„თურქეთმა დაიწყო ორმაგი თამაში და აღმოჩნდა, რომ ამ თამაშმა შედეგი მოუტანა“

„თურქეთმა დაიწყო ორმაგი თამაში და აღმოჩნდა, რომ ამ თამაშმა შედეგი მოუტანა“

ევროკავშირი მზად არის, თურქეთის მოქალაქეებს 2016 წლის ოქტომბრიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს. პარალელურად, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსულ მხარეს აქვს მტკიცებულები „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან თურქეთში კონტრაბანდული ნავთობის მიწოდების შესახებ. ბრალდებას უარყოფს თურქეთის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ მზად არის პოსტი დატოვოს თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ყიდულობს.

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება აქტუალური „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამ გახადა, რადგან ამ დრომდე თურქეთთან ვიზების გამარტივების საკითხი არასოდეს განხილულა. ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე გადაწყდა, რომ ევროკავშირი თურქეთს 3 მილიარდ ევროს გადასცემს იმისთვის, რომ ქვეყანამ საზღვრების კონტროლი გააძლიეროს და ის მიგრანტები მიიღოს, რომლებმაც ევროპაში ლტოლვილის სტატუსი ვერ მიიღეს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია მზად არის, წელს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვა დაიწყოს და თურქეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესი დააჩქაროს. თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს განცხდებით, ყოველწლიურად ჩატარდება ორ სამიტი, რომ გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი ამბობს, რომ თურქეთთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, 2016 წლის შემოდგომაზე დაწესდეს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ სირიის კრიზისის ფონზე, თურქეთთან ღია საზღვრები ევროპისთვის შეიძლება ახალი პრობლემა გახდეს.

პოლიტოლოგ გიორგი მჭედლიშვილის განცხადებით, თურქეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირის და თურქეთის დაახლოების კიდევ ერთი საშუალებაა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ურთიერთობები დაძაბული იყო, ვინაიდან, თურქეთის რეჟიმი ნაკლებად დემოკრატიული ხდებოდა, რაც ევროპისთვის მიუღებელი იყო.

„მაგრამ ახლა, რეალურად, თურქეთსაც და ევროპასაც ერთმანეთი სჭირდებათ. ევროპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ლტოლვილების კრიზისის მოგვარება. ამ კრიზისის მოგვარების გასაღები არის თურქეთში. დაახლოებით 2 მილიონი ლტოლვილი გადავიდა სირიიდან თურქეთში და სწორედ ისინი მიდიან ევროპაში. ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და სირიის პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს მეტნაკლებად მშვიდობიანად და ამაში თურქეთის როლი მნიშვნელოვანია“, - აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ამ პროცესში შეიძლება იყოს სიძნელეები, რადგან თურქეთის დღის წესრიგი შესაბამისობაში არ იყოს აშშ-ის დღის წერიგთან.

„არის შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები დალაგდეს და ორივე მხრიდან შეიძლება გადაიდგას დადებითი პოლიტიკური ნაბიჯი, რადგან დღეს, ევროპას და თურქეთს აქვთ დაახლოების შანსი. ვიცით, რომ რუსეთი, რომელიც თავის თამაშს თამაშობს სირიაში, განსხვავდება ევროკავშირის და თურქეთის გეგმებისგან“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მჭედლიშვილი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთს ყოველთვის არ აქვს კარგად გაცნობიერებული, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. როგორც საყვარელიძე ამბობს, თურქეთი, რომელიც გამოიყურებოდა როგორც დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანა, დაიწყო ორმაგი თამაში და აღმოჩნდა, რომ ამ ორმაგმა თამაშმა შედეგი მოუტანა.

„ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ პირობებში თურქეთის დასავლეთთან გაწევრიანება მოიტანს იმას, რასაც მოიტნადა რამდენიმე წლის წინ, როდესაც თურქეთი მთხოვნელის პოზაში იდგა. დღეს უკვე თურქეთი თამაშის წესს კარნახობს და ამის შემდეგად ხდება ევროპული სტუქტურების წევრი, რაც ევროპისთვის მომგებიანი არ არის და ეს იძულებითი ნაბიჯია ევროპის მხრიდან“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ ევროპამ ვერ მოიცალა იმისთვის, რომ კარგად გაეანალიზებინა, როგორც გადაეჭრა თურქეთის საკითხი.

„დღეს, პრობლემის ასე გადაჭრა, რომ შეიყვანონ თურქეთი ევროპულ სტუქტურებში, არ ხსნის იმ სირთულეებს, რის გამოც დასავლეთი უარს ამბობდა ევროპის კარების ფართოდ გახნაზე. მიზეზი რატომაც იყო ევროპა თურქეთის გაწევრიანების წინააღმდეგი, ეს საკითხი ისევ მწვავედ დგას თურქეთში, ეს არის სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ამას ემატება ისიც, რომ თურქეთმა დასავლეთთან ვაჭრობას გემო გაუგო, თუმცა როდის გამოიყენებს ამ თავის აღმოჩენას, ეს უკვე სხვა საუბრის თემაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.