„ამ მინისტერიალიდან ნუ შევქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს“

„ამ მინისტერიალიდან ნუ შევქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს“

დაიწყება თუ არა მოლაპარაკებები მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, ამ საკითხზე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს იმსჯელებენ. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრაზე საუბარი არ იქნება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე. „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ უახლესი მინისტერიალიდან მიღებული იქნება შუალედური სახის გადაწყვეტილება, რომელიც ასახავს იმ პროგრესს, რაც ქვეყანამ გაირა ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

შესაძლებელია თუ არა, რომ მონტენეგროს ალიანსში მიწვევამ გავლენა იქონიოს საქართველოზე და რას ველოდებით ნატოს ვარშავის სამიტიდან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დავით ზალკალიანს ესაუბრა.

ნატოს გერენალურმა მდივანმა გააკეთა განცხდება, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის. თუმცა, როგორც ირკვევა მოტენეგროსგან განსხვავებით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს საკითხმა ისევ უკან გადაიწიოს, რადგან ალიანსში ერთიანი პოზიცია არ არსებობს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუკი ქვეყანა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაშინ რა გვიშლის ხელს, რომ გავხდეთ ნატოს წევრი?

დავით ზალკალიანი: ვფიქრობ, რომ ძალიან გადაჭარბებულია მოლოდინი, რადგან არავის დაუყენებია ასე საკითხი, რომ ნატოს უახლოესი მინისტერიალი იქნება იმ ფორმის, სადაც საქართველო მიიღებდა მიწვევას. იყო მოლოდინი, რომ მიწვევას მიიღებდა მონტენეგრო. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უახლესი მინისტერიალიდან მიღებული იქნება შუალედური სახის გადაწყვეტილება, რომელიც ასახავს იმ პროგრესს, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაირა ნატოში ინტეგრაციის გზაზე და რომელიც შემდგომ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს გაწევრიანებასთან. დიდი ალბათობით, ნატოს ვარშავის სამიტზე უფრო მეტს უნდა მოველოდეთ.

უფრო მეტი - ეს იქნება ნატოში გაწევრიანება?

- ახლა ადრეა ამაზე სპეკულაცია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვარშავის სამიტზე, მაგრამ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ 2009 წლის შემდეგ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. 6 წლის შემდეგ იდგმევა კონკრეტული ნაბიჯი და სავარაუდოდ, მონტენეგრო მიწვეული ექნება ნატოში. ეს იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი ყველასთვის და მათ შორის განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი არის ნატოს გაფართოვების.

მონტენეგროს ალიანსში მიწვევამ, შესალებელია, რომ საქართველოზე იქონიოს გავლენა?

- ვფიქრობ, რომ პოზიტიურად უნდა აისახოს საქართველოზე, არა უახლოეს ამ მინისტერიალზე, არამედ შემდგ ვარშავის სამიტზე. აღსანიშნავია ის ახალი გეოპოლიტიკური რეალობაც, რომელიც პარიზის ტერორისტული აქტის შემდეგ შეიქმნა, ასევე რუსეთ-თურქეთის შორის არსებული დაპირისპირება, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დააფიქრებს ნატოს პარტნიორებს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, არანაირი გამოწვევას, ან პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ. დაველოდოთ იმ ხელსაყრელ მომენტს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გაწევრიანებისკენ გადავდგათ ნაბიჯი.

მინდა შეგახსენოთ, რომ არსებული სიტუაცია ძალიან ჰგავს 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს. მაშინ ბალტიის ქვეყებისთვის ძალიან დინამიურად განვითარდა მოვლენები. მაშინაც რუსეთი ძალიან კატეგორიული იყო, ეწინააღმდეგებოდა ბალტიის ქვეყნების გაწვერიანებას, მაგრამ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ ბალტიის ქვეყნები ძალიან მალე გაწევრიანდნენ ნატოში.

მოგეხსენებათ, რომ დღეს არის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, როგორ ფიქრობთ, ამ მინისტერიალიდან გამოსულმა დოკუმენტმა შესაძლებელია საქართველოს გაუხსნას გზა ვარშავისკენ?

- მოდით, ამ მინისტერიალიდან ნუ შევქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს. საქართველოსთან მიმარეთებაში ველოდები შუალედურ გადაწყვეტილებას, სადაც ასახული იქნება ჩვენი პროგრესი ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული და კერძოდ, ბუქარესტის სამიტზე, როდესაც ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს განცხადება კიდევ ერთხელ დადასტურდა მომდევნო სამიტზე, ხოლო უელსის სამიტზე მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ველი, რომ გარკვეული ახალი ბარიერები აღარ წარმოიშვება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ შეგვიძლია MAP-ის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ რამე სერიოზული არ მოხდა ვარშავის სამიტამდე, ვფიქრობ, რომ საქართველოს პროგრესი უფრო მეტად იქნება დაკონკრეტებული და ადეკვატურად შეფასებული.

2008 წლის აპრილის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება, რომ გახდებოდა ნატოს წვერი, თუმცა მოხდა ომი რუსეთის ფედერაციასთან, რაც საქართველოს ტერიორიების ოკუპაციით დასრულდა. კონფლიქტური რეგიონები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შესაძლებელია ერთგვარი დამაბრკოლებელი ბერკეტი გახდეს?

- ვფიქრობ, შეცდომაა საკითხის ასე დაყენება, რომ არსებული მოუგვარებელი კონფლიქტი დამაბრკოლებელი ფაქტორია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისათვის. საკითხის ასე დაყენება, იქნება ის გზავნილი, რომელიც ძალიან აწყობს რუსეთს და ის ყოველთვის შეეცდება, რომ სერიოზული პრობლემები და დაბრკოლებები შექმნას ამ კონფლიქტის მოგვარების გზაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო არ აპირებს კონფლიქტის შეიარაღებული გზით მოგვარებას. საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ. მე არ ვფიქრობ, რომ კონფლიქტური რეგიონები დამაბრკოლებელი ფაქტორი უნდა გახდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

ალიანსი თანხმდება, რომ საქართველოს სამხედრო შემადგენლობა მზად არის ნატო- წევრობისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება...

- ჩვენ ჩაბარებული გვაქვს დემოკრატიის ყველა ტესტი. რაც შეეხება სამხედრო რეფორმებს, საქართველს შეიარაღებული ძალები აღიარებულია, როგორც ნატოსთან თავსებადი, რაც დადასტურდა უელსის სამიტზე. საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ შესაბამის მომენტს, როდესაც ნატო ამას გააფორმებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

თურქეთის მაგალითმაც აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში გაწევრიანება...

- რა თქმა უნდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას. საქართველოს ხელისუფლებას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ გააძლიეროს თავისი საჰაერო თავდაცვისუნარიანობა. იგივე საფრანგეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც წინა თავდაცვის მინისტრის დროს დაიწო და რომელიც ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა გააგრძელა, ეს იქნება ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი.

საქართველო არავის წინააღმდეგ არ აპირებს საომარ მოქმედებას, ჩვენ გვინდა ჩვენი საზღვრების და საჰაერო სივრცის თავდაცვა. როდესაც მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ საქართველოს გააჩნია სრულყოფილი, თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღება, ის ძალიან ბევრჯერ იფიქრებს, ღირს თუ არა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა. თურქეთის მაგალითი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია და აღჭურვილია თანამედროვე უახლოესი ტექნოლოგიით, არ უშვებს საერთაშორისი სამართლის ნორმების დარღვევას.

ბატონო დავით, ცნობილია ფაქტია, რომ რუსეთი არაფრად აგდებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ღიად არღვევს ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს. მოგეხსენებათ, რომ არაერთხელ დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცეც. დღეს, საქართველოს საჰაერო სივრცე არის იმაზე მეტად დაცული, ვიდრე რომელი სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცე?

- წინა კვირას გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის ინტერვიუ, სადაც ის ძალიან მკაფიოდ ასახელებს რუსეთის ფედერაციას, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევ ქვეყნად, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამ კონტექსტში მან საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მოიხსენია და იქვე აღნიშნა, რომ ალბათ, დადგა დრო, როდესაც მთლიანად გასახედია გლობალური უსაფრთხოების სისტემა.

ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის ის მომენტი, რომელიც ყველამ ერთად, ჩვენ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა წორად გავაანალიზოთ, გავაკეთოთ სწორი დასკვნები და გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას არ მიეცეს საშუალება ასე უგულებელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები. რაც შეეხება ჩვენს საჰაერო სივრცეს, ეს არის ის უაღრესად მნიშვნელოვანი სფერო, რომლის გაძლიერება აუცილებელია.