„პუტინი შეეცდება, ცოტათი მაინც სისხლი გაუშროს თურქეთს“

„პუტინი შეეცდება, ცოტათი მაინც სისხლი გაუშროს თურქეთს“

გამართლდება თუ არა ანალიტიკოსთა მოლოდინი, რომ რუსეთი შეეცდება, ძალიან მალე შური იძიოს თურქეთზე; შეიძლება თუ არა რუსეთმა გაამაგროს გიუმრის სახედრო ბაზა და საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო კონტინგენტის ტრანსპორტირებას შეეცადოს; თუ იმის გამო, რომ ჩვენს ორივე მეზობელს - რუსეთსა და თურქეთს ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ, გარკვეული ეტაპის შემდეგ, კვლავ შეეცდებიან, თავიდან ააწყონ ურთიერთობები?! ამ საკითხის ირგვლივ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს, მაგრამ, სავარაუდოდ, აპირებს ღირსების შესანარჩუნებლად სამაგიერო გადაუხადოს ჩვენს სამხრეთელ მეზობელს. ალბათ, რუსეთი ვეღარ გამოიყენებს საქართველოს ისე, როგორც ეს ხდებოდა იმპერიულ წარსულში სამხრეთში შეტევების განხორციელებისას, მაგრამ საინტერესოა, შეეცდება კი რუსეთი საქართველოს პლაცდარმად გამოყენებას თავისი მიზნის მისაღწევად?

- არავითარი საფრთხე ამ მხრივ საქართველოს არ ელის, რადგან ომი არ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, მილიონის მეათედი პროცენტიც არ არის ომის საშიშროება, თორემ თუ ომი იქნა, მაშინ საშინელება გველის, რადგან ომი ძირითადად ჩვენს ტერიტორიაზე იქნება. თუ ომი იქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმი უკვე წაღებული აქვთ თურქებს. მით უმეტეს, შევარდნაძის დროს მოხდა ყარსის ხელშეკრულების განახლება, მთელი რიგი მუხლებია ისეთი, რომელიც ჰაერში ჩამოკიდებული დარჩა. თავის დროზე ყარსის ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში მეორე მხარე საბჭოთა რუსეთი იყო, ხოლო შევარდნაძის დროს დამოუკიდებელ საქართველოს თურქეთის წინაშე სერიოზულ დათმობებზე მოუხდა წასვლა.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან თურქეთისთვის სამაგიეროს გადახდას, ერდოღანი უკვე უკან იხევს. ერდოღანმა CNN-სა და პარიზის ტელევიზიას მისცა ინტერვიუ, სადაც ყველგან ამბობს, ჩვენ არ ვიცოდით, რომ რუსული თვითმფრინავები იყო, თორემ რომ გვცოდნოდა, რასაკვირველია, არ ჩამოგვაგდებდით, გარდა ამისა, რუსეთთან გავაგრძელებთ თანამშრომლობასო. თუმცა პუტინმა ამაზე უკვე კომენტარი გააკეთა, რომ სისულელეა ასეთი თავის მართლება. რასაკვირველია, პუტინი ის კაცი არ არის, ვინმეს რამე შეარჩინოს, მაგრამ ასე უცებ, დღეს-ხვალ არაფერი მოხდება. მოხდება ის, რასაც უკვე ვხედავთ. პირველი, ესაა ტურისტების ნაკადის შემცირება, ემბარგო სურსათზე, თუმცა ესეც მთლად არ აწყობს რუსეთს, რადგან ყირიმი ძირითადად თურქული სურსათით იკვებება. ორივე მხარე ერთმანეთზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, თურქეთს შეუძლია ბოსფორი ჩაკეტოს და მაშინ რუსეთი თავის ბაზას სირიაში საიდან მოამარაგებს? ეს გამორიცხულია.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს იყო პუტინისა და ერდოღანის პირადი შუღლი, ითქვა იმაზეც, რომ ეს დაპირისპირება ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ერდოღანის უკანდახევას რით ახსნით? ნატომ ხომ არ ურჩია, დათმობებზე წასულიყო?

- ეს ხელოვნური დაპირისპირება არ იყო. ერდოღანი უკან იხევს, რადგან ნახა, რომ მისი მოკავშირეები დასავლეთში - ნატოში, ასევე, ობამა ზრდილობის გულისთვის, მართალია, აცხადებენ, თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ და თურქეთს უფლება ჰქონდა, რუსული თვითმფრინავი ჩამოეგდოო, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც დასძენენ, რომ თურქეთს ეს უფლება კი ჰქონდა, მაგრამ არ უნდა გამოეყენებინა. მერკელისა და ოლანდის განცხადებებიც იგივეა, რომ თურქეთის ამ საქციელმა გაართულა სიტუაცია. ამიტომ, თვითონ ერდოღანიც იძულებულია, უკან დაიხიოს. თანაც ერდოღანიც არაა დიდი ანგელოზი. პუტინი და ერდოღანი, პრაქტიკულად, ერთი პოლიტიკური ჩამოსხმის პროდუქტები არიან - ორივე ავტორიტარული მმართველია, ორივე დიქტატურის ზღვარზეა. 2003 წლიდან არის ერდოღანი მმართველობაში, ხოლო პუტინი 2000 წლიდან. ორივე ერთნაირი ჩიტია, არც ერთი არ სცემს ადამიანის უფლებებს პატივს და არც მეორე, ამიტომ დღეს არავის არ აწყობს მათ შორის დაპირისპირება. მაგრამ პუტინი, რასაკვირველია, შეეცდება, ცოტათი მაინც სისხლი გაუშროს თურქეთს-ეკონომიკური სანქციებით, სხვა რაღაცებით, თუმცა ეს არ გადავა მწვავე დაპირისპირებაში. ამიტომ, რასაკვირველია, ერდოღანს დასავლეთმა ურჩია, მორჩა, რაც შენ გააკეთე, როცა შენი სახე შეინარჩუნე და დაუმტკიცე ყველას, რომ მაგარი ბიჭი ხარ, მაგრამ ახლა დაუკრეფავში ნუ გადახვალ. გარდა ამისა, თურქეთი ნატოს წევრი კია, მაგრამ უფრო ქაღალდზეა პროდასავლური ქვეყანა, ვიდრე რეალურად. რასაც თურქეთი ქურთებს უკეთებს, ეს წარმოუდგენელია დასავლური ფასეულობებისა და ღირებულებების ჭრილში.

ნატოს სამხედო დოქტრინაში გათვალისწინებული იყო რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებები, თუკი რუსეთი გადავიდოდა შეტევაზე, მაგრამ, როგორც წესი, მსოფლიო უკან იხევს.
- ცხადია. მით უმეტეს, პერსპექტივა გაჩნდა, რომ რუსეთი შეიძლება ერთადერთი მოკავშირე გახდეს სირიაში. იმ ფონზე, როცა ოლანდმა მოიარა ბერლინი, ლონდონი, ვაშინგტონი, ვერაფერი მიიღო იქიდან, რაც უნდოდა, ერთდერთი, რუსეთის იმედად დარჩა. ცხადია, არავის უნდა, მეტი ფული დახარჯოს და თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს სირიის გამო. ერთადერთი მოკავშირე, რომელსაც არაფრად უღირს თავისი ჯარისკაცების სიცოცხლე, ეს არის მხოლოდ რუსეთი.

ერთ-ერთი ვერსიის შესახებაც მინდა გკითხოთ. გამორიცხავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთმა გიუმრის სამხედრო ბაზა გაამაგროს, რომელიც თურქეთთან ახლოსაა და განახორციელოს სამხედრო კონტინგენტის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიის გავლით?

- გამოვრიცხავ, არა იმიტომ, რომ საქართველო ოფიციალურად არასდროს მისცემს რუსეთს უფლებას, მისი ტერიტორია გამოიყენოს, არამედ არაოფიციალურად თუ შემოვა რუსეთი, ეს უკვე შემოჭრა, სამხედრო აგრესია იქნება და რუსეთი ამაზე არ წავა. გიუმრის ბაზა ისედაც გამაგრებული აქვს რუსეთს და ღმრთმა ნუ ქნას, თუ სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდა საქმე, მაშინ რუსეთს თურქეთის წინააღმდეგ შავ ზღვაში უძლიერესი ფლოტი ჰყავს. გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვაში კრეისერი „მოსკოვი“ ჰყავს C-400 რაკეტებით აღჭურვილი, რომლის მოქმედების რადიუსი 400 კილომეტრია.

მაგრამ ხომ შეიძლება, რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში ანკარა აფხაზეთში გააქტიურდეს?

- ანკარა ისედაც უკვე აქტიურობს აფხაზეთში და სულ მუდამ აქტიურობდა. შეიძლება, რუსეთმა მას ოდნავ ფრთები შეუკვეცოს აფხაზეთში და რუსეთი ამას გააკეთებს. მოგეხსენებათ, აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიული წყლების დარღვევით ხდებოდა. შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს ოცი თურქული ხომალდიდან ერთს დააპატიმრებდნენ ხოლმე, თურქეთი მიზერულ ჯარიმას იხდიდა და ხომალდებს უშვებდნენ. ამიერიდან რუსეთმა შეიძლება საერთოდ აღარ შეუშვას აფხაზეთის ნავსადგურებში თურქული ხომალდები, რომელთაც ძირითადად იქ შეაქვთ სურსათი და აფხაზეთის ტერიტორიიდან გააქვთ ნედლეული-ხე-ტყე და ქვანახშირი.

ეკონომიკური პროფილის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი რუსეთ-თურქეთს შორის ემბარგო ძალაში იქნება, საქართველოს შეუძლია ისარგებლოს ამ დაძაბული სავაჭრო ურთიერთობით და ციტრუსების გატანა მოახერხოს რუსეთში. უფრო მეტიც, პოლიტიკურ ჭრილში რუსეთს საქართველოსთვის ამ ეტაპზე არ ეცლება.

- თეორიულად, ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება ისეთი დახვეწილი დიპლომატიური რესურსი, რომელიც საქართველოს დღეს არ გააჩნია. მტრისას, ქართულმა დიპლომატიამ ეს რთული კომბინაცია წამოიწყოს. ეს იგივე იქნება, ახლა მე ალიოხინის ან ფიშერის რომელიმე დებიუტის გათამაშება რომ დავიწყო ჭადრაკში, რადგან მარტო სვლები ვიცი. ამას ქართული დიპლომატია თავს ვერ გაართმევს, თუმცა ბრწყინვალე შანსია სხვა დონის დიპლომატიისთვის და არა ქართული დღევანდელი დიპლომატიისთვის.