„9 პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ადასტურებს, რომ „გურჯისტანის ვილაიეთი“ არსებობს“

„9 პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ადასტურებს, რომ „გურჯისტანის ვილაიეთი“ არსებობს“

„ისლამურმა სახელმწიფოს“ მიერ გამოქვეყნებულ პროპაგანდისტულ ვიდეო რგოლში მტრად დასახელებულ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის, თუმცა, როგორც მოვლენები აჩვენებს, ეს ქვეყანს მოდუნების საფუძველს არ აძლევს. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით სასჯელს 9 პირი იხდის, მათ შორის არის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი.

29 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ჯამბულ აბდულაევი, მირიან ბერიძე, ლაშა გობაძე და გია ბახუნტაიძე დააკავეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ იდეოლოგიას.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თერთმეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. სასამართლო განჩინებების საფუძველზე 29 ნოემბერს სუს-მა ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის შედეგად ოთხივე დაკავებულის საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები. საქმეზე გრძელდება შემდგომი გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილების და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

დაკავებულიდან ორი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარიდან, ორი კი გურიის რაიონიდან დაბა ნასაკირალიდან არიან. დაკავებულებს წიანსწარი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ლაშა გობაძე ამავე ტერორისტული ორგანიზაციის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ავტორის, ხვიჩა გობაძის დეიდაშვილია. დაკავებული ლაშა გობაძე მისივე თანასოფლელებისთვის ცნობილი იყო, როგორც რადიკალური ისლამის მიმდევარი. გობაძის დედა, მზევინარ გობაძე აცხადებს, რომ მისი დისშვილის დაკავების შემდეგ შიში ჰქონდა, რომ მის შვილსაც შეეხებოდნენ. ამბობს, რომ ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მათ სახლში იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა ჩაუდეს.

„დილის 6:00 საათზე ფეხით შემოამტვრიეს კარი. გავაფრთხილე, რომ სახლში ყურანის მეტს ვერაფერს იპოვნიდნენ. ვუთხარი, რამე არ დამიდოთ და შვილი არ დამიღუპოთ-მეთქი. მძინარე ლაშა გააღვიძეს და წაიყვანეს, თან წაიღეს სახლიდან კომპიუტერის პროცესორი და ტელეფონები. რაც ხვიჩა დააკავეს, ვშიშობდი ჩვენც არ შეგვხებოდნენ. დეიდაშვილები იყვნენ და ვიცოდი, რომ ჩემს შვილსაც საფრთხე ემუქრებოდა, რადგან 24 საათი ისინი ერთად იყვნენ. ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. ის ყურანსაც კითხულობდა და ბიბლიასაც და ამბობდა, რომ მათ შორის ბევრი საერთო იყო“, - განაცხადა მზევინარ გობაძემ.

სუს-ის მიერ დაკავებული ჯამბულ აბდულაევის დედა, მერი ვანიძე ამბობს, რომ მისი შვილი ლოცვაზე იმყოფებოდა, როგორც კი დაბრუნდა დაიძინა. თუმცა ადასტურებს, რომ მისი შვილი „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელებული მუქარის შემცველ ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის ირემაძის მეგობარია.

„მეზობლები იყვნენ და რა თქმა უნდა, ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, სირიაში წასვლის მერე კონტაქტი აღარ ჰქონიათ. ამიტომაც დაიჭირეს ჩემი შვილი, რომელიც არ აპირებდა არსად წასვლას. ჩემი შვილის კარადა იმ ღამეს დავალაგე, იქ არ ყოფილა არანაირი დროშა და იარაღი. მათ ჩადეს იქ დროშა და იარაღი, რომელიც ჩემს შვილს არ ჰქონია“, - განაცხადა მერი ვანიძემ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს დაახლოებით 50 მოქალაქეა სირიაში. ლევან იზორიას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურს ყველა მათგანზე აქვს ინფორმაცია. ყველა მათგანზე კონკრეტული მტკიცებულებებით დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, როგორც კი ისინი დაბრუნდებიან, აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით 9 პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ადასტურება, რომ „გურჯისტანის ვილაითი“ არსებობს.

„როგორც ჩანს, საქართველოში არის ისლამისტების ქსელი, ეს არ შექმნილა გუშინ, როგორც ჩანს, ერთიანი სისტემაა, რომელსაც ერთიანი ხელმძღვანელი ჰყავს და კურირებს ამ საკითხს. ეს კარგად ორგანიზებული ჯგუფია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ გარკვეული რისკის ქვეშ ვართ უკვე. სამწუხაროდ, ყოველგვარი ზედმეტი გართულების გარეშე შეუძლია ადამიანს საქართველო-თურექთის-სირიის მიმართულებით საზღვრის გადალახვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი - საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველო შედის რისკის ზონაში. მისი თქმით, საქართველო ჯერჯერობით, პირდაპირი შეტევის ჩამონათვალში არ ზის, მაგრამ არანაირი სია არ სჭირდება იმ საფრთხეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ ქვეყნის საელჩოები და საკონსულოები, რომელთა სახელმწიფოები იბრძვიან „ისლამური სახელმწიფის“ წინააღმდეგ, მაღალი რისკის ზონაში არიან.

„ის ფაქტი, რომ არსებობდა მომზადების ცენტრები, რომელთაც გარკვეული ქსელური კავშირი ჰქონდათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ეს არავის უარყვია, ყველამ ვიცოდით. როდესაც პანკისის ხეობიდან ხდებოდა ახალგაზრდების გადინება, ჩვენს სპეცსამსახურებს მხედველობიდან გამორჩათ იგივე მთიანი აჭარა, გურიის სოფლები და ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობდა.

არავის არ უარყვია, რომ ილსამისტებს იდეოლოგიური დასაყრდენი აქვთ საქართველოში და ეს მათივე მშობლების განცხადებით დადასტურდა, რომ ახალგაზრდების იდეოლოგიური გადამზადება დიდი ხანია მიდის, რაც ჩვენი სპეცსამსახურების მინუსია. ახლა მთავარია ვიცოდეთ, რამდენად ზის „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმებში საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობა“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

მისი თქმით, სპეცსამსახურების პირდაპირი მოვალეობაა დანაშაულის პრევენცია, რადგან ამოღებული საბრძოლო მასალიდან ჩანს, რომ ერთი ნაბიჯი იყო მის გამოყენებამდე.

„ერთ-ერთი დაკავებულების მამამ პირდაპირ თქვა, რომ ინტერნეტით მოხდა მათი გადაბირება. როგორც ირკვევა კონტაქტი ხდება ინტერნეტით და „ისლამური სახელმწიფოდან“ დაბრუნებულების საშუალებით. რომლებიც გადიან სპეციალურ დამუშავებას, შემდეგ ბრუნდებიან მშობლიურ რეგიონებში, რათა ახალი მოხალისეები შეკრიბონ და მოხდეს მათი გადაყვანა. ამ კავშირების გამოვლენა უნდა მოხდეს, აქ არის სწორედ საჭირო ფარული მოსმენა, ელექტრონული ფოსტის, თუ სოციალური ქსელის კონტროლი. მეტი მუშაობა და პროფესიონალიზმია საჭირო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ რისკები და საფრთხეები არსებობს და ამასვე ადასტურებს კონკრეტული მასალა, რომელიც უფრო მეტი დაფიქრების საბაბს იძლევა.

„აშშ-ი და ცენტრალური ევროპული სახელმწიფოები ვერ ამბობებ, რომ ისინი დღეს უსაფრთხოები არიან. რა თქმა უნდა, არც საქართველოა გამონაკლისი, მით უმეტეს, რომ ანალიტიკოსები განგაშის ტონით საუბრობენ პასიური ქსელის არსებობასთან დაკავშირებით, რომლებიც ნებისმიერ წუთში შეიძლება ჩადგნენ „ისლამური სახელმწიფოს“ სამსახურში.

მოველენათა ლოგიკას თუ გავყვებით, სავარაუდოდ, ჩვენ არ აღმოვჩნდებით ამ მოვლენების მიღმა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ როგორც სატრანზიტო ქვეყანა და არა მარტო ლეგალური, არამედ როგორც არალეგალური ტვირთების სატრანზიტო ქვეყანა, უადოდ ვიქნებით ისლამისტების ინტერესის სფეროში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.