როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში რთულად პროგნოზირებადი ხდება, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ რუსეთი თურქული საქონლის იმპორტზე სანქციების დაწესებას გეგმავს. „რუსეთი და თურქეთი თუ არ მორიგდა, ყველა შეიძლება დაზარალდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.
„ყველას იმედი გვაქვს, რომ განიმუხტება სიტუაცია და პოლიტიკოსები გონივრულად მიუდგებიან ვითარების დარეგულირებას... მართლა ძალიან სახიფათო ვითარებაა. ისტორიული გამოცდილება ასეთია, განსაკუთრებით დიდი მსოფლიო ომების დაწყებისა, ესკალაცია ასე პატარა რაღაციდან იწყება, შემდეგ სადღაც ისვრიან. თვითმფრინავის ჩამოგდება ძალიან სერიოზული ამბავია, მაგრამ ვფიქრობ, ეს სიტუაცია აუცილებლად განიმუხტება, რადგან ობიექტურად არავის ინტერესშია, რომ კონფლიქტის გაღრმავების გზით წავიდეს. ამის ელემენტები უკვე შეინიშნება. ორივე მხრიდან, მოსკოვიდანაც და ანკარიდანაც პატარ–პატარა სიგნალები მოდის“, - განაცხადა აბაშიძემ და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება.
როგორ შეეხება რეგიონში მიმდინარე პროცესები საქართველოს, ამ თემაზე ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.
კახა გოგოლაშვილი: თვითმფრინავის ჩამოგდება არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სიტუაცია დაიძაბა. თურქეთსა და რუსეთს შორის დიდი ხანია, უფრო სწორად, რუსეთის სირიაში შეჭრის შემდეგ დაიძაბა ვითარება - ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები აქვთ სირიასა და მთლიანად, ახლო აღმოსავლეთში თურქეთსა და რუსეთს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყო სირიაში, პრაქტიკულად, მაქსიმალურად შეავიწროვა თურქეთის ინტერესები და სცენარი წაიყვანა იმ მიმართულებით, რომელიც თურქეთს აბსოლუტურად არ აწყობდა და დაძაბულობის მუხტი ამ ორ ქვეყანას შორის სულ უფრო მზარდი გახდა.
რუსეთმა ოთხჯერ თუ ხუთჯერ დაარღვია საჰაერო სივრცე, თურქეთი აფრთხილერბდა, რომ განმეორების შემთხვევაში თვითმფრინავს ჩამოაგდებდა, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთს აწყობდა ამ ეტაპზე თურქეთის პროვოცირება, ასევე, საკუთარი თავის ჩაყენება თითქოს, მსხვერპლის პოზაში და ამის საფუძველზე იმის გაკეთება სირიაში, რაც მას სურდა.
სირიაში რუსეთს სურდა განეთავსებინა არა მარტო საზღვაო ქვეითები, თავისი გემები და თვითმფრინავები, არამედ ანტისაჰაერო საშუალებები, რომლებიც გააკონტროლებნდენ თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთს და ხმელთაშუა ზღვისპირეთს. ეს რუსეთს აძლევს, პრაქტიკულად, ძალიან დიდ სამხედრო უპირატესობას, ევროპასა და ნატოსთან მიმართებაში. ანუ, რუსეთს ახლა უკვე საშუალება აქვს, ჩამოაგდოს ნებისმიერი თვითმფრინავი არა მხოლოდ სირიის თავზე, არამედ ხმელთაშუა ზღვის ნებისმიერ ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია გააკონტროლოს ნატოს ხომალდები თუ ავიამზიდები - რაც მნიშვნელოვანია - ნატოს ეფექტიანობის შემცირებისკენ არის გადადგმული ეს ნაბიჯი. ამასთან, რუსეთს საშუალებას აძლევს, ილაპარაკოს გლობალური მოთამაშის პოზიციებიდან.
გაიხსენეთ, თურქეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ გასაგებია, თურქეთის რეგიონალური ამბიციები, რითაც ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი არის ქვეყანა რომელსაც რეგიონალური ამბიციები აქვს, თუმცა კონტექსტში იგულისხმებოდა, რომ თურქეთისგან განსხვავებით, რუსეთის ინტერესები არის გლობალური. ხოლო იმისათვის, რომ გლობალური ინტერესები განახორციელოს, ნატოს თანაბარ სიძლიერეს უნდა ფლობდეს, ეს არ გააჩნია თავისი შეიარაღების საფუძველზე, მაგრამ შეიძინა უპირატესობა სირიაში თავისი სამხედრო ძალების განლაგებით და ამის საფუძველზე აპირებს გლობალურ თამაშში ჩართვას.
თავისთავად პოსტკონფლიქტური სირიის მოწყობაში თურქეთსაც სურს მონაწილეობა, მაგრამ იმის გამო, რომ ამჟამად რუსეთი უკვე ძალიან მძლავრად არის წარმოდგენილი, არავის არ მისცემს იმის საშუალებას, პოსტკონფლიქტურ სირიაში ისეთი ხელისუფლება მოვიდეს და ისეთმა სახელმწიფომ გააკონტროლოს ეს პროცესი ომის დამთავრების შემდეგ, რომელსაც რუსეთთან არ ექნება არანაირი მეგობრული ურთიერთობა. ამისი დაშვება არ უნდა რუსეთს და ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. რომ არ ყოფილიყო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, ალბათ, მოიძებნებოდა სხვა საბაბი, რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის დასაძაბად.
ერთია, რა სურს რუსეთს, ხოლო მეორე - დასავლეთის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში. როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?
- კარგი იქნება, თუ კონფლიქტი ლოკალიზებული იქნება მხოლოდ სირიაში. სირიელი ხალხისთვის ეს, რა თქმა უნდა, საშინელებაა და მთელი მსოფლიოსთვისაც ძალზე ცუდია, მაგრამ ეს ნაკლებად უარესია, ვიდრე ის, რომ ეს ყველაფერი უდიდეს სახელმწიფოებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ვფიქრობ, მოვლენებს ასეთი გაგრძელება არ მოჰყვება და ნატოც და გავლენის მქონე ყველა ქვეყანაც შეეცდება, რომ არ განვითარდეს კონფლიქტი რუსეთსა და თურქეთს შორის. ამასთან, შესძლოა, რაღაც გადაწყვეტილებებიც იყოს მიღებული სირიასთან მიმართებაში.
მოგეხსენებათ, სირია არ არის ერთადერთი პრობლემა. ეს ყველაფერი იმაზეც ხომ არ მიუთითებს, რომ შემდგომი დივიდენდებისთვის რუსეთს სურს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაშიც დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსით იყოს წარმოდგენილი და არა დასავლეთის მოკავშირედ?
- როდესაც კონფლიქტის მოგვარებაზეა საუბარი, იგულისხმება, რომ საბოლოოდ უნდა შეთანხმდნენ სირიასა და ერაყში ომის დამთავრებაზე, რაც თავისთავად, გულისხმობს „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას, რადგან ამის გარეშე რეგიონში მშვიდობა ვერ დაისადგურებს. მაგრამ, ამ საკითხის გადაწყვეტაში რეგიონში მოთამაშე ძალებმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ. სწორედ ამისთვისაა აუცილებელი თურქეთისა და რუსეთის მორიგება. შესაძლოა, ძველი ურთიერთობები ვერ აღადგინონ, მაგრამ კონფრონტაციამ საშიში ხასიათი არ უნდა მიიღოს, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დასრულდეს.
მოგეხსენებათ, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას დასავლეთი დიდი ხანია, სერიოზულად აყენებს და ვფიქრობ, ამ ორი მნიშვნელოვანი პრობლემის ირგვლივ რაღაც კომპრომისები უნდა მოიძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება სიტუაცია, როდესაც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს პირდაპირ არ ებრძვიან, მაგრამ რომელიმე პატარა სახელმწიფოში მათი ინტერესების ჭიდილი დიდხანს გრძელდება.
ევროპის ტერაქტების შემდეგ ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნებს პარტნიორობის გაძლიერება შესთავაზა, რაც გულისხმობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, გაწერილია შესაბამისი ფინანსური რესურსიც, რომლის მიხედვითაც 2020 წლამდე პერიოდში სამეზობლო პოლიტიკის პროგრამებზე იქნება გამოყოფილი - 15 მილიარდი ევრო, რაც ევროკავშირის მთლიანი საგარეო ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ია. საქართველოს აქვს შანსი რაიმე ტიპის თანადგომა მიიღოს ამ ახალი პოლიტიკის ფარგლები?
- როდესაც მთელი მსოფლიო წაგებაშია, ძნელია, რამე სარგებელი მიიღოს ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, თუმცა საკითხავია, შეძლებს თუ არა საქართველო იმ რისკების შემცირებას, რომელიც საკმაოდ მრავლად არის მის ირგვლივ სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამ რისკებისა, არსებობს რუსეთი, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენს მიმართ რაღაც მოიმოქმედოს.
რისკების შესამცირებლად მზა რეცეპტი, ბუნებრივია, არ მაქვს, მაგრამ არ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ რომელიმე მიმართულებით რისკი გაიზარდოს. თავისთავად, უნდა მივიღოთ ანტიტერორისტული კოალიციის საქმიანობაში მონაწილეობა, შევეცადოთ, ყველა იმ სახელმწიფოსგან მივიღოთ მაქსიმალური დახმარება, ვისაც შესაბამისი გამოცდილება და კავშირები გააჩნია.
გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს ჩვენი დაცულობის ხარისხი, ამისი უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, საკმაოდ ძნელია, მაგრამ შესაძლებელია ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარებით.
ამის გარდა, რუსეთთან მიმართებაში არის კარგად დასამუშავებელი სტრატეგია იმისათვის, რომ უსაფრთხოების ძიებაში ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ არ აღმოვჩნდეთ - რაც უფრო იზრდება რისკები, მით მეტია შანსი, დათმობაზე წახვიდე და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდე, როგორშიც არის სომხეთი, შუააზიის ქვეყნები, ბერლორუსი.
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არ შევიდეთ რუსეთთან კონფრონტაციაში, თუმცა თავიდანვე ნათელი და გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენს ტერიტორიას ვერ გამოიყენებენ სამხედრო ძალის გასატარებლად ან მსგავსი მიზნებისთვის. რამდენიმე საკითხია, რომელშიც აუცილებელია ძალზე მკაფიო სტრატეგიის შემუშავება.
რეგიონში განვითარებული სიტუაციის ფონზე საქართველოს ამ ეტაპზე აქვს ორი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ერთია ვიზალიბერალიზაცია, მეორეა MAP-ის საკითხი. უნდა გვქონდეს თუ არა პროგრესის იმედი?
- რაც შეეხება ჩვენს მზადყოფნას, ამ მიმართულებით პროგრესი ნამდვილად არის - MAP-ის მისაღებად რაც არის საჭირო ტექნიკური თვალსაზრისით, საქართველოს შესრულებული აქვს. ასევე, ტექნიკურად შესრულებულია ყველა პირობა, რომელიც არის საჭირო ევროპის მიმართულებით უვიზოდ მიმოსვლისათვის. ორივე შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნებისგან. სამწუხაროდ, არც ერთი და არც მეორე მიმარულებით, დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ამ მომენტისთვის საუკეთესო პერიოდი არ არის.
როდესაც ასეთი მაღალია დაძაბულობის მუხტი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რადგან თურქეთის უკან დასავლეთი მოიაზრება, ძნელია წარმოვიდგინოთ, ასეთ სიტუაციაში ნატომ რაღაც ისეთი მოიმოქმედოს, რომ გაზარდოს რისკი საქართველოსთან მიმართებაში. გამწარებული და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი რუსეთი მუდამ არაპროგნოზირებადია და რაღაც მომენტში, საქართველოს მიმართ აგრესია, სავარაუდოდ, შიდა მოხმარებისთვის, შეიძლება, გამოსავლად იქნას მიჩნეული.
როდესაც 2008 წელს რუსეთმა შეუტია საქართველოს, საკმაოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო პასუხი დასავლეთისთვის ნატოს გაფართოების, ასევე კოსოვოში განვითარებული მოვლენების გამო. ანუ, რუსეთი პასუხს სცემს ნატოს მოკავშირე პატარა ქვეყანას დასავლეთის ქმედებაზე. ამიტომ არ არის გამორიცხული, MAP-ის საპასუხოდ რუსეთმა ყურადღება გადაიტანოს საქართველოზე ან თუნდაც, უკრაინაზე. ფაქტია, რომ ასეთი რისკები არის. ამასთან, კარგად არის გასააზრებელი MAP-ის მინიჭება საქართველოსთვის იქნება რაიმე სახის დახმარება თუ პირიქით - რისკების გაშიშვლება. ალბათ, ამაზე დაფიქრდებიან წევრი ქვეყნები. ბუნებრივია, მათ ბევრად მეტი ინფორმაცია გააჩნიათ და ამის გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ პროცესის მომხრე არიან - წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქმედო გეგმას არ მოგვცემდნენ. მაგრამ ამ ეტაპზე არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ბოლო პერიოდში გაზრდილი მიგრაცია ევროპაში. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღება დაკავშირებულია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებასთან, არამედ იმასთანაც, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნების ან დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიერ ევროპაში შესაღწევად - დიდი ხანი არ არის რაც საუბრობდნენ საქართველოს მოქალაქეების სირიაში გადასვლაზე. მსგავსი ფაქტები საქართველოსთვის არასასურველ პოლიტიკურ კლიმატს ქმნის. არ არის გამორიცხული, აღნიშნული გარემოებების გამო ამ ეტაპზე თავი შეიკავოს ევროკავშირმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, საბოლოო უარს - როგორც კი ცოტათი მაინც სტაბილური გახდება მდგომარეობა, შესაძლოა 2016 წელსვე, 2017 წელს კი აუცილებლად, ჩვენ შევძლებთ უვიზო მიმოსვლას ევროპაში.