ დღეს არის ხელისუფლება, რომელიც შურისძიებით აღვსილია წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული პირების მიმართ. მე არ მინდა შევეხოთ რომელიმე ადამიანის წარსულს კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე“, - აცხადებს თამარ კორძაია.
დეპუტატი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე, რომელიც შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ მოკლული, სანდრო გირგვლიანის ადვოკატი იყო, წულუკიანს ახსენებს, რომ სწორედ მურუსიძე იყო სანდრო გირგვლიანის საქმის ის მოსამართლე, რომელმაც დაზარალებული მხარის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო მსჯავრდებულებს სასჯელი თითო წლით შეუმცირა.
„ლევან მურუსიძე არის უზენაესი სასამართლოს პალატის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის ცნობილ საქმეზე ჩვენი საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს ის გადაწყეტილებაა, რაზეც შემდეგ, სულ ცოტა ხანში, ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ აღშფოთებულია, თუ როგორ ცდილობდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლო სხვა სახელისუფლებო შტოებთან ერთად, ამ საზარელი დანაშაულის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, - აცხადებს შავგულიძე.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, მოსამართლე, რომლის საქმიანობას ევროპული სასამართლო ასეთ მკაცრ და ნეგატიურ შეფასებას აძლევს, უვადოდ განაწესოს სამოსამართლეო უფლებამოსილებით, ნათელია, რა უნდა „ქართულ ოცნებას“.
„სამწუხაროდ, „ქართულ ოცნება“ აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე უარყოფით და ნეგატიურ ტრადიციებს. იმედი მაქვს, რომ ლევან მურუსიძის შესაძლო უვადო გამწესებას სააპელაციო სასამართლოში, საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი რეაქცია მოჰყვება“, - ამბობს შალვა შავგულიძე.
საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია თვლის, რომ მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში გამწესება ხელისუფლების მაღალ ეშელონებში შეთანხმებული საკითხია. მისი თქმით, ახლა ყველა ზომას მიმართავს ხელისუფლება, რომ ამ უხერხულობიდან თავი დაიძვრინოს.
„ასე, ცუდად გახმაურებული მოსამართლე, როგორიც მურუსიძეა, ნაკლებად ვიცით. ქალბატონი წულუკიანის მხრიდან მისი დაცვა და თან ასეთი ფორმით, ბადებს კითხვებს მისი მიკერძოებულობისა და პოლიტიკური სიბეცის თვალსაზრისით. ხელისუფლებას მურისიძე სჭირდება, რადგან ამ მოსამართლეს იმდენად აქვს რეპუტაცია შელახული, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება მურუსიძის ციხეში გაშვება. თაგვივით გამოჭერილია, მზად არის ხელისუფლების ნებისმიერი დაკვეთა შეასრულოს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისი თქმით, ამ პროცესში ყველაზე სამწუხაროა იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ მისთვის უცნობია მურუსიძის გადაწყვეტილების შესახებ.
„ქალბატონ თეა წულუკიანს თავი მოაქვს იმითი, რომ სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე მუშაობდა, ახლა კი ამნეზია დაემართა. მოსმენილი მაქვს მისი საჯარო განცხადებები, როდესაც ის ამაყობდა იმითი, რომ გირგვლინიანის საქმის გადაწყვეტილების მომზადებაში პირადად იყო ჩართული და ყველა დეტალი, რაც ასახულია ამ გადაწყვეტილებაში, მისი დამსახურებაა. ახლა რატომ დაემართა ამნეზია წულუკიანს, რატომ დაავიწყდა, რომ გირგვლიანის საქმეში ფიგურიებს მურუსიძე? რბილად, რომ ვთქვათ გასაოცარია“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.